16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

ნაეკის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისათვის  – მათემატიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო საგნები  

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ელექტრონულ ფორმატში კიდევ ერთი ღია კარის დღე მოეწყო. ამჯერად, შეხვედრა დაეთმო მათემატიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე

🟦 მათემატიკის ტესტს თუ შეეხო ცვლილება ამ ბოლო წლების განმავლობაში?

წელს ტესტში ცვლილებები არ შესულა. 2021 წლის მასწავლებლის საგნის ტესტის სტრუქტურამ განიცადა ცვლილება. ტესტი შედგება 27 დავალებისაგან. აქედან პირველი 24 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ან 0 ქულით. 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისთვის. დავალებები ოცდამეხუთედან ოცდამეშვიდეს ჩათვლით ღია ტიპის არის. ოცდამეხუთე დავალება ფასდება 7 ქულით, ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე დავალებები კი ფასდება 5-5 ქულით.

🟦 მათემატიკის ტესტში ფუნქციის მნიშვნელობის გამოთვლა თუ არის შეტანილი?

საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს წარმოდგენილი ტესტში.

🟦 მათემატიკაში ინტეგრირებიდან რამდენი დავალება შეიძლება რომ შეგვხვდეს?

პედაგოგის საგნის გამოცდის პროგრამა წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის გაფართოებას. ამ გაფართოვებიდან ტესტში შესაძლოა შეგხვდეთ, არაუმეტეს 5 დავალებისა.

🟦 მათემატიკის ამოხსნების ნიმუშები თუ არის სადმე გამოქვეყნებული?

ამოხსნების ნიმუშები, ასევე ის, თუ რისი ცოდნა მოეთხოვება პირს, რომელიც აბარებს მასწავლებლის გამოცდას, გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე კრებულში მასწავლებლებისათვის.

🟦 ქიმიაში მეტალებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა შეგვხვდება?

მნიშვნელოვანია, რომ ტესტმა სრულად მოიცვას საგამოცდო პროგრამა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ტესტში ქულები პროგრამულ საკითხებზე თანაბრად იყოს გადანაწილებული. მეტალებს პროგრამაში დიდი ადგილი არ უჭირავს, შესაბამისად, მათზე ბევრი კითხვა ვერ იქნება.

🟦 ქიმიაში დაგვაკლდება თუ არა ქულა მათემატიკური შეცდომებისათვის?

თუ არასწორი პასუხის მიღება გამოწვეულია მხოლოდ 1 არითმეტიკული შეცდომით, მაშინ შეფასებისას მხოლოდ ერთი ქულა დააკლდება. ამ კითხვაზე უფრო ზუსტ პასუხს მიიღებთ, თუ ნახავთ გასული წლის ტესტს და შეფასების სქემას, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. იქ დეტალურადაა აღწერილი, რა შემთხვევაში ხდება ქულების დაკლება.

🟦 ქიმიის გამოცდაზე ცხრილები თუ დაგვირიგდება?

გამოცდაზე გამოსაცდელებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ შემდეგი დამხმარე მასალით: ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილით, ფუძეების, მჟავებისა და მარილების ხსნადობის ცხრილით, მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივით. დამხმარე მასალა აბიტურიენტებს დაურიგდებათ გამოცდის დაწყებისას.

🟦 თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, ორგანული ქიმიიდან დაახლოებით რამდენი კითხვაა ტესტში და არაორგანული ქიმიიდან რამდენი?

საერთო ქულების დაახლოებით ერთი მესამედი ორგანული ქიმიის საკითხებზე მოდის, დანარჩენი ქულები გადანაწილებულია ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე.

🟦 რას ეფუძნება (ისტ) საგნის მასწავლებლის საგამოცდო ტესტი?

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტესტი ეფუძნება საგამოცდო პროგრამას, პროგრამა კი თავის მხრივ „დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს“. აღნიშნულ სტანდარტში დეტალურადაა აღწერილი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისათვის ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება წარმატებული სწავლების პროცესში.

🟦 ისტის პრაქტიკული სამუშაოსთვის დრო რამდენია და როგორ ფასდება?

შეფასების მიზნების შესაბამისად, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: პროფესიული ცოდნა (სამუშაო დრო არის 1 საათი და 30 წუთი) და პრაქტიკული უნარები (სამუშაო დრო არის 2 საათი და 30 წუთი). ტესტის თითოეული ნაწილი 35 ქულით ფასდება. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.

🟦 ისტის გამოცდაში შესაბამისობის დადგენის დავალებებზე რომ ისაუბროთ

შესაბამისობის დავალებებში წარმოდგენილია მონაცემთა ორი სვეტი. ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა. შ.). დავალების შესასრულებლად საჭიროა ერთ სვეტში მოცემული ინფორმაცია შევუსაბამოთ (მივუსადაგოთ) მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციას. შესაბამისობის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. ასეთი ტიპის დავალება ისტ-ის პრაქტიკულ ნაწილში არ გვექნება.

🟦 პრაქტიკული ნაწილის შესასრულებლად რომელ პროგრამებში მოგვიწევს მუშაობა?

პრაქტიკული ნაწილის შესასრულებლად გამოსაცდელები იმუშავებენ კომპიუტერთან Microsoft Office-ის პროგრამებში MS Word 2019, MS Excel 2019 და MS PowerPoint 2019. შესასრულებელია შემდეგი დავალებები: 1. დოკუმენტის შექმნა და დაფორმატება პროგრამა MS Word-ის გამოყენებით; 2. მონაცემთა ანალიზი/დამუშავება პროგრამა MS Excel-ის გამოყენებით;3. პრეზენტაციის შექმნა პროგრამა MS PowerPoint-ის გამოყენებით.

🟦სკოლაში რომელ ვინდოუსსაც ვიყენებთ, ის იქნება გამოცდაზეც ხომ

დიახ, Windows 10. ისტ-ის გამოცდაზე თქვენ შეგხვდებათ ის პრაქტიკული და თეორიული მასალა, რაც სკოლაში მუშაობის დროს გჭირდებათ.

🟦 ფიზიკის ღია დავალებებზე მუშაობის დროს რაზე გავამახვილოთ ყურადღება?

ყურადღება მიაქციეთ, რომ ამოხსნის დროს არ დაუშვათ შეცდომა, თუნდაც მექანიკური. თუ კი პირველ ან შუალედურ ეტაპზე დაშვებული  შეცდომის გამო  საბოლოო პასუხი  მცდარია მაშინ, როცა შემდგომი ეტაპები სწორადაა ასახული, დაგაკლდებათ 1 ქულა.

🟦 ფიზიკაში ზღვარი რა შემთხვევაში გვეთვლება გადალახულად?

ზღვრის გადასალახად თქვენ უნდა დააგროვოთ მაქსიმალური 60 ქულის 60%-ზე მეტი ანუ 37 ქულა ან მეტი.

🟦 ბიოლოგიაში ეკოლოგიიდან თუ შეგვხვდება ბევრი  საკითხი?

ტესტში ყველა მიშვნელოვანი და ძირითადი პროგრამული საკითხი იქნება შეტანილი. ამდაგვარ კატეგორიათა რიცხვს მიეკუთვნება ეკოლოგია. ბუნებრივია ეკოლოგიის განყოფილებიდან დავალებები იქნება მოცემული ტესტში.

🟦 მიკრო და მაკრო ევოლუცია რა დოზითაა ტესტში შეტანილი?

ტესტში მოგეცემათ ევოლუციური ბიოლოგიის საკითხები იმავე თანაფარდობით როგორიც გასული წლებში იყო წარმოდგენილი. გთხოვთ გაეცნოთ გასული წლების ტესტებს.

🟦 ბიოლოგიაში კომბინირებული დავალების შესრულებისას რა უნდა გავითვალისწინოთ?

კომბინირებული დავალების შესასრულებლად საჭიროა როგორც თეორიული მასალის საფუძვლიანი ცოდნა, ისე მათი განზოგადება და მართებული დასკვნის გამოტანა. გირჩევთ დაანაწევროთ საკითხი, კარგად გაიაზროთ თითოეული კომპონენტი, შემდეგ კი დააკავშიროთ ერთმანეთთან და ზოგადი დასკვნა დაწეროთ. ეტაპობრივად გადაჭრათ პრობლემა. დეტალებისათვის იხილეთ კრებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები