ირინე კუჭავა
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა. სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი, მატერიალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებული და არ იცხოვროს არსებულის ხარჯზე (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები). იმისათვის რომ შემოქმედებითად ვიაზროვნოთ, ჩვენი ნააზრევი ფურცელზე გადმოვიტანოთ, ერთ-ერთი მთავარი უნარი წერის კულტურაა. რამ შეიძლება შეუწყოს ხელი მოზარდს გამოიხმოს თავისი შემოქმედებითი უნარები და დაწეროს. „წერა შეუძლია ყველას, ვისაც ფიქრი შეუძლია“ (ბენჯამინ ფრანკლინი). ფიქრი, წერა, არაშაბლონური აზროვნება, ნაფიქრის სიტყვებში მოქცევა და ფურცელზე გადმოტანა არცთუ ისე მარტივია. იქნებ სწორედ ამიტომ არ იცის მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა საიდან დაიწყოს წერა, როგორ აღმოჩნდეს იმ კულტურული სიმდიდრის სამყაროში, რომელიც „მარტივი წიგნიერების დიდი კარიბჭის მიღმაა მოქცეული“. წერის დროს მთავარია იყო გულწრფელი, თავისუფალი, ემოციური, არ მოერიდო გრძნობების გამოხატვას, დაწერო და გადმოსცე ის, რასაც თვითონ განიცდი. წერის სწავლების ხანგრძლივი და რთული პროცესი მოითხოვს სისტემურ მუშაობას, მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებას. შემოქმედებითი მუშაობისას მასწავლებლის დანიშნულებაა, დაეხმაროს მოსწავლეს იმ ინსტრუმენტების დაუფლებაში, რომელიც მას წრმატებასთან მიიყვანს.
♦ როგორ გამოუმუშავოთ ეს უნარები?
♦ როგორ გავხადოთ მოსწავლე შემოქმედებითი?
ამისათვის პირველი და მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი დავგეგმოთ და წარვმართოთ ისე, რომ მოსწავლისათვის სწავლა იყოს საინტერესო, სახალისო და ეფექტური. განათლების ფსიქოლოგები და თეორეტიკოსები აღნიშნავენ სწავლის პროცესში მოსწავლის წარმოსახვის ჩართვის აუცილებლობას.„წარმოსახვის გააქტიურება სწავლის პროცესის ლამაზად შეფუთული დანამატი არ არის.ის სწავლის არსია. სწორედ ის აძლევს აზრს იმ შინაარსს, რომლის გადაცემაც გვსურს“ (კირან იგანი).
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოქმედებითობის უნარების განვითარება მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით. ეს ინსტრუმენტებია: ამბავი, მეტაფორა, ბინარული დაპირისპირებები, რითმა, რიტმი და სტრუქტურა, ხუმრობები და იუმორი, გონებრივი გამოსახულებები, ილუსტრაცია და კარნახი და სხვ. სასწავლო პროცესი ის ცოცხალი ორგანიზმია, სადაც სხვადასხვა სააზროვნო ინსტრუმენტის გამოყენებით ვახდენთ მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მაგალითად, ამბავი – აღძრავს ემოციას, წარმოსახვის მობილიზებას. ამბის გადმოცემა არა მხოლოდ მისი ფაქტობრივი ნაწილის მოყოლას,არამედ ფაქტების, მოვლენების დალაგებას და სინთეზს მოითხოვს. გონებრივი გამოსახულებები კი მოსწავლეს ეხმარება ნაცნობი სიტყვებით შექმნას გონებაში სახეები და დაუკავშიროს უცნობ მოვლენებს.წარმოსახვითი სახეები მისთვის ნაცნობი და სანდო ხდება. შესაბამისად, მოსწავლე უკეთ აღიქვამს და ამუშავებს ახალ ცნებებს. ვიზუალიზაციის მეთოდი მოსწავლეს ეხმარება შექმნას მთლიანი სურათი იმისა,რაც აღიქვა და დაინახა.ისინი წარმოადგენენ საკუთარი თვალით დანახულ სამყაროს. ამ დროს მოსწავლე არა მარტო ფიქრობს სხვადასხვა მასშტაბებზე, არამედ შეიგრძნობს კიდეც გამოსახულების რეალობას. აღქმა და გაგება ერთ სისტემაში ექცევა. მოსწავლე ახდენს ილუსტრაციისა და ტექსტის ურთიერთმიმართებას. როგორ ვითარდება ამბავი ილუსტრაციაში,როგორ გამოიყურება მისი პერსონაჟი… ილუსტრაცია და ტექსტი ერთ მთლიანობას ქმნის,ისინი ერთმანეთს ავსებენ და ამ ჰარმონიული შეთავსებით ახალ სამყაროს ქმნიან.
ბავშვები ხშირად ხატავენ და წერენ იმაზეც, რაც მათ წარმოსახვაში იბადება, ცოცხლდება. ამ ორი პროცესის (ნახატისა და ნაწერის) სინთეზით მოსწავლეები ქმნიან ახალ მხატვრულ სახეებს. ილუსტრაცია ხშირად ეხმარება მათ ახალი იდეების გენერირებაში, ასოციაციების შექმნაში, თავისუფალ წერაში. ყველა ბავშვს გააჩნია მდიდარი ფანტაზია, წარმოსახვა, გამოიგონოს, შეთხზას, აიგოს თავისი სამყარო, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სიტყვით, ხატვით, მუსიკით, საქმიანობით. მასწავლებლების ვალია, შევიცნოთ ჩვენი მოსწავლეები, აღმოვაჩინოთ, გამოვავლინოთ და განვავითაროთ ის თვისებები, რომლებიც მათ აქტიურ, შემოქმედებით, გლობალურ მოქალაქედ აქცევს.
განვუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა. ეს ამოცანა ადვილად შესასრულებელია სასწავლო პროცესში კონკრეტული მხატვრული ნაწარმოების ან მხატვრობის ნიმუშების მიხედვით. ზოგჯერ ბავშვები ილუსტრაციებზე აგებენ მცირე ზომის ესეებს,ზოგჯერ კი ფრაზებსა და ცნებებზე დაკვირვებით ქმნიან ორიგინალურ ნაშრომებს.
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები, რომლებიც ილუსტრაციისა და ტექსტის შერწყმით შექმნეს. კერძოდ, ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბა“ და ტბაზე არსებული ლეგენდის მიხედვით მოსწავლის მიერ შესრულებული ილუსტრაცია და შესაბამისი სიუჟეტია, მეორე ნაშრომი კი ტარტარენ ტარასკონელის ლუარსაბთან სტუმრობას ასახავს.
ანასტასია ფუტკარაძე
დილაადრიან გავემზადე სკოლაში წასასვლელად. პირველი გაკვეთილი ქართული მქონდა. დაიწყო გაკვეთილი. მასწავლებელმა საშინაო დავალება წაგვაკითხა,უნდა მოგვეძია ლეგენდები,თქმულებები,ასევე შეგვეძლო ჩვენ თვითონაც მოგვეფიქრებინა, შეგვეთხზა რაიმე. საინტერესო ნამუშევრები წარმოვადგინეთ, ბოლოს კი მასწავლებელმა გვითხრა, რომ ჩვენი ახალი გაკვეთილის თემა იყო ილია ჭავჭავაძის ლექსი „ბაზალეთის ტბა“. მასწავლებელი სანამ ლექსს წაგვიკითხვდა, გვიამბო ლეგენდა ბაზალეთის ტბის წარმოშობის შესახებ. ჩვენი სკოლა ამ ტბასთან ახლოს მდებარეობდა. მასწავლებელმა წაგვიყვანა და გვანახა ტბა. შემდეგ ისევ სკოლაში დავბრუნდით, ეს ტბა გონებიდან არ მშორდებოდა, მთელი დღე ამ ლექსს ვსწავლობდი. მე თავგადასავლების მოყვარული ვარ და ყველაფერი მაინტერესებდა. განსაკუთრებით კი ის, მართლა იყო თუ არა იქ აკვანი, სადაც ოქროსთმიანი ბიჭუნა იქნებოდა. ერთი სიტყვით, ძალიან მაინტერესებდა თუ რა იყო იმ ტბაში,თითქოს ისიც თავისკენ მიზიდავდა. ყველანაირად ვიძიებდი, თუ როგორ ჩავსულიყავი ტბაში. ძალიან გამიჭირდა ამ საკითხის მარტო მოგვარება, ამიტომ დახმარება ჩემს მეგობარს ვთხოვე, ისიც თავგადასავლების მოყვარული იყო. მას ვუთხარი, რომ უნდა ჩავსულიყავით ბაზალეთის ტბის ფსკერზე და მოვუყევი ლეგენდაც. ლეგენდის გაგონებაზე ისიც დაინტერესდა. მე ხელმარჯვე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს მეგობარს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ზოგჯერ სკოლასაც ვაცდენდით,რომ მოგვეგვარებინა ეს საქმე. ბაზალეთის ტბაში ჩასასვლელად ჩვენ გავაკეთეთ პატარა წყალქვეშა ნავი. დილით ადრე, როდესაც მზე ჯერ კიდევ კარგად არ ამოსულიყო, ჩუმად გავიპარეთ, წავიღეთ ჩვენი გაკეთებული ნავი და გავეშურეთ ტბისაკენ. ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ ამ ნერვიულობას ინტერესი გვიფანტავდა. მოკლედ, როგორღაც ჩავჯექით წყალქვეშა ნავში და გავეშურეთ ტბის ძირისაკენ. ისეთი სილამაზე, რაც მე იქ ვნახე ცხოვრებაში არ მინახავს. წყალქვეშ რომ მივდიოდით, წინ ულამაზესი წალკოტი გადაგვეშალა, სულ ამწვანებული იყო იქაურობა, საოცარი ყვავილები, სასიამოვნო ხმები. მართალი ყოფილა ილია, რომ ამბობდა: „წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ჰყვავისო“. ენით აღუწერელი სილამაზე იყო. იქ ვნახე ასევე სირინოზები. მათ მართლაც რომ ჯადოსნური ხმა ჰქონდათ და დავინახე ბიჭუნაც ოქროს თმებით. თურმე რაც ლექსში ეწერა სიმართლე ყოფილა, მაგრამ ამ დროს ნავში წყალი შემოვიდა, რის გამოც იძულებულნი გავხდით უკან დავბრუნებულიყავით, ზევით დედამიწაზე. ეს სილამაზე არასდროს დამავიწყდება. ჩემი მეგობარიც გაოგნებული იყო. უეცრად მაღვიძარამ დარეკა და გამეღვიძა. არ მინდოდა სიზმარი დამთავრებულიყო. ენით აღუწერელი სილამაზე მუდამ დარჩება ჩემს გონებაში.
სტუმრად ტარტარენ ტარასკონელი ლუარსაბთან
ლიზი ქაროსანიძე
მას შემდეგ რაც ლუარსაბი და დარეჯანი ტარასკონიდან დაბრუნდნენ, მაშინვე შეუდგნენ სტუმრისათვის სამზადისს. არ უნდოდათ შეერცხვინათ თავი და მშობლიური კახეთიც. საკვირველია, რამ შეუცვალა ცოლ-ქმარს ასე ჭკუა-გონება, რომ მთელი კვირა კარ–მიდამოს ალაგებდნენ. სინამდვილეში მიზეზი მათი ფაციფუცისა თავის გამოჩენა იყო. და აი, დადგა დღე ტარტარენის სტუმრობისა. დილით ალიონზე წამოხტა დარეჯანი, გაემზადა და დაეშვა კიბეებზე. ჩქარა! ჩქარა! დღეს ბატონი ტარტარენი მოდის. თქვე უსაქმურებო! გაიღვიძეთ! ადექით! ღვინო ჩამოასხით, პური თონეში ჩააკარით, მწვადი და ორაგული შეწვით, სალათები, ჩაქაფული, ხილი, ბოსტნეული. სუფრას ჩიტის რძე არ უნდა აკლდეს! ყველანი იმ წამსვე წამოცვიდიდნენ, შეშინებულები ვინ საით გარბოდა. ზოგი თონეს ახურებდა, ზოგს მწვანილი მოჰქონდა. ბოზბაში და ჩიხირთმაც მზადდებოდა. ეზო, კარ-მიდამო ისე სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდა თვით მეპატრონეებსაც კი უკვირდათ. ლუარსაბი მოკაზმული იდგა აივანზე ჩიბუხით ხელში და ეზოს დაჰყურებდა გაოცებული და ფიქრობდა: ჩემს თვალებს ასეთი სილამაზე არასდროს უნახავსო. დარეჯანი კი გახარებული იყო, ტარტარენი საფრანგეთდან ყვავილის თესლებსა და სხვადასხვა მცენარის ნერგებს ჩამოუტანდა. ამ ორომტრიალში იყვნენ, როდესაც ეზოში ცხენით შემოჯირითდა თავიდან ფეხებამდე იარაღით ასხმული ტარტარენიც. სუფრა გაშლილი იყო კაკლის ხის ძირში. მოიპატიჟეს სტუმარი ტკბილეულითა და ხილით დახუნძლულ მაგიდასთან და ჩაი შესთავაზეს. საღამოს კი დიდი ზარ–ზეიმი გამართეს პატივცემული სტუმრისათის. კარგად მოილხინეს და როგორც ტარტარენმა აღნიშნა პირველად იგემა ნამდვილი საჭმლის გემო.
მეორე დღეს ლუარსაბმა ტარტარენი კახეთის ულამაზეს ტყეში სანადიროდ წაიყვანა. იგი გაოცებული იყო ამდენი ცხოველი, ასეთი ლამაზი და თვალისმომჭრელი ბუნება მის ცხოვრებაში არ ენახა. აი,ნამდვილი ნადირობა! ტრაბახობდა ლუარსაბი… ტარტარენს საქართველო ძალიან მოეწონა. ლუარსაბმა და დარეჯანმა სტუმარს კარგ მოგონებებთან ერთად საფრანგეთში სამახსოვრო საჩუქრებიც გაატანეს. ტარტარენისთის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კურდღელი იყო,რომელიც ლუარსაბმა ნადირობის დროს დაიჭირა, ახლა ბ.ნ ბომპარის მამულის მსგავსად ტარტარენის ბაღიც გამორჩეული იქნებოდა. ტარასკონში დაბრუნებული ტარტარენი იჯდა თავის სავარძელში და საიმოვნებით იხსენებდა საქართველოში გატარებულ დღეებს, ქართველი ცოლ–ქმარი კი ვერ ივიწყდებდა ქალაქ ტარასკონსა და თავად ტარტარენს. ვერც ერთ მათგანს გაუგია სინამდვილეში რა არის ცხოვრება და ადამიანის მოვალეობა. ეს ხომ ლამაზი სახლ–კარი, ყვავილებით მორთული ეზო, ნადირობა, სმა-ჭამა და გართობა არაა. ნამდვილი ცხოვრების მნიშვნელობა სულ სხვაა…
ამგვარად, შემოქმედებითობა მოსწავლეებს უყალიბებს თავისუფალ აზროვნებას. მათ შეუძლიათ ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა, საკითხის სხვადსხვა კუთხით დანახვა, ახლის შექმნა, წარმოსახვით სამყაროში შექმნილის რეალობასთან დაკავშირება. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, სწორედ რომ კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებაა.
https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/kritikuli-da-shemoqmedebithi-azrovneba.pdf
https://openscience.ge/bitstream/1/2229/1/Elza%20Putkaridze%20Samagistro.pdf