ლია გოგოხია
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი
ლეილა ხონელიძე
ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი
„გვირგვინობა“ ანუ ეგრეთ წოდებული „კორონობა“ „ძვირად დაუჯდა“ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ ენას. უცხო სიტყვები დაამკვიდრა. მივიღეთ, შევისისხლხორცეთ და დავამკვიდრეთ — კლასტერი, ლოქდაუნი, თერმოსკრინინგი, ლოკაცია, საწოლფონდი, კარანტინი, მობილობა, ლეტალური, ვიტალური, ქეისი, ანტივაქსერები, ვაქსერები… ალბათ, ხშირად გსმენიათ კორონავირუსისაგან დაზაფრულ ხალხში (საფუძვლიანადაც!) გავრცელებული ფრაზა — „კორონა იქ ურტყამს ორგანიზმს, სადაც რაიმე პრობლემაა, სუსტ ადგილს ეძებს“ და ა.შ. დიახ, დიახ, ზუსტად ასე იქცევა კორონა და არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას. ჩვენს ენასაც ბევრი სუსტი ადგილი აღმოაჩნდა და ისე უმტკივნეულოდ, უპრობლემოდ მიიღო და გაითავისა „კორონული“ ლექსიკა, იფიქრებდა კაცი, ასე სიხარულით ლექსიკის გამდიდრებას თუ შეხვდებოდა ენაო… კი, კი, „გავამდიდრეთ ენა“, გავამდიდრეთ ყოველდღე მოსმენილი ამგვარი ფრაზებითა თუ მახინჯი ენობრივი კონსტრუქციებით: „კორონავირუსის შემთხვევების განულება“, „ინფექციის იმპორტირებული შემთხვევები“, „ქვეყანა შეკავების ფაზიდან გავრცელების ფაზაში გადავიდა“, „მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდადობა“, „გავრცელების პიკის დაბალ ნიშნულზე დაფიქსირება“, „ლეტალური გამოსავლის ალბათობის შემცირება“, „შევეცადოთ მივსდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“, „რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელიც მიანიშნების დაავადების რთულ მიმდინარეობაზე“, „დაავადების რა ეტაპზე იწყება ინფიცირებული ადამიანის გადამდებლობა“, „ეს წვეთები მეტისმეტად მძიმეა იმისათვის, რომ დარჩნენ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში და სწრაფად ვარდებიან იატაკზე ან ზედაპირებზე…“, „პაციენტი შემოვიდა თვითდინებით“, „ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი არ იგეგმება“, „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება არ გახდეს საჭირო“, „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება“, „ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“, „უზრუნველყავით მოსწავლის მიმართვა ოჯახის ექიმთან!“, ,,დაუყოვნებლად უნდა მოხდეს თქვენი მიმართვა ნერვოპათოლოგთან“, „ფეხების გაწმენდა მოახდინეთ დეზობარიერზე“, „პაციენტები განათავსეს საწოლფონდზე“, „შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს“, „თუმცა ჯერჯერობით საყოველთაო გავრცელება არ გვაქვს“, „რეამინაციაში მოათავსეს“, „ნერვოზი მაქვს“, „შიშები დამეწყო“, „წნევები და სიცხეები მაქვს“…
ეს კი უკვე მეტისმეტია…
გასული საუკუნის 70-იან წლებში კი, საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ, ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას მთელი ქვეყანა წინ აღუდგა. მაშინ უმრავლესობა იაზრებდა ენის შეუცვლელ მნიშვნელობას სახელმწიფო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და მოსახლეობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართულ ენას ეს მნიშვნელობა არ დაეკარგა. წინ აღვუდექით „სხვას“, მაგრამ დღეს თავადვე ვქმნით იმის სერიოზულ წინაპირობას, რომ ჩვენი ენა უცხო და ზედმეტ სიტყვათა კრებულს წარმოადგენს…
ხშირად ამბობენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება და ზედმეტი სიტყვებით ივსება. ძალიან ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ახალი საგნისა თუ მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სიტყვის დამკვიდრებაა საჭირო. არაფერია საოცარი იმაში, რომ ენის გამდიდრებისა თუ განვითარებისთვის, ზოგჯერ, სხვა ენიდან რაღაცის აღება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაცაა აუცილებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს სიფრთხილე გვმართებს.
ენაში სიახლის შემოტანა გამართლებულია — საზოგადოება დროსა და სივრცეში იცვლება და სამეტყველო ენაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს, მაგრამ განვითარება არ ამართლებს არსებულის უარყოფას — როდესაც ენაში არსებული სიტყვის მაგივრად უცხოურიდან შემოსული ანალოგი მკვიდრდება, გაუმართლებელია. წალეკა ენა ბარბარიზმებმა.
ბარბარიზმების მნიშვნელოვანი წყაროა სხვადასხვა წარმომავლობის ტრენინგები, რომლებსაც უტარებენ მასწავლებლებს, ბანკირებს, ეკონომისტებს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეს ტრენინგები ძირითადად ინგლისურენოვან მასალას ეფუძნება და სავსეა ბარბარიზმებით. ინტერნეტში სხვადასხვა ტრენინგის პროგრამების შეთვალიერებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ბარბარიზმების ეს წყარო მთელი სერიოზულობით დავინახოთ. საჭიროა გარკვეული წესების შემოღება, რაც ტრენინგის ჩამტარებელს დაავალდებულებს დაამუშაოს სათანადო ტერმინოლოგია, სანამ ამგვარი სასწავლო თუ გადამზადების კურსების ჩატარების უფლებას მოიპოვებს. ბარბარიზმებითა და მცდარი ფორმებით გაძეძგილი მათი ლექსიკონის საყოველთაოდ დამკვიდრება ენას კარგს არაფერს მოუტანს.
სახელმწიფო ენის ნორმები, ბეჭდური სახით გამოცემული და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დამტკიცებული რომ იქნება, მერე უკვე ყველას მოსთხოვ ამ ნორმების დაცვას. ახლა კი კეთილ ნებაზეა მიშვებული საქმე. ვისაც რა უნდა, იმას წერს და კითხულობს.
ცუდია, რომ ენობრივი პოლიტიკა აღარ არსებობს საქართველოში. რამდენი ხანია აღარ გამოცემულა ქართული ენის განახლებული ნორმები, რომელთა დაცვაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. დაცვა კი არა, სახელმწიფო სტრუქტურა გამალებული ამკვიდრებს ქართული ენისათვის შეუფერებელ ფორმებს და კაცი არაა გამკითხავი. ასეთი „ფეხებზე მკიდია“ დამოკიდებულება იმ ბნელ კომუნისტურ ეპოქაში არ იყო სახელმწიფო ენის მიმართ. ტელევიზიებსა და საინფორმაციო სააგენტოებში რა ენითაც საუბრობენ, ის მკვიდრდება.
ყველა ერთად ვცოდავთ ამ მხრივ. რუსი აფიცერი მახსენდება „მგზავრის წერილებიდან“, ილიას მდაბიური და განათლებული მეტყველების ნიუანსებს რომ „უხსნის“. ნუ დავემსგავსებით იმ აფიცერს, როცა „თერმოსკრინინგს“ ვიყენებთ სიცხის გაზომვის ნაცვლად, აქაოდა, „მდაბიურიაო“, „ლოქდაუნს“ სრული ჩაკეტვის, საყოველთაო შეზღუდვების ნაცვლად, „გაიდლაინს“ სახელმძღვანელო პრინციპის, მითითების, რეკომენდაციის ნაცვლად და ა.შ.
დაბოლოს, ყველა სახელმწიფო უწყება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გამალებით ამკვიდრებს ბარბარიზმებს და გაუგონარ ენობრივ ფორმებს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სადაც კვალიფიციურ რჩევებს მიიღებთ ამა თუ იმ ტერმინისა და ენობრივი ფორმის შესახებ. ყველაფერში კომპეტენტური ვერ იქნები და საქმის მცოდნეთათვის კითხვის დასმა სამარცხვინო საქციელი არ არის! „გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო“ (დიახ, „მწვრთელი“ რუსთველის მიხედვით და არა „ქოუჩი“). რა დროს ესაა ამ პანდემიაშიო, იტყვიან, მაგრამ რას ვიზამთ! ენის სპეციალისტები ასეთ დროსაც „ჩვენ ჩვენსას ვტირით“. ქართველების უსაყვარლესმა მწერალმა, ოტია იოსელიანმა თქვა ერთხელ — ამ ენაზე შოთა რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა და თქვენ საბჟუტუროდ არ გყოფნითო?! ჰოდა, თუ მაინცდამაინც „ბჟუტური“ გინდათ, ქართულად „ვიბჟუტუროთ“!