თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში ნათლად გამოიკვეთა ახალი მოთხოვნები და მიდგომები, რაც გულისხმობს მოსწავლის და მასწავლებლის შემოქმედებითობისა და თანამშრომლობის პრინციპით აგებულ ურთიერთობებს.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მუსიკის სწავლების მიზანია: მოსწავლეებში მუსიკის მოსმენისა და შინაარსის წვდომის უნარ-ჩვევების გამომუშავება, კულტურული მსმენელის აღზრდა, მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებების ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე სიმღერის, მუსიკალური დამწერლობის შესწავლა და ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს ბავშვს საკუთარი თავის აღმოჩენაში.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გააზრებული მუსიკის მნიშვნელობა და იციან მუსიკალური ენის ძირითადი ელემენტები. იციან, რომ მუსიკა ყველა დროისა და ხალხის კულტურისა და ყოფის ნაწილია. ხალხურ საკრავებს სხვა ერების საკრავებთან აკავშირებენ და მათ ერთმანეთისაგან განასხვავებენ.
მოსწავლეები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული ფოლკლორისა და საკრავი ინსტრუმენტების მიმართ. აქედან გამომდინარე, მუსიკის წრის ჩამოყალიბების იდეაც მათ ეკუთვნით. მუსიკალური წრის „მელომანმა“ წევრებმა განახორციელეს პროექტი „ვეცნობით საკრავ ინსტრუმენტებს“. ამ მიზნით ეწვივნენ სოფელში მცხოვრებ, ეროვნებით აზერბაიჯანელ, ნაბი მუსაევს. მან დეტალურად აუხსნა ნაციონალური საკრავი ინსტრუმენტი საზი, გააცნო მისი წარმოშობის ისტორია და დაკვრის ხელოვნება.
სკოლაში მოიწვიეს სოფლის უხუცესი, 80 წლის, პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტი (2016წ) დურსუნ მიქელაძე. მან ბავშვებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფანდურის წარმოშობისა და გავრცელების ისტორია გააცნო, შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.
გიტარის წარმოშობის ისტორია უცნობია, მაგრამ თანამედროვე მუსიკაში ამ საკრავს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არც ეს დარჩენიათ ყურადღების მიღმა მოსწავლეებს. გადაწყვიტეს სტუმრად მისულიყვნენ ახალგაზრდა ნიჭიერ გიტარისტთან, თორნიკე ხოზრევანიძესთან. მან დეტალურად აუხსნა მოსწავლეებს გიტარაზე დაკვრის ხელოვნება, სანოტო ჩანაწერებით.
დაინტერესდნენ ქართული საკრავი ინსტრუმენტითაც – სალამურით. ამ მიზნით, ეწვივნენ ირინა მერლანს, რომელიც კარგად ფლობს სალამურზე დაკვრის ხელოვნებას. მან სალამურიც აამღერა და წრის წევრებს საქართველოში მისი გავრცელების ისტორიაც გააცნო.
პროექტი დაასრულეს კლავიშიანი საკრავი ინსტრუმენტით – ელექტროგიტარით, რომელიც ლუკა ბერიძეს აღმოაჩნდა და სკოლაში მოიტანა, რათა ამ საკრავ ინსტრუმენტსაც გასცნობოდნენ. მე კი მოსწავლეებს მუსიკაში ასოითი სისტემა ავუხსენი, ასევე, ვესაუბრე ფორტეპიანოს წინამორბედ საკრავებზე – კლავიკორდსა და კლავესინზე, რომელთა დახვეწის შედეგადაც შეიქმნა ფორტეპიანო, რომლის სახეობებიცაა პიანინო და როიალი.
პროექტი მოსწავლეებისთვის სახალისო, საინტერესო და ინფორმაციული ხასიათის იყო. მსგავსი პროექტები მათ სამყაროს ახლებურად აღქმაში, თვალსაწიერის გაზრდასა და განვითარებაში, ასევე, მუსიკის როლის გააზრებასა და საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში დაეხმარება.
ნინელი ვიბლიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი