27 ივლისი, შაბათი, 2024

მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება საგანმანათლებლო თამაშების გამოყენებით

spot_img
სალომე ბერულავა
სსიპ ქ.ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი

 

 

 

⇔ აქტუალობა

თანამედროვე განათლებაში აქტუალურია მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება, რადგანაც მოტივირებული მოსწავლე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წარმატებული გაკვეთილის ჩასატარებლად. მოსწავლეთა სწავლის მოტივაცია თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იგი ყველაზე ხშირად გამოკვლეული ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში. შეიძლება ითქვას, რომ მოტივაცია განსაზღვრავს მოსწავლის აკადემიურ მიღწევებს, სწავლის ხარისხს, აქტიურ და პროდუქტიულ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. კვლევებით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი, მოსწავლის მიერ, მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა.

⇔ პრობლემის ანალიზი

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ მოსწავლეების სწავლის დონე უცხოურ ენებში არ არის მაღალი. ამას ადასტურებს მათი მიმდინარე შეფასებები, დიაგნოსტიკურ წერებსა და საგანმანათლებლო სახალისო დავალებებში მიღებული შედეგები და რაც მთავარია, მათი ნაკლები ჩართულობა გაკვეთილზე.

ვამჩნევ, რომ მათ უჭირთ ინგლისური ენის შესწავლა, აქვთ დაბალი შინაგანი მოტივაცია, რომლის მიზეზადაც, ვფიქრობ, შეიძლება ჩაითვალოს ენის სირთულე (მახვილები, ინტონაცია, გამოთქმები, კითხვა, წერა, გრამატიკა). რა თქმა უნდა, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შედარებით, მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან, მაგრამ როდესაც საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართულობაზე ვსაუბრობთ, აქაც გვაქვს პრობლემები – მათაც დაბალი შინაგანი მოტივაცია აქვთ სწავლის პროცესის მიმართ, რაც, ბუნებრივია, აისახება უცხო ენების სწავლებასთან მიმართებაშიც. გაკვეთილებზე დაკვირვების შედეგად შესამჩნევია, რომ მათი მოტივაცია მაღალია, როდესაც ვაყურებინებ ფილმებს, ვიდეოებს, მაგრამ ნაკლებად ერთვებიან, როდესაც ვთხოვ იმავე ფილმის განხილვას, ტექსტთან მსგავსება-განსხვავებების გამოვლენას; მოსწონთ პლაკატებისა და სურათების ჩვენება, მაგრამ, როდესაც მათ აღწერას ვთხოვ ან სურათზე დაყრდნობით წინადადების შედგენას (მათი შესაძლებლობების ფარგლებში), უკვე ნაკლებად ერთვებიან; მოსწონთ დიალოგების მოსმენა, მაგრამ უჭირთ მათი დასწავლა.

⇔ საგანმანათლებლო თამაშების სარგებლიანობა:

სარგებელი მოსწავლეებს: შინაგანი მოტივაციის ამაღლება, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხის მატება, სწავლა სწავლების ეფექტიანობის ამაღლება, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
მსურს გაგიზიაროთ საკუთარ პრაქტიკაში დანერგილი საგანმანათლებლო თამაშები და მათი როლი მიზნის მისაღწევად/მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად.
არის თუ არა უცხოური ენის (ინგლისური ენის) სწავლებაში საგანმანათლებლო რესურსები და ერთფეროვანი სწავლების სტილი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის ერთ-ერთი მიზეზი?1.3. ინტერვენციის დასახელება: საგანმანათლებლო თამაშები

  1. 1.3. ინტერვენციის დასახელება: საგანმანათლებლო თამაშები

ინტერვენციის მიზანი: ციფრული კომპეტენციებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ინგლისურის საგნის შესწავლაში მისი მიზნობრივად გამოყენება, შინაგანი მოტივაციის ამაღლება.

ინტერვენციის შესაბამისობა ესგ-სთან:

Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.

  • ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს, თანამოსაუბრეებს;

Iუცხ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სწავლის ხელშემწყობი სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) გააზრებულად გამოყენება.

ინტერვენციის აღწერა:

იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამეხადა, დავგეგმე და ჩავატარე ინოვაციური გაკვეთილი თემაზე: „Present continuous tense: Alternative Approach“ (აწმყო განგრძობით დრო: ალტერნატიული მიდგომა). საკითხი აქტუალურია, რადგანაც თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, გრამატიკა ისწავლება კომუნიკაციური მიზნებისთვის. შესაბამისად, აღნიშნულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს, რომ გამოეყენებინათ სამიზნე გრამატიკული დრო, პრაქტიკულად/დაეკავშირებინათ ის რეალურ სიტუაციებთან და ესაუბრათ კონკრეტული საკითხის ირგვლივ. საკითხის აქტუალურობა ასევე გამოიხატა არსებულ ცოდნასა და ახლად შეძენილ ცოდნას შორის კავშირების დამყარებასა და შემოქმედებითად გამოყენებაში. სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ-აუდიო, კინესთეტიკური აქტივობების საშუალებით, ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო სასწავლო პროცესში. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს. პროვოცირების ფაზაზე, მოსწავლეთა განწყობის ასამაღლებლად, გამოვიყენე სახალისო მოთელვის აქტივობა – Look around and capture position. მოსწავლეებმა დაასახელეს/აღწერეს მნიშვნელოვანი კადრი მათ ირგვლივ. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად გამოვიყენე ჩანახატი (doodles) და ვთხოვე მათ, აღეწერათ თუ რა ხდებოდა ნახატზე. მოსწავლემ, რომელსაც ყველაზე მიახლოებული პასუხი ჰქონდა, მიიღო პრიზი (ფანქარი). სიღრმისეული წვდომის ფაზაზე, ფოკუსირება გაკეთდა აწმყო განგრძობით დროზე ქაღალდის ბურთების საშუალებით – note (მოსწავლეების სავარაუდო პასუხი). მოსწავლეებმა მოცემული სიტყვები ჟესტებით და მიმიკით გააცნეს კლასს. კლასი ცდილობდა, გამოეცნო პრეზენტატორის ნათქვამი. მოსწავლეებმა, მინიშნებების საშუალებით, ამოიცნეს სამიზნე გრამატიკული დრო და შეძლეს მისი პრაქტიკაში გამოყენება. განსაკუთრებით მოეწონათ რამდენიმეწუთიანი ანიმაციური ფილმის ყურება, სადაც შეძლეს სამიზნე გრამატიკული დროის იდენტიფიცირება, კონკრეტული გრამატიკული დროის დასახელების პროცესში წამოძახება – „carpe diem“ და სურათების გადაღება მობილური ტელეფონებით – „გააჩერე საუკეთესო წამი“.

ცოდნის გამთლიანების ფაზაზე, გამოყენებული იყო წრიული მუშაობის მეთოდი – მოსწავლეები ტრიალებდნენ წრეზე, ყოველ ჯერზე იცვლიდნენ პარტნიორს. აღნიშნული აქტივობის განხორციელების შემდეგ, მათ შეძლეს, მობილური ტელეფონებით გადაღებული ფოტომასალისგან, სიუჟეტური ხაზის აღდგენა და მისი აღწერა სამიზნე გრამატიკული დროის გამოყენებით. ამგვარმა მიდგომებმა მოსწავლეებს განუვითარა შემოქმედებითი უნარი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ორიენტაციისა და თავის დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია.

მოსწავლეებმა, სემიოტიკური კომპეტენციის გამოყენებით, ერთ სიტუაციაში ნასწავლი სამიზნე გრამატიკული დრო სხვა კონტექსტში გამოიყენეს. შესაბამისად, აღნიშნულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო სამიზნე გრამატიკული დროის დაკავშირებას რეალურ სიტუაციებთან და ფოტომასალით სიუჟეტური ხაზის აღდგენას, შესაბამისად, მოსწავლეებმა შეძლეს კონკრეტული საკითხის ირგვლივ საუბარი, მათ შეიძინეს ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში ტრანსფერის უნარი, ასევე, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გააზრებულად გამოყენების, ურთიერთთანამშრომლობისა და ინტერაქციის უნარ-ჩვევები. ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგება კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს, სადაც მოსწავლე თავად აგებს ცოდნას, მასწავლებლის მიერ გადაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

ნაბიჯი 2. თამაშები: მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად, მათი ინტერესების გათვალისწინებით, საგაკვეთილო პროცესში დავგეგმე თამაში სახელწოდებით „White Board“ („თეთრი დაფა“). მოსწავლეები დავყავი ორ მწკრივად. დაფაზე დავწერე: „წარმოიდგინეთ, რომ ხართ თქვენთვის სასურველ ადგილას (მაგ: პიკნიკზე) და კონკრეტული გრამატიკული დროის „present continuous tense“ (აწმყო განგრძობითი დრო) და სამიზნე ლექსიკური ერთეულების გამოყენებით, აღწერეთ რა ხდება თქვენ ირგვლივ“. მწკრივიდან თითო მოსწავლე დაფაზე წერს წინადადებას მოცემული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით, შემდეგ მარკერს მომდევნო მოსწავლეს გადასცემს და ის აგრძელებს სიუჟეტურ ხაზს ლოგიკური თანმიმდევრობით. თამაში დროის ამოწურვამდე გრძელდება.

სასწავლო პროცესში თამაშის მეთოდის გამოყენებამ ხელი შეუწყო კლასში პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში, ცდილობდნენ გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები. იდეების გენერირებით, მათ შეძლეს ერთ სიტუაციაში ნასწავლი კონკრეტული გრამატიკული დროისა და სამიზნე ლექსიკური ერთეულების რეალურ სიტუაციებთან დაკავშირება და კონკრეტული საკითხის ირგვლივ საუბარი, გამოიმუშავეს ცოდნის ტრანსფერის უნარი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები