დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმში, 25 ოქტომბერს, მოეწყო სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოწავლის ნიკიტა არზამასოვის პერსონალური გამოფენა, სადაც ნატურმორტებთან, პორტრეტებთან და ურბანულ სტილში შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, ნიკო ფიროსმანის პერსონაჟებიც ალამაზებდნენ გარემოს (კლასის ხელმძღვანელი — მარიკა პოპიაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი — ამავე სკოლის ხატვის მასწავლებელი — რუსუდან კიკილაშვილი).
ნიკიტა 5 წლიდან ხატავს, თვითნასწავლია. როგორც თავად ამბობს, ექსპოზიციაში წარმოდგენილი 22 ნახატი, დაახლოებით, ერთ თვეშია შექმნილი. ფიროსმანის პერსონაჟთა სიუხვე იმითაა გამოწვეული, რომ მისთვის ის ძალიან დიდი მხატვარია. „მას განსაკუთრებულად ვაფასებ და ხშირად მისი ნამუშევრებია ჩემი მუზა“ — ამბობს ნორჩი მხატვარი.
ნიკიტას ეს ნიჭი და მიდრეკილება, პირველად, დედამ, ქალბატონმა ნინა არზამასოვამ შეამჩნია. მისი თქმით, „ამ უნარების გამომჟღავნებას, გარკვეულწილად, გენეტიკამაც შეუწყო ხელი, რადგან მამაჩემი ძალიან კარგად ხატავდა. ნიკიტა სულ პატარა იყო, როდესაც ხატვისადმი ინტერესი გაფერადებით გამოხატა. შემდეგ უკვე დაიწყო ხატვა, მის თითოეულ ნამუშევარში ფერთა სიმფონია იგრძნობოდა. ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა, მინდა აღვნიშნო, რომ ნიკიტამაც, ფიროსმანივით, თავისით ისწავლა ხატვა, სპეციალურად არსად გვიტარებია და მოგვიმზადებია. ეს დღე მას ძალიან დიდხანს ემახსოვრება.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მისი კლასის დამრიგებელს, მარიკა პოპიაშვილს, რომელიც დიდ ყურადღებას იჩენს ჩემი შვილის მიმართ, ასევე ყველას, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. თქვენ ჩემს ერთადერთ შვილს დაუ ვიწყარი დღე აჩუქეთ“.
მარიკა პოპიაშვილი: „როგორც კლასის დამრიგებელი, მე ნიკიტასთან მეოთხე კლასში შევედი. თავიდანვე მიიქცია ყურადღება კლასის ინტერიერმა. საკლასო ოთახი გალამაზებული იყო ნახატებით, პლასტილინით შექმნილი ნამუშევრებიც დამხვდა. როდესაც ვიკითხე თუ ვისი შემოქმედება იყო, ბავშვებმა მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ნიკიტას ეკუთვნოდა. აშკარა იყო, რომ კლასში, ნიკიტას სახით, ნიჭიერი მოსწავლე გვყავდა. შემდეგ კი ჩემი პორტრეტი დახატა, მართლაც ძალიან კარგი ნახატი გამოვიდა. მივხვდი, რომ დიდი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი იყო ამ ბავშვში. ყოველთვის აქტიურობდა კლასის გალამაზებაში. საახალწლო ღონისძიებაზე, მისი ხელით გაკეთებული ხელნაკეთი ნივთები მოგვიტანა კლასში. მე და რუსუდან მასწავლებელმა ერთობლივად დავგეგმეთ მისი პერსონალური გამოფენა მეგობრობის მუზეუმში, ღია ცის ქვეშ. ეს სტიმულია მისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. ამ გამოფენამდე, სკოლაშიც გვქონდა მისი ნამუშევრები გამოფენილი. ვგეგმავთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც მოვაწყოთ ნიკიტას ნახატების გამოფენა, შემდეგ კი თბილისშიც გვინდა წარვადგინოთ მისი ნამუშევრები.
12 ნოემბერს, სოფელ მირზაანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ფიროსმანობა“ აღინიშნება. როგორც დედოფლისწყაროს მერმა, ბატონმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი „ფიროსმანობა“ იმითაც იქნება გამორჩეული, რომ დიდი მხატვრის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა და უამრავი სტუმარი გვეწვევა. ამ დღესასწაულზე ნიკიტა არზამასოვის ნახატებიც გამოიფინება და თავად ნიკიტაც ფიროსმანის პერსონაჟს განასახიერებს“.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ბავშვების მიერ გაცოცხლებული ფიროსმანის პერსონაჟები ეხილა, მათთან ფოტოები გადაეღო, ასევე, თავიანთი წარმოსახვით, შემოდგომის მოტივებზე დამშვენებული გარემო დაეხატა. გამოფენას ფონად გასდევდა ნიკიტას თანაკლასელის მიერ შესრულებული ქართული პოპულარული სიმღერები.
გამოფენას ესწრებოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები, გაზეთ „შირაქის“ მთავარი რედაქტორი ინგა შიოლაშვილი, საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. დასასრულს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა, მამუკა ყავრელიშვილმა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ქეთევან მჭედლიშვილმა ნიკიტას სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
როგორც ერთ-ერთ გამოფენაზე პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა თქვა: „მხატვრობა უსიტყვო პოეზიაა და უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს დამთვალიერებელს“. მართლაც რომ, ნიკიტას ნახატებმა უდიდესი სიამოვნება მიანიჭა ხალხთა მეგობრობის მუზეუმში მობრძანებულ ხელოვნების უამრავ თაყვანისმცემელს.
დათო ყოჩიაშვილი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული