5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მოსმენის სამი ფორმა

spot_img

თამარ ლოსეურაშვილი

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მაძიებელი მასწავლებელი

 

 

იმისათვის, რომ ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგეს, რაც გულისხმობს არა მარტო ინფორმაციის გაცემას, არამედ საპასუხო რეაქციის გამოწვევას მეორე ადამიანში, რამდენიმე უნარია საჭირო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და კომუნიკაციის პროცესის უცილობელი შემადგენელია მოსმენის უნარი. ადამიანთა წარმატებას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა, განსაკუთრებული თვისება, რაც განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, არის მოსმენა.

ანსხვავებენ მოსმენის სამ ფორმას: პასიურს, ორმხრივს ანუ აქტიურს და ემპათიით მოსმენას.

პასიური უმოქმედოს, არაენერგიულს ნიშნავს და თავისთავად გულისხმობს ისეთ მოსმენას, როცა მსმენელი მოსაუბრეს არანაირ უკუკავშირს არ აძლევს – არც ვერბალურს (სიტყვიერს) და არც არავერბალურს. ამ შემთხვევაში, მოსაუბრეს აქვს საშუალება, ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრები, მსმენელის ჩარევის და აქტიურობის გარეშე.

განარჩევენ ორი კატეგორიის პასიურ მსმენელს: ცუდ და მოჩვენებითად კარგ მსმენელს.

ცუდ მსმენელებში მოიაზრება სამი ტიპის მსმენელი: 1. ავტორიტარული მსმენელი („ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით!“); 2. ადამიანი რომელიც იყენებს მზამზარეულ ფრაზებს და ხშირად საუბარი სხვა თემაზე გადააქვს („დრო ყველაფრის მკურნალია“, „ამოიგდე ეს აზრი თავიდან“); 3. „ინტელექტუალი“ – იწყებს ბრძენკაცობას და სხვათა გამონათქვამებს იშველიებს.

მოჩვენებითად კარგ მსმენელებს კი ახასიათებთ: „შემფასებლობა“ – მთავარია, თავიანთი პოზიცია გამოხატონ; „ინტერპრეტატორობა“ – ასეთი მსმენელები საკუთარი ვარაუდის და ვერსიების ტყვეები არიან; „გულშემატკივრობა“ – ორიენტირებულნი არიან თანაგრძნობის გამოხატვაზე; „დიაგნოსტირება“ – სვამენ ჭარბი რაოდენობის შეკითხვებს.

აქტიური მოსმენა, სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, ენერგიული, დაუზარელი, ყოჩაღი მსმენელის დამახასიათებელი უნარია. ამ შემთხვევაში მსმენელი აქტიურადაა ჩართული კომუნიკაციაში და ცდილობს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. მოსმენის ეს ფორმა, რა თქმა უნდა, ეფექტურია სასწავლო პროცესში ინფორმაციის გაცვლისას. ამ დროს მასწავლებელები იყენებენ უკუკავშირს (როგორც ვერბალურს, ისე არავერბალურს), რომელიც კომუნიკაციის კონტროლის საშუალებას იძლევა და აქვს მრავალი დადებითი ფუნქცია, მათ შორის: საკუთარი თავის შეცნობა, მოტივაციის ამაღლება და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

აქტიური მოსმენის ფაზებია:

  1. აღქმა;
  2. შეფასება;
  3. კრიტიკული დამოკიდებულება;
  4. რეაქცია.

აქტიური მოსმენის ტექნიკის ელემენტები:

  1. მოსმენის განწყობა და „სხეულის ენა“ – გულისხმობს მსმენელის ისეთნაირად განწყობას, რომ მოახერხოს და შეაღწიოს თანამოსაუბრის სამყაროში, რასაც უნდა მიუთითებდეს მისი გამომეტყველება, ჟესტები და მიმიკები.
  2. გარკვევა და დაზუსტება – კითხვების დასმა საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით. ამ დროს, კითხვის დასმის სტილი არადირექტიული უნდა იყოს, მაგ.: „ხომ არ მოჰყვებოდით…“
  3. რეფრაზირება – თანამოსაუბრის ნათქვამის გამეორება სხვა სიტყვებით, რათა უკეთ გავიგოთ და თანამოსაუბრემ უკეთ გამოხატოს თავისი აზრი.
  4. შეჯამება – რეზიუმირება იმ მიზნით, რომ მოსაუბრე დარწმუნდეს – მისი ნათქვამი სწორადაა გაგებული და მას უსმენ.
  5. გრძნობათა არეკვლა – ეს მოსმენის უნარის უმაღლესი დონეა. ემოციური მხარდაჭერა, თანაგრძნობა და თანაგანცდა მსმენელის მიერ, რითაც თანამოსაუბრეს ვაგრძნობინებთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია.

რაც შეეხება აქტიური მოსმენის მესამე ფორმას – ემპათიით მოსმენას, გულისხმობს სიტუაციის დანახვას მოსაუბრის პოზიციიდან, მისი გრძნობების გაგებას და პასუხის გულწრფელად გაცემას. მემენელი დიდი ყურადღებით განიხილავს მოსაუბრის პოზიციიდან წამოსულ ვერბალურ და არავერბალურ ინფორმაციას.

ამდენად, სმენით შეგრძნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის აღქმისა და გაზრებისას, დანარჩენი შეგრძნებები კი (მაგ.: მხედველობითი) აიოლებს ამ პროცესს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები