27 ივლისი, შაბათი, 2024

მოტივაციის პროცესების მართვა

spot_img

ეკა სეფიაშვილი

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

მოტივაციას განიხილავენ როგორც შეძენილ ფენომენს, რომელიც შეიძლება დროთა განმავლობაში განვითარდე და შეიცვალოს სწავლის, სხვა გარემოებებისა და გამოცდილების შედეგად. მაგალითად, სასწავლო გარემოს ასპექტებმა შეიძლება გამოიწვიოს და შეინარჩუნოს მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და ინტერესი სწავლის მხარდასაჭერად. მოტივაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწავლისთვის როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სასწავლო გარემოში და სამომავლო მიზნებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე.

რა ახდენს გავლენას სწავლის მოტივაციაზე?

♦ საკუთარი შეხედულებები და ღირებულებები;

♦ სწავლის მიზნების როლი;

♦ სოციალური და კულტურული ფაქტორები.

მოტივაციის მთავარი ფაქტორია ინდივიდის აზროვნება, ღირებულებებისა და რწმენის ერთობლიობა, საკუთარ თავსა და სამყაროზე, რაც გავლენას ახდენს რეალურ სამყაროში მოქმედებასა და ინტერპრეტირებაზე. აზროვნება ვითარდება, როგორც გამოცდილებისა და კულტურული გავლენის ფუნქცია. აზროვნებასთან დაკავშირებული კვლევები შაბლონებზეა ფოკუსირებული, თუ როგორ აღიქვამენ მოსწავლეები სწავლის მიზნებს და როგორ აკეთებენ არჩევანს, თუ როგორ მიმართონ ყურადღება და ძალისხმევა სწავლისკენ, რაც, თავის მხრივ, მათ აკადემიურ მიღწევას აუმჯობესებს (ვაშინგტონი, DC: ეროვნული აკადემიების პრესა. https://doi.org/10.17226/2478).

მკვლევრები ცდილობდნენ, გაეერთიანებინათ მრავალი კონცეფცია, რათა ჩამოეყალიბებინათ მოტივაციური პროცესების და მათი ზემოქმედების უფრო სრულყოფილი ახსნა. მაგალითად, მკვლევრები, რომლებიც  მოტივაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებს სწავლობენ, მოტივაციას განიხილავენ, როგორც ფსიქოლოგიური მექანიზმებისა და პროცესების ერთობლიობას, როგორიცაა მიზნების დასახვა, სწავლაში ჩართულობა და თვითრეგულირების სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლეთა იდეების საკუთარი კომპეტენციის შესახებ, მათი ღირებულებებისა და ადრე არსებული ინტერესების გავლენაზე (Kanfer, 2015).

გიზიარებთ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მოსწავლეებში მამოტივირებელი პროცესების განვითარებაზე

⇑⇓ თვითეფექტურობა

როდესაც მოსწავლეები წარმატებას ელიან, უფრო მეტ ძალისხმევას იჩენენ კარგად მუშაობისთვის. თვითეფექტურობის თეორია, რომელიც ჩართულია მოტივაციისა და სწავლის რამდენიმე მოდელში, ამტკიცებს, რომ საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების აღქმა გადამწყვეტია დავალების შესასრულებლად ან სხვა მიზნების მისაღწევად (ბანდურა, 1977). თვითეფექტურობა მოსწავლეებს ეხმარება შესაბამისი მიზნების დასახვასა და რთული მიზნების ქვემიზნებად დაყოფაში. საკუთარი კომპეტენციის გრძნობა კი აძლიერებს ინტერესსა და მოტივაციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გააკეთონ არჩევანი სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებით.

⇑⇓ მოლოდინი-ღირებულებები

მოლოდინი-ღირებულების თეორიებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ ირჩევენ მოსწავლეები მიზნებს, მათი შეხედულებებიდან გამომდინარე. ღირებულების ცნება მოიცავს მოსწავლეთა მოსაზრებებს:

  1. სასარგებლოა თუ არა თემა ან დავალება სასწავლო ან ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად;
  2. თემის ან ამოცანის მნიშვნელობა მოსწავლის იდენტობის ან საკუთარი თავის განცდისთვის;
  3. არის თუ არა დავალება სასიამოვნო ან საინტერესო;
  4. ღირს თუ არა დავალების შესრულება.
⇑⇓ ინტერესი

მოსწავლეთა ინტერესი მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ ამ ინტერესების დაკმაყოფილება, მატრიცების შემუშავებისა და სასწავლო რესურსების შერჩევისას. ინტერესი ასევე მნიშვნელოვანია ზრდასრულთა სწავლისადმი დამოკიდებულების მიმართ, რადგან მოსწავლეებმა და მსმენელებმა, რომლებსაც მცირე ინტერესი აქვთ თემის მიმართ, შეიძლება გაკვეთილზე ან ლექციაზე არდასწრების მაღალი მაჩვენებელი და შესრულების ხარისხის დაბალი დონე აჩვენონ. მაგალითად, როდესაც მოსწავლეთა ინტერესი დაბალია, ისინი ნაკლებად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, ვერ აცნობიერებენ სასწავლო მიზნებს და ავლენენ მინიმალურ ყურადღებასა და ძალისხმევას.

მასწავლებლებს, რელევანტური რესურსების შერჩევით, შეუძლიათ გააძლიერონ სტუდენტების ინტერესი უკუკავშირის მიწოდებით, რაც ხელს შეუწყობს საკუთარი ინტერესის დემონსტრირებას თემის მიმართ და მოსწავლეებს პოზიტიურ განწყობას გამოუმუშავებს სასწავლო კონტექსტების მიმართ.წარმატების შემდეგ კი, მიღებული ქება სტუდენტების შემდგომი მიღწევების მოტივაციაზე ახდენს გავლენას.

⇑⇓ არჩევნის ეფექტი

როდესაც მოსწავლეებს სჯერათ, რომ შეუძლიათ კონტროლი სასწავლო გარემოზე, ყველა სირთულის გამოწვევების მიმღებლები ხდებიან (National Research Council, 2012c). მტკიცებულებების თანახმად, სწავლების დროს, არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა ხელს უწყობს ავტონომიას, მოტივაციას და, საბოლოოდ, სწავლასა და მიღწევას.

⇑⇓ მიზნების მნიშვნელობა

მიზნები – მოსწავლის სასურველი შედეგები – მნიშვნელოვანია სწავლისთვის, რადგან მიზნები მართავს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა დოზის ძალისხმევა და ყურადღება უნდა გამოიჩინოს ინდივიდმა კონკრეტული აქტივობების შესასრულებლად, წარმატებული შედეგისთვის.

მკაფიო და კონკრეტული მიზნების არსებობა, რაც რთულია, მაგრამ მართვადი, დადებითად მოქმედებს სწავლის მოტივებზე. სასწავლო მიზნების მქონე მოსწავლეები, სწავლის პროცესში, ყურადღებას ამახვილებენ ახალი ინფორმაციის ტრანსფერზე არსებულ ცოდნასთან, რაც ხელს უწყობს ღრმა სწავლასა და გრძელვადიან მეხსიერებას.

აკადემიური მიზნები ყალიბდება არა მხოლოდ უშუალო სასწავლო კონტექსტით, არამედ მოსწავლეთა მიზნებითა და გამოწვევებით, რომლებიც ვითარდება და იცვლება. ნებისმიერ დროს, ინდივიდს აქვს მიღწევასთან, მიკუთვნებულობასთან, იდენტობასთან, ავტონომიასა და კომპეტენციის განცდასთან დაკავშირებული, მრავალი პიროვნული, კულტურული თუ სუბიექტური მიზანი. მოზარდობის პერიოდში, მაგალითად, სოციალური მიკუთვნებულობის მიზნები შეიძლება პრიორიტეტული იყოს აკადემიური მიღწევების მიზნებთან მიმართებაში. ახალგაზრდებმა შეიძლება განიცადონ მეტი მოტივაცია და გაიუმჯობესონ სწავლა ჯგუფურ კონტექსტში, რაც ხელს უწყობს კოლაბორაციას. აკადემიური მიღწევების მიზნები, ასევე, დაკავშირებულია კარიერულ მიზნებთან და შეიძლება საჭირო გახდეს მათი ადაპტირება, დროთა განმავლობაში. მაგალითად, მოზარდს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ექიმი, მაგრამ ვერ სძლევს საბაზისო მეცნიერების კურსს, შეიძლება მეცნიერების სწავლის ახალი სტრატეგიების ძიება და პროფესიული მიზნების ცვლილება დასჭირდეს.

⇑⇓ სოციალური იდენტობა და მოტივაციის პროცესები

იდენტობას აქვს როგორც პიროვნული, ისე სოციალური განზომილებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინდივიდის მიზნებისა და მოტივაციის ჩამოყალიბებაში. იდენტობის პიროვნული განზომილებები, როგორც წესი, არის თვისებები (მაგ., იყო ზედაპირული ან ჭკვიანი) და ღირებულებები (მაგ., მტკიცედ იყო ერთგული რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის მიმართ). ინდივიდები მიდრეკილნი არიან ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათ სოციალურ იდენტობასთან აკავშირებთ, რაც კუთვნილების და პატივისცემის განცდას უვითარებთ და სოციალურ ჯგუფში ინტეგრაციაში ეხმარებათ. ეს ინტეგრაცია ხშირად გულისხმობს ამ ჯგუფის მიერ შეფასებული კონკრეტული ცოდნის, მიზნებისა და პრაქტიკის მიღებას. იდენტობის განზომილებები დინამიურია, მოქნილი და ძალიან მგრძნობიარე იმ სიტუაციების მიმართ, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდებიან. ეს ნიშნავს, რომ პიროვნების იდენტობა, ნებისმიერ მომენტში, დამოკიდებულია გარემოებებზე. რიგი კვლევები მიუთითებს, რომ პოზიტიური იდენტიფიკაცია რასობრივ ან ეთნიკურ იდენტობასთან ხელს უწყობს სკოლის კუთვნილების განცდას, ასევე დიდ ინტერესს, ჩართულობასა და წარმატებებს აკადემიურ საქმიანობაში.

⇑⇓ სტერეოტიპული საფრთხე

აკადემიურ გარემოში შეფასების გამოცდილებამ შეიძლება გაზარდოს თვითშემეცნება, მათ შორის იმ სტერეოტიპების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ ჯგუფთან, რომელსაც მოსწავლე მიეკუთვნება (Steele, 1997). სოციალური იდენტობის გავლენა მოტივაციასა და სწავლის პროცესზე შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ ნეგატიურმა სტერეოტიპებმა შეიძლება ადამიანების შემეცნებითი აქტივობების არასრული შესრულება გამოიწვიოს (Steele et al., 2002; Walton and Spencer, 2009). ეს ფენომენი ცნობილია, როგორც სტერეოტიპული საფრთხე, არაცნობიერი შეშფოთება/აღელვება იმის შესახებ, რომ სტერეოტიპი სოციალური ჯგუფის შესახებ შეიძლება მიიღოს საკუთარ თავზე ან შეიძლება გააკეთოს რაიმე არასასურველი კონკრეტული სტერეოტიპის დასადასტურებლად (Steele, 1997). სტელიმ აღნიშნა, რომ სტერეოტიპული საფრთხე, სავარაუდოდ, ისეთ სასწავლო გარემოშია, სადაც ინდივიდები განსაკუთრებით მოტივირებულები არიან.

მოკლევადიან პერსპექტივაში, სტერეოტიპის საფრთხემ შეიძლება შფოთვა და ყურადღების მოდუნება გამოიწვიოს (Pennington et al., 2016). სტერეოტიპის საფრთხეს, ასევე, შეიძლება გრძელვადიანი მავნე ზემოქმედება ჰქონდეს, რადგან ამან შეიძლება მოზარდი მიიყვანოს დასკვნამდე, რომ მომავალში აღარ იქნება წარმატებული (Aronson, 2004; Steele, 1997). ვარაუდობენ, რომ სტერეოტიპული საფრთხის გრძელვადიანი ეფექტები შეიძლება ხანგრძლივი მიღწევების ხარვეზების ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

სტერეოტიპული საფრთხის მართვა მოითხოვს სოციალური იდენტობის განზომილებების გაძლიერებას ან რეპოზიციას. ამ ტიპის ინტერვენციები ამცირებს სტერეოტიპული საფრთხის აღქმას ან შესაძლებელია აღმოფხვრასაც (Aronson et al., 2001; Good et al., 2003). შესაძლებლობა, შეახსენო პიროვნებას იდენტობის განზომილებების სრული დიაპაზონი, ხელი უწყობს სტერეოტიპული საფრთხეების მიმართ პრევენციას. აღსანიშნავია, რომ ინტერვენციები, რომლებიც სტერეოტიპის საფრთხეს უკავშირდება, მიზნად ისახავს და მხარს უჭერს იდენტობას და არა თვითშეფასებას. თუმცა, მკაფიო უკუკავშირი, რომელიც აყალიბებს მაღალ მოლოდინებს და არწმუნებს სტუდენტს, რომ შეუძლია მიაღწიოს ამ მოლოდინებს, ასევე მნიშვნელოვანია. როდესაც მოსწავლეები ელიან წარმატებას, უფრო მეტად აფასებენ სასწავლო მიზნებს, აგრძელებენ სირთულეებთან ჭიდილს და აღწევენ მაღალ შედეგს. ჩართულობა და შინაგანი მოტივაცია ვითარდება და იცვლება დროთა განმავლობაში – ეს არ არის მხოლოდ ინდივიდის ან გარემოს თვისებები.

სწავლის მოტივაციაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელსაც ინდივიდები ქმნიან მათი ცხოვრებისეული და სასკოლო გამოცდილების შედეგად და სოციოკულტურული კონტექსტი, რომელშიც მიმდინარეობს სწავლა.

სწავლის მოტივაცია ხელს უწყობს ყველა ასაკის მოსწავლეს, აღიქვას სკოლა ან სასწავლო გარემო ადგილად, რომელსაც „ეკუთვნის“ და ამგვარად უძლიერდება მიზანდასახულობის გრძნობა.

ჩვენი, მასწავლებლების, ვალდებულებაა, მოსწავლეებს სასურველი სასწავლო მიზნების გააზრებასა და მართვაში დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ მათში საკუთარი კომპეტენციის განცდის განვითარებას, რათა შეძლონ სწავლის პროგრესის ამოცნობა, მონიტორინგისა და შესაბამისი სტრატეგიის გამოყენებით; შევუქმნათ ემოციურად დამხმარე და უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და დაფასებულად იგრძნობენ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები