1 დეკემბერი, პარასკევი, 2023

მულტიმედიური ტექსტი – მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების ინსტრუმენტი

spot_img

მარიანა ბეგლარაშვილი
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი

 

მულტიმედიური ტექსტი, როგორც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, მოტივაციის ამაღლების, გაგება-გააზრების და პრეზენტაციის უნარის გასავითარებელი ინსტრუმენტი

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვის შემდეგ, რაც გულისხმობს მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის უფრო აქტიურად შეტანას საკლასო ოთახებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში, ისევე, როგორც სხვა საგნობრივ სტანდარტებში, გვაქვს სამიზნე ცნებები და ქვეცნებები. დაწყებით საფეხურზე (I-IV) ტექსტი, როგორც სამიზნე ცნება, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყოველდღიურად, გაკვეთილებს ისე ვგეგმავ, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის ადეკვატურად გაგება-გააზრება. ამისთვის, უმეტესად, მხატვრულ ლიტერატურას ვიყენებ. არცთუ იშვიათად, საინფორმაციო ტექსტებსაც მოვიშველიებ ხოლმე, მოსწავლეების გაგება-გააზრების უნარის გასაუმჯობესებლად. ამ სტატიაში კი თქვენს ყურადღებას მულტიმედიურ ტექსტზე შევაჩერებ. როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში ვკითხულობთ, მულტიმედიური ტექსტი, ამ შემთხვევაში კი ანიმაციური ფილმი, არის ერთ-ერთი ქვეცნება, რომელზეც მასწავლებელმა მოსწავლეებთან უნდა იმუშაოს.

ანიმაციური ფილმი „ლუკა“ შევარჩიე და ვაყურებინე ჩემს მეორეკლასელებს. ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ბავშვმა. გაგიზიარებთ აქტივობებს, რომლითაც ეს ანიმაცია დავამუშავე, მოსწავლეებთან ერთად. ასევე, მოგითხრობთ, რომელი უნარის გაუმჯობესებაში დაეხმარა ის ჩემს მოწაფეებს.

პირველ რიგში, მოსწავლეებს, დაინტერესებისა და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართვის მიზნით, გავაცანი ანიმაციური ფილმის სახელწოდება და ვაჩვენე ილუსტრაცია. ვთხოვე, გამოეთქვათ ვარაუდები, თუ რის შესახებ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ფილმი. უამრავი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა, ბავშვების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. შემდეგი აქტივობა იყო ფილმის მონაკვეთებად ყურება და მსჯელობა, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა, რა მოხდება და რატომ ფიქრობენ ასე, რა მინიშნებებზე დაყრდნობით ვარაუდობენ ამას? ამ კითხვების დამუშავების შემდეგ, შევაჯამეთ, რა ვნახეთ, რა გავიგეთ და ვისწავლეთ. ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ბულინგი თანატოლებთან ურთიერთობის ყველაზე არასწორი ფორმაა; მიხვდენენ, რომ მიზნამდე მისასვლელი გზა რთულია, მაგრამ ოცნებების ასრულება მაინც შესაძლებელია.

შეჯამების შემდეგ, მოსწავლეებს ამ ანიმაციური ფილმის აფიშის დამზადება დავავალე. მოგეხსენებათ, აფიშა ისე უნდა გაფორმდეს, რომ მასზე ჩანდეს მთავარი პერსონაჟი ან/და დატანილი იყოს უმნიშვნელოვანესი დეტალები ფილმიდან. მოსწავლეებს ვთხოვე, აფიშაზე გადაეტანათ მათთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი/მოვლენა. აფიშების შექმნამ ცხადყო, რომ მოსწავლეებმა გაიაზრეს ნანახი, შეძლეს მეორეხარისხოვანი და მთავარი ინფორმაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა, ანუ მიზანს მივაღწიეთ – მულტიმედიური ტექსტი დაგვეხმარა გაგება-გააზრების უნარის გაუმჯობესებაში. როგორც პრაქტიკამ მიჩვენა, მულტიმედიური ტექსტები, ასევე, გვეხმარება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში. ისინი ყურადღებით უყურებდნენ ფილმს, თამამად გამოთქვამდნენ ვარაუდებსა და მოსაზრებებს. ძნელად მახსენდება ისეთი გაკვეთილი, რომელზეც ყველა მოსწავლე ერთნაირად აქტიური და მოტივირებული არ ყოფილიყო. ვფიქრობ, მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად ხშირად უნდა გამოვიყენოთ მულტიმედიური ტექსტები, რადგან ის, სწავლების სწავლის სტილის მიხედვით, დიფერენცირების შესაძლებლობასაც გვაძლევს.

მულტიმედიური ტექსტი კრიტიკული აზროვნების გასავითარებლადაც შესანიშნავი ინსტრუმენტია, რადგან მოსწავლეები აკვირდებიან პერსონაჟების ქცევასა და მოტივებს, ქცევის მიზეზებსა და შედეგებს; ცდილობენ, აღწერონ და შეაფასონ გმირები; იმსჯელონ პერსონაჟთა დადებით და უარყოფით თვისებებზე, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში.

პრეზენტაციის უნარის გარეშე, 21-ე საუკუნეში, ადამიანს გაუჭირდება კონკურენტუნარიან გარემოში რეალიზება და, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია უნარების გავითარებაზე დაწყებითი კლასიდანვე აქტიურად, მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმუშაოთ. აფიშა სწორედ პრეზენტაციის უნარის გასავითარებლად გამოვიყენე. ყველა მოსწავლემ წარადგინა თავისი ნაშრომი კლასის წინაშე. მათ ისაუბრეს, თუ რატომ დახატეს კონკრეტული პერსონაჟი/ეპიზოდი ფილმიდან. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთნამეთისთვის დაესვათ კითხვები და გაეცათ პასუხები. აფიშის პრეზენტაციამ ბავშვებს უბიძგა ფიქრისკენ, დიალოგისკენ; შეძლეს, დაეძლიათ სიმორცხვე და თავიანთი ნაშრომი წარმოეჩინათ საუკეთესო კუთხით. რა თქმა უნდა, ყველა ნამუშევარი გამოვფინეთ კლასში. მათ ჰქონდათ აფიშების ახლოდან ნახვის შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთი მოტივატორი იყო მოსწავლეებისთვის, რომ ხალისით, ინტერესითა და ხარისხიანად შეესრულებინათ დავალებები.

თუკი დაწყებითი კლასის მასწავლებლის მიზანია, თავის მოსწავლეებს განუვითაროს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, გაგება-გააზრებისა და პრეზენტაციის უნარები, ვურჩევ, გამოიყენოს მულტიმედიური ტექსტებით სწავლება, რადგან ის, შესაბამისი აქტივობებით, ავითარებს ყველა ზემოთ ხსენებულ უნარს.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები