ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ კონცეფციაზე, რასაც დებულებაში წელს შეტანილი ცვლილებები ეფუძნება. რა თქმა უნდა, აღნიშნული კონცეფცია ვერ განხორციელდებოდა თვითონ სტანდარტების შეცვლის გარეშეც. ამჯერად სწორედ სტანდარტებზე ვესაუბრეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, კახაბერ ერაძეს.
— რამდენად განსხვავდება ახალი სტანდარტები ძველისაგან?
— ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა სტანდარტებისაგან როგორც რაოდენობრივად, ისე სტრუქტურულად და შინაარსობრივად. ამჯერად ავტორიზაციის დებულება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხუთ სტანდარტს უდგენს: მისია და სტრატეგიული განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები, ადამიანური რესურსები და ბოლოს — მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. თითოეული სტანდარტი კომპონენტებად და კრიტერიუმებადაა ჩაშლილი და თითოეულ მათგანს ინდიკატორები ერთვის. ეს ინდიკატორები თითოეული კრიტერიუმის მიხედვით ერთგვაროვან შეფასებას უზრუნველყოფს. სტანდარტი მოიცავს მტკიცებულებების ჩამონათვალსაც, რაც ავტორიზაციის მაძიებელს ხელს შეუწყობს თითოეულ კომპონენტთან შესაბამისობის დადასტურებაში. ამრიგად, განსხვავება გარე თვალისთვისაც კი აშკარაა, რომ არაფერი ვთქვათ სრულიად ახალ შინაარსზე.
— თუმცა ძველი სტანდარტებიც მოიცავდა პროგრამული, მატერიალური და ადამიანური რესურსის ნაწილებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ძველი სტანდარტები საერთოდ არ ეხებოდა და რასთანაც კოლეჯებს შეხება აქამდე არ ჰქონიათ?
— ვერ ვიტყოდი, რომ კოლეჯებს რომელიმე სტანდარტთან შინაარსობრივი შეხება არ ჰქონდათ. შესაძლოა, ბევრ საკითხს ძველი სტანდარტები არ ეხებოდა, თუმცა დაწესებულება, რომელიც კარგად იაზრებდა საკუთარ საგანმანათლებლო მისიას და განვითარებაზე იყო ორიენტირებული, ვერ ასცდებოდა ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ახალმა რეგულაციამ უკვე სტანდარტად განსაზღვრა და რასაც მანამდე რეკომენდაციების სახით ვაწვდიდით დაწესებულებებს და რაც სტანდარტისგან განსხვავებით, სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა. ის დაწესებულებები, რომლებიც ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ, დღეს უკვე შესაბამისობაში არიან ახალ სტანდარტებთან.
— ასეთია დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება?
— დიახ, ერთ-ერთი „სიახლე“ მისია და სტრატეგიაა. ძველი სტანდარტების მიხედვით, დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმას უნდა გაეთვალისწინებინა რესურსების განვითარების საკითხები. თუმცა ეს მატერიალური რესურსების სტანდარტის ნაწილი იყო და თვითონ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი არ ფასდებოდა. ამიტომაც, სტანდარტთან შესაბამისობისათვის საკმარისი იყო, გეგმაში ჩაწერილიყო მატერიალურ რესურსზე ზრუნვა, როგორც ამოცანა. დღეისათვის სტანდარტი გასცდა მხოლოდ მატერიალური რესურსების საკითხს და შეფასებადი გახდა არა მხოლოდ დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შესაბამისობა პროფესიული განათლების ეროვნულ მიზნებთან, დაწესებულების მისიასთან, რეგიონის ან თემის პრიორიტეტებთან, არამედ თვით გეგმის შემუშავების პროცესიც კი, რომელიც მაქსიმალურად ჩართულობითი უნდა იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა გამორიცხულია. თუ ვიტყვით, რომ დაწესებულება შეესაბამება აღნიშნულ სტანდარტს, ეს ნიშნავს, რომ მას კარგად აქვს გააზრებული როგორც საკუთარი როლი და ადგილი განათლების სისტემაში, ასევე დაინტერესებულ მხარეთა მოლოდინები ქვეყნის, სექტორის, რეგიონის ჭრილში.
— მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ბოლო ორი სტანდარტი მთლიანად ადამიანურ, მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს ეთმობა, პროგრამულ სტანდარტში მაინც ცალკე ჩანაწერია პროგრამის განხორციელების რესურსებთან დაკავშირებით. რატომ გახდა აუცილებელი მოთხოვნების ასეთი დუბლირება?
— ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ერთი შეხედვით, თითქოს დუბლირებაა, თუმცა, თუ სტანდარტებს შინაარსობრივად შევხედავთ, პროგრამული სტანდარტისაგან განსხვავებით, დანარჩენი ოთხი სტანდარტი „ინსტიტუციურია“, ანუ ეხება ზოგადად, სასწავლებელს, მის პოლიტიკას, მიუხედავად პროფილისა, სწავლების სფეროებისა ან პროგრამების რაოდენობისა და არა კონკრეტულ პროგრამას. მეტი მოქნილობისათვის ჩვენ გვსურდა, ცალკე აღებული პროგრამა სრულფასოვნად ყოფილიყო შეფასებადი ერთი სტანდარტით და ეს სწორედ პროგრამული სტანდარტია. პროგრამულ სტანდარტში თქვენ მიერ დასახელებული კრიტერიუმი აფასებს მხოლოდ კონკრეტულ პროგრამასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო, მატერიალურ ან ადამიანურ რესურსებს. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მოქნილნი ავტორიზაციის ან მონიტორინგის დროს. თუ ძველი სტანდარტების მიხედვით, ერთ პროგრამაში არსებული ხარვეზის გამო, დაწესებულება მთლიანად კარგავდა ავტორიზაციას, ახლა პროგრამები ცალ-ცალკე ფასდება და დაწესებულებას მხოლოდ იმ პროგრამების განხორციელების უფლება ეძლევა, რომლებიც სრულად შეესაბამება პროგრამულ სტანდარტს. ეს იძლევა როგორც დაწესებულების, ისე ცენტრის, როგორც ხარისხის გარე შემფასებლის, რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შესაძლებლობას.
— გამორიცხავთ, რომ პროგრამული შეუსაბამობები ინსტიტუციური პრობლემებით იყოს გამოწვეული?
— არა, ამას არ გამოვრიცხავთ. ინსტიტუციურად კარგად გამართული პროცესების პირობებში პროგრამული ხარვეზებიც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, თუმცა არც პროგრამული ხარვეზის არსებობა ნიშნავს ყოველთვის ინსტიტუციურ შეუსაბამობას. პროგრამული შეფასების დროს ინსტიტუციური შეუსაბამობის დაფიქსირებისას გარე შემფასებელი თვალს ვერ დახუჭავს. კანონმდებლობა ავალდებულებს მას აღნიშნულის შესახებ დასკვნაში გააკეთოს ჩანაწერი, თუმცა არც ის იქნება გამართლებული, რომ ცალკეული პროგრამის ხარვეზის გამო, დაწესებულებას გამართულ პროგრამაზე ვუთხრათ უარი, თუ გავითვალისწინებთ, რომ პროფესიული პროგრამის განხორციელება, ხშირ შემთხვევაში, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმის გამოყენების სავალდებულოობის გამო, საკმაოდ დიდ საბიუჯეტო თუ კერძო ინვესტიციას მოითხოვს.
— ჩვენ ვერ ვიპოვეთ სტანდარტი, რომელიც ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემას შეეხებოდა.
— მართალია. ცალკე ასეთი სტანდარტი არ გვაქვს, რადგანაც ყველა სტანდარტი სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის პრინციპზეა აგებული. როდესაც ჩვენ ცალკე გვქონდა ასეთი სტანდარტი, დაწესებულებებმა ფორმალურად შექმნეს ხარისხის შიდა რეგულაციები, კითხვარები და უამრავი რამ, თუმცა მათმა უმეტესობამ მაინც ვერ გაიაზრა რისთვის იყო ეს საჭირო. ეს არ ემსახურებოდა განვითარებას და უსარგებლო რუტინად იქცა. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ახალი სტანდარტები სტრუქტურულადაც კი განსხვავებულია. ყოველი ახალი სტანდარტი თვითონ არის აგებული ხარისხის ციკლის (დაგეგმე- განახორციელე-შეაფასე-განავითარე) პრინციპით, ანუ თუ სტანდარტთან შესაბამისობა გვაქვს, ე.ი. ხარისხის უზრუნველყოფაც სახეზეა. თუნდაც პროგრამული სტანდარტის კომპონენტები ვნახოთ, ყველაფერი ადილზეა: პროგრამის დაგეგმვა და შემუშავება, პროგრამის რესურსი, სასწავლო პროცესის ორგანიზება და პროფესიულ სტუდენტთა შეფასება, პროგრამის შეფასება და განვითარება.
— ბოლოს, იქნებ სრულიად ახალ სტანდარტზეც გვითხრათ: პროფესიული სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები.
— გამართული პროფესიული განათლების სისტემა არის ბიზნესის, ინდუსტრიის განვითარების წინაპირობა და, ერთდროულად, ბიზნესის და განათლების ზრუნვის საგანი. მიუხედავად ამ სისტემის მიმართ ბიზნესის განსაკუთრებული ინტერესისა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ყველაზე დიდი ღირებულების — ადამიანის, სტუდენტის საუკეთესო ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, სხვა ტიპის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი ტრენინგ-ცენტრებისაგან განსხვავებით, არ ემსახურება მხოლოდ შრომის ბაზრისათვის საჭირო უნარების შეძენის საქმეს. ეს, თავისი არსით, საგანმანათლებლო ინსტიტუციაა, რომლის მიზანიც, დასაქმებისათვის საჭირო უნარების გამომუშავებასთან ერთად, მთელი ცხოვრების მანძილზე საჭირო კომპეტენციების შეძენაა, საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბებაა. სწორად ამას ემსახურება სტანდარტის მოთხოვნები: პროფესიულ სტუდენტთა კანონიერი უფლებების დაცვა, სასწავლო და სამუშაო გარემოსთან მათი ადაპტაცია, აკადემიური მიღწევების, პიროვნული ინტერესების რეალიზების თუ დასაქმებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა.
პროფესიული განათლების სისტემა ხომ სრულიად უნიკალური სისტემაა. აქ თავს იყრის არასრულწლოვანი და ზრდასრული, თეორია და უფრო მეტი პრაქტიკა, ზოგადი და უმაღლესი განათლების ელემენტები, სასწავლებელი და საწარმო, ყველა შესაძლო რისკი და საფრთხე, რაც სასწავლებლის უკიდურესად დაცულ და რეალურ სამუშაო ადგილას არსებულ გამოწვევებს უკავშირდება. მეორე მხრივ, სწორედ ეს გამოწვევები და მრავალფეროვნება ქმნის უაღრესად დინამიურ, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო პროცესს. ამ ყველაფრის გააზრების ფონზე, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებების ცალკე სტანდარტად გამოტანა ბუნებრივია.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი