ნატა ბიჭიკაშვილი
ბიოლოგიის დოქტორი, მენტორი პედაგოგი
დღესდღეობით, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მრავალი სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ამ სიტუაციაში პედაგოგის როლი ბევრად მეტია, ვიდრე სასკოლო სივრცეში, სადაც ბავშვის მართვის და კონტროლის უამრავი საშუალება არსებობს.
დისტანციური სწავლებისას, რთულია ობიექტური შეფასების სისტემის მოფიქრება, რადგანაც, მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეუძლია პედაგოგის შეცდომაში შეყვანა — სხვადასხვა საშუალების გამოყენება, რათა თავის „ცოდნაში“ დაგვარწმუნოს ან ტექნიკური პრობლემების მომიზეზება. როგორ მოვიქცეთ ასეთ მოცემულობაში? უმთავრესია, ბავშვსა და პედაგოგს შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბება. ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც საკლასო ოთახში ვიყენებდით, ახლა გამოუსადეგარია.
ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ პედაგოგები — ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათი ობიექტური შეფასებაა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ არის გაწერილი მოსწავლეთა შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები. შეფასება შესაძლოა იყოს განმავითარებელი და განმსაზღვრელი (მე-V კლასის მე-2 სემესტრიდან). მოსწავლის შეფასების კომპონენტები შემდეგია:
- მიმდინარე საშინაო დავალება;
- მიმდინარე საკლასო დავალება;
- შემაჯამებელი დავალება.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული შეფასების ყველა კომპონენტის გამოყენება და შეფასების სისტემა, სასურველია, თავად სკოლამ ან დეპარტამენტმა აირჩიოს, სპეციფიკიდან გამომდინარე.
მოსწავლეთა შესაბამისი ცოდნის მიღების, უნარების განვითარების და შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალებების შესრულება. აღნიშნული დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეში სხვადასხვა დონის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მოვიყვან ერთი კომპლექსური დავალების ნიმუშს ბიოლოგიაში (მე-7 კლასი):
თემა — სოკოები
კომპლექსური დავალება:
ეტაპი 1.
შეისწავლეთ სოკოების (ობის სოკოების) ნაირსახეობები, მათი სასიცოცხლო თვისებები (კვება, გამრავლება, ზრდა-განვითრება), ობის სოკოების მნიშვნელობა ადამიანისა და ბუნებისთვის (სახელმძღვანელო: „ბიოლოგია“, მე-7 კლასი).
http://tamti-biologia.blogspot.com/2012/11/fungi_1.html
დაგეგმეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტი, რომელიც ასახავს ტენის და ტემპერატურის გავლენას ობის სოკოს სასიცოცხლო თვისებებზე (კვება, გამრავლება, ზრდა-განვითარება). ჩამოაყალიბეთ ექსპერიმენტის მიზანი, კვლევითი კითხვა. გააანალიზეთ მონაცემები, გამოიტანეთ დასკვნა.
იმსჯელეთ, რა როლი აქვს ობის სოკოებს ბუნებისა და ადამიანისთვის და როგორ დავიცვათ საკვები გაფუჭებისგან (ობის სოკოსგან).
შეადგინეთ ექსპერიმენტის ოქმი.
ეტაპი 2.
ცნობილია, რომ ობის სოკო, საკვებად, პროდუქტში არსებულ ორგანულ ნივთიერებებს იყენებს. ხელსაყრელ პირობებში (ტენი, სითბო) ინტენსიურად მრავლდება, იზრდება და ვითარდება.
დაგეგმეთ კვლევა: აიღეთ თეთრი პურის ორი თითქმის ერთნაირი ნაჭერი და ერთი ნაჭერი თეთრი პურის ორცხობილა. გადაუღეთ სურათი (ან გააკეთეთ ჩანახატი). ერთი ცალი პურის ნაჭერი და ორცხობილა ჩადეთ ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკში და დადეთ თბილ ადგილას. პურის მეორე ნაჭერი, ასევე, პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. გამოთქვით ვარაუდი, რა ცვლილებები მოხდება თითოეულ პარკში.
ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში, გადაუღეთ სურათები ან ჩახატეთ, დააკვირდით, რა ცვლილებებს განიცდის პურის ნაჭრები და ორცხობილა. გააანალიზეთ შედეგები, გამოიტანეთ დასკვნები.
ეტაპი 3.
პროექტის პრეზენტაციისას, ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- როგორ არის დამოკიდებული ორგანიზმის (ობის სოკოს) სასიცოცხლო თვისებების (კვება, გამრავლება, ზრდა-განვითარება) ინტენსივობა გარემო ფაქტორებზე (ტენი, ტემპერატურა);
- თქვენი კვლევის ანალიზი და დასკვნები;
- რა მნიშვნელობა აქვს ობის სოკოს ბუნებისა და ადამიანისთვის;
- როგორ დავიცვათ პროდუქტი გაფუჭებისგან (ობის სოკოსგან);
- რა სტრატეგიები გამოიყენეთ, რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე, რას გააკეთებდით განსხვავებულად, ახლიდან რომ იწყებდეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას?
(მოსწავლეებისთვის მომზადებული შეკითხვების დიდი ნაწილი სააზროვნო უნდა იყოს და პასუხი პირდაპირ არ უნდა ეწეროს წიგნში ან ინტერნეტში).
კომპლექსური დავალების შესრულების შემდეგ, მოსწავლე შეძლებს:
- იმსჯელოს ობის სოკოს სასიცოცხლო თვისებებზე.
- იმსჯელოს ობის სოკოს ცხოველქმედებაზე გარემო ფაქტორების გავლენის შესახებ. დაადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გარემოს პირობებსა და სოკოს განვითარებას შორის.
- იმსჯელოს ობის სოკოს ბუნებასა და ადამიანისთვის მნიშვნელობის შესახებ.
- დაგეგმოს და განახორციელოს კვლევა.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიურად მოვახდინოთ მოსწავლის განმავითარებელი შეფასება, რისთვისაც სოლო ტაქსონომია შეგვიძლია გამოვიყენოთ.
როგორ დავწეროთ, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, განმსაზღვრელი შეფასება?
- მიმდინარე საშინაო დავალება:
პედაგოგს შეუძლია, 10-ქულიანი სისტემით შეაფასოს მოსწავლის ცოდნა სოკოების შესახებ, ექსპერიმენტის ჩატარების ტექნიკა და შედეგები და ა.შ.
- მიმდინარე საკლასო დავალება:
შესაძლოა, მოსწავლეებმა გამართონ დისკუსია სოკოების მნიშვნელობის შესახებ, პროდუქტის დაობების შესახებ და, ა.შ. შესაძლოა, შეფასდეს მოსწავლეთა ჩართულობა, არგუმენტირებული მსჯელობა…
- შემაჯამებელი დავალება:
დასრულებული კომპლექსური დავალების შეფასება. გამზადებული ნამუშევრები მასწავლებელს გაეგზავნება წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე. პედაგოგი ადგენს შეფასების სქემას, რომელსაც დავალებაზე მუშაობის დაწყებამდე წარუდგენს მოსწავლეებს. მაგალითად:
- ვიზუალური გაფორმება — 10%
- შინაარსობრივი გამართულობა — 20%
- მასალის ორგანიზება-ლოგიკური კავშირი „სლაიდებს“ შორის — 20 %
- კითხვებზე პასუხი — 50%
მოსწავლეთა გამოკითხვას რამდენიმე გაკვეთილი ან ინდივიდუალური ჩართვა დასჭირდება.
ნამუშევრის წარდგენისას, მოსწავლეს შეუძლია, ეკრანზე გააზიაროს საკუთარი პრეზენტაცია (ნებისმიერი პლატფორმის გამოყენებით: ზუმი, ტიმსი, მითი…).
მოსწავლეთა შეფასებისას, ძალიან მნიშვნელოვანია სამივე კომპონენტის გამოყენება (მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება, შემაჯამებელი დავალება). მოსწავლემ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, რათა დამოუკიდებლად მუშაობის უნარი არ დაკარგოს. საკლასო დისკუსია გაკვეთილს ინერაქტიურს და საინტერესოს გახდის, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ჩართულობას, ხოლო შემაჯამებელი დავალება მოსწავლის ცოდნისა და უნარების შეფასების და მისი პროგრესის განსაზღვრის შესაძლებლობას მოგვცემს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სკოლა წააწყდა დისტანციური სწავლებისას, არის იმ მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც არ/ვერ ერთვება დისტანციურ სწავლებაში. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, მასწავლებლის მოსწავლესთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, ძირითადად — სატელეფონო საუბარი-მასალის ახსნა, კონსულტაცია და მასალის გამოკითხვა. ამ მოსწავლეებთან შესაძლებელია შეფასების განსხვავებული სისტემის გამოყენება: არადამაკმაყოფილებელი, დამაკმაყოფილებელი, საშუალო, კარგი, ძალიან კარგი.