განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებენ.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი ან/და სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები. პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და 2021-2023 წლებში განხორციელდება.
პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა ანმარი ბექმან ჰანსენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ხელშესახებ და ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ჰელენ სანდ ანდრესენი ამბობს, რომ ოთხწლიანი თანამშრომლობა ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიან სტრატეგიულ ხედვას: „პროექტი ეფუძნება განვითარების პროგრამის ეროვნულ პრიორიტეტებს, მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს და ითვალისწინებს საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას პრაქტიკოს სპეციალისტებსა და თანამოაზრეთა შორის, ასევე, გაეროს წამყვანი სააგენტოს მხარდაჭერას, რომელსაც აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს და ათეულობით წელია მუშაობს ქვეყანაში. პროექტის მიზანია, განახორციელოს თითოეული ბავშვის უფლება, განავითაროს პიროვნული თვისებები, ნიჭი, შემოქმედებითი უნარები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები“.
„თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და სწავლის უფლება, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში – როგორც ყველა ბავშვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც აქვთ სამომავლო გეგმები და ოცნებები, მაგრამ განათლების მიღების გზაზე ისინი ხშირად აწყდებიან მუდმივ ბარიერებს არსებული სტიგმისა და სასკოლო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მომსახურებების არარსებობის გამო. ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ერთად სწავლობს, ერთსა და იმავე სკოლაში, და ქმნის მრავალფეროვან გარემოს საკლასო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ სწავლება და სასწავლო გეგმა, სკოლის შენობები, საკლასო ოთახები, სათამაშო ადგილები უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის შესაფერისი. მადლობას ვუხდი ნორვეგიის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლისა და თავისი პოტენციალის განვითარების სრული შესაძლებლობა“.