28 ნოემბერი, სამშაბათი, 2023

მრავალფეროვანი განათლება

spot_img

თამარ შაღაშვილი

სსიპ ქალაქ თბილისის №132 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი

როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი განსხვავდება მეორისგან, ყველა თავისებურ მოვლას მოითხოვს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასევე განსხვავდება ერთიმეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც.                                  დიმიტრი უზნაძე

                                                                             

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

2004 წელს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც პრიორიტეტად იქნა აღიარებული ინკლუზიური სწავლის დანერგვა და განვითარება. ინკლუზიური განათლება მოიაზრებს თითოეული ბავშვის თანაბრად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, საზოგადოებაში, სოციუმში, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა,ფიზიკური თუ გონებრივი შეზღუდვისა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, შშმ და სსმ მოსწავლეების მაქსიმალურად ინტეგრირება საზოგადოებაში, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება და, რაც მთავარია, დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადება.

სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ პედაგოგობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა.სკოლის თითოეულ წევრი თანაბრად უნდა ვიყოთ ჩართული ინკლუზიური განათლების განვითარებაში.განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა კლასში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ყოლა, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს ის ინკლუზიას სასწავლო პროცესში, საზოგადოებაში და რამდენად შეძლებს სკოლის თითოეული წევრი მათ მიმღებლობასა და სასკოლო,საზოგადო ინკლუზიის ხელშეწყობას.

სწავლების თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა დიფერენცირებული სწავლება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, მრავალფეროვან  შესაძლებლობას იძლევა ფართოდ დაინერგოს ინკლუზიური სწავლება.

როგორც სპორტის მასწავლებელი, ვცდილობ გაკვეთილი გავამდიდრო ისეთი აქტივობებით, რომლებიც საშუალებას მომცემს თანაბრად ჩავრთო და განვავითარო მოსწავლეების ფიზიკური უნარები. ფიზიკური აქტივობა არის პროცესი, რომელშიც ბავშვი ჩართულია თავისი დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში და ეს ჩართულობა გამოიხატება სწავლის, დასვენების, ვარჯიშის, თამაშისა და ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობის სახით.

როდესაც ბავშვი მოძრაობს, მისი გონება და სხეული მთლიანად ჩართულია ამ პროცესში. ფიზიკური აქტივობა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ფიზიკური რეაბილიტაციის და სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ, სადაც გათვალისწინებულია მათი შესაძლებლობები, დასახულია წლიური სასწავლო მიზნები და ასევე გათვლილია მოსწავლის აკადემიური წინსვლა.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ადაპტირებული აქტივობა, რაც დაგეხმარებათ, რომ გაკვეთილი იყოს აქტიური და ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთოს, მიუხედავად მათი შესძლებლობებისა.

ჩოქოლა ბურთი-მსხვილი კუნთების განვითარებისთვის.

მოთამაშეები ირჩევენ მორბენალს, რომელიც დგება წრის ცენტრში, თვითონ დაიჩოქებენ ერთმანეთისგან 2 – 3 ნაბიჯის მოშორებით და უგდებენ ბურთს გვერდით დაჩოქილ ამხანაგს ისე,რომ ბურთი ძირს არ დავარდეს. მორბენალი დადის წრეში, რომ ძირს დავარდნილი ბურთი ხელთ იგდოს და თუ ბურთი ხელში ჩაიგდო,მაშინ ის იკავებს მის ადგილს, ვისაც ბურთი ხელიდან გაუვარდა. ეს უკანასკნელი კი მიდის მორბენლად. გამარჯვებულია ის მოთამაშე,რომელსაც ბურთი ხელიდან არცერთხელ არ გაუვარდება.

მოახვედრე მიზანში – ხელის კუნთების გაუმჯობესება, თითებზე სხვადასხვა შეგრძნების მიღება და აღქმა

მოსწავლემ სხვადასხვა სიმაღლეზე, მანძილზე უნდა ისროლოს სხვადასხვა ზომის და შემადგენლობის (მაგ., ნაჭრის, პლასტმასის, რეზინის) ბურთები.

იატაკის კალათბურთი – ზურგის და მუცლის კუნთების განვითარებისთვის.

ყველა ბავშვი იატაკზე ზის და ისვრის ბურთს შემდეგი თანმიმდევრობით – ჯერ მსუბუქს და შემდეგ – მძიმე ბურთს.

ბურთის გადაცემა თავს ზემოთ-წონასწორობის,ზურგისა და ხელის კუნთების განვითარებისთვის

კლასი გაყოფილია ორად და მოწყობილია კოლონებად. პირველ მოთამაშეებს ხელში უჭირავთ ბურთები. მასწავლებლის ნიშანზე იწყებენ ბურთის გადაცემას თავს ზემოთ, ბოლო მოთამაშისაკენ. როდესაც ბოლო მოთამაშე მიიღებს ბურთს, გარბის, შემოურბენს დგარებს, მიირბენს კოლონასთან, დადგება კოლონის თავში და ისევ გადასცემს ბურთს თავს ზევით მოთამაშეს და ა.შ. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დაამთავრებს თამაშს. თამაშის წესებით, ბურთის თავს ზემოთ გადაწოდება ორი ხელით ხდება, მოთამაშის გამოტოვება არ შეიძლება, ბურთის გადაგდება არ შეიძლება.

გამოყენებული ლიტერატურა:

თამარ გოგოშიძე, თინათინ ჭინჭარაული – „ინკლუზიური განათლების პრინციპები“; საქართველო: ,,ნეკერი”, 2008.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი28, 20.11.1989

სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებლებისათვის.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები