14 აგვისტო, კვირა, 2022

მხოლოდ იმის კეთება შეიძლება გვექცეს ნამდვილ ცოდნად, რაც გვეხალისება და გვაინტერესებს  

spot_img

ზაფხული ფერადი, ბრჭყვიალა დღეებისა და უჩვეულო თავგადასავლების დროა, თავისუფლების სურნელით გაჟღენთილი. ჩემი ბავშვობის ყველა ზაფხული ასეთი იყო და მათით გამოწვეული ბედნიერების შეგრძნება დღემდე ჯადოსნური, ზღაპრული ამბებით მაქვს შემორჩენილი. ეს, ალბათ, ჩემი მასწავლებლების დამსახურებაცაა, რადგან არ მახსოვს როდესმე საზაფხულო დავალებებს გაეხუნებინოს ის დღეები და, სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, გული დამმძიმებოდეს არშესრულებული ვალდებულების გამო.

წლების შემდეგ, როცა მე თვითონ გავხდი მასწავლებელი, პირველივე ზაფხულის დადგომისთანავე, სწორედ საკუთარი ბავშვობა გამახსენდა და ზუსტად ვიცოდი, რომ არასდროს დავტვირთავდი ჩემს მოსწავლეებს სავალდებულო და მოსაწყენი დავალებებით, რომელთა შესრულებაც, სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრს არაფერს მისცემდა მათ, რადგან მხოლოდ იმის კეთება შეიძლება გვექცეს ნამდვილ ცოდნად, რაც გვეხალისება და გვაინტერესებს.

როგორ შევაზავოთ სასარგებლო და საინტერესო? როგორ ვაქციოთ ზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის მათივე პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების საშუალებად ისე, რომ არ წავართვათ თავისუფლება?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას

ბავშვებისთვის:

🟣 მოუსმინეთ ბუნებას. მთაში, სოფელში დასვენება უჩვეულო შეგრძნებების წყაროა. თუ დილით ადრე ადგებით, ისეთ ხმებს მოისმენთ, დღის განმავლობაში ყურადღებას რომ არ აქცევთ ან უბრალოდ, არ გესმით. მაგალითად, ყური უგდეთ თქვენს ფანჯარასთან, ხეზე შემომჯდარ ჩიტს, რაღაცას რომ გადასძახის თავის მეზობელს და თან მოუსვენრად დახტის ტოტზე. წარმოიდგინეთ, რას შეიძლება ამბობდეს; იქნებ ახალ ამბავს უყვება, ეჭორავება ან თავის სიხარულს თუ გასაჭირს უზიარებს თანამოძმეს. თუ ფანტაზიას მოიშველიებთ, მის ხმასა თუ ქცევაში აუცილებლად ამოიცნობთ სათქმელს და იქნებ პატარა ამბავიც დაწეროთ, რომელსაც მერე მასწავლებელსა და თანაკლასელებს წაუკითხავთ.

🟣 შექმენით ფოტოდღიური. აქციეთ თქვენი მობილური ტელეფონი პაპარაცის ფოტოობიექტივად. ეცადეთ შეამჩნიოთ და ფოტოზე აღბეჭდოთ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საგნები, მცენარეები, მწერები, ცხოველები, ფრინველები და აამეტყველოთ ისინი, დაინახოთ მათში რაღაც უჩვეულო, რაც მანამდე არ შეგიმჩნევიათ. მაგალითად, სად მიიჩქარის და რას ფიქრობს პატარა ჭიანჭველა, რომელიც თავისზე ბევრად დიდ ტვირთს მიარბენინებს? ფოტოებს თან დაურთეთ თქვენეული აღწერა. შეგიძლიათ იუმორიც მოიშველიოთ და ფოტოამბავი  სახალისო გახადოთ. მოგვიანებით, თუ ფოტოებს დაბეჭდავთ, თქვენი ფოტოდღიურის პრეზენტაციასაც მოაწყობთ კლასში.

🟣 ითამაშეთდეტექტივობანა. თუ წაიკითხავთ ასტრიდ ლინდგრენის „კალე ბლუმკვისტის თავგადასავალს“, აუცილებლად აღფრთოვანდებით 13 წლის ბიჭის გამჭრიახობითა და დეტალებზე დაკვირვების, მათი ერთმანეთთან დაკავშირების უნარით. თქვენც შეგიძლიათ ითამაშოთ დეტექტივობანა და გაეჯიბროთ კალე ბლუმკვისტს გამჭრიახობაში. წაიკითხეთ მ.ჯ. ლეონარდის „ხოჭო ბიჭი“, რომელშიც პატარა ბიჭის, დარკუსის, უჩვეულო თავგადასავალია მოთხრობილი. განსაკუთრებით საინტერესო და იდუმალი ეპიზოდების წაკითხვისას შეჩერდით და ყურადღებით დააკვირდით მინიშნებებს. ამოიწერეთ, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანი დეტალები და ეცადეთ, მათზე დაყრდნობით, მათი ერთმანეთთან დაკავშირებით, მომხდარის თქვენეული ვერსია შექმნათ (შეგიძლიათ მსჯელობის აუდიოჩანაწერი გააკეთოთ). შემდეგ გააგრძელეთ კითხვა და გადაამოწმეთ, რამდენად გამართლდა თქვენი ვარაუდი. ეს კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს გახდის და გარდა ამისა, დეტალებზე, მინიშნებებზე დაკვირვებისა და მათი ანალიზის უნარი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება თქვენთვის.

🟣 მისწერე წერილი პერსონაჟს. მისწერეთ წერილი თქვენთვის საყვარელ პერსონაჟს, რომლის ამბავმაც ყველაზე მეტად დაგაინტერესათ ან რომელთანაც რაღაც საერთო დაინახეთ. გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება, ურჩიეთ რამე ან მადლობა გადაუხადეთ იმ გამოცდილებისათვის, რომელიც მისი თავგადასავლის კითხვისას შეიძინეთ. მერე როლები გაცვალეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ის პერსონაჟი და საპასუხო წერილი დაწერეთ. როგორ მოგმართავდათ? როგორ იმოქმედებდა მასზე უცნობი მეგობრის წერილი და რას უპასუხებდა მას?

🟣 იზრუნეთ ქუჩის ცხოველებზე. დედამიწა, ადამიანების გარდა, სხვა არსებებსაც ეკუთვნით. ხშირად მათ ჩვენი დახმარება, ჩვენი ზრუნვა სჭირდებათ. თუ ყურადღებით მიმოიხედავთ, ქუჩაში უამრავ უპატრონო ცხოველს შენიშნავთ. ზოგჯერ მათ ადამიანები ძალიან ცუდად ექცევიან, თუმცა  ბევრი ზრუნავს მათზე. თქვენც შეგიძლიათ დაუცველ არსებებს დაეხმაროთ – მათ ყურადღება, საკვები და წყალი სჭირდებათ.

დაფიქრდით, თითოეულ მათგანს თავისი ამბავი, თავისი თავგადასავალი აქვს: ერთი ოდესღაც სახლში ცხოვრობდა უზრუნველად, პატრონთან ერთად, თუმცა შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა; მეორე ქუჩაში დაიბადა და დაბადებიდან სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს… დაწერე რომელიმე მათგანის (მაგალითად, პატარა ლეკვის ან კნუტის თავგადასავალი). დაარქვი მას სახელი, აღწერე მისი გარეგნობა. წარმოიდგინე, როგორ შეიძლებოდა იგი ქუჩაში აღმოჩენილიყო. რას შეიძლება გრძნობდეს, ფიქრობდეს, ოცნებობდეს? შეიფარებს და უპატრონებს ვინმე თუ არა? რა ბედი შეიძლება ეწიოს? შეგიძლია შენ მიერ შეთხზულ ამბავს ილუსტრაციებიც დაურთო და პატარა წიგნად აკინძო.

აქციე ყოველი დღე სიკეთის ზეიმად და გამოხატე მადლიერება მათდამი, ვინც თუნდაც უმნიშვნელო დახმარება გაგიწია.

მშობლებისათვის:

პორტალზე kargiskola.ge მშობელთა აქტივობის ბარათების სახით უამრავი რჩევაა მოცემული იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვებს წერის, კითხვისა თუ მეტყველების უნარის განვითარებაში. ზაფხულის არდადეგები საუკეთესო დროა მშობლებისათვის ამ რჩევების გასათვალისწინებლად. აღნიშნული რჩევებიდან შემოგთავაზებთ რამდენიმეს, ხოლო სრულად აქტივობის ბარათების ნახვა შესაძლებელია ბმულზე –

http://kargiskola.ge/teachers/baratebi/mshobelta%20baratebi/QARTULI/V-VI%20klasi/PE%20CARD%205-6_Georgian.pdf

🟣 შეადარე. სთხოვეთ ბავშვს ოჯახის უფროსი წევრებისათვის მოამზადოს შეკითხვები იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდნენ და რას აკეთებდნენ ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში; რა იყო განსხვავებული დღევანდელობასთან შედარებით; რა იყო იგივე. შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენს შვილს შეუძლია ცხრილის მომზადება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ხდებოდა ოჯახის უფროსი წევრების მოსწავლეობის პერიოდში და როგორი სასკოლო ცხოვრება აქვთ დღევანდელ ბავშვებს. მაგალითად: რას აკეთებდნენ ადრე გასართობი სასკოლო ღონისძიებების დროს; რა სასუსნავებს მიირთმევდნენ; რამდენ ხანს გრძელდებოდა მათი სასწავლო დღე და ა.შ. სასურველია, ბავშვმა ისაუბროს ან დაწეროს მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ.

🟣 ფაქტი თუ მოსაზრება? დაეხმარეთ შვილს რეკლამაში ერთმანეთისაგან განასხვავოს ფაქტი და მოსაზრება. კომპანიები სხვადასხვა რამეს გვიმტკიცებენ, რათა მათი პროდუქცია შევიძინოთ. ამ მტკიცებებიდან ზოგი მოსაზრებებს ეფუძნება, ზოგი კი – ფაქტებს. შვილთან ერთად მოიძიეთ სარეკლამო განცხადებები. სთხოვეთ ბავშვს, მოძებნოს როგორც ფაქტებზე, ისე მოსაზრებებზე დაფუძნებული რეკლამების სამ-სამი მაგალითი.

🟣 საოჯახო საინფორმაციო ბუკლეტი. სთხოვეთ შვილს მოამზადოს „საოჯახო საინფორმაციო ბუკლეტი“ ფოტოებით ან ილუსტრაციებით. ასევე შეუძლია შექმნას ილუსტრირებული ალბომი განვლილი თვის ან წლის ამბების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ გაამრავლოთ მის მიერ მომზადებული ბუკლეტი და გაუგზავნოთ ახლობლებსა და მეგობრებს.

🟣 საოჯახო წარმოდგენა. ჩვენ ხშირად უკეთესად ვსწავლობთ, როცა სხვას ვასწავლით. სთხოვეთ უფროს შვილს, დაეხმაროს უმცროსს და ერთად დაწერონ მარტივი პიესა, რომელსაც შემდეგ წარმოადგენენ მეგობრებისა და მთელი ოჯახისათვის, წინდების მარიონეტების დახმარებით. თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ თვითონ განახორციელონ ან ხელის ჩრდილებით წარმოადგინონ პიესის პერსონაჟები.

🟣 ჟურნალისტი. ჟურნალისტები საინტერესო ფაქტებს პატარა წიგნაკში ინიშნავენ. კონკრეტულ ფაქტებზე ან მოვლენებზე ვრცელი სტატიის წერას ისინი შედარებით დიდ დროს ანდომებენ: ჯერ დაწერენ, მერე ჩაასწორებენ, მერე თავიდან გადაწერენ. შეიძლება რამდენჯერმე დასჭირდეთ ტექსტის გადამუშავება. უთხარით თქვენს შვილს, თავი ჟურნალისტად წარმოიდგინოს. მიეცით მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს ოჯახში (იუბილესთვის მზადება, ვინმეს სტუმრობა, ახალი ნივთის შეძენა, ვინმეს ავადმყოფობა და სხვ.), დაეხმარეთ საკითხის გააზრებაში. შემდეგ ოჯახის სხვა წევრებთან გაუშვით დამატებითი მასალის მოსაპოვებლად. როცა სტატია მზად ექნება, სთხოვეთ, გააცნოს იგი ოჯახის ყველა წევრს.

დაბოლოს, განათლება, ცოდნის გარდა, სწორ დამოკიდებულებებსა და ღირებულებებსაც გულისხმობს. გამოიყენეთ ზაფხულში შვილებთან ერთად გატარებული დრო მათში ემპათიის, თანაგანცდის უნარის ჩამოსაყალიბებლად. აჩვენეთ პირადი მაგალითი, ასწავლეთ ზრუნვა მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება. ეს კარგი გზაა ჩვენი შვილების პიროვნული განვითარებისათვის. 

თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ წევრი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები