დიდი სიხარულის შესახებ
მალე დამთავრდება ბავშვებისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის უსაშველოდ ხანგრძლივი სასწავლო წელი და დაიწყება ნანატრი, დროის მიხედვითა და შინაარსობრივად დიდი არდადეგები. რაც კი კაცობრიობას სკოლებში სწავლა-სწავლება დაუწყია, ეს დრო ბავშვებისათვის ყოველთვის იყო და იქნება სიხარულისა და უზღვავი ენერგიის დახარჯვის უბედნიერესი დღეები, ხოლო მშობლებისთვის კი ფიქრი, ბავშვებთან ერთად სასწავლო პროცესში სირთულეების დაძლევის ყოველდღიური, რუტინული შრომიდან გათავისუფლების შემდეგ, თუ როგორ, რამდენად ნაყოფიერად წარმართონ შვილების თავისუფალი ენერგია. ეს მდგომარეობა მშობელთათვის, მზრუნველობის გარდა, რთულიცაა იმდენად, რამდენადაც მოზარდებისთვის, ხანგრძლივი დროის მანძილზე, გზის გაკვლევა მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას, უნარებს, რომლის შეძენა სპეციფიკურია და არც ისე იოლი. ბავშვებთან გარკვეული დროის განმავლობაში თანამშრომლობით დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას, რომ გაგიზიაროთ მცირედი რამ მაინც. ამავდროულად, იმასაც ვფიქრობ, რომ წლების წინანდელ გამოცდილებას შეიძლება ცოტაოდენ კონსერვატიზმის ელფერიც დაჰკრავდეს, რაც ახალგაზრდა თაობისთვის შედარებით ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგება ხოლმე შემდგომი წარმატებები. დავიწყოთ, ვისაუბროთ ერთად, იქნებ გამოგადგეთ.
დრო, რომელსაც მოსწავლე სწავლის ასაკში ხარჯავს, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა – სასკოლო და საარდადეგებო. სასკოლო დრო ასე თუ ისე მაინც მოწესრიგებულია. მასზე ზრუნავს უზარმაზარი რაოდენობის მასწავლებელი, დირექტორი, განათლების სამინისტრო, მეცნიერები და სხვა ყველაფრის მცოდნე ადამიანების დიდი რიგი. მეორე ნაწილი კი ყმაწვილთა ცხოვრებისა არდადეგებია, რომელიც სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, მაინც და მაინც დიდი ყურადღების ქვეშ არაა იმიტომ, რომ ეს ნაწილი ბიუროკრატიულად არაა გაწერილი და მასზე „პასუხისმგებელი“, მშობლის გარდა, არავინაა. საერთო ყურადღების მიღმაა თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება ხანგრძლივი დასვენების დღეები. ამ შემთხვევაში, ბავშვების დიდი და საკმაოდ საინტერესო, ნაყოფიერი დრო „თავისუფალ ცურვაზეა“ მიშვებული. ვისაც აქვს იმის უნარი, გამოცდილება, რომ საზაფხულო არდადეგები საინტერესო და სასარგებლო გახადოს, ხომ კარგი, მაგრამ ვისაც ეს არ შეუძლია, მეტწილად, გაურკვევლობაში არიან. მით უმეტეს ამას ემატება ე.წ. თანამედროვე ექსპერტები, რომელთა უმრავლესობა ღიად უწევს რეკომენდაციას ბავშვთა ისეთ დასვენებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა ნების მიხედვით საარდადეგებო დროის გატარებას გულისხმობს. ამას მოზარდთათვის დამოუკიდებლობის მინიჭებითა და მათი თავისუფალი ნების გამოვლინების მოტივით ხსნიან. თავისუფალი დროის სასიკეთოდ გამოყენებას კაცობრიობა დღემდე ცდილობს, რასაც მთლად წარმატებით მაინც ვერ ახერხებს, ამიტომაც, ბავშვთა დასვენების ეფექტიანობისათვის, სჯობს გამოვიყენოთ ჩვენი ერთობლივი გამოცდილებები.
მაგრამ მეგზურობაც ფაქიზი და საფრთხილო საქმეა მოზარდებისთვის. როდესაც საუბარია საარდადეგებო დროის გონივრულ გამოყენებაზე, ეს ისევ ასოცირდება საგაკვეთილო სწავლების რუტინასთან, რაც ზოგჯერ უფროსების, განათლების სისტემის ბრალიცაა. მოსწავლეებს იმდენად მობეზრებული აქვთ წიგნი ან სხვა ნებისმიერი კოგნიტური საქმიანობა, რაც სწავლა-აღზრდასთანაა დაკავშირებული, რომ მათზე გაფიქრებაც უკვე არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს თითოეულში. მესმის მათი – ბავშვისთვის, ხანგრძლივი დასვენებების პერიოდში, საგაკვეთილო პროცესის მსგავსი მოდელის გამოყენება სრულიად მიუღებელი რამაა, მაგრამ თავისუფალი დროის რაღაც ახლის გააზრების, ახალი უნარების შეძენის ან არსებულის განმტკიცების გარეშე გატარება, მოზარდებისთვის ზიანის მომტანია.
ადამიანი, თავისი არსით, შემოქმედია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან დღე და ღამე, წელიწადის ყოველი დღე, განუწყვეტლივ იმუშაოს. მით უმეტეს, მოზარდი მალე იღლება და მის ენერგიას აღდგენა ესაჭიროება, თუმცა, გაუაზრებელი ყოფით ის უფრო იფიტება. პიროვნებისთვის მიზნობრივი ქმედება უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა, ვიდრე უმიზნო არსებობა. ამის შესანიშნავი მაგალითი თვით ბიბლიური შეგონებაა ადამიანის გონივრული დასვენების, ძალთა აღდგენის შესახებ: სასურველ ადამიანებთან ურთიერთობით, ბუნებასთან მიახლოებით, სპორტით, მოგზაურობით, ხატვით, სიმღერით, საინტერესო ლიტერატურის გაცნობით და ამისათვის განსაზღვრული დღეებიც კი არის დაწესებული.
არდადეგებზე მშობლებისთვის გამოწვევა ისაა, რომ ბავშვები წინასწარ განზრახულის განხორციელებას ან რაიმე სპონტანურ ქმედებას თვითნებურად მაინც დაიწყებენ, სწორედ ამ დროსაა საჭირო უფროსების მზადყოფნა, მათთვის ხელის წაშველება, ოცნებების ახდენაში დახმარება. ამისათვის ბავშვთან ერთად ფიქრია აუცილებელი, როგორ გაატაროთ ნაყოფიერად ეს უძვირფასესი თავისუფალი დრო. ამაზე სიამოვნებით თანხმდებიან მოზარდები, რადგანაც მათ კმაყოფილებას ანიჭებთ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, თანამშრომლობა, როცა ეხმარები და არ კარნახობ მათივე საქმიანობის დაგეგმვას.
რით დავიწყოთ
არდადეგები დავიწყოთ იმით, რაც ყოველთვის, ყველაზე მეტად ენატრებათ ბავშვებს, ეს ძილია, რისთვისაც დრო ნაკლებად რჩებათ სასწავლო წლის განმავლობაში. ასე რომ, იძინონ იმდენი, რამდენიც უნდათ. ეს ძილიც მოსწყინდებათ და სულს რომ მოითქვამენ, თანდათან, ერთად უნდა გავიაზროთ, როდის და რით დავიწყოთ დღე. მანამდე ვიტყვი, რომ დაძინებაც და გაღვიძებაც ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. დროის განკარგვა მისი საქმიდან, ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს. ვერავითარი შეგონება, მით უმეტეს არდადეგებზე, რომ დილით ყოჩაღები დგებიან, რომ მზესთან ერთად ადგომისას ყველაფერს მოასწრებ, არაფრის მომტანია. თუკი დრო მიზნობრივად, ასაკისა და, რაც მთავარია, გარემოების შესაბამისად არის დაგეგმილი, დაძინებაც და გაღვიძებაც მოწესრიგებული ექნებათ მოზარდებს. ამ შემთხვევაში, მთავარია მოტივი. მოტივი აყალიბებს, აწესრიგებს, იქვემდებარებს წამს, წუთს, დღეს, თვეს, წლებს. ბავშვის მიერ დარგული მცენარე დილით მორწყვასა და შინაური ცხოველის ან ფრინველის გამოკვება, თევზაობა შეღამებულზე, მეგობრის მიერ მოწყობილი გამოფენა თუ შუადღისას წასვლას მოითხოვს, მაშინ მას მომავალი დღეებისთვის დროის დაგეგმვას ბუნებრივად თვით საქმე უკარნახებს. თუკი ბავშვი დილით ისევ გაუთავებლად ძილს აგრძელებს, მაშინ მას ან არაფერი, ან ნაკლებ საინტერესო რამ აქვს გათვალისწინებული იმ დღისთვის, დაბალია მოტივაცია შესაფერის დროზე გაღვიძებისათვის.
სიტყვა „დაგეგმვაზე“ ყველას გართულება აქვს, დიდს თუ პატარას, მაგრამ ამ პროცედურას ვერ ასცდა ადამიანის მოდგმა. არდადეგებზე თავგადასავლებსა და წასასვლელ-წამოსასვლელს რა გამოლევს, ამიტომაც, თავდაპირველად, გააკეთეთ სასურველი საქმიანობების ზოგადი, თუნდაც არათანმიმდევრული მონახაზი და დაარქვით მას მოზარდთათვის ნაკლებად გამაღიზიანებელი სახელი – ზაფხულის ნაბიჯები, საარდადეგებო კალენდარი, დასვენებაზე მოსაყოლი ამბები, მატრიცა, ფაზლი…
არდადეგების ცხრილი უმჯობესია მხოლოდ ბავშვისთვის იყოს მისაწვდომი. სხვისი თვალისთვის შესამჩნევი უკვე ზედამხედველობად აღიქმება, რაც დიდად სასურველი არაა. დაე, თვითონ გაითვალისწინოს და აკონტროლოს მის მიერვე გათვალისწინებული ქმედება, თანდათან მიეჩვიოს თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას. ცხრილზე თვალის მოკვრა უნებურად თვითშეფასებას მაინც გააკეთებინებს და რაღაც დოზით წინ წაწევს შინაგანი მეს პასუხისმგებლობას. ბევრი რამ რომ არ დარჩეს შეუსრულებელი და მოზარდი თავისივე დაგეგმილში რომ არ გაიხლართოს, ურჩიეთ, დაგეგმოს მცირედი რაოდენობის საქმიანობა, ხოლო თუ რაიმეს წინასწარ გაუთვლელად გააკეთებს, შემდგომ დაამატოს. მერწმუნეთ, თავდაპირველად თუ არა, სულ ცოტა ხანში მატრიცა გადაივსება, ის ხომ მისი შრომისა და სიამაყის მაჩვენებელი იქნება.
დროსთან დამეგობრება
მოზარდის წარმოდგენით დრო აურაცხელი, უკიდეგანოა, მის სასრულს ბოლო არ უჩანს. თუ სადმე ადევნებენ მას ყურადღებას, ეს სწავლის პროცესია, სადაც თავისებურად აღიქვამენ დროის დინებას. ტიპურ, ჩვეულებრივ გაკვეთილებზე დრო ნელა გადის, ხოლო ტესტირებაზე, შემაჯამებელ გაკვეთილებზე კი გარბის. ისინი ამ გარემოებას გრძნობენ და ცდილობენ სასკოლო დრო რაც შეიძლება მალე გავიდეს, რომ თავისუფლად, არტახების გარეშე იგრძნონ თავი (დღეისათვის სწორედ ესაა საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომ სასწავლო პროცესი გახდეს შეძლებისდაგვარად ხალისიანი). მოსწავლეებს დროის შეგრძნება ნაკლებად აქვთ (განსაკუთრებით ე.წ. თავისუფალ დროს), ძირითადად, ამის მიზეზი ის არის, რომ მათი დრო უფროსების ხელშია და როგორც მიაჩნიათ, ისე ანაწილებენ. როდესაც მოზარდი დროის გადანაწილებაში საერთოდ არ მონაწილეობს ან პირიქით, თავად გეგმავს მას საკუთარი შეხედულების მიხედვით (თუნდაც სხვისი დახმარებით), მაშინ სხვადასხვაგვარად აცნობიერებს გარე სამყაროს. ბავშვის სირთულეები მაშინ იწყება, როდესაც განათლების სისტემა აღარ ერევა მისი დროის დაგეგმვაში, ხოლო მას, ადრეულ ასაკში, დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი არ შესწევს. ამიტომაც არდადეგები ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საშუალებაა, რომ ბავშვი, მშობლების დახმარებით, თანდათან მიეჩვიოს დროის დანაწილებას, მის გონივრულ გამოყენებას, მართვას და, რაც მთავარია, მისი ცხოვრებისეული აქტივობების დამოუკიდებლად გააზრებას დროში.
ნათელი წერტილები
ადამიანები ხშირად ამბობენ წარსულზე, რა კარგი დრო იყოო. სინამდვილეში, დრო კი არ ახსოვთ, არამედ საინტერესო და სასიამოვნო მოქმედება იმ დროში. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანის მეხსიერებაში რაიმე მოგონება რომ არ არსებობდეს, დროს ახსენებდნენ? არა მგონია. ლევ ტოლსტოის აქვს ერთი შესანიშნავი მოთხრობა. სასთუმალზე მწოლიარე მომაკვდავი ადამიანი, კანცელარიის დოკუმენტების გადამწერი (დღევანდელი ქსეროქსის ფუნქციის შემსრულებელი) გადახედავს თავისი წარსული ცხოვრების გზას და ვერაფერს გამოარჩევს. წამიც არ დასჭირვებია ამისათვის, წამში ჩაეტია მისი სიცოცხლეც, მისი დღეები ხომ ტყუპისცალივით ჰგავდნენ ერთმანეთს როგორც სახლში, ისევე სამსახურში. მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ერთად ერთი დღე გაახსენდა, როდესაც სამსახურში ადრინდელისგან და შემდგომი დღეებისგან განსხვავებულად მოიქცა, წერილის გადაწერისას უფროსს შეეკამათა სასვენი ნიშნის დასმის გამო. ეს იყო და ეს, სხვა არაფერი… სწორედ ეს წუთი ეჩვენა მისი ცხოვრების ლამაზ, ნათელ წერტილად. როგორი შესაბრალისია ის ადამიანი…
ასე რომ, სერიოზულად მოემზადეთ საზაფხულო არდადეგებისთვის წინასწარ, ერთობლივად დაგეგმეთ საინტერესო აქტივობები. ცაზე მოჭედილი, ბრწყინვალე ვარსკვლავებით შეავსეთ თქვენი ცხოვრება. არაფერი სჯობს ბედნიერ მოგონებებს, ცხოვრება ამით უსაშველოდ ხანგრძლივი და საინტერესო ხდება.
სიხარულსაც უნდა შექმნა
ახლა დილაზე, სიცოცხლის დაწყებაზე ვისაუბროთ. დილა საწყისია იმ რაღაც დიდის ნაწილებისა, რასაც, მთლიანობაში, ადამიანის ცხოვრება ჰქვია. ნებისმიერი პიროვნება, ვისაც ელემენტარული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, გულწრფელად გეტყვის, რომ ყოველი დღის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დილის პოზიტიური განწყობის შექმნაზე. რამდენიმე წლის წინ მოვუსმინე საზღვაო ძალების ადმირალს, უილიამ მაკრავენს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სარდლობის მეთაურს. თითქოს მისი გარეგნობაც საუბრობდა მასზე – სადა, საზეიმო ადმირალის ფორმით, დახვეწილი მეტყველებით, მანერებით, დამაჯერებლობით ჩანდა, რომ რასაც ამბობდა, მისი ცხოვრებისეული იყო და არა მოვალეობის მოხდის მიზნით გამოთქმული. მან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა. მომავალ ლიდერებს ურჩია, რომ თუ მათ სურთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და მსოფლიო, უმჯობესია, უპირველესად, დღე საკუთარი საწოლის გასწორებით დაიწყონ. „თუ ყოველ დილით შენს საწოლს გაასწორებ, დღის პირველი საქმე შესრულებული გექნება. ეს მოგანიჭებს სიამაყის განცდას და გიბიძგებს შემდეგი საქმის შესრულებისაკენ, შემდეგ – სხვა საქმის და ასე შემდეგ. დღის ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ საქმე, რომელიც დილით კარგად შეასრულე, სხვა წარმატებით შესრულებული საქმეებით გაგრძელდა. და მაშინაც კი, თუ რომელიღაც დღე ცუდად ჩაივლის, შენ დაბრუნდები შინ, სადაც დაგხვდება საწოლი, რომელიც დილით გაასწორე. სწორედ შენ მიერ ასე კარგად გასწორებული საწოლი კი აგავსებს იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“.
დიმიტრი უზნაძისეული შეგონებაა მცირე, აუცილებელი საქმის შესრულებით კმაყოფილება. თითქოს არაფერია საწოლის გასწორება, მაგრამ მას შესრულებული საქმე ჰქვია, ხოლო მისგან მონიჭებული დღის პირველი კმაყოფილება შემდგომის კეთილი საწყისია. აქ ყურადღება გამახვილებულია შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებზე, რომ მათ უკვე შინაგანი მოტივაციის ხარჯზე უნდა შეძლონ დილის მაჟორულ ნოტაზე დაწყება, მაგრამ შედარებით დაბალი ასაკის ბავშვებს უფრო მეტად სჭირდებათ გარე, დამხმარე ძალებით განწყობის შექმნა. ეს შეიძლება იყოს შვილის საყვარელი მუსიკის ჩართვა, ყვავილის დადება სასთუმალთან, მაცივარზე მიწებებული ღიმილიანი ან წარწერიანი ბარათი, გამამხნევებელი შეძახილი, მაგიდის შუაგულში, ლამაზ თეფშზე დადებული ნამცხვრის ნაჭერი, ყველაზე კარგი – დილის ამბორი და ათასი რამ, ოღონდ რაღაც ფორმით – პოზიტივი. ჩემს შვილს არაფერი აკლია და ისედაც კარგ ხასიათზე გაიღვიძებსო, ეს არაა საკმარისი. თავისით არაფერი მოდის – არც სიხარული, არც კარგი განწყობა, ყველაფერი უნდა შექმნა.
საწოლის გასწორება, ყვავილისა და ბარათების დახვედრება ერთ-ერთი კარგი რიტუალია, მაგრამ ყველაზე არ შეიძლება იყოს მორგებული. უმჯობესი იქნება თუ, ბავშვთან ერთად, მისი ხასიათის გათვალისწინებით, რაიმე ძალდაუტანებელ რიტუალს/რიტუალებს დაამკვიდრებთ. წლების მანძილზე, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, დილის რიტუალის ფორმა შეიცვლება, მაგრამ კარგი განწყობის შესაქმნელად სასურველია რიტუალების შენარჩუნება, თუნდაც იმიტომ, რომ ის ოჯახის, იქ დამკვიდრებული კულტურის დონის მაჩვენებელია. რიტუალი, უმეტესად, მშვიდ კეთილგანწყობილ ოჯახში ერთობლივად, თანხმობით იქმნება და ხელს უწყობს ოჯახის წევრების ურთიერთდამოკიდებულების სიმყარეს.
ასწავლეთ შვილებს დილის პოზიტივით დაწყება და მისი ცხოვრება ბედნიერი იქნება, თქვენიც.
რატომ ის
ჩემი საარდადეგებო რეკომენდაციები დალაგებული ვერ იქნება რიგითობის მიხედვით, მაგრამ ყველაზე უკეთესს, ჯერ კიდევ შეუცვლელს, რასაც კი ბავშვებისთვის არდადეგებზე სამეგობროდ შემოგთავაზებთ, სიხარულის, აღტაცების, დაღონების, სიყვარულის, სამყაროს შეცნობის, ადამიანების გაცნობის, დამეგობრების, მოგზაურობის, დაფიქრების, სიბრძნის მოცემის მხრივ, ეს წიგნია, პირველ რიგში, მხატვრული ლიტერატურა, კლასიკა. ამის ახსნა შეიძლება ზედმეტიც იყოს, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ წიგნი ჩემი თაობის და საუკუნეების ფავორიტია, მან ათასწლეულებს გაუძლო. უსაშველოდ მოსახერხებელია ყოველგვარ სიტუაციაში, არ სჭირდება დამატებით არც ელექტროწყარო და სხვა რაიმე უზრუნველყოფა. ტყეში, ღრეში შეიძლება უსაფრთხოდ ატარო, თვალებს არ აზიანებს ელექტრონულისგან განსხვავებით… უპირატესად რატომ მხატვრული ლიტერატურა? მისი შემწეობით მილიონობით ბავშვის წარმოდგენაში იმდენივე ჰეკლბერი ფინი, ტომ სოიერი, დიდრო, ცისკარა და ამირანი იბადება, რამდენიც მკითხველია. წიგნის კითხვისას ყველა ბავშვი აზროვნებს, შრომობს და თავის თავში ქმნის გმირების, ქვეყნის, ქალაქების, ციხე-სიმაგრეების, ზღვისქვეშა თუ კოსმიურ, თავის ინდივიდუალურ სამყაროს. ყველა სხვა საინფორმაციო თუ შემეცნებითი საშუალებებისგან განსხვავებით, წიგნის კითხვა უფრო მეტად უწყობს ხელს განვითარებას, ინდივიდუალური აზროვნების, გემოვნების დახვეწას… რა ჩამოთვლის მის სიკეთეს ან თქვენ რა გესწავლებათ.
რატომ პირველ რიგში წიგნი და შემდეგ – კომიქსი, თეატრალური დადგმა? იმიტომაც რომ, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ანგარიშგასაწევია ციფრული ტექნოლოგიების არეალის სწრაფი გაფართოება. მათ არნახული შესაძლებლობები აქვთ, ძალზე საინტერესოდ, მრავალფეროვნად, მრავალი რაკურსით დაამზადონ და მოზარდებთან მიიტანონ მხატვრული ლიტერატურის შემცველი ამბავი. მათი გარკვეული ნაწილი ძალიან მიმზიდველად გადმოსცემს შინაარსს, მაგრამ ისინი მხატვრული ლიტერატურის ტიპაჟებიდან ქმნიან სტერეოტიპებს, რომელიც ხანგრძლივად ილექება ადამიანთა ცნობიერებაში, ზღუდავს და გასაქანს არ აძლევს მოზარდის აზროვნებას, განვითარებას. მახსოვს, როდესაც არაჩვეულებრივი ნაწარმოების – „დათა თუთაშხიას“ მიხედვით კინოფილმი შეიქმნა, მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ცნობიერებაში ჩაიბეჭდა ნაწარმოების მთავარი გმირის, დათა თუთაშხიას მხატვრული კინოსახე, რომელიც დღემდე დომინირებს. პროგრესს ვერსად წავუვალთ, ვითარდება ახალი დარგები, მაგრამ ვფიქრობ, ბავშვის აზროვნების განვითარებისთვის უმჯობესია, ჯერ გაეცნოს წიგნს, საკუთარი წარმოდგენა შეიქმნას იქ აღწერილ მოვლენებსა თუ გმირებზე და შემდგომ გაეცნოს ამ მხატვრული პროზის, ლეგენდის, მითის თუ სხვათა მიხედვით შექმნილ საინტერესო პროდუქტებს – კინოფილმებს, თეატრალურ წარმოდგენებს – სხვადასხვა კუთხით შეადაროს წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებას და განსაჯოს, რომელი წყარო უფრო ორიგინალურად აღწერს ამა თუ იმ მოვლენას…
ასე რომ, ამ ზაფხულზეც უპირატესად ვუმეგობროთ ჩვენს ფავორიტს, წიგნს, სასიამოვნო შრომის, ადამიანის გონების ვარჯიშის, ფანტაზიის განვითარების, მილიონობით ახალი სახის შექმნის ერთ-ერთ პირველსაწყისს.
პაწაწა ვარ ობოლი…
ბავშვთა „დიდი სიხარულის“ დღეებს ის უპირატესი დატვირთვა აქვს, რომ ამ დროისათვის აქცენტი უმეტესად გადატანილი უნდა იქნეს იმ უნარების განვითარებაზე, რასაც სკოლები, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, მაგრამ დიდი სასიცოცხლო აუცილებლობაა პიროვნებისათვის.
ადამიანი გარემოს შვილია, მონაწილეობს მის გარდაქმნაში, შეძლებისდაგვარად აყალიბებს და თავად ემსგავსება, რაღაც კუთხით, მისივე შექმნილს. ბავშვთა ცნობიერების ჩამოყალიბებისას აუცილებელია, რომ მათ აგრძნობინო სამყაროსთან განუყოფელი, სისხლხორცეული კავშირი. მოზარდთა უმეტეს ნაწილს, ჯერ კიდევ, ჰგონია, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული ცოცხალი გარე სამყარო თავისთავად არსებობს, მათგან დამოუკიდებლად, ისინი სხვანი არიან, ხოლო ადამიანები კი მათზე მაღლა მდგომნი, გამორჩეულნი, მაღალგანვითარებულნი, გარე სამყაროს მხოლოდ მომხმარებლის თვალით აღიქვამენ და ამიტომაც ინდიფერენტული, მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ყოველივეს მიმართ. ჩვენი ინდიფერენტული დამოკიდებულებით თანდათან კვდება ყოველი ცოცხალი ირგვლივ და მასვე მიჰყვება გარე სამყაროსთან ჰარმონიულად თანაარსებობის ვალდებულებები, ზოგადად, სიყვარული. ამას არ ვამბობ ეკოლოგიური პროპაგანდის გამო – „გადავარჩინოთ გარე სამყარო“, არამედ იმიტომაც, რომ ჯერ ადამიანში გადარჩეს თვით ადამიანი. თუკი მოზარდს ცოცხალი არსებების მიმართ არ აქვს „თანასწორობის“ განცდა, არც მის მაგვართან ექნება სიყვარულის განცდა.
ადამიანის მიერ ცოცხალ გარემოსთან გაუცხოება, უმეტესად, ლოგიკური შედეგია სასწავლო შემეცნებითი პროგრამების დაგეგმვისა, სადაც აბსოლუტური ნაწილი მხოლოდ თეორიულად და ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით შესწავლას ეთმობა. აბა როგორ შეიძლება, მოზარდს სასწავლო პროგრამით დაგეგმილი ჰქონდეს მდინარე მისი ყველა მახასიათებლით და მდინარე არ აჩვენო, მდინარის კალაპოტი, დებიტი, სიჩქარე, ჩამონატანი ქვიშა, მისი დაბინძურების დონე, დაბინძურების წყარო და სხვა, თუნდაც მცენარეთა ცოცხალი სამყაროს გაცნობა. ბავშვობიდან სულ მესმოდა საუბარი, ქარმა ერთი ყვავილიც არ შეარჩინა მცენარეს, ჩამოყარა ყველაფერი, ვენახსა და სიმინდს ფოთოლიც არ შერჩაო, ზამთარში ცხოველები და ფრინველები რით გამოვკვებოთო… ეს საუბრები საერთოდ არ გვტკიოდა, მით უმეტეს ქალაქში მაცხოვრებლებს. ქარი საჯავრებელი იმიტომ იყო, რომ მათი სარჩო საბადებელი მოიკლებდა, ხოლო მცენარეს, ყვავილს რომ სტკიოდა, სციოდა და ზიანდებოდა, ამის განცდა ნაკლებად გვქონდა. ასე ვფიქრობდი მეც, სანამ მიწასთან პრაქტიკულად არ მომიწია შეხება და რეალობის წინაშე დადგომა. მცენარეები, რომლებიც შენობებსა და დიდ ხეებს იყვნენ ამოფარებული, მშვენივრად ხარობდნენ და ნაყოფსაც ისხამდნენ. იქ, სადაც არაფერი ეფარებოდათ, მართლაც ფოთოლგაცვენილი, უნაყოფოდ და საცოდავად გამოიყურებოდნენ. მათი შემყურე მახსენდებოდა ჩემი ზედაპირული დამოკიდებულება ბუნებისა და ზოგადად, ცოცხალ არსებათა მიმართ. მიწაზე შრომის დროს შევიცანი მცენარის „ადამიანური“ თვისება, რომ მასაც სცივა, მასაც უნდა საკვები, სასმელი, ქარისგან დაცვა, საუბარი, ხელის შევლება, სითბო და სიყვარული, მეტად შევიცანი ჩემი თავი.
ვიცი, რომ ამ პრობლემაზე საუბრობს ცა და ქვეყანა, მაგრამ მიდგომებია შესაცვლელი. ვერავითარი ექსკურსია, ვიდეოკლიპი, ლექცია-პროპაგანდა გარე სამყაროს სიყვარულისა და მოვლის შესახებ ვერ შეედრება თუნდაც ერთი შინაური ცხოველისა თუ ფრინველის, მცენარის შეძენა-მოვლას. პრობლემის მხოლოდ გონებრივი გააზრება ნაკლებეფექტურია, ვიდრე მისი შინაგანი განცდით შეცნობა.
არდადეგებიც საუკეთესო დროა, რომ შეიძინოთ შინაური ცხოველი, მცენარის ნერგები, ყვავილები და დარგოთ, სადაც კი მოგეხერხებათ. გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანებს რაიმე ცოცხალ არსებაზე, მცენარეზე, ცხოველზე, ფრინველზე მიკუთვნებულობის, დედობრივი გრძნობის გამოვლენით, თანდათან უყალიბდებათ მზრუნველი დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ. მათ მიერ დარგულ/კუთვნილ მცენარეებზე ქარის, წვიმის, სიცხის, თოვლის ზემოქმედებაზე დაკვირვებისას მიხვდებიან, რომ ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება წყალი, საკვები, სითბო, ქარისაგან დაცვა, მოფერება და სიყვარული, საუბარიც კი. აბა, დააკვირდით, ვისაც ფისო, მცენარე, ძაღლი ჰყავს სახლში, როგორი დედობრივი დამოკიდებულება აქვს მისი გაზრდილის/საზრუნავის მიმართ და ისეთივე სოლიდარული, მზრუნველი და გულისხმიერია სხვის მიმართაც.
მოზარდის გულში გაჩენილი სიყვარული ზრდის მას ადამიანად.
ფეხთბანის რიტუალები
ახლა ისეთ თემას შევეხები, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია, ყოვლისმომცველი და ფაქიზი თემაა საზოგადოდ. მასზე საერთოდ რომ არ ვისაუბროთ, წარმოუდგენელია. გარე სამყაროსთან ადაპტირება რელიგიასთან დაკავშირებული, მასთან ასოცირებული ნიუანსების გარეშე თითქმის შეუძლებელია. მხატვრობა, არქიტექტურა, სკულპტურა, გალობა, ლიტერატურა, ჩვენი ყოფის ტრადიციული რიტუალები, ზოგადად ცხოვრების წესი, გაჯერებულია ქრისტიანული ფორმითა და შინაარსით, ის დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაზე და უფროსებმა, რამდენადაც შეგვწევს ძალა, უნდა შევძლოთ ამ დიდ სამყაროსთან მოზარდის ზომიერი დაახლოვება.
რწმენა, კონკრეტულად ქრისტიანული, პიროვნების სულიერი მოთხოვნილებაა და ის ინდივიდშია. დანარჩენი სხვა – ბიბლია, ეკლესია, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო სივრცე ხელშემწყობი რამაა პიროვნების მიერ გასავლელ გზაზე. როგორ, სად და რა საშუალებებით ვაზიაროთ მოზარდი ამ უკიდეგანო, უფაქიზეს სამყაროს? ზოგიერთი სასულიერო და საერო პირების აზრით, რელიგია სკოლებში ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს. არადა, თუკი კარგად დავაკვირდებით, რიგი სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, მით უმეტეს, მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების, პირდაპირ თუ ირიბად, გაჯერებულია ქრისტიანული შინაარსითა და სულისკვეთებით (იგავები, მხატვრული ტექსტები, ხელოვნების ნიმუშები, თუმცა სწავლებისას, უმეტესად, ყურადღების მიღმაა, ძირითადად, ამ თემატიკის არცოდნის გამო). თუკი არსებულ შესანიშნავ რესურსებს სათანადოდ მივაწვდით, ახალგაზრდები იოლად, დაუძალებლად შეითვისებენ ქრისტიანული მოძღვრების საწყისებს.
აღარ გვინდა საგაკვეთილო პროცესზე საუბარი, რადგან არდადეგების ყოფითი ქცევების საუკეთესო გამოვლინებების უმრავლესობა იდენტურია ქრისტიანული და სხვა კონფესიების შეგონებებისა. შესაბამისად, თუკი მათ მივანიშნებთ მათივე ქცევაში არსებულ ქრისტიანულ მახასიათებლებზე, უფრო ღრმად, მკვიდრად გაუჯდებათ ცნობიერებაში და, ამ მარტივ მაგალითებზე დაყრდნობით, დაიძლევა ის ბარიერი, რომ რელიგიური მორალით ცხოვრება არაა რთული, მიუღწეველი სამოქალაქო პირებისთვის.
სტუდენტობის დროს, სამეცნიერო ექსპედიციისას, სოლიდური ხნის ლექტორმა, ჩვენთვის გამოაცხო ნამცხვრები და ჩაიზე მოგვართვა. მაშინ ღრმად ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა. იმას კი ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩვენ მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობის გამოვლინება, კეთილშობილური ჟესტი. ვერც შემდგომ ვერ ვწვდებოდი ბოლომდე იმ სიხარულის სიღრმეს, როდესაც, ჩემი ლექტორის მსგავსად, მეც ვემსახურებოდი ჩემს მოწაფეებსა და უმცროს კოლეგებს, სანამ ქრისტეს „ფეხთბანა“ და ჩემივე მსახურება არ დავაკავშირე ერთმანეთს, რომ ყოფითი რამ, ჩაის მოდუღება და მირთმევა მეგობრისთვის, ხანდაზმული ადამიანისთვის ტვირთის ტარებაში დახმარება, სხვისი სახლის გადათოვლა ქრისტესმიერი „ფეხთბანის“ რიტუალია. ეს ხომ ჩვეულებრივი ადამიანური, კეთილშობილური ქცევაა და სხვა არაფერი, მაგრამ მოზარდებს „ჩვეულებრივს“ რომ უფრო ამაღლებული განცდით დაანახებ — მისი ქცევების თანხვედრა უზენაესის ქმედებებზე, ბევრად იოლი გახდება იმის გაცნობიერება, რომ ყოველდღიური „ჩვეულებრივი“ ზნეობრივი საქციელი საწყისია ღმერთის მიერ გამოწვდილ თითთან მიახლოებისა (ამ შინაარსის გაგებაში ბავშვებს დაეხმარება მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის ფრესკა „ადამის შექმნა“).
იმასაც ვიტყვი, მოზარდის აღზრდისას, თუკი არ გაავლებ პარალელს ქრისტიანულ, ზოგადად რელიგიურ მორალზე, დიდად არც ამით დაშავდება რაიმე, მაგრამ, ვფიქრობ, ცხოვრების დიდ გზაზე, სიმტკიცეში საყრდენად, უმჯობესია უზენაესის ქმედებებთან თანხვედრა.
ფესვები
თემა, რომელსაც ახლა მივაქცევ თქვენს ყურადღებას, ზედგამოჭრილია არდადეგებისთვის. ბავშვობაში არდადეგები იმიტომაც მიხაროდა, რომ მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად იწყებოდა დიდი ვოიაჟები ნათესავებში. ბაბუას თითქმის ყველგან დავყავდით შვილიშვილები, სადაც კი წავიდოდა. ზაფხულში არის დრო, როდესაც სოფელში ძირითადი საქმიანობა დასრულებულია. ვენახი და სიმინდი გათოხნილი, გალამაზებულია, ჰოდა, ძირითად საქმეს რომ მორჩებოდა ბაბუა, ახლა ნათესავებთან მისვლა-მოსვლის დროაო, იტყოდა. ჩაალაგებდა ჩანთაში სოფლის სანოვაგეს და ჩვენთან ერთად იწყებოდა მოგზაურობა ახლობლებთან. „დედა, რა კარგი დღე გაგვითენდა“, „სადა ხარ აქამდე, სად დაიკარგე, ასე რატომ მოგვიძულე“, „ეს ბავშვები როგორ გაზრდილან, ქსენია (ბებიაჩემი) რატომ არ წამოიყვანე“… ატყდებოდა ერთი ამბავი, მიკითხვ-მოკითხვა. შემდეგ ამოალაგებდა ბაბუა ქსენიას გამოტანებულ მრგვლად მოხარშულ დედალს, ყველს, მწვანილს, კიტრს, პამიდორს, თონეში გამომცხვარ პურს, დოქით ღვინოს… ამაზეც გვსაყვედურობდნენ, რად გინდოდა ეს ყველაფერი, ხომ შეგვარცხვინა ახლა ამ კაცმაო და ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილ მოყვრებში იწყებოდა ყოველი მათგანის გაცნობა და იმის ხაზგასმა, რომ არ უნდა დაგვევიწყებინა ასე ახლობლებს ერთმანეთი. ყოველი ასეთი შეხვედრა იყო უზომო სიყვარულის დიდი დღე. გაიხსენებდნენ ბავშვობას, მათ დედებსა და მამებს, ბებიებსა და ბაბუებს, მეზობლებს, ახლობლებს, ნათელ-მირონებს. ამ სითბოთი გაჯერებულ საუბარს ვუსმენდით, ვხარობდით, ვმდიდრდებოდით ერთმანეთით ჩვენ და იმ ოჯახის ჩვენი ტოლა ბავშვები. შემდეგ ჯერზე ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და წლების განმავლობაში ასე მტკიცდებოდა ჩვენი სისხლისა და ხორცის ფესვები. ახლა ვფიქრობ, რომ ამ სტუმრობების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ახალგაზრდა თაობის ნათესავების გაცნობა-დაახლოება, ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნისთვის მზადება იყო ნამდვილად. ამ ურთიერთობების გამოა, რომ დღემდე მოგვყვება ჩვენს თაობას დედ-მამის და ბებია-ბაბუის მამულ-დედულეთის გვარების, ოჯახების, პიროვნებების მიმართ პატივისცემა.
ვფიქრობ, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება აუცილებელი ელემენტი უნდა იყოს მოზარდის აღზრდისთვის. სიყვარულით გაჟღენთილი განწყობის კონცენტრაცია მხოლოდ ნათესაურ კავშირშია შემონახული.
მოიცალეთ ამ სიმდიდრის შენარჩუნებისათვის, ატარეთ ბავშვები ნათესავებში, არ გაწყვიტოთ თქვენი ხორციელი თუ სულიერი ბმა წინა თაობებთან.
რაც არა გწადის ისა ჰქმენ…
სტუდენტობისას ერთ-ერთი საგნის ლექტორმა შემომთავაზა, ახლავე დავიწყოთ სადიპლომო ნაშრომის წერა, რომელსაც შემდგომში დისერტაციისთვის გააგრძელებო, ოღონდ იცოდე, ეს ხანგრძლივ შრომას მოითხოვსო. შემდეგ შემეკითხა, სოფელში გაიზარდე თუ ქალაქადო. ვერ მივხვდი მისი კითხვის არსს და ვთხოვე განემარტა თუ რას ეხებოდა შეკითხვა. საკმაოდ მოკლედ და ორიგინალურად ამიხსნა: არც მე და არც შენ დასაკარგი დრო არა გვაქვს, მინდოდა გამომეცნო გეყოფა თუ არა დამღლელ გზაზე შრომისათვის ნებისყოფაო. ქალაქელები ნამეტანი უნებისყოფონი არიან, მოკლე დისტანციაზე კი ბატონო, მაგრამ როდესაც ხანგრძლივ შრომას ეხება საქმე, მაშინ შრომაში გაზრდილები (გულისხმობდა სოფლად გაზრდილს) უფრო აღწევენ წარმატებასო.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მთავარი ყურადღება გადასულია საგნობრივი დისციპლინების შესწავლაზე, ხოლო რაც შეეხება მოსწავლის ნებისყოფის განმტკიცებას, საკუთარი ქცევის მართვას, ეს სფერო უმეტესად იგნორირებულია. უამრავი რეიტინგით იზომება საგნობრივი წარმატებები, ქცევის თანმიმდევრული ჩამოყალიბების საზომები კი ნაკლებადაა დამუშავებული. ადამიანებს ხშირად უწევთ სურვილებთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ნებისყოფაა, რის გარეშეც წარმატება ძნელი მისაღწევია. მოსწავლისთვის თვითკონტროლი, თავშეკავება, ანგარიშის გაწევა გარშემო მყოფთა მიმართ და სხვა სათანადო ქცევების მხოლოდ ცოდნა ნაკლებ ეფექტურია, ისინი უნდა რეალიზდებოდეს გარემოში.
არაერთი ევროპელი და ამერიკელი, იაპონელი ცნობილი პედაგოგები ადამიანის ნებისყოფის და სხვა ბევრი უნარის შეძენა-განვითარებაში, ასაკის შესაბამის შრომით აღზრდას აძლევდნენ უპირატესობას. ძალიან კარგია, რომ ბავშვები სპორტზე დადიან, მწვრთნელი მათ თანდათან აჩვევს დატვირთვას, სხვადასხვა სიტუაციაში ადაპტირებას, რითაც, ფიზიკური დატვირთვის გაძლიერებასთან ერთად, ნებისყოფაც უმუშავდებათ, მაგრამ შრომასა და სპორტში, ან ხელოვნებაში გამომუშავებულ ნებელობას შორის გადამწყვეტი სხვაობაა. სპორტში, ხელოვნებაში გამომუშავებული ნებისყოფა მაინც კომფორტში გამომუშავებული ნებისყოფაა, რაც ბოლომდე ვერ რეალიზდება არასტანდარტულ სიტუაციაში, რომლითაც სავსეა ცხოვრება, ხოლო ცხოვრება კომფორტულად მოწყობილი გარემო არაა, ის გაცილებით მკაცრია. ნებისყოფისა და სიმტკიცის უნარის გასაუმჯობესებლად ლეგენდარული სპორტსმენები დროდადრო შორდებოდნენ კომფორტს; მოკრივე მუჰამედ ალი ტყეში შეშას ჭრიდა, ხერხავდა, აპობდა, ხოლო ფეხბურთელი გარინჩა კი ნახნავებში ქათამს უშვებდა და დასდევდა დასაჭერად.
მოზარდები, ცხოვრებაში არასასურველის დასაძლევად, თანდათან უნდა მომზადდნენ. ამის კლასიკური განმარტებაა – „რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“. საკლასო ოთახის დალაგება, მიწის ნაკვეთის დაბარვა, ფრინველებისა და ცხოველებისათვის საკვების დამზადება, გამოკვება, წერისა და მეტყველების დროს გრამატიკული კატეგორიების განუხრელი დაცვა, ლექსის ან რაიმე ლიტერატურული მონაკვეთის ზეპირად სწავლა და სხვა ბევრი რამ ეძნელებათ და არ სიამოვნებთ შვილებს, მაგრამ ეს, თქვენთან ერთად, ერთ-ერთი საშუალებაა მიზნის, მათივე ნების საწინააღმდეგოს დაძლევის უნარის გამომუშავებისათვის. სხვათა შორის, ნების საწინააღმდეგო საქმის დაძლევა აჩქარებს სამყაროს პროგრესს, ეძებოს სხვა მარტივი გზები. გაიხსენეთ თქვენ მიერ ლექსის სწავლისას ან რაიმეს დამახსოვრებისთვის, ნებისყოფის გამომუშავებასთან ერთად, ინტუიციურად, როგორ ვითარდებოდა და ყალიბდებოდა ტექსტის დამახსოვრების ახალი კოგნიტური უნარები.
ოღონდ ყველაზე მთავარი და აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს ბალანსი; დავალების მოცულობა, დროის ხანგრძლივობა, ასაკი, ვისთან ერთად ასრულებ და რამდენად კეთილგანწყობილია გარემო. კიდევ, აუცილებელია, რომ შრომას ახლდეს წახალისება.
ძალიან გამიგრძელდა. ვფიქრობ, საზაფხულო არდადეგები სწორედ საუკეთესო დროა ბავშვის მარტივ შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად, დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად ცხოვრებისეული გზის საწყის ეტაპზე. კარგი იქნება თუ ბავშვი, რა თქმა უნდა მასთან შეთანხმებით, ასაკის შესაფერისად, ოჯახურ ბიზნესში დასაქმდება. შრომასთან ერთად, ის საკუთარი შრომით მოპოვებული თანხის განკარგვისა და ხარჯვის უნარსაც გამოიმუშავებს. სხვათა შორის, ინგლისის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს, უმდიდრესი მამა ჰყავდა, რომელიც შვილს, ზაფხულის არდადეგებზე, კაფეში მიმტანად ამუშავებდა.
მეტად ვაჟებისათვის
უფ, კარგია ხინკალი, ხაჭაპური, პელმენი და სხვა ამგვარ, სიხარულის მომნიჭებელ, თემებზე საუბარი. გაიფიქრებთ, რაღაც მამოტივირებელი თემის გარეშე არ დაიწყებდი ხაჭაპურზე და ხინკალზე საუბარსო, მართალიც იქნებით. ცოტა რაიმეს გავიხსენებ, მოუხდება თემას. ახალგაზრდობაში მეგობართან წავიტრაბახე, მეუღლე „ვარენიკებს“ ამზადებს კარგად და მეწვიე ოჯახთან ერთად-მეთქი. სამზადისისას ჩემი მეუღლე მოულოდნელად ცოტა შეუძლოდ შეიქნა და ძირითადი საქმიანობა ჩემზე გადმოვიდა. ფქვილი მოვცომე, დავანაწევრე პატარა ნაწილებად და გავაბრტყელე, ეს არაფერი, მაგრამ ყველის ჩადება ცომის ფირფიტებში და შემდეგ მისი სათითაოდ მოხუჭუჭება გამიჭირდა. მოვიდნენ სტუმრები, მოვხარშე, ამოვიღე ცხელი „ვარენიკები“, იქვე – არაჟანი და ყველაფერი კარგად წავიდა. რაღაც დროის შემდეგ, თვალი შევავლე მაგიდას, ჩავხედე ქვაბს, „ვარენიკის“ ნასახიც აღარ იყო დარჩენილი. გავოცდი, მთელი კვირის სამყოფი მეგონა გავამზადე.
ამ მომენტამდეც ვაფასებდი ქალის შრომას, მაგრამ მაშინ სხვაგვარად შევხედე. დამქანცველად მიმაჩნდა ასფალტის დაგება, რკინის გამოდნობა ღუმელში, მიწის თოხნა, ბავშვებთან მუშაობა და ა.შ., მაგრამ როცა ჩემს თავზე გამოვცადე, სამ-ოთხსაათიანი შრომის შემდეგ, ნაწვალების კვალიც არსად რომ არ ჩანდა, უკვე სხვაგვარად შევხედე „დაუფასებელ“ შრომას. ამგვარი ფაქტების გაანალიზების შემდეგ, უხერხულად ვიგრძენი თავი დედის, მეუღლის, ქალბატონების და ზოგადად მომსახურების სფეროში დასაქმებულთა მიმართ. ბავშვობისას ოჯახის წევრებისთვის ყოველდღიურად საუზმის, სადილ-ვახშმის მზადებას, პერანგების, შარვლების რეცხვა-გაუთოებას, სხვა უამრავ წვრილმანს შრომად ვერ აღვიქვამდი. პარადოქსია, მაგრამ როცა სხვა მომემსახურებოდა, უამრავ მადლობას ვიხდიდი, ისინი უცხონი იყვნენ, მე კი – თავაზიანი, ოჯახში მადლობის თქმას მაინც და მაინც საჭიროდ არ ვთვლიდი, მივიჩნევდი, რომ ისინი შინაურები იყვნენ და ჩვენ, დანარჩენებს, მსახურება ისედაც გვეკუთვნოდა. უფრო მეტად ცუდი შეგრძნება მეუფლებოდა, როცა ჩემი კომენტარები მახსენდებოდა: „მარილი აკლია“, „პური გუშინდელია“, „საყელოს ნაკეცი არ ამჩნევია“… ხოლო კომენტარები: „შეგარგოთ ღმერთმა“, „როგორ გიხდებათ ეს ტანსაცმელი“, „ლამაზად გამოიყურებით“ – რომელი მხრიდან იყო, ადვილი მისახვედრია.
ჰოდა, არდადეგები კარგი დროა, რომ შვილებს შეაგრძნობინოთ ე.წ. სავალდებულო და დაუფასებელი შრომის ყადრი, მისი ფასი. უმჯობესია, პირველ რიგში, ერთობლივად დაიწყოთ შვილების კუთვნილი ოთახის და იქ მოთავსებული ნივთების დარეცხვა, დალაგება, ფეხსაცმლის გაწმენდა-გაპრიალება, სამოსის რეცხვა-გაუთოება, ბავშვთა კვების პროდუქტების მომარაგება, დამუშავება და კერძის მომზადება, საერთო ფართის მოწესრიგება და სხვ. ვიცი, რომ სხვა საქმიანობებს ისედაც აკეთებთ, რაც აუცილებლად იმსახურებს შექებას, მაგრამ უმეტესად მას არ ახლავს სისტემატურობა და პასუხისმგებლობა. მათი მხრიდან ეს უფრო წააგავს გულმოწყალებას ოჯახის წევრთა მიმართ, რაც მცირე ასაკიდან გამომდინარე ბუნებრივი და მისაღებიცაა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, თანდათანობით, საჭიროა საქმიანობის სისტემატურობა და, შეძლებისდაგვარად, პასუხისმგებლობის დაკისრება.
აღზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იაპონიის სკოლების საკლასო ოთახების იდეალური სისუფთავე. იქ მოსწავლეებს, სასკოლო წესდებით, მათი ოთახების სრული მოვლა-პატრონობა აკისრიათ, რაც შრომითი ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობისა და სხვა სამოქალაქო უნარებს ავითარებს მოსწავლეებში.
მერწმუნეთ, რომ ოჯახურ საქმიანობაში გაზიარებული პასუხისმგებლობის შემდეგ ბავშვი აუცილებლად შეამჩნევს უადგილო ადგილას დადებულ ნივთებს, მის მიერ მოწმენდილ იატაკზე წყლის წვეთსაც, არასოდეს იყიდის ზედმეტ პროდუქტს, რომელიც შემდეგ უნდა გადაიყაროს. ძალიან გაეხარდება თუ მის მომზადებულ საკვებს სიამოვნებით მიირთმევთ. მე, მაგალითად, ცაში დავფრინავ, როცა შვილიშვილები ჩემს გაკეთებულ ტოსტს მოიწონებენ.
ისე, სჯობს ერთობლივი შრომა ხაჭაპურით დაიწყოთ, მის გაკეთებაზე ძნელად თუ იტყვის ბავშვი უარს.
საზაფხულო არდადეგებზე სასაუბრო თემატიკას რა დალევს, ვიმედოვნებ ჩემი გამოცდილების რაღაც მარცვალი მაინც გამოგადგებათ.
პატივისცემით, თამაზ ცხადაძე
სასკოლო კურუკულუმების განვითარებისა და მხარდაჭერის ექსპერტი