27 ივლისი, შაბათი, 2024

მუსიკის სავალდებულო თემები და ქვეცნება ჰარმონია დაწყებითი კლასებში

spot_img

სტატიაში გადმოცემულია თემებისა და ერთ-ერთი ქვეცნების შესახებ სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც დაწყებითი საფეხურის მუსიკის მასწავლებლებს გამოადგებათ.

მესამე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მუსიკის სწავლებისას, აქცენტი კეთდება ოთხ ძირითად საკითხზე:

♦ რა მიზნით ვასწავლით მუსიკას? – ეს პუნქტი გულისხმობს სწავლა-სწავლების მიზნებს;

♦ რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით? – ეს პუნქტი გულისხმობს საკითხებისა და სასწავლო რესურსების ბაზას;

♦ სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ? – ეს პუნქტი გულისხმობს, თუ როგორ ვასწავლით.

♦ როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს? – ეს პუნქტი გულისხმობს შეფასებას?

სასწავლო მიზანთაგან გვაქვს სამგვარი ტიპი:

მოკლევადიანი მიზნები: საკითხი, თემა;

საშუალოვადიანი მიზანი: კომპლექსური დავალება;

გრძელვადიანი მიზანი: სასწავლო ცნება.

დაწყებით კლასებში მუსიკისათვის გამოყოფილია სავალდებულო თემები (კლასში 3 ან 4 თემა):

I კლასი  – 1. სამყაროს ხმები მუსიკაში; 2. ყოფითი საგნები მუსიკაში; 3. თამაშები მუსიკაში;

II კლასი – 1. ცხოველები მუსიკაში; 2. ბუნების მოვლენები მუსიკაში; 3. წვეულებები და დღესასწაულები სახლში და გარეთ;

III კლასი – 1. ქალაქის და სოფლის ხმები; 2. ქალაქში/სოფელში გასეირნება; 3.  ჩემი ცხოვრების ერთი დღე;

IV კლასი – 1.  მუსიკა და ტელევიზია; 2.  მუსიკა და თავისუფალი დრო; 3. მუსიკა და ანიმაცია;

V კლასი – 1. ზღაპრრული სამყარო მუსიკაში; 2. მუსიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები; 3. მუსიკა მუნჯ კინოში; 4. მუსიკა დრამატულ და პანტომიმის თეატრში;

VI კლასი – 1. რეალობა და ჩვენი წარმოდგენები მუსიკაში; 2. ადამიანის პორტრეტი მუსიკაში; 3. მუსიკა ხმოვან კინოში; 4. ოპერა, მიუზიკლი; მუსიკა საბალეტო მუსიკაში.

თითოეული თემის სწავლა-სწავლებას, დაახლოებით, 20-25 საათი ეთმობა და ყველგან მუშავდება ის 6 (ექვსი) შედეგი, რომლებიც დაწყებითი კლასების მუსიკისთვის არის განსაზღვრული. შედეგებთან დაკავშირებით, ვეცდებით, მოგვიანებით შემოგთავაზოთ ცალკე სტატია.

მნიშვნელოვანი ტერმინი, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში გვესმის, არის მკვიდრი წარმოდგენები. მკვიდრი წარმოდგენა შემოფარგლავს ცნების მოცულობას და განსაზღვრავს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს, ამ ცნებასთან მიმართებით, საფეხურის ბოლოს. მათი საშუალებით წარმოჩნდება განზოგადებები, რომლებამდეც მოსწავლე უნდა მივიდეს ნებისმიერი თემის სწავლა-სწავლების პროცესში. მკვიდრი წარმოდგენები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და არ განვიხილავთ იზოლირებულად. მკვიდრ წარმოდგენებთან დაკავშირებითაც ახლო მომავალში პრაქტიკულ მასალას შემოგთავაზებთ.

ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ერთ-ერთი ქვეცნების – ჰარმონიის შესახებ. გავიხსენოთ, რომ დაწყებითი კლასების მუსიკაში გვაქვს მხოლოდ ერთი სასწავლო ცნება მუსიკის სახელწოდებით.

ჰარმონია  ბერძნული ენიდან მომდინარე ტერმინია და ნიშნავს სიმწყობრეს, თანაზომიერებას, თანახმოვანებას. ჰარმონია მუსიკალური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველი საშუალებაა, რომლის დროსაც ხდება მუსიკალური ბგერების კანონზომიერი შეერთება მელოდიურ განვითარებასთან შეფარდებით. ჰარმონია მჭიდროდაა დაკავშირებული მელოდიასთან (მათი შეთავსების ყველაზე უბრალო მაგალითია სიმღერა აკომპანემენტით), ტონალობასთან, მის იდეურ-ემოციერ შინაარსთან. სასწავლო პრაქტიკაში ჰარმონია იყოფა ორ ნაწილად – ე.წ. პირველი ჰარმონია (მოდულაციამდე) და მეორე ჰარმონია (მოდულაცია და მელოდიური ფიგურაცია).

არსებობს ჰარმონიის რამდენიმე სახე: კეთილხმოვანი (კონსონანსი), არაკეთილხმოვანი (დისონანსი), მაჟორი, მინორი და ქრომატიზმი.

კეთილხმოვანი (სასიამოვნო) ჰარმონიის,  ანუ კონსონანსის ნიმუშია ჯანსუღ კახიძის იავნანა https://www.youtube.com/watch?v=aGf7cPVD–c ; კონსონანსი ნიშნავს კეთილხმოვანებას.

არაკეთილხმოვანი (არასასიამოვნო) ჰარმონიის, ანუ  დისონანსის ნიმუშია რამშტაინის „დრო“; https://www.youtube.com/watch?v=EbHGS_bVkXY ; დისონანსი ფრანგულიდან ითარგმნება როგორც კეთილხმოვანების დარღვევა.

მაჟორის ნიმუშია ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის კეჭაღმაძისეული ვერსია „საქართველოს ჰიმნი“ https://www.youtube.com/watch?v=4RRHnPnqFNE ; მაჟორი მუსიკალური წყობაა, რომლის ბგერები ქმნის დიდი და მცირე ტერციებისაგან შემდგარ აკორდს; დამახასიათებელია მხნე, მხიარული ბგერითი ელფერი.

მინორის ნიმუშია „გზაზე მირბის კურდღელი“  https://www.youtube.com/watch?v=qRIGLvDpHs0 ; მინორი მუსიკალური წყობაა, რომლის ბგერები ქმნის მცირე ტერციაზე აგებულ აკორდს; დამახასიათებელია ნაღვლიანი ბგერითი ელფერი. მინორის გადატანითი მნიშვნელობით იტყვიან, როდესაც ვინმე მოწყენილია, ნაღვლიანადაა.

ქრომატიზმის ნიმუშია რიმსკი-კორსაკოვის „კელას გაფრენა“  https://www.youtube.com/watch?v=zTsNC7D3NnE ; ამ ტერმინის პირდაპირი თარგმანი შეღებვა-შეფერილობაა და მუსიკაში  ხმის, მელოდიის ამაღლება ან დადაბლებაა ნახევარტონებით.

ჰარმონიის სახეების შესწავლისას, კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს მოვასმენინებთ ჩანაწერებს ან ცოცხალი შესრულებით შევთავაზებთ მუსიკას. ჩემი პირადი პრაქტიკა, უმეტესად, ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესში ჩანაწერებისა და ცოცხალი შესრულების მორიგეობით შეთავაზებას. ბუნებრივია, მელოდიის მოსმენის დროს, ვავსებთ გრაფიკულ ორგანიზატორებს ან სულაც, მოსწავლეები მცირე ჩანაწერს აკეთებენ და თავიანთ მოსაზრებებს კლასის წინაშე წარმოადგენენ. განსაკუთრებით ეფექტიანია ჰარმონიაზე დაკვირვება ვრცელი მუსიკალური ნაშრომის მოსმენის დროს.

მაგალითად, https://www.youtube.com/watch?v=niUM0Hw_m_0&t=44s („თოვლის გუნდა“) მოსწავლეებს დაწყებით კლასებში მოსწონთ. ამ ჩანაწერის პაუზებით მოსმენა ეფექტიანია თუნდაც იმის გამო, რომ ბავშვთა ის ნაწილი, რომლებიც ვიზუალისტები არიან, კარგად ხედავს მელოდიის შესაფერის ფერებსა და ქმედებებს მულტიპლიკაციაში, აუდიალისტებისთვისაც კარგი რესურსია, რაც შეეხება კინესთეტებს, ამ აქტივობის დროს, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გააკეთონ ჩანაწერები, წარმოთქვან კომენტარები და რეპლიკები. ასევე, ძალიან კარგ შედეგს იძლევა, კლუბური მუშაობის დროს, მოსწავლეების მხრიდან ჰარმონიაზე პრეზენტაციის მომზადება.

მეგი ჭანტურია
ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ქუთაისის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები