16 მაისი, ორშაბათი, 2022

ნაეკის პასუხები აბიტურიენტების კითხვებზე

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ელექტრონულ ფორმატში კიდევ ერთ საინფორმაციო შეხვედრა  გამართა. ღია კარის დღე ამჯერად დაეთმო გეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლებისა და ლიტერატურის გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებს. გთავაზობთ ცენტრის შესაბამისი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლების პასუხებს აბიტურიენტების მიერ დასმულ კითხვებზე.

✅ ხელოვნებაში ხატვის ცოდნა თუ მოგვეთხოვება?

ხელოვნების გამოცდა ხატვის უნარს არ ამოწმებს, ეს შემოქმედებითი ტურის პრეროგატივაა, რომელსაც უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ. ჩვენს ტესტში პრაქტიკული ხასიათის დავალება არ არის.

რამდენად მოგვეთხოვება ან დაგვჭირდება ტერმინების ცოდნა ხელოვნებაში?

ტერმინების ცოდნა ხელოვნების გამოცდისთვის, ისევე როგორც ზოგადი განათლებისთვის ხელოვნებაში, მნიშვნელოვანია. ტერმინები, რომლებსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან ეუფლებიან, წარმოადგენს სასკოლო პროგრამის აუცილებელ ნაწილს. ასე რომ, ყველა სახელმძღვანელოში ყველა გაკვეთილი ამ ტერმინების საფუძველზეა აგებული, ვინაიდან ისინი, როგორც ცნებები, ისეა გამოტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასევე ამ ტერმინების გამოყენებით თქვენი მსჯელობა საკითხის გარშემო იქნება მკაფიო და ნათელი, გაგიადვილდებათ აზრის და შთაბეჭდილების გამოხატვა.

თუ მე-15 დავალებაში ეპოქა ვიცანი და ავტორი ვერა, ამ შემთხვევაში რა ხდება?

15 ქულიან დავალებაში ავტორის ამოცნობა მხოლოდ 1 ქულას ნიშნავს. ასე რომ, თუ მსჯელობა სწორად იქნება წარმართული სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 14 ქულას დაიმსახურებთ. 

უცნობი მხატვრების შესახებ რა ტიპის კითხვებია ტესტში შეტანილი?

უცნობ მხატვრებში რას გულისხმობთ, დასადგენია. თუ, სავარაუდოდ, არაპროგრამულ მხატვრებს გულისხმობთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კითხვები მხოლოდ მხატვრულ მახასიათებლებს შეეხება. საერთოდაც მხატვრების შესახებ კითხვები ტესტში მათი ბიოგრაფიიდან არასდროს არის.

გეოგრაფიის კრებულში არის კითხვა: რატომ აღმოჩნდა ქ. უხანი ყურადღების ცენტრში? კიდევ რომელი თანამედროვე მოვლენებიდან შეიძლება მოვიდეს კითხვები, რომ მზად ვიყოთ?

უხანთან დაკავშირებით კითხვა აქტუალური იყო პანდემიის პიკის დროს. ამჟამად წინაა წამოწეულია სამხედრო-პოლიტიკური პრობლემები. ტესტის შინაარსთან დაკავშირებით პასუხის გაცემა, ცხადია, ვერ მოხერხდება. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მოვლენებიდან და პროცესებიდან საგამოცდო ტესტში შესული იქნება მხოლოდ გლობალური მასშტაბის საკითხები.

გეოგრაფიის გამოცდაზე რამდენად ხარისხიანი იქნება რუკების ილუსტრაციები, წაკითხვა ხომ არ გაგვიჭირდება?

დავალებისათვის რუკებისა და ილუსტრაციების შერჩევისას მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ მაღალი გარჩევადობის ფაილები, შესაბამისად, მათი ანალიზი არ გაგიჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გამოსაცდელს აქვს  მხედველობის სერიოზული პრობლემა, უნდა მიმართოს ცენტრის ადმინისტრაციას. რამდენადაც ვიცი, შედგება სპეციალური სამედიცინო კომისია, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული განაცხადის შესახებ.

გეოგრაფიის ღია დავალებებში რამდენიმე პასუხიდან ერთი რომ მცდარი იყოს, არ შეფასდება ნაშრომი?

როცა კითხვის პირობის მიხედვით მოთხოვნილია რამდენიმე პასუხის გაცემა, მაგ.: აუცილებელია 2 გეოგრაფიული ობიექტის დასახელება, აბიტურიენტმა უნდა დაასახელოს ორივე. ამ შემთხვევაში დაიმსახურებს 2 ქულას, თუ დაასახელებს მხოლოდ ერთს, მაშინ დაიმსახურებს 1 ქულას. ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოსაცდელმა არ იცის სწორი პასუხი და თავის დაზღვევის მიზნით ასახელებს 3, 4, 5 ან უფრო მეტ პასუხს, ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი დაიმსახურებს 0 ქულას. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ იმ რაოდენობის ობიექტი, რამდენიც მოთხოვნილია კითხვის პირობის მიხედვით.

ტესტში ეკონომიკური გეოგრაფიიდან უფრო მეტი კითხვაა თუ ფიზიკურიდან?

ტესტში, ყოველ წელს, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის საკითხები მეტ-ნაკლებად თანაბრად არის მოცემული. მათ შორის პროცენტული თანაფარდობა უმნიშვნელოდ იცვლება წლიდან-წლამდე.

გეოგრაფიაში რუკებზე ლეგენდის ელემენტები არის თუ არა დატანილი?

რუკებზე ყოველთვის მოცემულია ლეგენდის ის ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ კითხვაზე შესაბამისი პასუხის გასაცემად.

სამოქალაქო განათლებაში ღია დავალებები რამდენი ქულით ფასდება?

სამოქალაქო განათლების ტესტი შედგება როგორც არჩევითპასუხიანი, ასევე ღია დავალებებისაგან, რომლებიც ამოწმებენ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა ანალიზი, პრობლემის გადაჭრა, არგუმენტირებული მსჯელობა. ღია დავალებების მაქსიმალური ქულა განისაზღვრება კონკრეტული დავალების მიხედვით. თითოეულ ღია დავალებას თან ახლავს დავალების შესრულების ინსტრუქცია, სადაც მითითებულია დავალების მაქსიმალური ქულა. ასევე, შესაბამისი ქულა მითითებული იქნება თითოეული ქვეკითხვის წინ.

როგორ მივიღოთ მაქსიმალური ქულა ღია დავალებებში?

მაქსიმალური ქულის მიღება დამოკიდებულია, პირველ რიგში, თქვენს ცოდნასა და უნარებზე.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ შემდეგი მოთხოვნები:

ყურადღებით გაეცანით დავალების მოთხოვნას და გაეცით კონკრეტული პასუხი; პასუხში უნდა ჩანდეს სამოქალაქო განათლების საგნის ცნებებისა და ტერმინების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ანალიზის უნარი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არგუმენტაციის უნარი; წერეთ გარკვევით; პასუხი ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე შესაბამის ადგილას. თქვენი ნაწერი არ უნდა გასცდეს პასუხისთვის გამოყოფილ არეალს. თუ სამუშაო ფურცელზე მუშაობთ, დაიტოვეთ საკმარისი დრო თქვენი ნაშრომის პასუხების ფურცელზე გადასატანად.

სამოქალაქო განათლების დავალებაში, რომელშიც შეცდომებს ვასწორებთ, მთელი წინადადება უნდა გადავიტანოთ პასუხების ფურცელში, თუ მხოლოდ ის ტერმინი, რომელიც მცდარია?

დავალებაში მოცემულია ტექსტი, რომელშიც შეცდომებია დაშვებული. ეს შეიძლება იყოს, თარიღი, ტერმინი, საკუთარი სახელი და სხვ. თქვენ უნდა იპოვოთ ეს შეცდომები და გაასწოროთ ისინი. გაითვალისწინეთ, პასუხების ფურცელში უნდა გადაიტანოთ მხოლოდ ნაპოვნი შეცდომა, მის გასწორებულ ვარიანტთან ერთად და არა მთელი წინადადება. პასუხების ფურცელში შეცდომათა არასწორი თანმიმდევრობა გავლენას არ მოახდენს შეფასებაზე.

სამოქალაქო განათლებაში ილუსტრაციის დავალების დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მოცემული დავალება ამოწმებს ილუსტრაციის მთავარი საზრისის, პრობლემის ანალიზის, სიმბოლოების გაგების, საჭირო ინფორმაციის გამოყოფისა და კონტექსტში გააზრების უნარს. ასევე, მოგეთხოვებათ ილუსტრაციით გადმოცემული საკითხის შესახებ მსჯელობა. ილუსტრაციის დავალებას ახლავს სამი ღია კითხვა. ყურადღებით გაეცანით თითოეულ კითხვას. შეეცადეთ პასუხი იყოს კონკრეტული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სრულად პასუხობდეს დავალების მოთხოვნას.

სამოქალაქო განათლების არგუმენტირებული მსჯელობის დავალებაში, თუ 1 არგუმენტს მოვიყვანთ ორის ნაცვლად, როგორ შეფასდება ნაშრომი?

ამ დავალებაში მოგეთხოვებათ სადისკუსიო საკითხის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობა. კერძოდ, როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა არგუმენტების დასახელება. გაითვალისწინეთ, თითოეული არგუმენტი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი აზრის მატარებელი. თითოეული სწორად დასახელებული არგუმენტი თითო ქულით ფასდება.

თუ შეგიძლიათ, სასკოლო პროექტის დავალებაზე გვესაუბრეთ.

დავალებაში ,,სასკოლო პროექტი“ აღწერილია კონკრეტული სიტუაცია. თქვენი ამოცანაა იმ სასკოლო პროექტის მონახაზის შედგენა, რომელსაც განახორციელებდით აღწერილი პრობლემის მოგვარების ხელშეწყობისათვის. კერძოდ, მოგეთხოვებათ პროექტის ორი ამოცანისა და მათი შესრულების კონკრეტული გზების ჩამოყალიბება. თქვენ მიერ შემოთავაზებული ამოცანები უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და პასუხობდნენ პროექტის მიზანს. მოცემული დავალება ამოწმებს პრობლემის გადაჭრის უნარსა და პროქტის სტრუქტურირების საბაზო ცოდნას.

ლიტერატურის ტესტზე მუშაობის დროს რამდენად მომეთხოვება, რომ დავიცვა ზედმიწევნით თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმები?

სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა ყველა შემთხვევაში მოგეთხოვებათ, თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ენობრივი შეცდომა ან სტილისტური ხარვეზი ქულაზე არ იმოქმედებს.

ლიტერატურაში თუ ტოპონიმი ან საუკუნე შეცდომით დავწერე, ქულა დამაკლდება?

თუ თხზულების დაწერის დროს მსგავს შეცდომას დაუშვებთ, მე-7 კრიტერიუმის მიხედვით ქულა დაგაკლდებათ. იხილეთ შეფასების კრიტერიუმები.

შესაძლებელია თუ არა ლიტერატურის ტესტში შეგვხვდეს უცხოელი ავტორის ნაწარმოები?

შესაძლებელია უცხოელი ავტორის ნაწარმოები იყოს მხოლოდ წერითი დავალების ბლოკში.

ლიტერატურაში მხოლოდ საპროგრამო მასალის ცოდნა საკმარისია თუ კლასგარეშე ლიტერატურაც დაგვჭირდება?

ტესტის პირველი ნაწილი (კითხვები) მხოლოდ საპროგრამო მასალის ცოდნას ამოწმებს. მეორე ნაწილში შესაძლებელია არასაპროგრამო მასალაც შეგხვდეთ.

ლიტერატურაში შესავლის დაწერა აუცილებელია, თუ პირდაპირ შეგვიძლია დავიწყოთ წერა?

თუ როგორ ააგებს თხზულებას აბიტურიენტი, ეს ინდივიდუალურად მისი გადასაწყვეტია. მთავარია, უპასუხოს იმ მითითებებს, რომლებსაც დავალების პირობა ითვალისწინებს.

რა პრინციპით შედის ლიტერატურული ნაწარმოებები ტესტში?

კითხვების ნაწილში ქართული ლიტერატურის სამივე პერიოდის (ძველი, ახალი, უახლესი) საპროგრამო მასალა ქულების მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბრად არის განაწილებული.

თუ ყველა მხატვრულ საშუალებას ამოვწერ და გამომრჩება, მაგ., ჰიპერბოლა, ქულა დამაკლდება?

ტექსტებიდან ყველა მხატვრული საშუალების ამოწერა აუცილებელი არ არის. ნაწერში უნდა ჩანდეს, რომ აბიტურიენტს კონკრეტულ ტექსტში ძირითადი მხატვრული საშუალებების ამოცნობა, კლასიფიკაცია და ფუნქციის განსაზღვრა შეუძლია.

დაახლოებით რამდენი მაგალითია საჭირო თხზულებაში, რომ იგი სრული იყოს?

თუ მაგალითებში ტესტში მოცემული ტექსტებიდან მოხმობილ საარგუმენტაციო მასალას გულისხმობთ, არ არის საჭირო წერითი დავალება ციტატებით გადაიტვირთოს. თუ ლიტერატურული პარალელების შესახებ გვეკითხებით, რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რამდენად ზუსტია მოხმობილი მაგალითი.

ლიტერატურაში ორი ტექსტიდან შეგვიძლია ერთი ავირჩიოთ?

ლიტერატურის ტესტში ასარჩევი დავალება არ არის. ორივე ტექსტი ერთი დავალების შესასრულებლად არის საჭირო. ყურადღება მიაქციეთ დავალების მითითებებს და მიხვდებით, რომ ორივე ტექსტზე უნდა იმსჯელოთ.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები