6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ – სწავლებისთვის საინტერესო ფაქტები და ისტორიები

spot_img
ნესტან ღამბაშიძე
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის №178 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

ბოშები მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ხალხია, მიიჩნევა, რომ წარმომავლობით ინდოეთიდან არიან, პირველად, ათასკაციანი ჯგუფი გამოვიდა ინდოეთის ჩრდილოეთ კუთხიდან და გაიფანტა. ბოშები არიან ევროპის ქვეყნებშიც – ინგლისში, საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ბევრ ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ ბოშათა ჯგუფებს, საინტერესოა ის ფაქტი, რომელ ქვეყანაში როგორც აღიქვამენ მათ ცხოვრებას ადამიანები, სახელწოდებასაც ისე არქმევენ, ინგლისელები წარმართებს უწოდებენ, ჰოლანდიელები – კერპთაყვანისმცემლებს, ბერძნები – ჯადოქრებს, ფინელები – შავებს, „ციგანი“ ებრაელებმა შეარქვეს, ძველ ეგვიპტეში ბიბლიური პროვინცია „ცოანის“ სახელწოდებიდან გამომდინარე და ტერმინს ნეგატიური დატვირთვა აქვს, უსახლკარო, მომთაბარე ცხოვრებით მცხოვრებს ნიშნავს. თვითონ ბოშები თავიანთ თავს რომას უწოდებენ, რომა კაცს ნიშნავს, მათ ენაზე.საქართველოში როდის გაჩნდნენ ბოშები, უცნობია, ვარაუდობენ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში. ქართულ მწერლობაში, პირველად, ვაჟა-ფშაველამ ახსენა ბოშები, როცა დედაზე მოგონებას წერდა და მის კეთილ ბუნებაზე გვიამბობდა: „საიდანღაც მოსულიყვნენ ბოშები, დედაჩემს ეს შიშველ-ტიტველი, ნახევრად ტიტლიკანა ბოშების ბალღები რომ დაენახა, დაეწყო ტირილი, ღმერთო, ეს რა საცოდაობა მოიხილეო, გაიძახოდა თურმე, გამოეტანა თავისი კაბები და დაურიგებია მათთვის. ამ საქმეში გართული რომ იყო დედაჩემი, რამდენიმე ბოშა შეიპარა სახლში და გააღეს სკივრი, ოთხასი მანეთი ფული მოეპარათ. შინ დაბრუნებულ მამაჩემს გაეგო მათი ვინაობა, როგორც ცხოვრებაში გასულ კაცს, ეცოდინებოდა მათი ზნე-ხასიათი, გააღო სკივრი და სადაა ფული. ამ ამბავს სასაცილოდ დიდხანს ყვებოდნენ თურმე თუშეთსა და თელავში“. აი, ეს ქურდბაცაცა ხალხი გამოჩნდა გურიაში, 1943 წელს. ნ. დუმბაძის პატარა მოთხრობა „ბოშები“ ბევრი რამის მთქმელია მათ ცხოვრებაზე, ტერმინი „ჩაჩნები“ – გურულები ასე მოიხსენიებენ ბოშებს. ბოშა ავანტურისტთან, ქურდთან, ცბიერთან, გაღლეტილთან ასოცირდება. ეს ადამიანები დაბანაკდნენ ზენობანში, ლაშის ღელის ჭალაში, „ყაჩაღების შემოსევად ჩათვალაო გურულმა ხალხმა“ – გვეუბნება მწერალი. ნაწარმოების კითხვის დროს, აუცილებელია წარმოვიდგინოთ ის დრო, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იშლება სიუჟეტი – ეს ომის დროა, ნაჩვენებია ადამიანები, რომლებიც ომს არ სჭირდება და სოფელში არიან დარჩენილი (ბავშვები, მოხუცები, ორსული ქალები) ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ეკონომიკურად, უჭირთ მარტოობით, ვერსად მიდიან სულის სანუგეშებლად, სამრეკლოებიდან ჩამოხსნილია ზარები და გადასადნობადაა წაღებული ტყვია-წამლისთვის, ხატებისგან გაძარცვული ეკლესიები ჭირნახულის შესანახია და სწორედ აქ მინდა აღვნიშნო ტრადიციულად შენარჩუნებული რწმენა, გურულ გლეხ, მშრომელ ხალხში, ტრადიციულად, რატომ? იმიტომ, რომ პატარა სოფელ ზენობანში მცხოვრებ ხალხს გულში აქვს რწმენის ტაძარი, მათ იციან მიტევების და შეცოდების ძალა, იციან ერთგულება ჭირსა და ლხინში, იციან სიკეთე, პირველ რიგში, იციან მოყვასის სიყვარული, ადამიანის სიყვარული, განურჩევლად ფერისა, წარმოშობისა და მდგომარეობისა. „სოფელმა შეიყვარა ბოშებიო“ – გვეუბნება ნოდარ დუმბაძე და მათ სიყვარულს ნათლად გვაჩვენებს კიდეც, როცა წერს: „ერთ მშვენიერ დილას, სოფელმა რომ გაიღვიძა, ლაშის ღელის ჭალაში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, ბოშები ღამით აყრილიყვნენ, თან წაეღოთ სოფლიდან ერთი თხა, ორი გოჭი, ერთი ხბო, ოციოდე ქათამი და უგზო უკვლოდ გამქრალიყვნენ“. ახლა შეიძლება ეს სასაცილოდ მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ მაშინ დიდი ქონება იყო სოფლისთვის, შიმშილობის დროს. „აქოთქოთდა და ბჭობდა სოფელი“. მილიციამ ჩაჩნები დააკავა, ქურდობაში გამოტეხაო, მოსულა ამბავი ზენობში, წავიდა სოფელი ჩოხატაურში, დაინახეს მილიციის ეზოს კუთხეში მიყუჟული და მიბმული ხბო-გოჭი, ზამთრის სარჩო და იკითხეს თურმე, რაზე დაგვიძახეთ ბატონო? ჩვენ ეგ საქონელი გავუცვალეთ ბოშებს: ჯაჭვში, სამფეხში, მარჩიელობაში. დაიბნენ ბოშები, გაკვირვებული იყო მილიციის უფროსი. ეს არის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც მრავალმხრივ საინტერესოა, პირველ რიგში – სიყვარული, რომელიც ზემოთ ვთქვი, უანგარო სიყვარული, მეორე – ემოციური მდგომარეობა, რომელიც სიბრალულს აღძრავს და გულისხმობს არა იაფფასიან სენტიმენტებს, არამედ თანაგრძნობას, ასეთი თანაგრძნობა გამოხატეს გლეხებმა, თავისნაირი გაჭირვებულები იცნეს, შეიცოდეს და აპატიეს, გამართლებაც კი მოუძებნეს“.

„ეს უბედურები ქურდები არ არიან, უბრალოდ სისხლში აქვთ ქურდბაცაცობა და რომც არ უნდოდეთ, გვერდით რომ ჩაუვლიან ნივთს, ეს ნივთი თვითონ აეკიდებათ ხოლმე“ – ეს იმ სოფლის ფიქრია, რომელიც მწერალმა თქვა ხმამაღლა. საინტერესოა და გვერდი ვერ ავუარეთ ამ ეპიზოდს იმიტომ, რომ იმ დროს, როცა ყველა ღონეს ხმარობენ, ადამიანებს მოუკლან ღმერთი, როგორია მათი რწმენა, როგორია მათი წრფელი გული, რომ მიტევებას, სიყვარულს, სიკეთეს ვერ ჩაკლავ ადამიანში, ეს სისხლში გამჯდარი ტრადიციაა. ამ უბრალო, ეკლესიას დაშორებულმა ადამინებმა იციან მიტევების და შეცოდების ძალა, თუ არ მიუტევებ შენს წინაშე შემცოდს, უფლისთვის მიუღებელია ყველანაირი ღვაწლი, როგორც მიუტევებ სხვას ცოდვას, შენც ისე მოგეტევება. როგორი განცდაა ამ რწმენის დანახვა? თუმცა მაინც მარჩიელობენ, როგორი სუსტია ადამიანი. ადრე, თურმე, 15 წლის უზიარებლობით სჯიდნენ ვინც იმკითხავებდა, მაგრამ ადამიანებს მაინც სურთ განჭვრეტა მომავლისა, მუდამ ისწრაფიან მოისმინონ მათთვის სასიამოვნო, ჰქონდეთ განცდა, რომ მომავალი სასიკეთო იქნება და ტყუილსაც ისმენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოშებმაიმ ადამიანებში იმედი გააღვიძეს, ის, რაც მათ ყველაზე მეტად აკლდათ – სასოება და იმედი. კარგად ჩანს ნაწარმოებში, როგორ დასცინიან გურული ქალები მკითხაობასა და მკითხავებს, თუმცა მარჩიელობა მაინც სურთ, ომში წასული შვილებისა და ქმრების ჩამკვდარი მოლოდინი უნდათ გააცოცხლონ, ტრადიციულად შემორჩენილი რწმენა გულში – ძლიერი! სიკვდილის დაჯერების შიში – დიდი! რწმენასა და შიშს შორის არიან და ირხევიან „ისე, როგორც ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ {ამ ძვირფას შედარებას გამოვიყენებ იმიტომ, რომ მკითხავის დაჯერებაც ხომ ცოდვაა},ამიტომაა, რომ დანაშაულს უძებნიან გამართლებას, მართლაც და რომელი ნივთი, რა გოჭი და თხა შეედრება ჩამკვდარი იმედის გაცოცხლებას, გათენების სიხარულს, ღიმილის დაბრუნებას დარდისაგან ჩაღამებულ სახეებზე. იციან გურულებმა, რომ მკითხაობა ცოდვაა, იცინ, რომ არც მკითხავს დაეჯერება,რომ ეს საქმე სასაცილოა, მაგრამ შიშს, შიშს დაძლევა უნდა. ნ. დუმბაძის „ბოშები“ მხოლოდ ამბავი არაა, მაღალ დონეზე შესრულებული ფრაზების მიღმა, მაღალგემოვნებიანი ესთეტიკა იგრძნობა. გამონდნენ „შავტუხა ბოშები“ თანდაყოლილი ცხოვრების ხალისით, ცეკვასიმერით, გიტარაზე დაკვრით, ხალისიანი და ხმაურიანი ღამეებით, მკითხაობით, როგორი იმედი გაავიძეს ახალგაზრდებისგან დაცარიელებულ სოფელში ბევრი ტყუილი მკითხაობის დროს, თუმცა ბოას ტყუილიც უხდება და იმ დროს სოფელსაც მოუხდა, თამაში, ყვავილები, ცეკვა, ჭრელა ჭრულა ფერები და ლაშის ელის ჭალაში ფხიზლად დათვლილი ღამეები დატოვეს იმედთან ერთად“. წავიდნენ ქურდბაცაც ბოშები და „ბოშების წასვლით სოფელმა მოიწყინა, რატომ? ეს კიდევ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი ტკივილით სავსე იყო ადამიანების გული და მათი ოჯახები, როგორ ჰქონდათ მობეზრებული ტირილი და წუხილი, როგორ გააცოცხლა ბოშათა ყოფამ მათი ცხოვრება, თავიანთი გულის ნაწილი გააყოლეს ბოშებს ზენობელმა გლეხებმა, რა იქნებოდა ახლა სოფელში? ისევ გლოვა, ისევ შავი ფერი. და თუ ნაწარმოების დასაწყისში „ქურდბაცაცა ბოშები“ – ეპითეტი ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევდა, ნაწარმოების დასასრულს, თითქოსდა მათი შემკობის ეპითეტია, და ისე მოხდენილად ნათქვამი, გვსურს დავინტერესდეთ მათი ცხოვრებით. ასეთნაირად გვინდოდა გვეჩვენებინა პატარა მოთხრობა „ბოშები“, პატარა, მაგრამ დიდი, იდუმალი, ჩაუწვდომელი და ტრაგიკული.

გამორჩეული და იდუმალი ბოშა ქალის სახე და ხასიათი კარგადაა წარმოჩენილი პოეზიაშიც, ისეთი დიდი პოეტი ქალი, როგორიც ანა კალანდაძეა, ბოშა ქალის ხასიათს კარგად და ნათლად გვიხატავს თავის ლექსში „ბოშა ქალი“. ბოშა ქალის სახე-ტიპი, სიმბოლო მშფოთვარე, უდარდელი ცხოვრებისა… მხიარული სტვენით მისეირნობენ ზღვის სანაპიროზე სხვადასხვა ქვებით ასხმული მძივები, ნაირნაირი ნაჭრებისგან შეკერილი კაბები, უხდება ზღვის სანაპიროს. მწველ მზის სხივებს უხდება ეშხიანი, თამამი, ფეხშიშველი ბოშა ქალი და გასაკვირი არაა, „რომ გადუდგება მეზღვაური, მხოლოდ ერთხელ მაკოცნინე სულიკო!“ სულიკო“  –განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენში, ეს ანამ თქვა, პოეზიის დეოფალმა ქალმა, მეზღვაურს სულიკო არ წამოსცდებოდა. რატომ, მაინც და მაინც სულიკო? იმერულ დიალექტში სულიკოთი „საყვარელ ადამიანს“, კეთილსდა შინაურს მოიხსენიებენ, შენს გულთან და სულთან რომ ახლოსაა. ბოშა ქალისთვის საეჭვოა ასეთი მიმართვა, ის, თავდაპირველად და ერთი შეხედვით, ამ შემამკობელ ეპითეტებს არ იწვევს, სულიკოს, ვიცით, რომ სიმბოლური დატვირთვა აქვსაკაკის პოეზიაში სამი საგნის მშვენიერება ერთ სულიკოში აისახება (ვარდის სილამაზე, ბულბულის ტკბილხმოვანება და ვარსკვლავის სიკაშკაშე). თითქოს ეს სიმბოლოები უხდება და შეეფერება ბოშა ქალს, იგი დაჯილდოებულია საოცარი ხმისა და სიმღერის ნიჭით, აქვს ბუნებრივად თანდაყოლილი ეშხი და სილამაზე, შედარებულიც კი არის ვარსკვლავთან – „ბოშა ქალი ვარსკვლავების სადარები“; დარდსა და წუხილს ვერ შეა, მჩნევ, კეკლუცია, მოურიდებელი პასუხებით, ანას ბოშა ქალი, „სიყვარულის დოსტაქარია“სითბოს დაატარებს, მხრებზე ტყულიებით სავსე მკითხაობის გუდა ჰკიდია, ადამიანების გულის მოსარჩენად, მკითხაობა ხომ მათი საქმეა და შემოსავლის წყაროც. უნდა წარმოვიდგინოთ ვიღაცის გამოჭერის მიზნით მოხეტიალე ბოშა ქალი, სამკითხაოდ გამზადებული კარტით ხელში, გაზეპირებული ფრაზებით, მაგრამ ისე ნათქვამი, თითქოს-და პირველად გაიგონე. „თვალებში არ უნდა შეხედოო ბოშა ქალს“ – თავადვე ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ სადღაც შორს, თვალის ფსკერზე, ჩაძირული აქვთ სევდა, რომელსაც მალავენ ამ უამრავი ფერით და სიბრჭყვიალით. მიუხედავად იმ თვისებებისა,როგორი თვისებებითაც იცნობენ ბოშებს, როგორი პოზიტიური თვისებები ასახეს ქართულ ლიტერატურაში ნოდარ დუმბაძემ და ანა კალანდაძემ. ბოშა ქალის ტიპი რომ კარგად წარმოვადგინო, კიდევ ერთ ლექსს განვიხილავ,ლექსი ასე იწყება: „მიმკითხავა ბოშა ქალმა, კარტში გზა ამოვიდა“. „გზა ამოვიდა“ – ცნობილი ფრაზაა ბოშასთვის, თითქმის ყველას ეუბნებიან, თურმე იმიტომ, რომ გზასთან დაკავშირებით ბევრია სალაპარაკო და შლის ბოშა ქალი ენასა და კარტს, გაშლილი შავი ტალღოვანი თმები, თითქოსდა ხელს უშლიდეს საქმის კეთების დროს, მაცდურად ისწორებს ხელით, რომ მოგნუსხოს და არ დაუსხლტე, მერე ყვება: რომ შორი გზიდან  სტუმარს ელოდები, შორი გზიდან ამბავს გაიგებ, აუცილებლად სადღაც წახვალ, – გეცინება და გჯერა, თითქოს-და დაუჯერებელი რამ თქვა, თითქოს ახლი რამე უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში – ესაა ბოშა ქალის ხიბლი და სილამაზე, ათასჯერ გაგონილს რომ მაცდურად გეუბნება. შემოგაპარებს მკითხაობის დროს, „სიკვდილამდე იცოცხლებო“, ავტორმაც იცის, რომ დროის კარგვაა ბოშასთან მკითხაობა, იცის რომ ტყუილს ისმენს, იცის, რომ სასაცილოა, მაგრამ ტოვებს ბოშა ქალს და ფიქრობს… გზა, გზა, რომელიც ბოშა ქალს წამოსცდა, რა გზაა ეს? ეგებ სიკვდილამდე გასავლელი გზაა, ბოშამ რომ შეახსენა და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს!? რა იდუმალია ბოშა, მისი სილამაზესავით იდუმალი, ტოვებ ბოშა ქალს და არ გავიწყდება მისი სიტყვები რომ: „ვინაც შეგიყვარებს, ვეღარ გადაგიყვარებს“, ეს ის ნათქვამია, ავტორსაც რომ უხარია, მკითხველსაც და მსმენელსაც, რადგან გინდა ასე იყოს, ამიტომაც სვამს რიტორიკულ კითხვას ავტორი? „რაც თქვა, სრული სიმართლე თქვა, რად მეტყოდა ტყუილებს?!“ – კითხულობ და გეღიმება. ეს ის ტყუილია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა, რომ სიმართლე იყოს და ასეც იჯერებს. მორის ფოცხიშვილის ლექსი „მკითხაობა კარტზე“ – „უკიდეგანო, უძირო, ამოუცნობი, მაგრამ მაინც მიმზიდველია მათი, ერთი შეხედვით, უბრალო ცხოვრება“.

⇒ რამდენიმე საინტერესო ამბავი  ბოშების ცხოვრებიდან:

თუ ბოშას საყურე ცალ ყურზე უკეთია, ე.ი. დედისერთაა; მოკლე ვარცხნილობა ბოშებში უღირსობას, უპატიოსნობას ნიშნავს; ყველაზე საინტერესოა ამ ხალხში სიტყვა „ბილწის“ გაგება, ეს ქალის სხეულის წელს ქვემოთ ნაწილს ჰქვია და თუ ქალი რამეს გადააბიჯებს, თვლიან, რომ ეს ადგილი წაბილწულია. ცხოვრობენ, ძირითადად, დაბალ სახლებში, მიწის პირას, კიბის გარეშე ან მრავლსართულიანი სახლების პირველ სართულზე. მათი საყვარელი საჭმელია შემწვარი ზღარბის ხორცი, ბოშები იშვიათად სვამენ სასმელს. უშვილობა დიდ ცოდვად ითვლება, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი უნდა გყავდეს… ბოშა ქალის რუშებიანი კაბები მის პატიოსან ცხოვრებას უსვამს ხაზს. ცხოვრების ყოველი დღე და ადგილები ახალია… დროს არ ცნობენ… ყვებიან ლეგენდას, საოცარს და სასაცილოს, რომ ვითომ და მათ ქურდობას გამართლება აქვს, რომ  ჯვარზე გაკრულ უფალს ერთი ლურსმანი ამოაძვრეს და მოიპარეს, ამით ცოტათი ტკივილი შეუმსუბუქეს ღმერთკაცს… მათთვის საზღვარი არაფერს არ აქვს, ყველაფერი უსაზღვროა, სხვის ცხოვრებაში აურზაური შეაქვთ, მაგრამ არ ადარდებთ! ფიქრობენ? ალბათ არა, იმიტომ, რომ არასდროს არ არიან მარტო, უსასრულოა ის, რაც მათ სწამთ და ჰგონიათ, ყოველდღიურობაა მთავარი, დადიან, დადიან და დაატარებენ ჭრელა-ჭრულა კაბებში გამოკეტილ ყოფას. ესაა ბოშათა ცხოვრება, თითქოს უბრალო, ერთფეროვანი, მაგრამ საინტერესო.

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა და ვისაც ადამიანი ჰქვია, ყველაში არის ხატება ღვთისა, ამას დანახვა უნდა, მშვენიერებასაც უნდა წაკითხვა – მხოლოდ დანახვა არ კმარა. უნდა შეძლო, რომ სხვა ადამიანში მშვენიერება და სილამაზე ამოიკითხო, გამართლება მოუძებნო მის ყველა ქმედებას და არ განიკითხო, ესაა სიყვარული და როცა ამას შეძლებ, ეს იქნება მიგნება იმისა,რომ შენშიც არის ხატება ღვთისა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადფებული სტატია: „ისტორიული ნარკვევები, საცხოვრებებლი გარემო, საქმიანობა, რელიგია და რწმენა-წარმოდგენები;
  2. ვაჟა-ფშაველა, „ჩემი წუთისოფელი“;
  3. ნ. დუმბაძე, „ბოშები“.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები