27 ივლისი, შაბათი, 2024

მოსწავლეების თვითშეფასების გავლენა სასწავლო პროცესში

spot_img
მადონა ჭიტაძე
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების ან გარეგნობისადმი. ნებისმიერ ჩვენგანს გარკვეული თვითშეფასება აქვს და ჩვენი ქცევა, ძირითადად, ჩვენივე თვითშეფასებითაა ნაკარნახევი. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება ორგვარია – არაადეკვატურად მაღალი და არაადეკვატურად დაბალი.

თვითშეფასება, დაახლოებით, იგივე პიროვნების ხერხემალია. ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელს აუცილებლად შეექმნება პრობლემები, როდესაც მას არაადეკვატურად მაღალი ან დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლე ჰყავს.

არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, იგი გაზვიადებულად აფასებს თავის შესაძლებლობებს, ამის გამო, სისტემატურად, არასაურველი განმსაზღვრელი ან განმავითარებელი შეფასების დროს, განიცდის მარცხს. ბავშვი ხდება მტრული, დაძაბული, ეჭვიანი, მუდმივად განაწყენებულია და დარწმუნებული გარშემო მყოფთა უსამართლობაში. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მოსწავლეს მუდმივად აქვს პრობლემები და უკმაყოფილება თანაკლასელებთან. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. ის გამუდმებით განსხვავებულ რეალობას ხატავს და ახასიათებს ხშირი აფექტი. ეს ყველაფერი მას არასასურველი ფაქტისგან თავის დაცვის შესაძლებლობას აძლევს. ბუნებრივია, ამ დროს, მასწავლებელი დიდი დილემის წინაშე დგება. ერთ მხარეს, აფექტის მდგომარეობაში მყოფი მოსწავლეა, რომელიც არარეალურ ფაქტს ამტკიცებს, მეორე მხარეს – დანარჩენი კლასი. მასწავლებელმა კლასში კეთილგანწყობილი გარემო უნდა შეინარჩუნოს, რაც საკმაოდ რთულდება.

რაც შეეხება არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს, ის ვერასდროს ვერ აფასებს სათანადოდ თავის შესაძლებლობებს. არ არის აქტიური მაშინაც კი, როდესაც შეუძლია კარგად შეასრულოს მოცემული დავალება. მუდამ თვითგვემაშია, არასდროს არ მოსწონს შესრულებული დავალება, მიღწეული შედეგი და ა.შ. მას არც ისე დიდი მონდომება აქვს სწავლის მიმართ. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლე, ხშირად, აიგნორებს მასწავლებლის მხრიდან მისი გააქტიურების მცდელობას, რადგან ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს ვერანაირ სამუშაოს. დადებითი შეფასების მიღებისას, ხშირად, ჰგონია, რომ არ იმსახურებს და მასწავლებელმა გადაჭარბებით შეაფასა მისი შესაძლებლობები. მასწავლებელს ძალიან დიდი მუშაობა უწევს ასეთ მოსწავლესთან, რომ განავითაროს მისი შესაძლებლობები. ასევე, უწევს ბევრი ღონისძიების გატარება, მისი კლასთან ინტეგრაცია რომ შედგეს.

როდესაც მოსწავლე სკოლაში მოდის, მას უკვე თითქმის ჩამოყალიბებული აქვს თვითშეფასება, იმ გარეგანი ფაქტორებისა და გარემოს წყალობით, სადაც ცხოვრობს. მასწავლებლისთვის რთულია უკვე ჩამოყალიბებული თვითშეფასების კორექტირება და ბევრი მუშაობა უწევს იმისათვის, რომ კლასში პრობლემები არ შეექმნას ამ მიმართულებით.

 

წყარო:

intermedia.ge, mastsavlebeli.ge

https://cutt.ly/N4ryXxK

https://tinyurl.com/4js5s7kn

http://mastsavlebeli.ge/?p=10841

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები