13 სექტემბერი, პარასკევი, 2024

მონანიება-შენდობის საკითხი ილია ჭავჭავაძის „განდეგილსა“ და „გლახის ნაამბობში“

spot_img
ლეილა დანელია
მარტვილის მუნიციპალიტეტის შპს კერძო სკოლ სხივის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი

 

 

 

სოკრატედან მოყოლებული, რომელმაც პირველად დასვა საკითხი ადამიანის რაობისა და მისი დანიშნულების შესახებ, არ დარჩენილა არც ერთი დიდი მოაზროვნე და მწერალი, რომელსაც ეს საკითხი თავისი კვლევის საგნად არ გაეხადოს და თავის მეცნიერულ თუ ლიტერატურულ შემოქმედებაში არ განეხილოს. ილია ჭავჭავაძემ, რომელიც მე-19 საუკუნის გონებრივი პოტენციალის მატარებელი და ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი იყო, თავისი შემოქმედების კრედოდ ეს საკითხი დააყენა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა მის ნაწარმოებში ღრმა ფილოსოფიური ანალიზით არის გადმოცემული ადამიანის რაობა, მისი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. ერთ-ერთ ასეთ თვალსაჩინო მაგალითად ითვლება ქართული მწერლობის  უბრწყინვალესი მხატვრული ძეგლი „განდეგილი“, სადაც სულისა და ხორცის არჩევნის – ზეციერისა და მიწიერის – „სააქაოს“ მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული.

რაც შეეხება თვით ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას ქრისტიანულ რწმენასთან, მკრეხელობაა იმ პიროვნების მრწამსში ეჭვის შეტანა, რომელიც ერმა წმინდანად აღიარა. ფრიად საინტერესოა ილია მართლის დამოკიდებულება ცოდვისა და მადლის, მონანიებისა და შენდობის საკითხთან. განვიხილოთ „განდეგილი“ და მისი სავარაუდო ლიტერატურული პირველწყარო. 1988წელს გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებული, სადაც პირველად შეიტანეს მის მიერ თარგმნილი გერმანელი მწერლის გეორგ ებესის რომანი „რამეთუ კაცი ვარ“ (თარგმნის წლები – 1878-79), რომელიც 5 წლით უსწრებს „განდეგილის“ გამოცემას (1983წ). აქ არის გასაოცარი ტიპაჟობრივი მსგავსება: იგივე მძინარე ყმაწვილი ქალი, გამოქვაბული, ბუნების სტიქია და ცოდვით სულით ხორცამდე შეძრული, სასოწარკვეთილი განდეგილი. ნიშანდობლივია ისიც, რომ დიდი ილია თარგმნისას აირჩევდა ისეთ ნაწარმოებს, რომელიც მის სულთან, მის მრწამსთან უფრო ახლოს იქნებოდა. ასკეტიზმის პრობლემა ამიტომაც შემოიჭრა, ალბათ, მის არსებაში, რამაც, მოგვიანებით, ისეთი შედევრი მოგვცა, რომ გამოჩენილმა ინგლისელმა მთარგმნელმა, მარჯორი უორდროპმა ინგლისურად თარგმნა, „ ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ. ცნობილია, რომ მსგავსებას ამ ორ ნაწარმოებს შორის ასაბუთებს მკვლევარი ნ. ჩიტაური. მაგრამ მნიშვნელოვანია არა „განდეგილის“ ლიტერატურული პირველწყარო, არამედ მასში დასმული მასშტაბური საკითხი და მისი გადაწყვეტა. განდეგილის სახე რომ სრულად გაიხსნას, საჭიროდ მიმაჩნია, პარალელურად, განვიხილოთ ილიას მეორე ნაწარმოები – „გლახის ნაამბობი“, რომლის პირველი ნაწილი 1853 წელს, ხოლო დასრულებული სახით – 1873 წელს გამოიცა. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ილიას ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობიდან აფიქრებდა ადამიანის ურთიერთმიმართება უფალთან („მამაო ჩვენო“, 1858წ). გაბრიელის, ერის კაცისა და განდეგილის, ღვთის მსახურის შედარება შეიძლება პრინციპული ხედვით სხვადასხვა იყოს, მაგრამ განცდებით, ცოდვის ქმნით, მონანიებითა და უფლისკენ სავალი გზით ერთი იყოს.

ფრიად გავრცელებული მოსაზრებით, რომელსაც გასული საუკუნის თითქმის ყველა მკვლევარი ემხრობა, განდეგილი მარცხდება ცხოვრებასთან ჭიდილში და ამით ილია უარყოფს ქრისტიანულ იდეოლოგიას. შემდგომ ეს მოსაზრება სხვა ვერსიით შეიცვალა, რომ ილია ქრისტიანობას კი არ უარყოფდა, არამედ მხოლოდ ასკეტური ცხოვრების წესს. საკითხის ამ სახით დაყენება მართებულად არ მიმაჩნია.

განვიხილოთ „განდეგილი“ და, მასთან ერთად, „ გლახის ნაამბობის“ ორი პერსონაჟი: გაბრიელი და მოძღვარი, რომელიც, განდეგილის მსგავსად, საკუთარი სახელით არ არის მოხსენიებული. მოძღვარი და განდეგილი სხვადასხვა სახეა ღვთისმსახურებისა. მოძღვარი ცხოვრების შუაგულში მოქმედებს, განდეგილი განმარტოებულია. მიღებული მოსაზრებით, ცდუნების შესაძლებლობა და ცოდვაში გარევა ამქვეყნიურ ცხოვრებაში მეტია და მით უფრო ძნელია თავის მოზღუდვა, მაგრამ განდეგილობა ღვთისმსახურების უფრო მაღალ საფეხურს განეკუთვნება, როგორც ამას განდეგილობაში მყოფი წმინდა მამათა ცხოვრების წესი გვიჩვენებს.

გაბრიელის ცხოვრების წარმმართველი უფლის რწმენა და სიყვარულია. „ჩემი ცხოვრების ბნელ გზაზე იმის მეტი ვარსკვლავი არ ამოსულა“, – ამბობს იგი თავის მოძღვარზე. თამროს სიყვარულიც კი ვერ მაღლდება უფლის სიყვარულამდე, რადგან ამ სიყვარულის ვერმონელებამ აქცია იგი ყაჩაღად და კაცის მკვლელად. მარტოობაში, ფიზიკურად ნაკაცარად გადაქცეულს, ისევ უფალი ეგულვის ერთადერთ შემწედ. „მარტოობაში იმ ლოცვის სიტყვებით ველაპარაკები უფალს, ისინი იკვლევენ გზას და დღე-და-ღამე იმათთან ვაყოლებ სულს“. სიკვდილის წინ კი სიხარულითაა აღტაცებული, რადგან „შენი ანთებული სანთელი, შენს სულში უნდა ჩავქრე“. გაბრიელის ბოლო გატოკება, უკანასკნელი მოძრაობა ისევ ღვთისკენ სავალ გზაზე მიბრუნებაა. მოძღვრისაგან შენდობილს სურს, რომ ზიარების მადლი მუხლმოდრეკით მიიღოს, მაგრამ ღვთისა და ადამიანის ერთად შეყრის ეს მომენტი არ დგება – გაბრიელი უზიარებელი კვდება. განდეგილიც, გაბრიელის მსგავსად, მადლის მიღების გარეშე კვდება.

ნაწარმოების წაკითხვისას ვამჩნევთ, რომ უფალი კვლავ იღებს თავის უძღებ შვილებს. უფალი ხომ მხოლოდ მსაჯული არ არის, იგი უპირველესად სიყვარულია, ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი. ეს ნათლად ჩანს გაბრიელთან, სიკვდილის წინ, მოძღვართან შეხვედრა-შენდობის და განდეგილთან ღვთისმშობლის ხატისა და სასწაულებრივი სხივის ხილვით. უფალი მათთანაა, მათ გვერდით არის. გაბრიელიც და განდეგილიც, მონანიე და შენდობილნი, მოელიან ამ მადლს, მაგრამ იმ ღვთაებრივი წამის ფიზიკური ხედვა წყდება. მხოლოდ გონების, სულიერი თვალებით შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა მოხდებოდა შემდგომ. მიიღებდა კი უფალი გზააცდენილ და მონანიე შვილებს? პასუხი მხოლოდ შეიძლება ერთი იყოს – მიიღებდა.

ილია, როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ, მკაცრი და უკომპრომისო იყო, როცა საქმე ჭეშმარიტებას ეხებოდა. მაღალი სულიერი ფასეულობებისა და სიწმინდის ხელყოფა მისთვის მიუღებელია. ამდენად, გაბრიელისა და განდეგილის მონანიების მიუხედავად, ილია თავის გმირებთან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

ყველაზე ნათელი და უმწიკვლო სახე, მოცემულ ნაწარმოებებში, მოძღვარია, სახე ხორცსხმული სიკეთისა, რომლის ქმედება სხვასაც სიკეთის ქმნისკენ მიმართავს. ნაწარმოების დასასრულს იგი ისევ გვევლინება, როგორც მწყემსი კეთილი, თავმდაბალი, მოწყალე, გლახაკთა ნუგეშისმცემელი, უფლის სახის მატარებელი. თუ განდეგილის, გაბრიელის და მოძღვრის სახეს ერთ ფოკუსში გავაერთიანებთ და მოძღვარსაც იმ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყართან დავაყენებთ, მაშინ გჯერა, რომ ილია მართლის კალამი ზიარების მადლის, ამ უმაღლესი ღვთიური წამის, ფიზიკურ ხედვას მოძღვართან ჭეშმარიტად აღწერდა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები