აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა წელს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ გამარჯვებული გახდა, გასულ წელს კი, მინიმალური რესურსით, დიდი შრომითა და მონდომებით, სკოლის „ეკოკლუბი“ 2021 წლის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ დაწესდა CENN-ის მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
თავისთავად, წარმატება და კონკურსებში გამარჯვება ყველა სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი წარმატებები, როცა სკოლაში არსებული პრობლემების მიუხედავად, მასწავლებლები და მოსწავლეები მაქსიმალურის გაკეთებას ახერხებენ, საკუთარი შესაძლებლობების ისე წარმოჩენას, რომ საუკეთესოდ აღიარონ. კონკურსში გამარჯვებული სკოლის ეკოკლუბი „მწვანე რეინჯერები“ 9 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს აერთიანებს. ისინი ყველაზე მეტ დროს ერთად, სკოლის აგროკლუბის ოთახში ატარებენ, სამომავლო გეგმებზე საუბარსა და აქტივობებში გართულები. ამბობენ, რომ ეს სივრცე მათთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულ ადგილად იქცა, რადგან უკვე წარმატებასთან ასოცირდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ, ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, იმის შესახებ, რომ „მწვანე რეინჯერების“ საყვარელ და მნიშვნელოვან ადგილად ქცეული „ეკოკლუბის“ ოთახი მხოლოდ 14 კვადრატული მეტრია და ისიც სკოლის საკუთრება არ არის, რადგან „ხიზნადქცეულ“ სკოლას საკუთარი შენობა არ გააჩნია.
ბუნებრივია, მუდმივად ვადევნებთ თვალს სასკოლო ცხოვრებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ვცდილობთ, წარმატებებიც და პრობლემებიც საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ მიზნით, რომ თვალი გავუსწოროთ რეალობას, შემდეგ, ერთიც და მეორეც, მხოლოდ და მხოლოდ იმის შესაძლებლობად ვაქციოთ, რომ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, უკეთესი განათლება მივცეთ მათ. ამ წერილის დაწერის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. სკოლა, რომელიც სამასამდე მოსწავლეს ემსახურება, დღემდე, სხვის საკუთრებაში არსებულ ბაღის შენობაში რჩება, ისიც სარემონტოა და მინიმალური ჰიგიენის ნორმების დასაცავად, მასწავლებლები და მოსწავლეები კოსმეტიკური რემონტის რესურსს ერთობლივი ძალისხმევით აგროვებენ. რამდენიმე წლის წინ, სკოლის მონახულების შესაძლებლობა მეც მომეცა, როცა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2020“-ის დაწყება განათლების კოალიციამ სწორედ აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში გამოაცხადა. ბუნებრივია, ბევრი დაკვირვება არ სჭირდება იქ მისულ ადამიანს, რომ დაინახოს და შეაფასოს, თუ რა პირობებში უწევს 300-მდე მოსწავლეს, პედაგოგებსა თუ ტექნიკურ პერსონალს ყოველდღიური საქმიანობა, საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა თუ წარმართვა. თუმცა, უმჯობესია, ამის შესახებ თავად „ეკოკლუბის“ მოსწავლეებსა და სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის პედაგოგს, მიხეილ ცქვიტაიას მოვუსმინოთ: „სკოლაში არ გვაქვს სამასწავლებლო. მასწავლებლები, ძირითადად, გარეთ ვართ ხოლმე და ერთ-ერთი ოთახი რომ დაცარიელდება, მერე შევდივართ. ბავშვებმა სიმბოლურად აიჩემეს აგროკლუბი, თორემ ეს არის ოთახი, რომელიც აგროკლუბიც არის, ეკოკლუბიც, კინოკლუბიც, სამოქალაქო კლუბიც, ლიტერატურული კლუბიც და ინტელექტუალური კლუბიც. იმის შიშით, რომ სკოლა არ დაგვიხურონ და ზოგადად, დავრჩეთ როგორც სკოლა, ყველაფერს ვაკეთებთ. ამ თვითგადარჩენის პროცესში დაგვიგროვდა ამდენი აქტივობა. გამარჯვებები, რასაც ვაღწევთ, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტითაა გამოწვეული“.
„სკოლაში არ გვაქვს გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და სხვა საგნების ოთახები. კარგი იქნება, რომ ჩვენი სკოლა იყოს აღჭურვილი, რადგან XXI საუკუნეში, მგონია, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ელემენტარული პირობები,“ – თამარ საჯაია, ეკოკლუბელი.
მინიმალური რესურსის მიუხედავად, სკოლამ უამრავი აქტივობის განხორციელება და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტის, სკოლისა და მოსწავლეების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეძლო. ეკოკლუბელები მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შემუშავების პროცესშიც ჩაერთვებიან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ სკოლას გამოარჩევს, ქველმოქმედებაა, რაც ეკოკლუბელებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. სამეწარმეო კლუბში ეკოჩანთებს აწარმოებენ და გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ, ეს სხვებისთვის დახმარების გაწევის საშუალებას აძლევთ. ასევე, სკოლამ ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია დააწესა, რომლის ფარგლებშიც, ბავშვები სხვა სკოლებს ეხმარებიან. ეკოკლუბელები ხშირად ატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს, შემოსულ თანხას კი ტყეების აღდგენისთვის და უკრაინის მხარდასაჭერად რიცხავენ.
ამბობენ, რომ ყველა აქტივობა მათთვის განსაკუთრებულია, თუმცა, გამორჩეული საქმიანობებიც აქვთ: „ჩვენ ვმუშაობთ უნარ-ჩვევების განვითარებისთვის აგრომიმართულებით. სკოლაში გვაქვს საზოგადოებრივი ბოსტანი და სათბური, სადაც ბზა გავახარეთ და მოსახლეობას დავურიგეთ. საზოგადოებრივი ბოსტნის მოვლაში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული, ჩვენთან ერთად უვლიან და შემდეგ ნაყოფსაც ვინაწილებთ. გვაქვს ხეხილის ბაღიც. ზოგადად, აგროჩვევებისა და უნარების განვითარებაზე ბევრს ვმუშაობთ, მხარში გვიდგას FAO საქართველოც. ასევე, ჩართულები ვართ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და ინფორმაციის ცენტრის აგროსკოლაში,“ – გვიამბობს ერთ-ერთი ეკოკლუბელი.
ნიკო კეცხოველის პრემიის მიღება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმითაც გახდა, რომ შეცვალა კონკურსებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება – „ხშირად კონკურსი არასამართლიანია“, ეს ეჭვი გაფანტა. როგორც ამბობენ, უამრავი მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელების მიუხედავად, გამარჯვების იმედი მაინც არ ჰქონდათ: „სულ მღრღნიდა ეჭვი, რომ ეს კონკურსია და კონკურსი არასდროს არ არის სამართლიანი, ბოლოს სულ იჩაგრები. ისიც კი გავიფიქრე, რომ მომავალ წელს არ მივიღებდი მონაწილეობას. ყველაზე მეტად, ამ კონკურსმა რწმენა მომცა და თვითდაჯერება, რომ თუ ბევრს იშრომებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ,“ – ამბობს მიხეილი.
უამრავი პროფესიული თუ პიროვნული უნარ-ჩვევების შეძენის გარდა, ეკოკლუბმა, კონკურსში გამარჯვებით, სკოლის განვითარებისთვის ფულადი ჯილდოც მიიღო. უკვე დაგეგმილიც აქვთ, როგორ გამოიყენებენ მიღებულ 5 000 ლარს.
სკოლის შელახული ინფრასტრუქტურის მიღმა, მოსწავლეების მიზნები გაცილებით ჯანსაღად და იმედიანად გამოიყურება. იმ არათანაბარი პირობების მიუხედავად, რომელშიც მათ, სხვა სკოლების მოსწავლეებთან შედარებით, უწევთ სწავლა, ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუ ამის სურვილი ექნებათ და შრომა არ დაეზარებათ. ამ კონკურსის შემთხვევაშიც ასე მოხდა. „თუ გაქვს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, გინდა იყო კარგი მოქალაქე, შენი წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში და ერთი აგური დადო, აუცილებლად გააკეთებ ამისთვის ყველაფერს. „კეცხოველმა“ მასწავლა, რომ არ ვარ ერთი უბრალო ბავშვი ჩხოროწყუდან, რომელიც სულ ჩხოროწყუში უნდა იყოს და მას არ ეხება არც საქართველოსა და არც მსოფლიოს ამბავი. მე მეხება ყველაფერი და ყველაფერში უნდა მივიღო მონაწილეობა,“ – ამბობს ელენე.
„მწვანე რეინჯერები“ ეკოპროექტებზე „მწვანე რადიოშიც“ ხშირად საუბრობენ, რომელიც სკოლაში ფუნქციონირებს. დაახლოებით, 20 სიუჟეტია უკვე გამოქვეყნებული რადიოს ფეისბუქგვერდზე. ამ ყველაფერსაც ისეთ პირობებში ახერხებენ, რომ რეალურად შეუძლებელიც კი არის – არ აქვთ არანაირი ტექნიკა. „ტელეფონით ვიწერთ და კერძო კომპიუტერებით ვამუშავებთ, – ამბობს ელენე და ყველას სურვილს ახმოვანებს – ძალიან გვინდა, სკოლაში კომპიუტერი და ხმის ჩამწერი გვქონდეს, რომელსაც „მწვანე რადიოს“ უფრო ეფექტურად მუშაობისთვის გამოვიყენებთ“.
გამარჯვებული ეკოკლუბის რამდენიმე წევრი, წელს, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ყველას თავისი სამომავლო გეგმები აქვს. მიმართულებები, რომლებსაც გაჰყვებიან, შეიძლება გარემოსდაცვითი საქმიანობებისგან განსხვავებული იყოს, თუმცა, ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების მიზნებისთვის ბრძოლას თავიანთი პროფესიებიდან გამომდინარე გააგრძელებენ. სკოლის ეკოკლუბი კი, ოდნავ შეცვლილი შემადგენლობით, წელსაც გააგრძელებს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ 2023 წლის კონკურსში მონაწილეობას და ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
ბუნებრივია, საკამათო არ შეიძლება იყოს ის, რომ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბავშვების პირდაპირი უფლებაა და სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა, თუმცა, ამ სკოლის მოსწავლეებისთვის, ერთიც და მეორეც, სამწუხაროდ, დღემდე, მხოლოდ დეკლარირებულ ჩანაწერად რჩება. „სკოლის თვითგადარჩენის“ ძლიერი ინსტინქტითა და პროფესიონალიზმით გაჯერებული მიხეილ მასწავლებლისთვის კი, ელენეს და მისი ასობით თანატოლის მხარდაჭერა (ის დიდი უფსკრული რომ არ აგრძნობინოს, რომელსაც უთანასწორობა ჰქვია), სასიკეთო წარმატებებში გადაიზარდა. გამარჯვებული „მწვანე რეინჯერელის“ სიტყვები – „კეცხოველმა“ მასწავლა, რომ არ ვარ ერთი უბრალო ბავშვი ჩხოროწყუდან, რომელიც სულ ჩხოროწყუში უნდა იყოს და მას არ ეხება არც საქართველოსა და არც მსოფლიოს ამბავი“ – ყველასთვის ყურადსაღები უნდა გახდეს, რადგან ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჩვენს ქვეყანაში, კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.