27 ივლისი, შაბათი, 2024

მშობლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში

spot_img

მაკა ხელაძე
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021-ის საუკეთესო ათეულის წევრი

 

 

 

სწავლა რომ სახალისო, საინტერესო და ინტელექტუალური გამოწვევა იყოს, უმნიშვნელოვანესია მე, როგორც მასწავლებელი, მუდმივად ვზრუნავდე პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე. სისტემტურად უნდა გავეცნო სიახლეებს, რათა საინტერსო სტრატეგიებით, მეთოდებითა და ინოვაციური იდეებით დავტვირთო სწავლა-სწავლების პროცესი. მე, როგორც დამრიგებელსა და პედაგოგს, მრავალმხრივი უნარისა და იდეების მობილიზება, შემოქმედებითობა ძალიან მეხმარება საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი გაკვეთილების ჩატარებაში. თანამედროვე მასწავლებელი ხშირად დგას ახლი გამოწვევების წინაშე, რაც ცხადია მისგან მოთხოვს მუდმივ ზრუნვას განვითარებაზე და შემოქმედებითობას. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტის განხორცილება შევძელი, რაც ძალიან მეამაყება და მიმაღლებს მოტივაციას.

მიმაჩნია, რომ დღევანდელ სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეთა მხარდაჭერას აკლია მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებში, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში როგორც მოტივაციის ზრდას, პასუხისმგებლობის ამაღლებას, ასევე უფრო გამჭვირვალეს ხდის სკოლის კედლებს. ხშირად კი, ეს კავშირი უბრალოდ არ ან ვერ ხერხდება და ამის მიზეზი სხვადსხვა სოციალური, ყოფითი და ყოველდღიური ცხოვრებისეული პასუხისმგებლობებია, დროის უქონლობა და სამსახურეობრივი საქმიანობა. ეს გარემოებები გასაგები და გასათვალიწინებელია, თუმცა ჩვენ, მასწავლებლებმა, როგორმე უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და მოვახერხოთ მშობლების დაკავშირება სკოლაში მიმდინარე ცოცხალ პროცესებთან. მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მათ ინტენსიურ, მრავალმხრივ მონაწილეობას საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში, ამ დროს, მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, თვითშეფასება, უვითარდება სოციალური უნარები, პოზიტიური ხდება მისი ქცევა როგორც სახლში, ასევე სკოლაში. მშობელი და მასწავლებელი ერთიანდებიან, რათა ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას, თვითდამკვიდრებას, მოტივაციის ზრდას, დამეგობრებას და ა.შ. ჩემი დაკვირვებით, სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა უყალიბდებათ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც. განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როცა მშობლები და მასწავლებლები, ერთობლივად, ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინებას. ისინი აცნობიერებენ, რომ სკოლას და ოჯახს ერთი მთავარი ინტერესი აქვთ – როგორ აღზარდონ და გაზარდონ წიგნიერი, თავისუფალი, შემოქმედებითი და მრავალმხრივი უნარებით შემკული ღირსეული პიროვნება. ეს კი, უკვე მოსწავლეში აყალიბებს სკოლისადი უფრო მეტ ნდობას.

მშობელთა ჩართულობას, თავისთავად, სარგებელი აქვს თვითონ მშობლისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები; მას მეტად ესმის შვილის, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მის სოციალური, ემოციური, ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს. ხდება უფრო მზრუნველი, ობიექტურად აფასებს შვილის შესაძლებლობებსა და მიღწევებს. მშობელი სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში, უფრო თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას, მეტ დროს უთმობს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას.

სწორედ ამიტომ, პრაქტიკაში, დავგეგმე ისეთი პროექტები და აქტივობები, რომელიც მშობელთა თანამონაწილეობით წარიმართება. წელს კი დავაარსე ,,მშობელთა კლუბი. წლის განმავლობაში, ეს კლუბი ჩართულია სხვადსხვა ტიპის საორგანიზაციო, საქველმოქმედო, სასწავლო და შემეცნებით აქტივობებში. მშობელთა სასკოლო გარემოსთან ადაპტირება, თავდაპირველად, დავიწყე საინტერესო გაცნობით – აქტივობა/კვირეულით გაიცანით, ეს ჩემი ოჯახია. დავპატიჟე ოჯახის წევრები. მათ წარმოადგინეს ფოტოკოლაჟი, გაიხსენეს ყველაზე საინტერესო ეპიზოდები, შვილის დაბადებიდან დღემდე -როგორ შეურჩიეს სახელი, პირველი კბილის ამოსვლა, საყვარელი სათამაშო, სასაცილო ჩვევები და ა.შ. გვასწავლეს ხელნაკეთი ნივთების დამზადება, რომელიც შემდეგ საჩუქრად დაგვიტოვეს. წაგვიკითხეს და გაგვაცნეს შვილის საყვარელი წიგნიდან საინტერესო ეპიზოდი. მოსწავლეები, ყოველი აქტივობის მსვლელობას, დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ბავშვები, სიამაყითა და სიხარულით, წარადგენდნენ ოჯახებს და გვაცნობდნენ მათ. მშობლები კი, გვიყვებოდნენ მართლაც ძალიან საინტერესო და სახალისო ფაქტებს შვილების შესახებ. ფუნდამენტური მნიშვნელობის სამკუთხედია სკოლა-ოჯახი-საზოგადოების ერთობლიობა და როლი ბავშვის აღზრდის საკითხში.

ჩემ მიერ ჩატარებული პროექტებიდან გამოვყოფ მშობელთა აქტიური ჩართულობით განხორცილებულ პროექტს ჩემი ქვეყნის ისტორია, რომელიც ითვალისწინებდა არაფორმალურ გარემოში სწავლებასა და ღირებულებებზე ორიენტირებული დავალებების შესრულებას. პროექტის ფარგლებში, მოვინახულეთ მუზეუმები, კულტურული ძეგლები, გავაკეთეთ საინტერესო ჩანაწერები, ჩანახატები. მოსწავლეები, მშობლებთან ერთად, კითხულობდნენ მოხსენებებს ისტორიული მოვლენების, მეფეებისა და სხვადსხვა ისტორიული გმირის შესახებ. ამ პროექტმა ნამდვილად შეუწყო ხელი მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აამაღლა მოსწავლებში სწავლის მოტივაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მშობელთა ჩართულობით და თანამონაწილეობით, გავიხსენებდი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მაშტაბურ და გრძელვადიან პროექტს ,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“. სამყაროზე ,ცოცხალ არსებებზე ზრუნვა და, ამ მიზნით, ადამიანების გაერთიანება ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის. თანადგომის ამ ფორმით, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება. მაგალითად, აშენდა  ხოველთა თავშესაფრები, სკვერებში, მაწანწალა ძაღლებისთვის, ბუდრუგანები დაიდგა. როცა ბევრ თანამოაზრე და გულანთებულ ადამიანს შემოიკრებ კეთილი საქმის საკეთებლად, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავერთეთ გადაცემის „თათების იმედად“ („იმედის“ დილის გადაცემა) სახალხო აქტივობაში – ,,გახდი მიუსაფარი ძაღლების სანტა“. ერთად ვიზრუნეთ ქუჩის ცხოველებზე. ამ პროექტით, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწა, ადამიანების გარდა, ცხოველებსაც ეკუთვნით. მათ ჩვენი დახმარება და ყურადღება სჭირდებათ. დღეს ქუჩები სავსეა უპატრონო ცხოველებით. ზოგჯერ, ადამიანები მათ სასტიკად ეპყრობიან, თუმცა ბევრიც ზრუნავს მათზე. ჩვენც ჩავდექით მათ რიგებში და დაუცველ ცხოველებს ყურადღება დავუთმეთ. მოსწავლეებმა და მშობლებმა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ცხოველებს უამრავი საკვები და საჭირო ნივთი მოუტანეს, რომელიც მათ სიცოხლეს გადაარჩენდა. ამ პროექტმა მოსწავლეები მრავალი კუთხით დააფიქრა – თითოეულ მათგანს თავისი ამბავი აქვს… ერთი ოდესღაც სახლში ცხოვრობდა უზრუნვლელად, პატრონთან ერთად, თუმცა, შემდეგ ქუჩაში აღჩნდა; მეორე ქუჩაში დაიბადა და დაბადებიდან, სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა…

ამავე პროექტის ფარგლებში, არაერთხელ, ვითანამშრომლეთ ცხოველთა დაცვის სააგენტოსთან. მათთან ერთად, დავგეგმეთ და განვახოციელეთ მრავალი საჭირო და შემეცნებითი გაკეთილი. მაგ.: ჩემი პასუხისმგებლობა შინაური ცხოველების მოვლისას, უსაფრთხოების წესები, აიყვანე ლეკვი თავშესაფრიდან და ა.შ. მოეწყო საინტერესო ფოტოგამოფენა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა უყურეს საინტერესო ვიდეორგოლებს, წაიკითხეს საინფორმაციო ტექსტები ძაღლის სხვადასხვა ჯიშების თავისებურებებზე, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი შინაური ცხოველები, ისაუბრეს ცხოველის მოვლისა და პასუხიმგებლობის საკითხებზე, როგორ არიან ჩართული ყველა ამ პროცესში და რა როლი და ფუნქცია აკისრიათ, აქვთ თუ არა გააზრებული სირთულეები, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გაჩნდეს მათი აღზრდის ეტაპებზე.

მოსწავლეებმა, „მკითხველთა კლუბში“ წასაკითხად, შეარჩიეს თემატურად შესატყვისი მხატვრული ლიტერატურა: „მოლი, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ,,მე კოსმო“. წაკითხული ლიტერატურის ირგვლივ გაიმართა მნიშვნელოვანი დებატები. ზემოთ ჩამოთვლილმა ნაბიჯებმა და აქტივობებმა ბავშვებში აამაღლა მოტივაცია და  უბიძგა მათ, დაეარსებინათ ცხოველთა დაცვის კლუბი „თათები“.

 პროექტის მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

♦ ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;

♦ მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;

♦ რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;

♦ რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;

♦ რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და, ზოგადად, ადამიანს;

♦ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;

♦ ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;

♦ ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;

♦ მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები და ა.შ.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, გადაეცათ სერტიფიკატები და მიანიჭათ სტატუსი – „ცხოველების მეგობარი“.

„მზისგულა მოხუცები“ – ეს პროექტი განსაკუთრებულად ემოციური იყო ყველასთვის. კეთილი საქმის ირგვლივ სიხარულით გაერთიანდნენ დიდებიც და პატარებიც. მშობლებმა შეაგროვეს მრავალი საჭირო ნივთი, ტანსაცმელი და საკვები. პატარებმა დაწერეს წერილები, დახატეს ბებია-ბაბუები, მოუმზადეს ხელნაკეთი საჩუქრები და, გიორგობის დღის მისალოცად, წვიმიან დილას, ერთად წავედით მოწყენილი მოხუცების გასახარებლად. დაუვიწყარი იყო მათთან შეხვედრის წუთები. მიმაჩნია, რომ თითოეულ მოსწავლეს უნდა განვუვითარო ემოციური ინტელექტი, რათა გახდეს უფრო ემპათიური, შეძლოს თანაგანცდა. ამავდროულად, გრძნობდეს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას. მოსწავლეებში პიროვნული ღირებულებების აღზრდისა და განვითარების საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების, უფროსების ჯანსაღ მაგალითს.

ყოველთვის ვზრუნავ, ჩემი სამუშაო/სასკოლო გარემო იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო და პოზიტიური, ყველა გაკვეთილი – განსხვავებული, ინტერაქციული და სასწავლო რესურსებით მდიდარი. ჩემს საკლასო ოთახში, შეიძლება ითქვას, იმდენი გაკვეთილია, რამდენი მოსწავლეც ესწრება. ყოველი გაკვეთილი განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ საჩუქარს უნდა ჰგავდეს, რომელიც მოსწავლეს გაახარებს. ამისთვის კი, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინეტერესების მუდმივი კვლევა, მასწავლებლის პროფესიული ზრდა, სიახლეების ძიება აუცილებელი წინაპირობაა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები