მაგული ბაუჟაძე
სსიპ ქალაქ ბათუმის №1 და N18 საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი
ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. თავის მხრივ, მშობლები ზოგჯერ თავს იკავებენ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისგან, რადგან მათ ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, ასევე, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სკოლასა და ოჯახებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა. როდესაც მშობლებისა და სკოლის კომუნიკაცია ეფექტიანია,იზრდება მშობლის ჩართულობა, რაც მშობლის მხრიდან სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით გამოიხატება.
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. მოსწავლეები უკეთ ართმევენ თავს პროექტისთვის დაგეგმილ აქტივობებს, როდესაც მშობელი ჩართულია ამ პროექტში.
მშობელთა ჩართულობა ასევე უმნიშვნელოვანესია მასწავლებლებისთვის. მასწავლებლებს უჩნდებათ მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიის მიმართ; ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.
მშობლებს შეუძლიათ გამოიყენენონ ყველა საშუალება, რომ ასწავლონ ბავშვებს.
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც:
√ სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან;
√ იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში;
√ სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ;
√ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობისგაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.
მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში უფლებაცაა და მოვალეობაც. მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია,რომელიც მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
გამოყენებული ლიტერატურა: