22 მარტი, შაბათი, 2025

მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ფრა­ზის მე­ლო­დი­ას აყუ­რა­დებ­და

spot_imgspot_img
ფოტო: საბა / თიბისი
ინტერვიუ მწერლის მეუღლესთან, მთარგმნელთან და ლიტერატორთან, დოდო ყვავილაშვილთან 

 

 

 

16 წლის წინ, 2009 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გარ­და­იც­ვა­ლა მწე­რა­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე.

გა­სულ წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ სე­რი­ა­ში „გორ­გი­ლა­ძის აუტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე“ ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი „ნო­ემ­ბ­რის წვი­მა“ გა­მოს­ცა. ანო­ტა­ცი­ა­ში და­თო გორ­გი­ლა­ძე წერს: „ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქა­მე­ლე­ო­ნია. ის გა­მუდ­მე­ბით იც­ვ­ლი­და თე­მებს, თხრო­ბის ფორ­მებს, ენას, სი­უ­ჟე­ტებს. ქმნი­და ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, ცოცხალ, ნამ­დ­ვილ პერ­სო­ნა­ჟებს. დღეს სოფ­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე ჰყვე­ბო­და, ხვალ ქა­ლა­ქი­სა­ზე. ხან ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სა­ფიქ­რალს გა­უ­ჩენ­და მკითხ­ველს, ხა­ნაც ერ­თი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო ამ­ბებ­ზე და­ა­ფიქ­რებ­და. ამ მუდ­მივ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ნახ­ლე­ბა­ში კი მი­სი ტექ­ს­ტე­ბი წა­მით არ კარ­გავს მთა­ვარ სამ­კა­უ­ლებს – ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­სა და სი­კე­თეს; შა­ტა­ი­ძის უნა­რი კი, სრულ­ყო­ფი­ლად მო­ი­ხელ­თოს მშობ­ლი­უ­რი ენა, ყო­ვე­ლი წა­კითხ­ვი­სას გა­ო­ცებს“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­რე­მო­ში ქმნი­და თა­ვის და­უ­ვიწყარ ტექ­ს­ტებს ენის სრულ­ყო­ფი­ლად მომ­ხელ­თე­ბე­ლი მწე­რა­ლი, რო­გო­რი იყო მი­სი ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი, რა­ტომ ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას მცი­რე პრო­ზას და ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობ­დ­ნენ თუ არა მი­სი მოთხ­რო­ბე­ბის გმი­რე­ბი?

⇒ ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ეც­ნო­ბი­ან. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს ჰგო­ნი­ათ ხოლ­მე, რომ სას­კო­ლო მერ­ხ­თან გაც­ნო­ბი­ლი მწე­რა­ლი მათ­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, შო­რე­უ­ლი და უცხო. სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვა იქ­ნე­ბა არა მწე­რალ ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე­ზე, არა­მედ იმა­ზე, თუ რო­გო­რი იყო ის პი­როვ­ნუ­ლად. მი­სი ხა­სი­ა­თის რო­მელ თვი­სე­ბას გა­მო­არ­ჩევ­დით? რო­დე­საც მის ფო­ტო­ებს ვუ­ყუ­რებ, ისე­თი გან­ც­და მიჩ­ნ­დე­ბა, რომ ბევ­რი სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარ­და, არც აუდი­ტო­რია და ყუ­რადღე­ბა.

⇒ ნუგ­ზა­რის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გა­მოვ­ყოფ­დი კე­თილ­გან­წყო­ბას. კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და ლო­ი­ა­ლუ­რი იყო ყვე­ლას მი­მართ, ოღონდ ადა­მი­ა­ნი  წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. აი, და­ნარ­ჩე­ნებს კი სა­თო­ფე­ზე არ გა­ი­კა­რებ­და. უხა­რო­და ყვე­ლა მწერ­ლის წარ­მა­ტე­ბა, რაც, არც ისე­თი ხში­რი მოვ­ლე­ნაა ხე­ლო­ვა­ნებს შო­რის. კითხუ­ლობ­და ბევრს, ქარ­თულ ენა­ზე ხომ ყვე­ლა­ფერს, რაც კი და­ი­ბეჭ­დე­ბო­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და, თუ ნა­წარ­მო­ე­ბი უხა­რის­ხო იყო, ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხომ იცი, ეს მწე­რა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით რა­საც და­წერს, რა­ღა­ტომ კითხუ­ლობ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მის­მენ­და, ეტყო­ბა იმე­დი ჰქონ­და, რომ იმ მწერ­ლის წინ­ს­ვ­ლის მოწ­მე გახ­დე­ბო­და. არ იყო კა­რი­ე­რის­ტი. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბი­სა სხვა­დასხ­ვა პარ­ტი­ი­დან, არა­სო­დეს გა­რე­უ­ლა მათ მა­რა­ქა­ში, ყო­ველ­თ­ვის უარს ეუბ­ნე­ბო­და. არა­სო­დეს სწო­რი გზი­დან არ გა­და­უხ­ვე­ვია გა­მორ­ჩე­ნი­სა თუ კა­რი­ე­რის გა­მო. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს უნ­დო­დათ მი­სი პარ­ტი­ის რი­გებ­ში მი­ღე­ბა, რა­საც, შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი ბო­ნუ­სი მოჰ­ყ­ვე­ბო­და, მაგ­რამ მო­ა­ხერ­ხა და იქი­და­ნაც და­იძ­ვ­რი­ნა თა­ვი – ჯერ მზად არ ვარ, ესო­დე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­თ­ვი­სო. არ ვი­ცი, ალ­ბათ მი­უხ­ვ­დ­ნენ ირო­ნი­ას, მაგ­რამ თა­ვი და­ა­ნე­ბეს. 37 წე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, ასე იოლად არ დას­რულ­დე­ბო­და ეს შემ­თხ­ვე­ვა. ერი­დე­ბო­და ე.წ. „ნო­მენ­კ­ლა­ტუ­რას“, სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მკითხ­ვე­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შ­ვე­ბთან შეხ­ვედ­რა. თუ სკო­ლა­ში მი­იწ­ვევ­დ­ნენ, უარს არა­სო­დეს ამ­ბობ­და. იყო დინ­ჯი. პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა აქვს, „გიო“. იმ მოთხ­რო­ბის გმირს არაფ­რით ჰგავს, ერ­თი შტრი­ხის გარ­და, რო­მე­ლიც მეც მო­მის­მე­ნია დე­და­მი­სი­სა­გან: პა­ტა­რა ისე­თი დამ­ჯე­რი იყო, რომ და­გეს­ვა და გეთ­ქ­ვა, აქ იჯე­ქიო, ასე იჯ­დე­ბო­და და არ გა­ინ­ძ­რე­ო­დაო.  სა­უ­ბა­რიც დინ­ჯი ჰქონ­და, მო­ზო­მი­ლი, ავ­ყია, ლაქ­ლა­ქა ადა­მი­ა­ნე­ბი არ მოს­წონ­და და ერი­დე­ბო­და კი­დეც.  თუმ­ცა, მე­გობ­რებ­თან და ში­ნა­უ­რებ­თან შე­ეძ­ლო დიდ­ხანს ესა­უბ­რა. უსაზღ­ვ­როდ უყ­ვარ­და თა­ვი­სი სამ­შობ­ლო, იმ­დე­ნად, რომ უცხო­ეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა­ზე არც უფიქ­რია და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის დროს, საზღ­ვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბე­ბი თა­ვი­დან აეცი­ლე­ბი­ნა. არა­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი რას არ აკე­თებ­დ­ნენ, ოღონდ კი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. რო­დე­საც უკ­ვე ჭარ­მაგს  ერ­თი მხრი­დან მე­გობ­რე­ბი შე­უჩ­ნ­დ­ნენ, მე­ო­რე­დან – მე და იმ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ევ­რო­პა­ში იმოგ­ზა­უ­რა, იქი­დან ჩა­მო­სულ­მა და­წე­რა დო­კუ­მენ­ტუ­რი მოთხ­რო­ბა  „კა­პი­კი გა­კა­პი­კე­ბუ­ლა, ანუ ევ­რო­პა­ში რა მინ­დო­და“, სა­დაც ერ­თი მხრივ, თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბაც გა­მოს­ჭ­ვი­ვის და, მე­ო­რე მხრივ – და­ფა­სე­ბა ნამ­დ­ვი­ლი, ევ­რო­პუ­ლი ყო­ფი­თი კულ­ტუ­რი­სა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა, მი­სი წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლა  ერ­ჩივ­ნა, ეს არამც და არამც არ ნიშ­ნავ­და, რომ მსოფ­ლიო კულ­ტუ­რას არ იც­ნობ­და და არ აფა­სებ­და. პი­რი­ქით, თა­ვა­დაც ქარ­თულ­თან შერ­წყ­მუ­ლი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჰქონ­და, ამ სიტყ­ვის სა­უ­კე­თე­სო გა­გე­ბით.

⇒ ერ­თ­გ­ვა­რად პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბა გა­მო­დის. ყვე­ლა­ზე  მე­ტად რა ხიბ­ლავ­და ადა­მი­ან­ში, რო­გორ ხალ­ხ­თან უყ­ვარ­და ურ­თი­ერ­თო­ბა? და პი­რი­ქით, რა იყო ის თვი­სე­ბა, რო­მელ­თა­ნაც კომ­პ­რო­მის­ზე არ წა­ვი­დო­და?

⇒ მე ზე­მოთ და­ახ­ლო­ე­ბით გი­პა­სუ­ხეთ. კაცს ღა­ლატს, ვი­რეშ­მა­კო­ბას არაფ­რით არ აპა­ტი­ებ­და. ვი­რეშ­მა­კო­ბა იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ეს სიტყ­ვა იმ შემ­თხ­ვე­ვას მი­ე­სა­და­გე­ბა, რო­დე­საც ვი­ღა­ცას ჰგო­ნია მო­გატყუა და და­გა­ჯე­რა თა­ვის სიტყ­ვებ­ში, არა­და, ად­ვი­ლად მი­უხ­ვ­დ­ნენ. ასეც იყო, მას­თან ვი­რეშ­მა­კო­ბა იყო ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ტყუ­ილს ად­ვი­ლად ხვდე­ბო­და. ყო­ფი­ლა ასე­თი რამ­დე­ნი­მე  შემ­თხ­ვე­ვა და სა­მუ­და­მოდ მო­უ­შო­რე­ბია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა ეპა­ტი­ე­ბი­ნა, აი, ეშ­მა­კო­ბას კი არ აპა­ტი­ებ­და.

⇒ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იყო ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის სა­მუ­შაო გა­რე­მო. სად და რო­დის უყ­ვარ­და წე­რა?

⇒ სახ­ლ­ში თა­ვი­სი პა­ტა­რა კა­ბი­ნე­ტი ჰქონ­და, სა­დაც მუ­შა­ობ­და ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით, დი­ლით,  ან გვი­ან ღა­მით, რო­დე­საც ყვე­ლას გვე­ძი­ნა და ხელს არა­ნა­ი­რი ხმა არ შე­უშ­ლი­და. შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბო­და წა­ე­ძი­ნა და ახა­ლი ძა­ლე­ბით გა­ნეგ­რ­ძო მუ­შა­ო­ბა. მუ­შა­ობ­და ყო­ველ­დღე, თუ არ მუ­შა­ობ­და, აუცი­ლებ­ლად კითხუ­ლობ­და. კითხ­ვა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. დიდ­ხანს ფიქ­რობ­და ახალ მოთხ­რო­ბა­ზე, აწონ-და­წო­ნი­და და ქა­ღალ­დ­ზე მხო­ლოდ შემ­დეგ გა­დაჰ­ქონ­და. სო­ფელ­ში პა­ტა­რა სახ­ლი გვქონ­და და იქაც უყ­ვარ­და წას­ვ­ლა სა­მუ­შა­ოდ.

⇒ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის მოთხ­რო­ბებს დღემ­დე ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი, არ ვი­ცი რო­გორ მოხ­და, რომ მი­სი ბრწყინ­ვა­ლე ტექ­ს­ტი „პურის მოთხ­რო­ბა“ მხო­ლოდ ორი­ო­დე წლის წინ წა­ვი­კითხე. უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა ვთქვა, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ეს ნამ­დ­ვი­ლად იყო პირ­ვე­ლად წა­კითხ­ვის ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ნამ­დ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გვა­ნი­ჭებს. სწო­რად ვი­ცი, რომ „პუ­რის მოთხ­რო­ბა“ თავ­და­პირ­ვე­ლად რო­მა­ნად ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი?

⇒ „პუ­რის მოთხ­რო­ბა“ რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, ისე და­წე­რა. და­წე­რა უც­ნა­უ­რად, ელ­ვის სის­წ­რა­ფით. მარ­თა­ლია, დი­დი ხნის ჩა­ნა­ფიქ­რი იყო და უამ­რა­ვი მა­სა­ლაც ჰქონ­და მო­ძი­ე­ბუ­ლი (აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ნუგ­ზარს ერ­თი რამ სწამ­და: მწე­რალს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ უნ­და სცოდ­ნო­და, შეც­დო­მა არ უნ­და გაჰ­პა­რო­და. იყო ასე­თი რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც სხვა­თა ნა­წარ­მო­ებ­ში ზოგ­მა რო­მე­ლი­ღაც ხეს მი­ა­წე­რა რა­ღაც თვი­სე­ბა, ზოგ­მა არას­წო­რად გა­მო­ი­ყე­ნა რო­მე­ლი­ღაც მცე­ნა­რის აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი. ასე­თი შეც­დო­მე­ბი ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და), მაგ­რამ მის­თ­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდ­ში და­წე­რა, რო­დე­საც გუ­ლი ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და და ალ­ბათ, იფიქ­რა, უნ­და მო­ვას­წ­როო. არ ვი­ცი, ეს მოთხ­რო­ბა, ალ­ბათ, მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, რად­გან კრე­ბულ­ში ყო­ველ­თ­ვის შეჰ­ქონ­და. მაგ­რამ აქვს კი­დევ ერ­თი მოთხ­რო­ბა „პუ­რი“. აი, ის კი, მარ­თ­ლაც რო­მა­ნად ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ბო­ლოს მოთხ­რო­ბად აქ­ცია.  პირ­ვე­ლი ვერ­სია წა­კითხუ­ლი მაქვს. მშვე­ნი­ე­რი იყო, მაგ­რამ უმოწყა­ლოდ მო­ის­რო­ლა სა­ნაგ­ვე­ში უამ­რა­ვი ფურ­ცე­ლი. იცით, არი­ან რო­მა­ნის­ტე­ბი და ნო­ვე­ლის­ტე­ბი. ბორ­ხე­სი წერს, არ მეს­მის რა სა­ჭი­როა უზარ­მა­ზა­რი რო­მა­ნე­ბის წე­რა, რო­დე­საც იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ორი­ოდ გვერ­დ­ში თქვაო და თა­ვად სწო­რედ ასე იქ­ცე­ო­და – არ­ც ერ­თი რო­მა­ნი არ და­უ­წე­რია. რო­გორც სა­უ­ბარ­ში იყო სიტყ­ვაძ­ვი­რი, ალ­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც ამ პრინ­ციპს მიჰ­ყ­ვე­ბო­და. შო­თაც ხომ ამ­ბობს, გრძე­ლი სიტყ­ვა მოკ­ლედ ით­ქ­მი­სო. სხვა­თა შო­რის, მოკ­ლედ წე­რა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო რთუ­ლია. აღარ მახ­სოვს რო­მე­ლი, ერ­თი მწე­რა­ლი სწერს მე­ო­რეს, მა­პა­ტიე, მოკ­ლედ და­წე­რის დრო არ მქონ­და და სათ­ქ­მელს გრძლად მო­გახ­სე­ნე­ბო. ნუგ­ზა­რი ყო­ველ სიტყ­ვას რუ­დუ­ნე­ბით ეკი­დე­ბო­და, ფრა­ზის მე­ლო­დი­ას აყუ­რა­დებ­და და და­სა­ბეჭ­დად მხო­ლოდ და­წუ­რულ, სა­ბო­ლო­ოდ დახ­ვე­წილ ტექსტს გზავ­ნი­და.

⇒ ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოთხ­რო­ბა „ჩე­მი სოფ­ლის სამ­კითხ­ვე­ლო“, დე­ი­და რუ­ი­ზა­ნი­თა და და­სა­ვიწყებ­ლად ვერ­გა­სა­მე­ტე­ბე­ლი ამ­ბე­ბით, რო­მე­ლიც იმ გან­ც­დით სრულ­დე­ბა, რომ მთხრო­ბე­ლი ფიქ­რობს დან­გ­რე­ულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე, რო­მე­ლიც მთე­ლი მი­სი ბავ­შ­ვო­ბა იყო, წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც გა­ზარ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კარ ქალ­ზე, რო­მელ­მაც მის სულ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა და ხვდე­ბა, რომ ერ­თხე­ლაც მო­ი­ხე­და და ყვე­ლა­ფე­რი გამ­ქ­რა­ლი დახ­ვ­და. რო­გორც „პუ­რის მოთხ­რო­ბა­ში“, აქაც თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბის ამ­ბებს იგო­ნებს, თუ ვცდე­ბი? ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობ­და დე­ი­და რუ­ი­ზა­ნი?

⇒ ნუგ­ზა­რი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ, რო­გორც იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ბევ­რი ბავ­შ­ვი, ზაფხულს სო­ფელ­ში ატა­რებ­და, პა­პა-ბე­ბი­ას­თან. სწო­რედ ის მა­მულ-დე­დუ­ლი, კას­პის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი – ახალ­ცი­ხე და ნოს­ტე გახ­და მი­სი ქარ­თუ­ლის წყა­რო, სამ­შობ­ლოს პირ­ვე­ლი გან­ც­და. დი­ახ, ის სამ­კითხ­ვე­ლოც ნამ­დ­ვი­ლი იყო და დე­ი­და რუ­ი­ზა­ნაც. იქ ჩვენც ჩავ­დი­ო­დით და პა­წა­წი­ნა, გა­მო­კე­ტილ შე­ნო­ბას გულ­გ­რი­ლად ვერ ჩა­უვ­ლი­და, გზად ყო­ველ­თ­ვის მე­უბ­ნე­ბო­და, აი, აქე­დან გა­მომ­ქონ­და წიგ­ნე­ბი, ეს იყო ჩე­მი სამ­კითხ­ვე­ლოო. ჩვენს თა­ო­ბა­ში ზაფხულს არა­ფე­რი სჯობ­და და გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ არა­ვინ არა­ფერს გვა­ძა­ლებ­და, ლა­ღად შეგ­ვეძ­ლო  მთე­ლი დღე  ტახ­ტ­ზე გვე­კოტ­რი­ა­ლა, ხი­ლი პირ­და­პირ ხე­ე­ბი­დან გვეკ­რი­ფა და  სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი გვე­კითხა. ალ­ბათ სწო­რედ, იქ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და ნუგ­ზარ­საც წიგ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი, თუ იმ ფაქტს არ ჩავ­თ­ვ­ლით, რომ ერთ-ერ­თი ბე­ბია (რო­გორც თა­ვად დე­და) ქარ­თუ­ლი ენის ბრწყინ­ვა­ლე მცოდ­ნე, უამ­რა­ვი ლექ­სი­სა და ზღაპ­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მთხრო­ბე­ლი ჰყავ­და. ერ­თხელ, სო­ფელ­ში ჩას­ვ­ლი­სას, ჯერ ისევ მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით,  რომ გზად გმინ­ვა აღ­მოხ­და, გა­ი­ხე­დე, სამ­კითხ­ვე­ლო და­უნ­გ­რე­ვი­ა­თო, თით­ქოს ის სამ­კითხ­ვე­ლო ერ­თი პა­წა­წი­ნა ქო­ხი კი არა, სრა-სა­სახ­ლე ყო­ფი­ლი­ყო. რო­გორც ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლი, ისე გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი.

⇒ მას­ზე ამ­ბო­ბენ, სო­ფელ­სა და ქა­ლაქ­ზე, ორი­ვე­ზე ერ­თ­ნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით წერ­სო,  და ხში­რად მის შე­მოქ­მე­დე­ბას ამ ორ ძი­რი­თად ნა­წი­ლად ყო­ფენ ხოლ­მე. ვფიქ­რობ, თა­ვად არ და­ყოფ­და ასე მშრა­ლად, ჩარ­ჩო­ებ­ში არ მო­აქ­ცევ­და. უსა­უბ­რია ამის შე­სა­ხებ?

⇒ დი­ახ, უსა­უბ­რია და მსგავ­სი და­ყო­ფა ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და, ძა­ლი­ან ხე­ლოვ­ნუ­რად მი­აჩ­ნ­და და მარ­თ­ლაც ასეა. მთა­ვა­რი  ხომ სათ­ქ­მე­ლია და არა ლო­კა­ცია. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ და­ვიწყოთ  ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ასე და­ყო­ფა: მარ­კე­სის „მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი“ ან „პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მა“ სოფ­ლუ­რი პრო­ზაა თუ ქა­ლა­ქუ­რი, ან ილი­ას „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“, „კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!“ და ა.შ. რას მი­ვი­ღებთ? ენა შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს და ეს, ძი­რი­თა­დად, მოთხ­რო­ბის გმი­რებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სათ­ქ­მე­ლის კუთხით ასე და­ყო­ფა არას­წო­რია.

⇒ ალ­ბათ ჰყავ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ისე­თი მწერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით ეძ­ვირ­ფა­სე­ბო­და…

⇒ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც მწე­რა­ლი და რო­გორც პი­როვ­ნე­ბა. მე­გობ­რობ­დ­ნენ. კლა­სი­კო­სე­ბი­დან – ვა­ჟა, ილია,  და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი. მა­თი პორ­ტ­რე­ტე­ბი დღე­საც გვაქვს შე­ნა­ხუ­ლი, ზო­გი მათ­გა­ნი სა­წერ მა­გი­დას­თან ჰქონ­და გაკ­რუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზი­ის­თ­ვის და­წე­რა სცე­ნა­რე­ბის სე­რია „დი­დი ოთხე­უ­ლი“ – ილია, აკა­კი, ვა­ჟა, იაკო­ბი.  ორი მათ­გა­ნის გა­და­ღე­ბაც მო­ას­წ­რეს. ვხე­დავ­დი, რო­გორ უღ­რ­მავ­დე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას, რა სიყ­ვა­რუ­ლით წერ­და.

⇒ მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რო­მე­ლი მოთხ­რო­ბე­ბის წა­კითხ­ვას ურ­ჩევ­დით ახალ თა­ო­ბას?

⇒ ასაკს გა­აჩ­ნია.  და­საწყი­სის­თ­ვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იმ ე.წ.  სოფ­ლურ პრო­ზას წა­ი­კითხა­ვენ, სოფ­ლის, მშობ­ლი­უ­რი მი­წის სურ­ნელს შე­იგ­რ­ძ­ნო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სოფ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია, პა­პა-დი­დე­დის ინ­ს­ტი­ტუ­ტიც მოშ­ლი­ლია. რას ვი­ზამთ, დრო იც­ვ­ლე­ბა. თუმ­ცა, მე რომ მკითხოთ, პა­ტა­რა­ო­ბა­ში აუცი­ლე­ბე­ლია  ქა­ლა­ქე­ლი ბავ­შ­ვე­ბის სო­ფელ­ში ტა­რე­ბა, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე. უფ­რო მოზ­რ­დილ ასაკ­ში – იმა­ვე „პუ­რის მოთხ­რო­ბას“, „წე­ლი­წა­დის ოთხ დროს“. უფ­რო დიდ ასაკ­ში კი „ნო­ემ­ბ­რის წვი­მას“, „9 მარტს“. ბევ­რია, ასე ჩა­მოთ­ვ­ლა გა­მი­ჭირ­დე­ბა. მთე­ლი მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სამ­შობ­ლოს ტკი­ვი­ლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი.

⇒ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ხში­რად გახ­სე­ნებთ თავს

⇒ 16 წე­ლი გა­ვი­და მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან, მაგ­რამ დღე არ გა­ვა, რომ ხან რო­მე­ლი ეპი­ზო­დი არ ამო­მი­ტივ­ტივ­დეს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, და ხან რო­მე­ლი. ახ­ლა ორს გა­ვიხ­სე­ნებ: ერ­თხელ სადღაც ვი­ყა­ვით და ერ­თი ქა­ლი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და შვილ­თან, სკო­ლის მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა იყო, ქა­ლი ეუბ­ნე­ბა, აი, შვი­ლო, ესაა მწე­რა­ლი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძეო. ბავშვს თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და, უკან და­ი­ხია და შე­ში­ნე­ბულ­მა წა­მო­ი­ძა­ხა, თქვენ ცოცხა­ლი ხარ­თო? სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი იყო მი­სი რე­აქ­ცია. ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. და მე­ო­რე, რო­დე­საც უკ­ვე ცუ­დად იყო, მე­გო­ბარ­მა უთხ­რა, წა­მო­დი, ქა­ლაქ­გა­რეთ გა­გა­სე­ირ­ნე­ბო. ჩას­ვა მან­ქა­ნა­ში და წა­იყ­ვა­ნა. 2008 წე­ლი იდ­გა, ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო (იმ ომ­მაც მო­უს­წ­რა­ფა სი­ცოცხ­ლე). დაბ­რუნ­დ­ნენ მა­ლე, ნუგ­ზა­რი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, გუ­ლის შე­ტე­ვა აქვს. ქა­ლაქ­გა­რეთ გა­სულს და­უ­ნა­ხავს ის პა­წა­წი­ნა სახ­ლე­ბი, სა­მა­ჩაბ­ლო­დან ლტოლ­ვი­ლე­ბის­თ­ვის რომ ააშე­ნეს და ამას ისე უმოქ­მე­დია, კი­ნა­ღამ ხელ­ში ჩაჰ­კ­ვ­დო­მია მე­გო­ბარს…

ესა­უბ­რა მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება