დღეს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ამილახვარს უსმენენ.
მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარი ორიენტირი კეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. პრიორიტეტი იქნება, კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და სამომავლო გეგმები განიხილა: „ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა სისტემის დეცენტრალიზაციის კუთხით, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი, რესურსცენტრების როლი და შეიქმნება სკოლების მხარდამჭერი ძლიერი სისტემური მექანიზმები; ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით გაგრძელდება საჯარო სკოლების ავტორიზაცია;
გრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება; შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი კონცეფცია, დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა და გაგრძელდება ელექტრონული რესურსების განვითარება; პარალელურად, გაგრძელდება სახელმძღვანელოების განახლებისა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი და დაიწყება სკოლის საშუალო საფეხურიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალ მოდელზე მუშაობა.
ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება, გაძლიერდება როგორც მათი მშობლიური ენის, ასევე სახელმწიფო ენის სწავლა–სწავლება.
მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ მუშაობას უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ხელშეწყობის კუთხით. შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება მათთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი კურსების შეთავაზება.“
სკოლებში თანასწორი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მინისტრობის კანდიდატმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეული. ამასთან, განხორციელდება ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ტრანსფორმაცია ფსიქო–საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და კონსულტირების გუნდად.
სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, გაუმჯობესდება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების მოქნილი და შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები, გაიზრდება მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტით მანდატურის სამსახური არის წარმოდგენილი. განხორციელდება სკოლებში აღდგენითი ურთიერთობების მიდგომების დანერგვა „პროცესზე ორიენტირებული უსაფრთხო სკოლის“ მოდელის განვითარებისათვის, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სასკოლო მედიაცია წარმოადგენს,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება: „პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საჭიროებებს“.
პროფესიულ განათლებაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტთა დასაქმების მნიშვნელობაზე: „გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი‘‘.
გიორგი ამილახვარმა ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელების მნიშვნელობას. მისი თქმით, კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვა და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანა უნარების ეკოსისტემაში და პროფესიული განათლების მიწოდებაში. გიორგი ამილახვარის განცხადებით, დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით გადაიხედება პროფესიული სტანდარტები და 2025 წლის ბოლომდე შემუშავდება/განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ამასთან, შრომის ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაინერგება კერძო სექტორის მონაწილეობით შემუშავებული ახალი კვალიფიკაციები.
მინისტრობის კანდიდატმა მასწავლებელთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა: „უპრეცედენტოდ გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება. 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.“
აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით, გაგრძელდება პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზება. მათ შორის, მასწავლებლის ეროვნული დღე, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები. ასევე, განახლდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად.
„დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, ასევე, ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. ასევე მოხდება პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,‘‘ – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
მან დამსწრე საზოგადოებას ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის, კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, დაწესებულებების სტრუქტურების გადახედვასა და პროფესიული განათლების სისტემის პრიორიტეტების შესაბამისად გაუმჯობესებაზე. „პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ამოქმედდება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად. ამასთან, პროფესიული განათლების მართვის პროცესის ხელშესაწყობად დაინერგება სხვადასხვა ელექტრონული სისტემა, რაც პროცესებს გახდის უფრო მეტად მოქნილს და ავტომატიზებულს“.
მინისტრობის კანდიდატმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტებიც მიმოიხილა: „სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა–რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა–რეაბილიტაციის პროცესი.
გარდა ამისა, გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტი. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ აქტივობას ევროკავშირის სამეზობლოში.“
მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება სკოლამდელი განათლების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რეფორმა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას. ამასთან, თვითშეფასების მხარდაჭერის პროცესი უფასოდ და თანაბრად უზრუნველყოფილი იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებისთვის.
აღნიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით: „მიმდინარეობს და გაგრძელდება დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის“.
გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვის მნიშვნელობაზე: „ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ყველა საბავშვო ბაღში დაინერგება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება/განვითარება. ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას და ზოგადი განათლების საფეხურზე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ზრდას.“
მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მასშტაბით განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ: „საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი ხარისხის ზრდა წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს –2,508.0 მლნ ლარს მიაღწია.“