თეა ალიმბარაშვილი
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასების წამყვანი მასწავლებელი
მასწავლებლის შეფასების წესი და ელექტრონული საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები ყველასთვის ცნობილია. პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გამოქვეყნებისთანავე გავეცანით მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, სქემის ამოცანას, ვალდებულებებს, ძირითად პრინციპებს, თვითშეფასების მეთოდებს, შეფასების ტიპებს.
პედაგოგებისგან ხშირად მომისმენია შემდეგი სახის შეკითხვები: რა არის პორტფოლიო? როდის და როგორ უნდა განვათავსოთ აღნიშნული დოკუმენტი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში eschool.emis.ge, რომელშიც თითოეულ პედაგოგს საკუთარი ელექტრონული პორტფოლიო ექნება წარმოდგენილი)?
პორტფოლიო არის ჩვენი ელექტრონული საქაღალდე, რომელშიც ლამაზად უნდა განვათავსოთ მასალა. დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემულ დოკუმენტში ინფორმაციის ორგანიზებასა და კლასიფიკაციას. მეტი თვალსაჩინოებისთვის და სიზუსტისთვის შეგვიძლია დავასათაუროთ — „ჩემი პორტფოლიო“, შევცვალოთ მისი ფერი, ვაქციოთ უმნიშვნელოვანეს საქაღალდედ, ჩავურთოთ გაზიარების ღილაკი, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში.
საქაღალდის შესაქმნელად ვიყენებთ ყველასთვის ნაცნობ პლატფორმებს: Google-ის სერვისს — Google Drive და Microsoft Office 365-ის სერვისს — One Drive.
თუ Google Drive-ის პლატფორმას ავირჩევთ, ჩვენი საქაღალდის შესაქმნელად, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ღრუბლოვანი საცავის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო პროვაიდერია, რადგან Google-ის უაღრესად საიმედო სერვერებზე ზის და ყველა მომხმარებლისთვის 15GB-მდე უფასო მეხსიერებას გთავაზობთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ამ ანგარიშზე არსებული სივრცე მალე იწურება, გახსენით სულ ახალი Gmail ანგარიში თქვენი ელფოსტისთვის და მიიღეთ 15GB-მდე უფასო მეხსიერება.
One Drive ერთ-ერთი საუკეთესო ღრუბლოვანი, 5-ტერაბაიტიანი მეხსიერების საცავია, ძალიან მოსახერხებელი საოფისე ფაილის გახსნისას, მომხმარებელს სრულად აქვს ფუნქციური რედაქტირების უფლება და ამ სივრცეში სრული ნავიგაცია შეუძლია. აქვს, ასევე, გაზიარების ფუნქცია, დათვალიერების, რედაქტირებისა და კოლაბორაციულ რეჟიმში.
პროფესიული გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, აქტივობებით გამდიდრებულ, საგულდაგულოდ შევსებულ საქაღალდეს მარტივად, ლინკის კოპირებით გადავიტანთ ისქულის ბაზაში არსებულ ელექტრონულ საქაღალდეში წარსადგენად, შესამოწმებლად.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის პირველი ნაწილი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
ა) სასწავლო პროცესი;
ბ) პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა.
თითოეული ცალკეული მუხლისგან შედგება, რომლის გათვალისწინება სტანდარტში შეტანილი ვალდებულებებისა და კომპეტენციების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენ ვიცით, რომ სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევა პრაქტიკული ნაწილის გავლის წინაპირობაა. ამის მიუხედავად, მიზანსწრაფული პედაგოგები დროს არ კარგავენ და საკუთარ პორტფოლიოს შესანიშნავი აქტივობებით ამდიდრებენ. მასწავლებლის სტანდარტის მეორე ნაწილში შეტანილ ვალდებულებებს მშვენივრად უსადაგებენ საჭირო კომპეტენციებს.
⇔ შეძლებისდაგვარად, გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას, ავხსნი გასაგები ენით, როგორ ვზრუნავ საკუთარი ვალდებულებების შესრულებისთვის.
როგორც წამყვანი, ისე მენტორი მასწავლებლების ვალდებულებებში პირველ ადგილზე დგას პედაგოგთა საჭიროებების დადგენა, რომლის საფუძველზეც იგეგმება სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიები. მასწავლებელთა განვითარების იდენტიფიცირება შესაძლებელია პროფესიული განვითარების მოთხოვნების შესაბამისად ან სწავლის დამატებითი მოდელის შემუშავების პროცესის მიმდინარეობისას.
დისტანციური სწავლების გააქტუალურებამდე სამი თვით ადრე, ჩვენი სკოლის გუნდმა, „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამის დანერგვის პროცესში, დავიწყეთ თიმსის პროგრამის შესწავლა და მოსწავლეთა მეილების გააქტიურება. დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლამ კი, უდიდესი პასუხისმგებლობა გამიღვივა კოლეგების, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე.
პანდემიამ მიბიძგა, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე წარმომეჩინა. გადავწყვიტე წარმატებული პრაქტიკის კოლეგებისთვის გაზიარება. დავიწყე სასწავლო ვიდეოების ჩაწერა და საკუთარ youtube.com არხზე ატვირთვა, რომელსაც უამრავი გაზიარება ჰქონდა. საქართველოს მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადე G-PriEd — საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის სასწავლო რესურსები, ფოტომასალის სახით. მოდიფიცირებას ვუკეთებდი არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულ ტექსტის გააზრების ნიმუშებს და კოლეგებს ვუზიარებდი. პედაგოგთა ჯგუფებში ვაზიარებდი, აგრეთვე, ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს, რომელსაც ონლაინ და პირისპირ სწავლების დროს ვიყენებდი. რეკომენდაციას ვუწევდი არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ მოსწავლეთა მშობლებსაც. პრიორიტეტულ საკითხად ვაქციე მშობელთა პედაგოგიზაცია. განსაკუთრებით, პირველი კლასისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა იყო გადამწყვეტი და საყურადღებო ონლაინ სწავლების პროცესში. მახსოვს, უახლოესმა მეგობარმა მახარა, რომ სწორედ ჩემ მიერ შექმნილი ვიდეოინსტრუქცია გადაუგზავნა პედაგოგმა, თიმსის პროგრამის ძირფესვიანად შესასწავლად და დავალებების შესასრულებლად. მიმაჩნია, რომ ეს საქმიანობა პედაგოგიური პრაქტიკის წარმატებული ნაწილია, რომელსაც წარსადგენად პორტფოლიოში შევიტან.
მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია აგრეთვე სოციალური, საერთაშორისო, ქსელური, სათემო პროექტების შემუშავება და განხორციელება. საერთაშორისო პროექტად ითვლება eTwinning, რომელიც სკოლის პერსონალისთვის გვთავაზობს პლატფორმას. შეგვიძლია კომუნიკაცია, თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან, პროექტის ინიცირება. მასწავლებელიც და მოსწავლეც თავს მსოფლიოს ნაწილად გრძნობს. მეტად ნაყოფიერი გამოდგა აღნიშნული პროექტის მიერ შემოთავაზებული ტრენინგები, აგვიმაღლა კომპეტენცია და, ამავე დროს, მოგვცა შესაძლებლობა, საკუთარი მოსწავლეებისთვის ციფრული სასწავლო რესურსების შექმნა გვესწავლებინა. ვაღიარებ, რომ პორტალზე მუშაობა ძალიან რთულია, პროექტის ავტორი ვერ გახდები, თუ პრაქტიკა არ გაიარე. მე და ჩემნაირებს ძალიან გაგვიმართლა, რადგან ქალბატონი ირმა ღანიაშვილის წარმატებული პროექტების თანაავტორები გავხდით, უკვე წარდგენილი პროექტი მალე ევროპული ხარისხის ნიშანსაც მიიღებს. ჩემი საყვარელი მესამეკლასელები სამყაროს გარშემო ვამოგზაურე. პროექტის „მედიაწიგნიერება და ციფრული თაობა“ ფარგლებში, ციფრული თხრობის მეთოდების გამოყენება, ილუსტრირებული ფაილების შექმნა და კომიქსების ელექტრონულად აწყობა დაგვჭირდა. მოსწავლის მიერ შექმნილი რესურსი ღირებულია და სწავლის ხარისხს აუმჯობესებს, აძლიერებს მოტივაციას. სამუშაო პროცესის ამსახველ მასალას, რომლის დროსაც საბოლოო პროდუქტი იქმნება, ადგილს საქაღალდეში მივუჩენთ.
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებშიც შეძლებენ პედაგოგები პორტფოლიოს მრავალგვარი აქტივობებით გამდიდრებას. პროექტში ჩართული ლიდერი მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები სავსებით ესადაგება მოცემულ მოთხოვნილებებსა და კომპეტენციებს.
ვალდებულებებიდან აქტუალურია მოსწავლეების პროფორიენტაციაზე ზრუნვა, რომელიც მეტად ფაქიზი და საპასუხისმგებლო საკითხია. მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული რეგიონის განვითარების ხედვა. აუცილებელია იმ პროფესიების პოპულარიზება, რომელიც რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პედაგოგმა მოსწავლეთა პროფორიენტაციაზე ზრუნვა რომ შეძლოს, აუცილებლად უნდა გააცნობიეროს სტანდარტში შეტანილი მომდევნო ვალდებულება, რომელიც დემოკრატიული კულტურის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოსა და გლობალური მოქალაქეობის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს ორი ვალდებულება თითქოს განუყოფელია, ავსებს და ამთლიანებს უწყვეტ ჯაჭვურ რგოლს მიზნის მისაღწევად.
ამ კუთხით, ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ვარ კასპის პროფესიული კოლეჯის თანამშრომელი და პროგრამის ხელმძღვანელი. კოლეჯსა და ტექნოპარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. 2 მაისიდან დაიწყო ღია კარის დღეები დაინტერესებული პირებისთვის და იმ სკოლებისთვის, რომლებიც კოლეჯში ვიზიტის სურვილს გამოთქვამენ. მინდა, ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემი წვლილიც შევიტანო.
დამატებით, მონაწილეობა მივიღე ქალბატონ ცირა ბარბაქაძის მიერ ინიცირებულ სასწავლო პროექტში „განათლება ციფრულ ეპოქაში“, სადაც განათლების მიზანი წარმოგვიდგინეს: ცოდნის გამოყენება/ახალი განათლება; გავეცანით მომავლის პროფესიებს; განვახორციელეთ ცოდნის ტრანსფერი eTwinning-ის მიმდინარე პროექტში „ბედნიერი მომავალი“; აქტივობა „მომავალი პროფესიები“საინტერესო გამოდგა უცხოელი და ქართველი მოსწავლეებისთვის, დაიწყეს ოცნება და ფიქრი მომავალ პროფესიებზე, შეიმეცნეს იაპონური სიტყვა — იკიგაი. „მატარებლის დამლაგებელი ხარ, ახალშობილის დედა თუ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი მზარეული, თუ შეგიძლია, სიამოვნება და კმაყოფილება მიიღო იქიდან, რასაც აკეთებ და რაც კარგად გამოგდის, გილოცავ, იკიგაი უკვე ნაპოვნი გაქვს“.
თანამედროვე მასწავლებელი გლობალური მოქალაქეცაა და ციფრული მოქალაქეც, ამიტომ მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებსაც ციფრული სამყარო გვთავაზობს. მხოლოდ გაცნობიერებული მასწავლებელი შეძლებს, გაუზიაროს მოსწავლეებს ახალი ცოდნა და განუზომელი შესაძლებლობები. განსაკუთრებით ეს პროფესიის არჩევას ეხება. ციფრულმა ეპოქამ ბევრი პროფესია გააუქმა და უამრავი ახალი გააჩინა, მოსწავლემ ჯერ უნდა იცოდეს, რისი არჩევანი აქვს, მერე — რას ირჩევს, რა უნარები აქვს და რისი შეძენა სჭირდება, მიზანს რომ მიაღწიოს. ეს ყველაფერი მასწავლებლის ხელშია, რადგან პროფესიის არჩევა ხანგრძლივი პროცესია და მისი ფორმირება მხოლოდ ბოლო კლასებში არ ხდება. ძალიან სასარგებლოა, ბავშვებს გავაცნოთ პროფესიის არჩევის იაპონური „იკიგაის მეთოდი“.
მჯერა, ჩვენი ჯადოსნური საქაღალდე შეივსება და გამრავალფეროვნდება, აღარ არის საჭირო მკაცრი კრიტერიუმები და შეფასების რუბრიკების გამოყენება, თითოეული იმ აქტივობის შეფასებას გვპირდებიან, რომელიც ვალდებულებებს ესადაგება და მოსწავლისთვის სრულდება, თუნდაც მასალა Facebook გვერდზე გვქონდეს გამოქვეყნებული, ჩაგვეთვლება და დადებითად შეგვიფასდება.
განსაკუთრებით მინდა, შემიფასდეს ჩემი ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც კოლოსალური, წარმოუდგენელი შრომის ფასად შევქმენით მე და ჩემმა კოლეგებმა, კლასების მიხედვით, 2020 წელს, „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამის ფარგლებში. მინდა, ჩემს საქაღალდეში, დიდი მოწიწებით, მოვათავსო ექვსი საგნის წლიური სასწავლო კურიკულუმის მატრიცები. „ახალი სკოლის მოდელი“ დიდ პოპულარიზებას უწევს პედაგოგებს და ამ საკითხის გადახედვა რთული არ უნდა იყოს. პირველი კლასის თითოეული საგნის მატრიცა მდიდარია თვალსაჩინო, ილუსტრირებული მასალით, ჩემ მიერ შექმნილი რესურსებით და ჰიპერლინკებით. მართალია, კომპლექსური დავალების პირობის შედგენისას, მოდიფიცირება მოხდა, სამიზნე ცნებები და რეკომენდაციები ბულეტების სახით ჩაშენდა, მაგრამ პირველ კლასში მატრიცა სულ აქტივობებით ივსებოდა, შესაბამისად, ამ მასალის გამოყენება ახლაც ღირებული და აქტუალურია. მასწავლებლებს გვჭირდება მოტივაცია, ამიტომ თითოეული აქტივობა, რასაც მიზანმიმართულად, გონივრულად შევიტანთ საქაღალდეში, დადებითად უნდა შეფასდეს.
მინდა, თითოეულ პედაგოგს ვუსურვო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილის წარმატებით განხორციელება. კიდევ ერთხელ გადახედონ სტანდარტის მეორე ნაწილში მოცემულ ვალდებულებებს, საკუთარი თვითშეფასების საფუძველზე დაიწყონ მუშაობა და რაშიც სჭირდებათ დახმარება, შეისწავლონ, შეიმეცნონ და მოსწავლეების გზამკვლევებად იქცნენ.