მადონა ბობოხიძე
წყალტუბოს №3 საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი, მუსიკის საგნობრივი ექსპერტი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი
დამეთანხმებით, რომ მუსიკის საგნის სწავლებამ საჯარო სკოლებში საკმაოდ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო გზა განვლო. ზოგადი განათლების რეფორმამ, ეროვნული სასწავლო გეგმის დამკვიდრებამ და სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულმა მიდგომებმა, სრულიად შეცვალა საგნის სწავლების სპეციფიკა სკოლებში. სასწავლო პროცესი გახდა უფრო საინტერესო, სახალისო და ინკლუზიური. მოსწავლეზე ორიენტირებულმა მიდგომამ, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებმა კი ხელი შეუწყო მოსწავლეებში კოგნიტური და ფუნქციური უნარების განვითარებას.
მოგეხსენებათ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპლექსურ დავალებას. კომპლექსური დავალებები კონსტრუქტივისტულ პრინციპებს ეყრდნობა: მარტივიდან რთულისკენ, ნაცნობიდან უცნობისკენ განვითარების პრინციპით. იგი ცოდნის კონსტრუირების შესაძლებლობას იძლევა და უზრუნველყოფს ნებისმიერი აკადემიური მზაობის მქონე მოსწავლის სრულფასოვნად ჩართვას სასწავლო პროცესში, მაგრამ მოსწავლეთა ჩართულობასა და შედეგზე გასასვლელად მხოლოდ ეს არ კმარა. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი ითვალისწინებდეს მრავალფეროვან მიდგომებსა და სტრატეგიებს, სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებს, დიფერენცირებული სწავლების მიდგომის და განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვან ინსრუმენტებს.
სწავლების უნივერსალური დიზაინი გულისხმობს მსწავლელთა ყველა ტიპის გათვალისწინებას სასწავლო პროცესში და აქცენტს აკეთებს ძირითადად სამ ასპექტზე: 1. სწავლების მრავალფეროვანი და მოქნილი საშუალებების გამოყენება; 2. შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების სხვადასხვა გზით გამოხატვა; 3. მოსწავლეთა ჩართულობის წახალისება. გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგიკაში მსწავლელთა ოთხი ტიპი არსებობს: ვიზუალი, სმენითი, კინესთეტიკი და წერა-კითხვითი, სასურველია, მასწავლებელმა, მუშაობის პროცესში, თითოეული მათგანის თავისებურებები გაითვალისწინოს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები: სისტემატურად ისმენდნენ და აანალიზებდნენ მუსიკალურ ნაწარმოებებს გაკვეთილებზე; დასაბუთებულად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს და ვარაუდებს; პროექტორის საშუალებით ვიზუალურად იმტკიცებდნენ შეძენილ ცოდნას, ასრულებდნენ მოკლე ჩანაწერებს საკლასო რვეულებში. დაბოლოს, აქტივობები, რომლებიც კეთებას მიემართება: მოკლე სავარჯიშოების ინსტრუმენტზე (ფორტეპიანო) შესრულება, მათი გამღერება, დირიჟორობა, რიტმული სავარჯიშოების შესრულება ტაშით, ადგილზე სიარულით ან ფეხის ბაკუნით, მოსმენილი მასალის სიმბოლოებით გამოხატვა, დიორამა და როლური თამაშები. უნივერსალური დიზაინის მეორე ასპექტი — შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების სხვადასხვა გზით დემონსტრირება — კომპლექსური დავალების პროდუქტით იფარება. მოსწავლეებს თავად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი კომპლექსური დავალების ფორმა. ეს იქნება: პრეზენტაცია, დიორამა, როლური თამაში, თუ კომპიუტერული პროგრამა LMMS. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მუდმივად ითვალისწინებდეს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესებს, მზაობას და სურვილებს. ეს ზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხსა და პასუხისმგებლობას, მაგრამ სასურველ შედეგზე გასასვლელად მხოლოდ ეს არ კმარა. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი გაკვეთილზე სისტემატურად ახდენდეს პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით: შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები, ერთწუთიანი ესე, ერთწინადადებიანი შეჯამება, შუქნიშანი, ცერების აწევ-დაწევა და სხვა. ეს დაეხმარება პედაგოგს სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში. ზოგადად, სწავლების უნივერსალური დიზაინი და სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, გარკვეულწილად, ფარავს ერთმანეთს, რადგან ორივე აქცენტს აკეთებს სწავლების სტილზე და ხაზს უსვამს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ, მასწავლებლებმა, შევძლოთ ამ უნიკალურობის ამოცნობა თითოეულ მათგანში და მათი ძალების საჭირო მიმართულებით წარმართვა.