სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების თანამშრომლობა ხარისხიანი განათლების აუცილებელ პირობადაა მიჩნეული. თუმცა ეს, თითქოსდა უდავო ჭეშმარიტება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და, შესაბამისად, გამოყენებული სახელმწიფოს მიერ, როგორც სასკოლო გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული და მნიშვნელოვანი რგოლი. ამიტომაც ერთგვარი მოულოდნელობაც კი იყო 25 ოქტომბერს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის შეხვედრა სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლების ჯგუფთან. შეხვედრა დაიგეგმა მშობელთა ასოციაციის წევრებისა და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ მოხალისე მშობლების ინიციატივით.
ბოლო წლებში ნამდვილად თვალშისაცემი გახდა მშობელთა გააქტიურება სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, არაერთი საპროტესტო აქციაც ვიხილეთ. როგორც არასამათავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელი და ამ შეხვედრის ინიციატორი მეგი კავთუაშვილი ამბობს, სწვლების ხარისხის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მშობლებმა სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში. ამისთვის მათ სპეციფიკური ცოდნა სჭირდებათ, ამიტომაც გაიარეს გადამზადების არაერთი კურსი, ჩაუტარდათ ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რა არის მშობელთა ჩართულობა, რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მშობლებს სკოლაში, რა ტიპის კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან, რომ ეს იყოს ბავშვზე, მისი პრობლემის აღმოფხვრაზე ორიენტირებული და არა რომელიმე მშობლის სურვილის ან მოსაზრების გამოხატვა. ეს მშობლები კი კონკურსის წესით შეარჩია „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზაციამ. 300 აპლიკანტისგან შერჩეულ 26 მშობელს, რომლებიც 14 სკოლას წარმოადგენდნენ და მიაჩნდათ, რომ მათი შვილების სკოლებს კონკრეტული, სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ, რომელთა მოგვარებასაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებდნენ, მიეცა ამ პრობლემების მინისტრთან პირისპირ განხილვის შესაძლებლობა. თუმცა მინისტრს ისეთი შემთხვევის მოსმენაც მოუხდა, რომლის მოგვარება ადგილზევე იქნებოდა შესაძლებელი, დირექტორი რომ მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა მშობლის სამართლიან მოთხოვნას.
მარიამ ოშხერლის შვილები ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, ორივე სმენადაქვეითებულია და, ბუნებრივია, სპეციფიკური მიდგომა სჭირდებათ. „ჩვენ თბილისიდან გადავედით ბაზალეთში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ უგულისყურო დამოკიდებულებას წავაწყდებოდი. ბრძოლა დამჭირდა, რომ ჩემი შვილებისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, დირექტორი არ მიიჩნევდა საჭიროდ. მხოლოდ რესურსცენტრისა და მულტიდისციპლინური გუნდის არაერთგზის ჩარევით მივიღეთ სტატუსი, მაგრამ პედაგოგები ინდგეგმის შედგენასაც ვერ ახერხებენ. დიდი მცდელობის შემდეგ დათანხმდა დირექტორი სპეცმასწავლებლის აყვანას, გასაუბრება 28 ოქტომბერს ჩატარდა, ალბათ მიიღებენ; სრულიად უფუნქციოა სამეურვეო და დისციპლინური საბჭოები, დირექტორი წყვეტს ყველა სკითხს არა კანონისა და გარემოების გათვალისწინებით, არამედ ერთპიროვნულად, როგორც მას ჰგონია საჭირო. მჯერა, მინისტრი აუცილებლად დაინტერესდება ამ სკოლით და, დარწმუნებული ვარ, ზომებსაც მიიღებს – ან უნდა რადიკალურად შეცვალოს დირექტორმა მიდგომა მთელი რიგი საკითხებისადმი და თუ ამას ვერ შეძლებს, მოსწავლეების ინტერესებზე მაღლა ვერაფერი დადგება,“ – ამბობს ქალბატონი მარიამი.
ბევრ სხვა საკითხზეც ისაუბრეს მშობლებმა მინისტრთან და ეს იყო არა ერთეული, არამედ ტიპური შემთხვევები. „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზაციასთან ერთად იდენტიფიცირებული პრობლემებიდან დასახელდა: სასკოლო კვების დანერგვის აუცილებლობა, რასაც წინ უძღოდა სპეციალური პეტიცია 10000 ხელმოწერით, რომლის ერთი ეგზემპლარი სამინისტროსაც გაეგზავნა; გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები; ინკლუზიური განათლების ფასადურობა; სკოლებში ქცევის მართვის არსებული პრაქტიკა და ხარვეზები; ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის გაძლიერების აუცილებლობა; დირექტორების მხრიდან აქტიური მშობლების დისკრიმინაცია (მათი ინტრიგანებად მოხსენიება); სამეურვეო საბჭოების ქმედუნარიანობის გაზრდის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები უკიდურესად მწვავე საკითხებს შეეხნენ, შეხვედრა კონსტრუქციულდ წარიმართა. ცხადი იყო, ბევრი რამ მოულოდნელი აღმოჩნდა მინისტრისთვის, ზოგი საკითხი საკმაოდ ნაცნობი, მაგალითად, ნაძალადევისა და მცხეთის №1 და №2 სკოლების მშენებლობა-რემონტის საკითხები; 21-ე სკოლის მოსწავლის მშობლის, ქეთევან ჯაჭვაძის შემთხვევა, რომელიც 7 თვეა იბრძვის იმისთვის, რომ დირექტორი ერთპიროვნულად არ მართავდეს სკოლას, განათლების სამინისტროში შეტანილ განცხადებაზე პასუხიც ვერ მიიღო. მან მინისტრისგან პროცესზე სწრაფი რეაგირება მოითხოვა, მით უმეტეს, რომ პასუხების გაჭიანურება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მინისტრი მშობლების მიერ წამოჭრილი საკითხების მოგვარების მხარდამჭერი იქნება. ამის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ სულ რაღაც ორი დღის მიღებული ჰქონდათ სამინისტროში სასკოლო კვებასთან დაკავშირებული პეტიცია და მინისტრმა 410-ე ბრძანების ახალი პროექტი გადმოგვცა უკუკავშირისთვის, რაც სასკოლო ბუფეტებს ეხება; მშობლებმა მთავრობისგან მყისიერი რეაგირება მოითხოვეს სამართალდამცავი სისტემის მხრიდან ვადაგადაცილებული პროექტების გამო; მათი სურვილია, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სკოლების მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის გეგმა და შესრულების ვადები; ხაზგასმით აღინიშნა სკოლის დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდის შესახებაც. ყველა ამ საკითხის მოგვარებაზე მინისტრის მზაობა მივიღეთ – იგი დაგვპირდა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება სკოლების რეაბილიტაციის გეგმა, ხოლო ფინანსთა სამინისტროსთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება სკოლის დასუფთავებისთვის თანხების გაზრდის თაობაზე,“ – გვითხრა მეგი კავთუაშვილმა.
შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მშობლებმა სხვადასხვა საკითხზე კი ისაუბრეს, მაგრამ რაკი სასკოლო კვების პროგრამა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი თემაა, შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრისგან ამ საკითხის მათთან ერთად განხილვის პირობაც მიიღეს. უახლოეს პერიოდში „მშობლები განათლებისთვის“ ხვდება „განათლების კოალიციას“ სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე, სადაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელსაც მიიწვევენ. „საჭიროა მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას აქვს პროგრამის დანერგვასთან მიმართებით. ჩვენ მშობლები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმ სისტემური ცვლილებების დროულად განსახორციელებლად, რაც აუცილებლად სჭირდება სკოლებს, რომ ჩვენმა შვილებმა საიმედო გარემოში მიიღონ ხარისხიანი განათლება“.
ასეთია მშობლების მიზანი, რომლის მიღწევაშიც მათ მინისტრის მხარდაჭერის იმედი აქვთ.