ინა ბიწაძე
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„თუ ემოციებს ყუთში შეინახავ, ერთ დღეს რომ გახსნი, ნახავ, რომ ისინი აღარ არიან“ [მ.დ. არნოლდი]
სოციალურ-ემოციური უნარების დეფიციტი ინდივიდის დაბალ თვითშეფასებასა და ურთიერთობის პრობლემებს წარმოშობს. ამ სირთულეებთან ბრძოლა ქართული სკოლების ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს. თუ სკოლა სწორად დაგეგმავს ამ მიმართულებით მუშაობას, გამოიყენებს ყველა შესაძლებლობასა და რესურსს, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ თვითკონტროლის, ჯანსაღი კომუნიკაციის, კონფლიქტის მოგვარების უნარები, შესაძლებელია მოზარდი გავხადოთ ემპათიური, ვასწავლოთ ემოციების მართვა, ავუმაღლოთ სოციალური ცნობიერება, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ვასწავლოთ თვითრეგულაცია. ეს ის ძირითადი ასპექტებია, რომელთა განვითარებაზე სკოლამ და ოჯახმა შეთანხმებულად უნდა იზრუნონ. ადამიანის წარმატება ხომ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ უნარებზე.
ინტერნეტ სივრცეზე მიჯაჭვულობა და ეგრეთ წოდებული „ემოჯით“ გამოხატული ემოცია, ფიზიკურ კონტაქტს მოკლებული ურთიერთობა, გვაქცევს საბრალო ადამიანებად, რომელთაც ჰგონიათ ცხოვრობენ, სინამდვილეში კი ყველაფერი ვირტუალური ილუზიაა. ტექნოლოგიების საუკუნე განვითარებასთან ასოცირდება, თუმცა საფრთხეები და გამოწვევებიც ახლავს თან, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ადამიანები სახლებში გამოკეტა და იძულებული გახადა, საზოგადოებას დისტანციური კომუნიკაციის გზები გამოეძებნა. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეაფერხა მოზარდის სოციო-ემოციური განვითარება, რაც საზოგადოებასთან ინტერაქციის გარეშე შეუძლებელია. თანდათან რთულდება ცხოვრების ჩვეული წესების შეცვლა, რაიმე ახლით ჩანაცვლება, ამას პედაგოგების დიდი ძალისხმევა სჭირდება. ცნობილია, რომ „ცვლილებები მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ, საკუთარი ჩვევების საწინააღმდეგო მიმართულებით ვიწყებთ სვლას“ (პაოლო კოელიო).
სოციალური განვითარება უყალიბებს ბავშვს უნარს, დაამყაროს ურთიერთობა გარემოსა და გარშემომყოფებთან, ხოლო ემოციური განვითარება ეხმარება მოზარდს, შეძლოს საკუთარი და სხვისი გრძნობების გაგება, გამოხატვა, თანაგრძნობა და სათანადო რეაგირება. აქვე ისიც უნდა გავიაზროთ, რომ „ჭეშმარიტი თანაგრძნობა არ ნიშნავს უბრალოდ სხვა ადამიანის ტკივილის შეგრძნებას, არამედ -მისი აღმოფხვრის მოტივირებას“ (დანიელ გოლემანი).
ერთ-ერთი გზა პრობლემის პრევენციისთვის არის არაფორმალური განათლების შეთავაზება მოსწავლეებისთვის. კერძოდ, ლიტერატურული კლუბის მუშაობის ფარგლებში, არასაგაკვეთილო ფორმატში, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების გამოყენება სოციალიზაციის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ლევ ვიგოტსკის სოციალურ-კულტურული თეორიის თანახმად, სოციალური ურთიერთობა, კულტურული ინსტრუმენტები და საქმიანობა განაპირობებს ინდივიდუალურ განვითარებასა და სწავლას.
ლიტერატურული კლუბის კურატორ მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომელიც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სოციო-ემოციურ განვითარებას, მათ თვითშემეცნებას ყური მიუგდონ სოციალური სინდისის ხმას, სხვისი აზრისა და გრძნობების იდენტიფიცირებასა და გაგების სწავლას, რათა შეძლონ თანაგრძნობა, ასერტული კომუნიკაცია, მონახონ სტრესულ-ტრავმული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები; გამოიჩინონ შეუპოვრობა, რათა წინააღმდეგობების მიუხედავად, შეძლონ მოქმედების გაგრძელება გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად; თანამშრომლობა ადამიანთა ჯგუფებთან საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის; თვითმართვა— საკუთარი ემოციების ამოცნობა, გადაწყვეტილებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით; შედეგების შეფასება; პირადი ურთიერთობის უნარი; მოლაპარაკება კონფლიქტების მოსაგვარებლად; წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეუსაბამო სოციალური ზეწოლის მიმართ; დახმარების თხოვნის უნარი საჭიროების შემთხვევაში.
იმისათვის, რომ სოციო-ემოციური სწავლება ეფექტური იყოს მკითხველთა კლუბის შეხვედრებზე, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას. პირველ რიგში, თემატური გეგმის გაწერისას, კლუბის კურატორმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც იქნება მორალურ-ეთიკური, ზნეობრივი პრობლემები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გამოვიყენოთ მეთოდები და აქტივობები, რომელთა განხორციელებაც დადებითად აისახება მოსწავლეთა სოციო-ემოციურ განვითარებაზე.
შევთავაზოთ მოსწავლეებს აწარმოონ „ემოციური ჟურნალი“, სადაც გააკეთებენ ჩანაწერებს პერსონაჟთა ემოციური მდგომარეობის შესახებ, დაახარისხებენ დადებითი და უარყოფითი ემოციების გამომწვევ ფაქტორებს, ჩაუღრმავდებიან რა იწვევს ემოციურ დისკომფორტს, წერილობით იმსჯელებენ როგორ შეიძლება შევცვალოთ პერსონაჟის ქცევა, რათა კონკრეტულ სოციო-კულტურულ გარემოში თავიდან ავაცილოთ კონფლიქტები და უარყოფითი ემოციები.
შესაძლებელია მოსწავლეებს „ემოციური დღიურის“ წარმოებაც დავავალოთ თავიანთ ემოციებზე დაკვირვებისა და ანალიზის მიზნით. დღიური დაეხმარება მათ გახსნაში, მისცემს ემოციის განდობის, გამომჟღავნების, თვითჩაღრმავების შესაძლებლობას. რაც უნდა გახდეს საკუთარი ემოციის სხვასთან გამოხატვის ბიძგიც.
„გამოუთქმელი ემოციები არასოდეს კვდებიან. ისინი ცოცხლად დაკრძალეს და მოგვიანებით უარესი გზებით გამოდიან“ (ზიგმუნდ ფროიდი). ჩვენ კი, გვინდა უკეთესი გზები ვასწავლოთ მოზარდებს, რათა ემოციები ცოცხლად არ დაიკრძალოს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია, საკლუბო მუშაობის ფარგლებში, ლიტერატურა გამოიყენოს იმის ასახსნელად, რომ კონფლიქტები, დაძაბულობა, გამოჯავრება, სხვისთვის ტკივილის მიყენება, დაცინვა ყველა ადამიანის განვითარებაზე მძიმედ აისახება, მოზარდს კი განსაკუთრებით ანადგურებს, შესაძლოა მის ცხოვრებას მძიმე დაღად დაესვას.
ბავშვი, რომელიც მუდმივად იმყოფება სტრესში, რაც ხშირად გამოწვეულია თანატოლთა დაცინვით, ვერასოდეს გახდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, მისი თვითშეფასება დაეცემა და თვითრეალიზებას ვერასოდეს შეძლებს.
როცა მოსწავლეებში არასასურველი სოციალური ქცევა აღმოვაჩინე, რაც ერთმანეთის გარეგნობის არაჯანსაღ კრიტიკას შეიცავდა, გადავწყვიტე, ლიტერატურულ კლუბში რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“ წაგვეკითხა, სადაც მათი თანატოლის, უჩვეულო სახის ბიჭის, ავგუსტ პულმანის, ისტორიაა მოთხრობილი. ჩემი მიზანი იყო ბიჭის ემოციები მათი სულის ფაქიზ სიმებს შეხებოდა, რათა სამუდამოდ დამახსოვრებოდათ რას გრძნობენ რაღაცით განსხვავებული ადამიანები, როცა მათ ჩვეულებრივებად არ აღიქვამენ. ბედნიერი ვიყავი, როცა მათი დისკუსია მოვისმინე, სადაც მკაფიოდ დააფიქსირეს აზრი, რომ გარეგნობა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დასაცინი არ უნდა გახდეს. დიახ, მათ შეიცვალეს შეხედულებები, წიგნმა უბიძგათ გამხდარიყვნენ უკეთესი ადამიანები. მათი „ემოციური ჟურნალი “კი საუკეთესო ჩანაწერებით შეივსო.
ძალიან კარგია, თუ მოსწავლეებს საკლუბო მუშაობისას ვთხოვთ „პოზიტიური მოგონებების რვეულის“ წარმოებას, სადაც ისინი ჩაიწერენ რა გამოცდილებამ გამოიწვია მათში პოზიტიური განცდა, მადლიერების, სიყვარულის, სიხარულის შეგრძნებები. აქვე მიეცემათ შესაძლებლობა, გააკეთონ ჩანახატები თუ გრაფიკული გამოსახულებები პოზიტიური განწყობის გადმოსაცემად. ასეთი მოგონებები დადებითი ემოციების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა. „როდესაც მტკივნეულ ემოციებს ვგრძნობთ, ვანესთეზირებთ დადებით ემოციებს“. ნეგატიური განცდების გაჩენის დროს მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შეძლონ გაცნობიერება და მათგან გათავისუფლება სოციალურად მისაღები ფორმით, რაშიც ერთ-ერთი დამხმარე „პოზიტიური მოგონებების რვეულის“ გადახედვა იქნება.
უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებს ვასწავლოთ ადაპტაციური სოციალური ქცევა, რაც გულისხმობს ბავშვის უნარს, შეეგუოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც უწევს ურთიერთობა, სიტუაციებს, რომელშიც იმყოფება. საჭიროა ბავშვმა გამოამჟღავნოს ნდობა, გასაგებად და თავდაჯერებულად გამოხატოს თავისი სურვილები და განცდები, ამავე დროს, გაუგოს სხვას. ეს ასპექტი მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების განვითარებასთან, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის სხვადასხვა პოზიციიდან დანახვისა და შეფასების უნარს. სხვისი როლის, პოზიციის გათავისების უუნარობა მოსწავლეს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანების თვალთახედვიდან, იყოს ემპათიური სხვის მიმართ. ლიტერატურულ კლუბში გამართული იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო მოსწავლეებს დაეხმარება სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში.
საკლუბო შეხვედრისთვის, არაფორმალურ გარემოში მოვაწყოთ სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული სასამართლოს ფიზიკურ გარემოსთან. მოსწავლეები ითანამშრომლებენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის შესაბამისი კანონების, დამხმარე მასალების გამოსაყენებლად. სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ ნაწარმოები, წარმოიდგინონ, რომ დამნაშავე გმირი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდა. გაინაწილონ როლები: მოსამართლე, ბრალმდებელი, ადვოკატები, ნაფიცი მსაჯულები, მოწმეები, უფლებადამცველები, დამნაშავე, დაზარალებული, დამნაშავე მხარის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები. როლიდან გამომდინარე, ყველამ უნდა მოამზადოს შესაბამისი გამოსვლა.
უნდა გაითვალისწინონ, ასევე, სასამართლო პროცესის თანმიმდევრობა, იმსჯელონ ორივე მხარის ქმედებებზე და განაჩენი გამოიტანონ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. თუ სასამართლომ გამოიტანა „ნამდვილი სასამართლოს“ მოსალოდნელი გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული განაჩენი, უნდა იმსჯელონ რით იყო ეს განპირობებული.
„ჩვენ საშიშები ვართ, როდესაც არ ვიცით ჩვენი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ ვიქცევით, ვფიქრობთ და ვგრძნობთ თავს“ (მარშალ ბ. როზენბერგი).
ლიტერატურული სასამართლოების გამართვა მოსწავლეებს საზოგადოების წინაშე მეტი პასუხისმგებლობისაკენ უბიძგებს, ამავე დროს განუვითარებს XXI საუკუნის უნარებს: კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობას, თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. რაც მთავარია, ისინი ისწავლიან მოსმენას. „როდესაც თანაგრძნობით უსმენ სხვა ადამიანს, მას ფსიქოლოგიურ ჰაერს აძლევ“ (სტივენ კოვი).
ამ უმნიშვნელოვანესი უნარის დეფიციტს კი, სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი განიცდის.
ჩვენ ყველა ერთად ვქმნით გარემოს, სადაც ვვითარდებით, ამიტომ არ დაგვავიწყდეს, თავად ვიყოთ მაგალითი, მოდელი ბავშვებისათვის. გვახსოვდეს, სოციალიზაცია და ჯანსაღი ურთიერთობები დაგვეხმარება ლაღი, ბედნიერი და რეალიზებული, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მომავალი თაობის აღზრდაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ანიტა ვულფოლკი – „განათლების ფსიქოლოგია“;
ლევ ვიგოტსკის „სოციალურ-კულტურული თეორია“ ;