16-დღიანი აქტიური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქალთა ფონდ „სოხუმში“, ტრადიციულად, გადატვირთულია საინტერესო, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებით. ფონდის სხვადასხვა მიმართულებებს შორის ახალგაზრდებთან მუშაობა განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ქალთა ფონდმა „სოხუმი“ ახალგაზრდებთან მუშაობის სფერო გააფართოვა და თუ აქამდე ჩვენი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Brot fტr die Welt) იყო, უკვე USAID-იც გვაძლიერებს.
„ახალი პროექტი გვაძლევს საშუალებას, მხარი დავუჭიროთ რეგიონებში სკოლის მოსწავლეებს საკუთარი საინტერესო იდეების ხორცშესხმაში, რათა მათ ცვლილებები მოახდინონ მუნიციპალიტეტებში და ამგვარად წავახალისოთ ახალგაზრდული აქტივიზმი. ძალიან ბევრი ქმედითი, ინოვაციური და ღირებული აქტივობის განხორციელების და სიახლის დანერგვის შესაძლებლობა აქვთ. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, საკუთარი ინიციატივით, ჩამოაყალიბეს ახალგაზრდული კლუბები, სადაც დამოუკიდებლად და რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან. ვფიქრობ, ეს შედეგია იმისა, რასაც ჩვენ ერთწლიანი მუშაობით მივაღწიეთ. გავააქტიურეთ ახალგაზრდები და ახლა უკვე დამოუკიდებლად გეგმავენ ბევრ საინტერესო აქტივობას, სხვადასხვა საჭირო საკითხზე,“ — ამბობს თეა გოლეთიანი, პროექტის კოორდინატორი.
16-დღიანი გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ცხადია, განსაკუთრებით მრავალფეროვანი, მგრძნობელობით გამორჩეული და კრეატიული სწორედ ახალგაზრდებთან მუშაობით მიღებული, ინტელექტუალური წვის შედეგებითაა. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდული კლუბების წევრები საკუთარ დამოკიდებულებას ნახატებით, ვიდეორგოლებითა და საინფორმაციო კამპანიებით გამოხატავენ.
„ჩემი ნამუშევრით მინდოდა გამომეხატა ქალის გრძნობები. მან სიმშვიდე მხოლოდ ბუნებაში მოიპოვა. ტყის ტოტებმა დამხმარე ხელები გაუწოდეს და ამშვიდებენ. სულიერად პოულობს სიწყნარეს და სიმშვიდეს, მხოლოდ აქ ივიწყებს ყველა დარდს, რაც შინაგანად აწუხებს. ამ ქალში შეიძლება ყველამ თავისი თავი დაინახოს, რადგან ძალადობა არა მარტო ოჯახური არსებობს, არის, თუნდაც, ბულინგი. ძალიან ბევრია ბულინგის მსხვერპლი. ასეთ დროს ადამიანი „იკეტება“. შინაგან სამყაროს აღარ ანახებს და მხოლოდ ნიღაბს ატარებს. ჩვენ ყველას ჩვენი სულიერი სამყარო გვაქვს, სადაც სიმშვიდეს ვპოულობთ, ამ გოგონამ კი ეს ბუნებაში მოიპოვა,“ – ქრისტინე გოგოლიძე, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრი. ის გმობს ძალადობას და თავისი ნახატით უერთდება 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას.
ანა და ლიზი ქურასბედიანები, ლიზი ტყაბლაძე ხონის ახალგაზრდული კლუბის აქტიური წევრები არიან. ისინი შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას და ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანია ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა გამართეს თავიანთ თანატოლებთან თემაზე: „იცხოვრე ძალადობის გარეშე“, საინტერესო დისკუსიის დროს, მათ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ქალის ცხვრებაზე.
„ეს ჩემი ნახატია, რომელიც შიშზე დავხატე, ვფიქრობ, რომ შიშიც ბულინგის ნაწილია,“ – თავისი ნახატით შემოუერთდა საერთაშორისო კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ მარია შაფოროსტი, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს შიდსთან ბრძოლის კამპანიას, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემას, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე. საინფორმაციო სტენდები VI-XI კლასის მოსწავლეთა მიერაა მომზადებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უჩვენეს ფილმი „სორაის ჩაქოლვა“, გამართეს დისკუსია და საკუთარი პოზიციები გამოთქვეს, ქალის ცხოვრებაზე ძალადობის გავლენის შესახებ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის პირველი საინფორმაციო შეხვედრა მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა. მონაწილეებმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ნეგატიურ შედეგებზე და 16-დღიანი კამპანიის ისტორიებზე ისაუბრეს.
„სამწუხაროდ, ჩვენი სამყარო იდეალური არ არის! დღესაც უამრავი ადამიანი ძალადობის მსხვერპლია. ძალადობით ინგრევა ადამიანის სულიერი სიმშვიდე. ჩემი ნამუშევრით მინდოდა, გადმომეცა ძალადობა ქალის მიმართ. მან იცის, რომ საზოგადოება გულგრილია. ჩვენ მხოლოდ ვუყურებთ, როგორ იჩაგრებიან ადამიანები და არაფერს ვაკეთებთ. გოგონას მსხვერპლები ანიშნებენ, „გაჩუმდი!!! აზრი არ აქვს“. უძლურობის გამო ემოციებიც დაკარგა, მხოლოდ ერთადერთი ცრემლი ჩამოსდის ლოყაზე. საზოგადოება იმ დონემდე გაცივდა, რომ „სხვისი ჭირი ღობის ჩხირად“ მიაჩნიათ. ჩვენ თავს ვერ დავაღწევთ ამ პრობლემას, სანამ არ გამოვფხიზლდებით. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ!!! ჩვენ ყველა ერთი ვართ! თქვენც გთხოვთ, ხმა ამოიღეთ! არ ვუყუროთ ჩუმად, როგორ „ინგრევა“ ადამიანი ნაწილებად!!!“ – ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრი, ქრისტინე გოგოლიძე.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრმა, ელენე სულაქველიძემ თავის სკოლაში, მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა და თანატოლებს კამპანიის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პროექტის სახელია „პატარა ადამიანების დიდი უფლებები“. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა: გიგი ჯიქიძემ, ბაია მაკარიძემ, ანუკა აბჟანდაძემ, ბაქარ კვატაიამ და გიორგი მუმლაძემ, მე- 7 და მე-8 კლასში ჩაატარეს შეჯიბრი ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლების ცოდნაზე. ლიდერებმა მოამზადეს ფლიპჩარტი სახელწოდებით „ბავშვთა უფლებების ხალიჩა“, სადაც მონაწილეებმა დაწერეს თუ რა უფლებები აქვთ ბავშვებს.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში წალენჯიხის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს სოციალური გამოკითხვა. გამოკითხულთა მოსაზრებებიც გაიგეს — ნიშნავს თუ არა ბავშვის ჯანმრთელობის უგულებელყოფა ძალადობას და შეიძლება თუ არა ბავშვისთვის მიუღებელი სახელის დარქმევა ჩაითვალოს ბულინგად.
ემა ახალაძემ, ქუთაისის ახალგაზრული კლუბის წევრმა ასე გამოხატა სოლიდარობა ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ კვლავაც აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებთან მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით.