ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“
მთავარი აქცენტები
კატო გოგრიჭიანი
სსიპ თბილისის №102 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
თავისუფლება, შესაძლოა, ყველაზე დიდ სიმდიდრედ ჩავთვალოთ ადამიანის ცხოვრებაში. თავისუფლება არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც თითოეულ პიროვნებას აქვს საკუთარი ნებისა და სიტყვის გამოხატვის საშუალება. მუდმივ ტერორსა და დაპყრობებში მცხოვრებ თითოეულ ქართველს ერჩივნა, დაეკარგა სიმშვიდე, საცხოვრებელი ადგილი, საყვარელი ადამიანები, უარეყო მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სიმდიდრე, დოვლათი, რათა წლების განმავლობაში წართმეული და სანატრელი თავისუფლება ბოლომდე შეენარჩუნებინა. ვაჟა-ფშაველას უთქვამს: „თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა,უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი“.
საქართველოს ბედი ყოველთვის საფრთხის ქვეშ იყო. ამოსუნთქვისთვის დრო არ რჩებოდა. თურქ-სელჩუკები, მონღოლები, არაბები, რუსები, ყველას ჩვენი ქვეყნისკენ ჰქონდა თვალი მომართული. საქართველო ერთი მტრით მეორეს იგერიებდა. ერეკლე II იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით „ქართლის კეთილდღეობას“ („ბედი ქართლისა“) განამტკიცებდა, აღკვეთდა ლეკთა თარეშს, ირანისა და თურქეთისაგანაც საიმედოდ იქნებოდა დაცული და, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს გააერთიანებდა. ჩვენი სამშობლოს დაპყრობების ათვლის წერტილი და დასასრული არ არსებობს. ამ საზარელი ეპოქების დროს ქართველები მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდნენ და ზუსტად ამ თემაზე საუბრობს ჯონ ჰექსლეი ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებში „შელოცვა რადიოთი“. საინტერესოა, თუ როგორ აღიქვამს და აანალიზებს უცხოელი საქართველოს ბედს, ჩვენს მოტივებსა და ორიენტაციას. თუ ამერიკელები თავდადებულნი არიან სიმდიდრისთვის, ხოლო ევროპა – მეცნიერებისთვის, პოლიტიკისა და ხელოვნებისთვის, საქართველო “მთელი გულით“ ცდილობს, არსებობისთვის იბრძოლოს. ფულში მცურავი ამერიკელისთვის გასაოცარია „ლაყუჩებახეული კალმახების“ („ანანურთან“) გაკაჟებული ბრძოლისუნარიანობა: „ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადავიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება…“ ელის კითხვაზე, „ჩვენ კი, ჩვენ რა გვეძლევა?“, ჰექსლეი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, პასუხს ადვილად პოულობს. მას მიეცა საშუალება, ქართველი ხალხი, „ყველა მიმართულების, მდგომარეობისა და ასაკის“, შეესწავლა და მათი მიზნები და სურვილები უფრო სიღრმისეულად გაეგო. იმის მიუხედავად, რომ მან ისე კარგად არ იცოდა ჩვენი ისტორია, მაინც მიხვდა, რომ ქართველისთვის ყველაზე ღირებული არა სიმდიდრე და ფულია, არა ხელოვნება და მეცნიერება, არა „მაძღარი“ საქართველო, არამედ თავისუფლება, „მრთელი“ ქვეყანა და არსებობის დამადასტურებელი საბუთი, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია. ქართველი ყოველთვის ეძებს ამ მძაფრ, ავადმყოფურ მუდმივ წადილს ეროვნული სხეულის შესანარჩუნებლად.
ჰექსლეი მიხვდა, რომ თითოეული ქართველის სულში ამოტვიფრულია სიტყვები: „მოუარეთ საქართველოს“. ქართველი ცდილობს, ყველგან გააჟღეროს თავისი ქვეყნის სიძლიერე, სადაც კი ხმა მიუწვდება: „მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში“ („სალაღობო“), მონასტრებსა და ეკლესიებში, მჩქეფარე ნაკადულებთან, ლურჯ ზღვაში, მოწმენდილ-მოკაშკაშე ცაზე, „ქუჩაში თუ სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში“ („იყიდება საქართველო“). მათ უნდათ, რომ ეს სიტყვები ისმოდეს „შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე“, დამშრალ თერგთან“… ყველგან, რასაც შეიძლება ქართული და საქართველო ვუწოდოთ. არ არსებობს ქართველი ადამიანისთვის იმაზე ძვირფასი, ვიდრე მისი ქვეყნის თავისუფლებაა. ამიტომაც თითოეულმა ქართველმა უნდა ჩათვალოს თავისი ქვეყნის კეთილდღეობა საკუთარ მოვალეობად, რათა არ შეიქმნას სულ სხვა ახალი „ვეფხისტყაოსანი“ („მარადიული ოქროს კალმებით“), არ მივიღოთ ისეთი ქვეყანა, სადაც „ტურფა გამომხსნელს“ („ჭაღარა“) არავინ მოელის.
საქართველოს ორიენტაცია გუშინ, დღეს, ხვალ
ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „შელოცვა რადიოთი“ მიხედვით
მარიამ ქავთარაძე
საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახ. თბილისის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
„ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასაო“, – ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მოგვიწოდა ვახტანგ გორგასალმა და მას შემდეგ ვცდილობთ, სამი ყველაზე ძვირფასი საუნჯე: „მამული, ენა, სარწმუნოება“ (ილია ჭავჭავაძე) კბილებით დავიცვათ. მერვე საუკუნეში იოანე საბანისძემ განაგრძო ვახტანგ მეექვსის დაწყებული საქმე, შეგვახსენა, თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს საქართველო საქრისტიანო სამყაროში და აღნიშნა, რომ მაშინდელი ქართველობის რწმენა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. მეცხრამეტე საუკუნეში ნიკოლოზ ბარათაშვილმა გამოთქვა „გულის სიმხურვალე, მოუთმენელი, ცხარი წადილი გასწორებისა“ („საქართველოს მოამბეზედ“) და პოემაში „ბედი ქართლისა“ გვანახვა, რომ „უცხოობაში“ სიამეზე მეტი ტანჯვა იმალება და იქ, სადაც „ია და ვარდები“ („აღმართ-აღმართ“) გვეგულება, ხშირად ჭინჭარი და შარბათში გარეული საწამლავი გვხვდება.
ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“, შეიძლება, ბევრს უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი გოგონას ამბად მოეჩვენოს, ზოგსაც კი ისტორიად, რომელიც სავსეა მოულოდნელობებითა და თავგადასავლებით. ის კი ავიწყდებათ, რომ ნიკო ლორთქიფანიძე იმ ხალხთა რიცხვში შედის, რომლებსაც მოყვარესთან გაბზარული და „შიგა-და-შიგ ლაქებიანი“ („კაცია-ადამიანი?!“) სარკე მიაქვთ, რათა თვალებიდან წყლისფერი ლიბრი მოაშორონ, სინამდვილე დაანახვონ და ნაკლოვანებების შესწორებაში ხელი შეუწყონ. ვინ არის ელი? ელი „ქართველის გატაცებისა და გერმანელის თაყვანისცემის ნაყოფია“; ვინ არის ელი? ელი ელპიდაა, ოღონდ უკვე სასოება და იმედდაშრეტილი, დაუძლურებული, თვალებში სხივჩამქრალი; ვინ არის ელი? ელი საქართველოა, რომელიც გადარჩენის ყველა გზას ეძებს, მაგრამ ხვდება, რომ ბედნიერებისა და უზრუნველი ცხოვრების ყველა კარი ვეებერთელა ბოქლომებითაა ჩარაზული, უკან დასახევი გზა კი უზარმაზარი ლოდებით არის ამოქოლილი. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ჯერ კიდევ უბიწო გოგონამ ბედი რუს გრაფს, ვლადიმერ ანდრეის ძე ბორენკოვს, დაუკავშირა. დამეთანხმებით, რთულია „მოხდენილი, ზრდილი, განათლებული, ყველასგან მოწონებული“ და თანაც ულევი ქონების პატრონისთვის ცოლობაზე უარის თქმა. ნეტავ რა მოხდებოდა, ელის ქორწილამდე ბორენკოვი უკეთ რომ გაეცნო, მისი უღირსი სახე ნაადრევად ამოეცნო, მიმხვდარიყო, რომ ეს ყველასთვის საყვარელი, „წმინდა გიორგით დაჯილდოვებული“, თითქმის იდეალური მამაკაცი მას არათუ სარგებელს, არამედ, პირიქით, უბედურებას მოუტანდა, საბრალო გოგონას ბედის ბორბალს უკუღმა დაატრიალებდა და სამუდამოდ გააცამტვერებდა. მაგრამ როგორ უნდა მივცეთ თავს ელის გაკიცხვის უფლება, როცა ქართველებმაც იგივე შეცდომა დავუშვით, ნაადრევად ავაფრიალეთ თეთრი დროშა, თავისუფლებას „ოქროს ჯაჭვი“ (გრიგოლ ორბელიანი) ვარჩიეთ, ნდობითა და მიამიტობით დაბრმავებულებმა თამამად მოვაწერეთ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი და მხოლოდ მაშინ გავიაზრეთ დაშვებული შეცდომა, როცა რუსეთმა ზუსტად ისე გადაგვხადა საბანი, როგორც ბორენკოვმა – ელის. საქართველოსგან განსხვავებით ელიმ მოახერხა ბორენკოვის უღირსი კლანჭებისგან თავის დახსნა, მომხდარის ისტორიაში შავ ლაქად დატოვება და დავიწყება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრება სულაც არ გაგრძელებულა უდარდელად და მშვიდად. ქართველმა ასმეთაურმა იერონიმე შვინდაძემ, ელის თუ არა, ელის მამის, შალვა გორდელიანის, ცხოვრებაში მაინც შემოიტანა იმედის სხივი, 26 მაისი კალენდარში წითლად მონიშნა, დროებით თავისუფლებას აზიარა, მემკვიდრეც დატოვა, მაგრამ, როგორც ქართველების უმეტესობას გვჩვევია, ცხოვრება ვერ მოაწყო, საბოლოოდ კი თვალს მიემალა და მამა-შვილი კვლავ ობლად დატოვა. შალვა ელის წინათგრძნობას რომ მიჰყოლოდა, იქნებ ელის თავისით მოეწყო ცხოვრება, იერონიმესგან განსხვავებით 26 მაისი კალენდარში არა დროებით, არამედ სამუდამოდ გაეწითლებინა და ჰექსლეის დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს არ ჩასჭიდებოდა. ვინ არის ჰექსლეი და რა გრძნობა აკავშირებს მას ელის მიმართ, გაუგებარია. ერთი რამ კი ცხადია — ჰექსლეი წარმოადგენს ევროპას, კონტინენტს, რომლის მთავარი მიზანი და საფიქრალი არა არსებობის შენარჩუნება, არამედ მილიარდების მოხვეჭა და უკიდეგანოდ გამდიდრებაა. რატომ ამოირჩია მილიარდებზე მონადირე კაცმა მაინცდამაინც გაღატაკებული ელი? მოეწონა? არა, ელიმ უბრალოდ „აიტაცა“. შეეცოდა და დახმარება სურდა? არა, დახმარების სურვილი რომ ჰქონოდა, ელის არა ბრომლეი, არამედ ჰექსლეი გაასვენებდა, „ჩვენსა“ და „ჩემს“ ასე ცხადად არ გამიჯნავდა, გოგონას ფულზე წინ დააყენებდა და მისი სანუკვარი ნატვრის, თბილისში წასვლის, ასრულებას ნებისმიერი გზით შეეცდებოდა. შინაგანი სამყაროთი და ფრანგულის უბადლო ცოდნით აღფრთოვანდა? არა, ფრანგულის ცოდნასა და სულიერებაზე მეტად, ჰექსლეის თვალი იმ ოქროს მედალიონმა უფრო მოსჭრა, ელის გულმკერდს რომ ამშვენებდა. „მე იმედი მაქვს, რომ ჩემს კეთილდღეობას თქვენც იზიარებთო“, – ეუბნება ჰექსლეი ელის მაშინ, როცა ის ქალის ინტერესებითა და კეთილდღეობით არც კი ინტერესდება, მისთვის ელის მედალიონის ფასი აქვს, არც მეტი, არც ნაკლები. თითქოს ელი სატყუარაა, რომელიც ჰექსლეის ნემსკავზე უნდა დაემაგრებინა, რათა დიდი თევზი, ანუ ამერიკელი „დავენაძლეოთ მილიარდერი“ ბრომლეი გამოება ანკესზე. შეიძლება ითქვას, ჰექსლეის ჩანაფიქრი გამოუვიდა. მან დააინტერესა კაცი, რომელიც დიდი კომერციული ნიჭით, ურყევი ნებისყოფითა და ფულის ყადრის დაფასებით გამოირჩევა სხვებისგან. მაშინ, როცა სამყაროში უდიდესი ცვლილებები ხდება, როცა ჰექსლეი მთელი მონდომებით ცდილობს ბრომლეის მოთაფვლასა და მისი მოწონების დამსახურებას, როცა ბორენკოვს მეგობრებთან ცოლის მშვენიერებით თავი მოაქვს, როცა ქართველი შვინდაძე ჰორიზონტიდან ისე ქრება, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, რა რჩება ელის, ანუ საქართველოს? საქართველოს კვლავ ბრძოლის ველი, დიდი სცენა და შხამიანი გველები რჩება. იგი დაავადებულია მძაფრი, ავადმყოფური მუდმივი ფიქრით, რათა ეროვნული სხეული შეინარჩუნოს. მუდმივი გაკაჟებული ბრძოლის გამო საქართველოში ვერც როკფელერმა, მორგანმა და ბრომლეიმ და ვერც ლენინმა, ბეთჰოვენმა და კანტმა მოიკიდეს ფეხი. ელიმ შხამიან გველებთან ერთად იცეკვა, დაიგესლა და გარდაიცვალა. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ, რომ უნდოდა, თბილისში დაბრუნება დაემსახურებინა, თუ იმიტომ, რომ სურდა ასე მაინც მიექცია მეტი ყურადღება, ასე მაინც ეპოვა ვინმე, ვინც მართლა დაეხმარებოდა, მართლა გაუგებდა, მართლა დააბრუნებდა მშობლიურ ქალაქში?! ალბათ, ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ერთი რამ კი ფაქტია – ელის ოდისეა ნათლად აღწერს საქართველოს ისტორიას, ბორენკოვი გვანახვებს რუსეთის უღირს სახეს, იერონიმე – ქართველების სილაჩრეს მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა, ჰექსლეი ლუი მეთოთხმეტეს გვახსენებს, ოღონდ, სამწუხაროდ, გაამერიკელებულ ევროპელს მოსაფერებელი კატა არ ჰყავს, ბრომლეი კი წმინდად ამიერიკელია, ამერიკული ფიქრებით, მიზნებითა და მისწრაფებებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ბედ-იღბალი დიდად არ აღელვებს.
ბორენკოვს, იერონიმეს, ჰექსლეისა და ბრომლეის შორის არჩევანის გაკეთებას ქართველები საუკუნეებია ვცდილობთ. საქართველოს ორიენტაციაზე არაერთ მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწეს აქვს საკუთარი აზრი გაჟღერებული. აკაკი ბაქრაძის აზრით, „ქართული პოლიტიკური აზრის განვითარება ევროპული აზრის განვითარების ფონზე უნდა განვიხილოთ“. ევროპული კულტურა და ცივილიზაცია ერთადერთია, რომელმაც შეძლო რელიგიურ-ფილოსოფიური და მეცნიერულ-ტექნიკური აზროვნება და ჭვრეტითი და ქმედითი ცხოვრება ერთ სივრცეში მოექცია. ევროპა, მერაბ მამარდაშვილის აზრით, „შედეგიანი ქრისტიანული ექსპერიმენტია“. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ხალხი ყოველდღე ეკლესიაში არ დადის, ქრისტიანული ღირებულებები და ფასეულობები მათ ყოველდღიურ ურთიერთობებში აქვთ გადმოტანილი, რაც, სამწუხაროდ, ჯერ ჩვენ ვერ შევძელით, რადგან ჯერ აზიურ, ტირანულ, ხოლო შემდგომ რუსულ ველში ვიყავით, რომელიც, სამწუხაროდ, კრახით დასრულებული ქრისტიანული ექსპერიმენტია. საპირისპიროს ამტკიცებს ვახტანგ კოტეტიშვილი საკუთარ წერილში „აზიისაკენ“. მისი აზრით, საქართველომ გეზი არა ევროპისკენ, არამედ აზიისაკენ უნდა აიღოს, რადგან აზია გაცილებით უფრო ღირებულებებით სავსეა, ვიდრე ევროპა. „მხოლოდ დიდ სიმაღლიდან გამოჩნდება აღმოსავლეთის რთული და ღირსსაცნობი ცხოვრება, ხან მდუღარე და ფიცხი, ხან მდორე და ქანცმილეული, ხან მზესავით გულ-ღია და მოცეკვავე, ხან კავკასიონივით პირქუში და ღრუბლიანი“. ვახტანგ კოტეტიშვილის დევიზია: „უკან, აზიისაკენ, წინ წასასვლელად. მაგრამ ჩინეთის კედლები კი არა, ქართული დარბაზები“. ილია ჭავჭავაძემ „მგზავრის წერილებში“ აშკარად ევროპული გზა აირჩია, ხელი ფრანსიელს ჩამოართვა, ხოლო პოდპორუჩიკი №-ისა და იამშიკის სახით რუსული ყოფა ნათლად აღგვიწერა. მილან კუნდერას „მოპარული დასავლეთი ანუ ცენტრალური ევროპის ტრაგედია“ წერილია, რომელიც გვანახვებს, რომ თურმე მხოლოდ ქართველები არ ვღელავთ მომავალზე, რომ თურმე სხვა, უფრო განვითარებული ქვეყნებიც დგანან ამ პრობლემის წინაშე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათაც უჭირთ სწორი გადაწყვეტილების მიღება. 1956 წლის ნოემბერში ბუდაპეშტის ქუჩები მოიცვა პანიკამ და სასოწარკვეთილმა შეტყობინებებმა: „ჩვენ დავიხოცებით უნგრეთისა და ევროპისთვის“. ნეტავ ევროპა თუ შეეწირებოდა უნგრეთისთვის (ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის) ბრძოლას?! იქნებ ევროპა ისევე, როგორც ამერიკა და რუსეთი, იმპერიაა, რომელიც საკუთარი ინტერესების ჭრილიდან აღიქვამს სამყაროს ზუსტად ისე, როგორც – ჰექსლეი.
რასაკვირველია, საქართველოს გეზზე ცხარე კამათი დღესდღეობითაც მიმდინარეობს. უფროსი თაობა ვერ ელევა საბჭოთა კავშირის „სიტკბოებას“, ახალ თაობას კი სურს რაღაც ახალი და თან ძალიან ნაცნობი. თითქოს ახალგაზრდები ჩაბმულნი არიან იმ მარხილში, რომელსაც წინ ილია მიუძღვის და ცდილობენ იმ „ბედის სამძღვრის“ („მერანი“) გადალახვას, რომელსაც ევროპაში შესვლა ჰქვია. ჩვენ ახლა უცნობი კარის წინ ვდგავართ, რომლის ფარდებიც უკვე ათრთოლებულან და არავინ იცის, რა იქნება მის მიღმა – ევროპული ცნობიერება, უამრავი შესაძლებლობა და შედარებით უკეთესი ცხოვრება, თუ რუსული პოლიტიკა, დიქტატურა და მართული ცხოვრება, რომლისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია.
არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. არავის აქვს ზუსტი პროგნოზი და ალბათ, რომც ჰქონოდა ვინმეს, მაინც არ ვენდობოდით. საქართველო გაჩენის დღიდან დაკლაკნილ, ციცაბო ბილიკზე დადის და ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა. ახლა კი სწორედ ის დროა, ნაბიჯი რომ უნდა გადავდგათ და კარგად დავფიქრდეთ, რათა საბოლოოდ ის კი არ ვიკითხოთ, „რა გააკეთა სამშობლომ ჩვენთვის“ (ჯონ კენედი), არამედ ის, თუ რა გავაკეთეთ (ან რას გავაკეთებთ) ჩვენ სამშობლოსთვის.