გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.
ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას. ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას.
ბავშვზე მორგებული ქალაქდაგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება. ვინაიდან ბავშვის განვითარებისთვის თამაშის უფლება ფუნდამენტურია, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს თამაშის ან გარე აქტივობების დროს.
ბავშვზე მორგებული ქალაქის დაგეგმარება ფოკუსირებულია საზოგადოების უსაფრთხოების ზრდაზე გარემოსდაცვითი დაგეგმვის, დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ის ითვალისწინებს განათების, ლანდშაფტის, ხილვადობის, ბუნებრივი ხელმისაწვდომობისა და მეთვალყურეობის გაუმჯობესებას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობს სივრცის საჯარო გამოყენებას, ასევე უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფას სკოლამდე და უკან.
„გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ მათი გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას,” – ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
„ამ ტრაგიკული შემთხვევიდან შესაბამისი გაკვეთილების გამოტანაა საჭირო. არსებულ საჯარო სივრცეებში ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი უსაფრთხოების ზომები და აშენდეს ახალი სივრცეები, ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით.
იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს, საქართველოს ქალაქები ბავშვებზე მორგებული უნდა იყოს,“ – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.