9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ნაეკის „რჩევები აბიტურიენტებს“  

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2024 წლის გამოსაცდელებისთვის, დაიწყო ახალი რუბრიკა – „რჩევები აბიტურიენტებს“. ცენტრის საგნობრივი ჯგუფების რეკომენდაციები დახმარებას გაუწევს აბიტურიენტებს  როგორც მომზადების პროცესში, ისე უშუალოდ ტესტებზე მუშაობისას. ნაეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა საგნის გამოცდასთან დაკავშირებით მომზადებული რჩევები ცენტრის ფეისბუკგვერდზე კვირაში ორჯერ გამოქვეყნდება.

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის:

♦ ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულეთ მითითებები.

♦ რედაქტირების დავალების შესრულებისას, ჯერ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ტექსტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ შეცდომებისა და ხარვეზების გასწორება.

♦ ტესტში შემოთავაზებულ ნაწარმოებთა არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი – თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი უნდა იყოს როგორც თავად ტექსტი, ისე ის პრობლემა, რომელიც მას გასაანალიზებლად ახლავს.

♦ წაკითხულის გააზრების დავალებების შესრულებისას, ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი, რათა გაიაზროთ მისი მთავარი სათქმელი და ავტორის მიზანდასახულობა; ამის შემდეგ გაეცანით შეკითხვებსა და ასარჩევ პასუხებს, დაუბრუნდით ტექსტს და დაკვირვებით გაიაზრეთ ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება.

♦ გამოცდაზე სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ და ღრმად გაიაზროთ საპროგრამო ნაწარმოებები. უნდა შეგეძლოთ საპროგრამო ტექსტების ანალიზი, მათში წამოჭრილი პრობლემატიკის გამოკვეთა და საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო ტექსტების სათანადოდ გააზრებასა და სიღრმისეულ ანალიზს.

♦ გირჩევთ, წერით დავალებაში მაქსიმალურად ერიდოთ შაბლონებისა და ტრაფარეტების, ლიტერატურული, ისტორიული და სხვა სახის პარალელების თვითმიზნურად გამოყენებას. პარალელები, რომლებიც ორგანულად არ დაუკავშირდება განსახილველ საკითხს, შეფასების დროს გათვალისწინებული არ იქნება.

♦ გაითვალისწინეთ, წერითი დავალება ენობრივი თვალსაზრისით არ შეფასდება, თუ ნაშრომი 150 სიტყვაზე ნაკლები იქნება.

 

2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:
  1. ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16);
  2. წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 10);
  3. წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 34).

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები