27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

მულტიკულტურიზმი, როგორც თემობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა

spot_img

თეა ზივზივაძე
სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

დღეს, გლობალური თანაცხოვრების წესის აქტიურად დამკვიდრების პროცესში, ინტერესი კულტურული მრვალფეროვნებისადმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. კულტურული მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი და ცხოვრების რეალობაა. დღეს, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ქვეყანა, სადაც, თუნდაც ერთი, კულტურული უმცირესობა არ არსებობდეს. კაციობრიობა არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. დღეს კი, გლობალიზაციის პროცესმა მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან მსოფლიოს ცალკეული ნაწილები და ეს მრავალფეროვნება უფრო თვალსაჩინო გახადა. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნებაც ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრეა. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მას, ღირსეულად გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რაც ურთიერთპატივისცემასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს. თითოეული მოქალაქე ძალას არ იშურებს, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, თანასწორი იყოს; ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ჩართული იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ეს ჩართულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათლების სფეროში.

ჯეიმს ა. ბენკსისა და ჩერი მაკგი ბენკსის ავტორობით გამოცემულ წიგნში „მულტიკულტურული განათლება. საკითხები და პერსპექტივები“ განმარტებულია მულტიკულტურული განათლების იდეა, რაც, ნაშრომის ავტორთა აზრით, მდგომარეობს შემდეგში: ყველა მოსწავლისთვის (სტუდენტისთვის), განურჩევლად მათი გენდერული, ეთნიკური, რასობრივი, კულტურული, ლინგვისტური, სოციალური, რელიგიური და .. კუთვნილებისა, გარანტირებული უნდა იყოს განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და თანასწორობა სკოლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, განსხვავებული იდენტობების მქონე მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარანტირებული თანასწორობის ურყევი განცდა. მულტიკულტურული განათლების, ასევე, ამ სფეროს რეფორმის, მიზანია სკოლების იმგვარი ტრანსფორმაცია, რაც საშუალებას მისცემს ორივე სქესის მოსწავლეებს, რომლებიც, ამავე დროს, სხვადასხვა კულტურულ, ენობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ჰქონდეთ სწავლაში წარმატების თანაბარი შანსი. ამ თვალსაზრისით, მულტიკულტურული განათლების რეფორმის ერთერთ ძირითად იდეად, რომლის განხორციელებაც გადაუდებელი საჭიროებაა, უნდა განისაზღვროს სკოლებში (სასწავლებლებში) გარკვეული ნიშნით მოსწავლეთა დომინანტური ჯგუფების არსებობის პრაქტიკის ნიველირება. მულტიკულტურული განათლება არის უწყვეტი პროცესი, რადგან, საკმაოდ იდეალიზებული მიზნებით, ის ცდილობს, განახორციელოს განათლების თანასწორობა და აღმოფხვრას დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინება.

მინდა, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მაგალითზე გესაუბროთ. ბოლო წლების სტატისტიკურმა მონაცემებმა და რეალურმა ფაქტებმა დაგვანახვა შემდეგი სურათი: მულტიკულტურულ საქართველოში ეთნიკურად სომხური, აზერბაიჯანული თუ ბერძნული ოჯახები ცდილობენ, თავიანთი შვილები დაარეგისტრირონ და მიიყვანონ ქართულ საგანმანათლებლო სკოლებში, სადაც ისინი ქართულს შეისწავლიან, როგორც მშობლიურ – პირველ ენას და არა, ქართულს – როგორც მეორე ენას, რაც ძალიან სასიხარულო და ნიშანდობლივი მოვლენაა.

მაგალითისთვის მოვიყვან სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლას, რომელიც ნათელი დადასტურებაა იმისა , თუ როგორ უსაფრთხოდ, ერთსულოვნად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები. ამაში დიდი წვლილი თავად სკოლის დირექციას და მასწავლებლებს მიუძღვით, რომლებიც არ იშურებენ ძალ-ღონეს, რათა კლასებში დამკვიდრდეს ჰარმონია, მიუხედავად მათი ეთნიკურობისა თუ აღმსარებლობისა. მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს, გაიგონ, გამოიკვლიონ და განსაზღვრონ, თუ რა გავლენას ახდენს საგნის/დისციპლინის ფარგლებში არსებული იმპლიციტური კულტურული ვარაუდები, მინიშნებათა ჩარჩოები, პერსპექტივები, წინასწარი შეხედულებები ცოდნის აგების, კონსტრუირების გზებზე. ჩვენთან საგაკვეთილო პროცესები მრავალფეროვანია, შინაარსობრივად ინტეგრირებულია, რაც იმას მიშნავს, რომ მასწავლებლები, სწავლა-სწავლების პროცესში, ხშირად ვიყენებთ მაგალითებს მრავალფეროვანი კულტურებიდან. ასევე, პრიორიტეტულია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მიღწევებში ბალანსის დაცვა. განსხვავებულ ეთნიკურ და რასობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების და მოსწავლეების ურთიერთქმედების პოზიტიური მაგალითები მიჩნეულია სკოლის კულტურის შექმნის ეფექტურ საშუალებად, რაც თანაბარუფლებიანს ხდის განსხვავებული რასობრივი, ეთნიკური და გენდერული იდენტობის მქონე მოსწავლეებს.

როდესაც სკოლის კურიკულუმისა და სასკოლო განათლების (სწავლა-სწავლების) შინაარსი სრულ შესატყვისობაშია მულტიკულტურული განათლების პრინციპებთან და ამოცანებთან, მაშინ მოსწავლეების მხრიდან განსხვავებული შეხედულებების შეთვისება, გაზიარება ან მიღება ხდება ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ამ შემთხვევაში, განსხვავებული შეხედულებებისა და წარმოდგენების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შენარჩუნება აღარ ვლინდება მიუღებელი და სხვისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით. სწორედ ეს არის მულტიკულტურული განათლების კეთილშობილური მიზანი, რომლის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელი. სწორედ ამ კეთილშობილური მიზნების მატარებელია სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლა, რომელიც მულტიკულტურული განათლების სანიმუშო მაგალითია სხვა სკოლებისთვის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები