ირაკლი თავაძე
უკვე საკმაო დრო გავიდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქვეყნის მასშტაბით სპორტის გაკვეთილების უკეთ ჩასატარებლად, სპორტის ექსპერტთა გადამზადება დაიწყო. ეს ერთგვარი შუალედური რგოლია სამინისტროსა და უშუალოდ სკოლებს შორის: ექსპერტებს ევალებათ, სპორტის მასწავლებლებს ადგილზე გაუწიონ თეორიულ-პრაქტიკული დახმარება სამინისტროს მიერ შემუშავებული სიახლეებისა და ტენდენციების გათვალისწინებით სპორტის გაკვეთილების დაგეგმვაში. სამინისტრომ ჯერ საექსპერტო კანდიდატები შეარჩია, ჩაუტარა რამდენიმე ტრენინგი, სხვადასხვა ტიპის გადამზადების კურსები, რათა მათ, ადგილებზე, თავიანთ რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში სხვებისთვის გადაეცათ იქ მიღებული ცოდნა, ადგილზე დახმარებოდნენ კადრებს, რომ სპორტის გაკვეთილები რაც შეიძლება ქმედუნარიანი იყოს და მეტად უპასუხოს თავის პირველად დანიშნულებას… თუმცა, ექსპერტთა ფუნქციაში, სწავლებასთან ერთად, კონტროლიც შედის – რამდენად კარგად ნერგავენ მასწავლებლები გაკვეთილზე სამინისტროდან წამოსულ ტენდენციებს, საამისოდ კი ადგილებზეც ახდენენ გასვლებს.
დღეისათვის უკვე 26 ექსპერტია გადამზადებული, 2 მიმდინარე თვიდან დაემატა, ორივე არაქართული სკოლების მიმართულებით (აზერბაიჯანული და სომხური). მათ ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვეს. ამასთან, დღითი დღე იზრდება პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობა, რაც კადრებზე ახალ მოთხოვნებს აყენებს. მაგალითად, კახეთის რეგიონს 2 ასეთი გადამზადებული ექსპერტი ჰყავს, რომლებიც ადგილზე აგრძელებენ მუშაობას იქაურ კოლეგებთან. ერთ-ერთი მათგანი თელაველი მევლუდ მაისურაძეა, რომელსაც თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის სკოლები აბარია, ჯამში – 26 სკოლა. თუმცა ეს ციფრიც პირობითია, რადგან რაოდენობა თანდათან იზრდება, ახალ-ახალი სკოლები ემატება, რამდენიმე უახლოეს პერიოდში ჩაერთვება. ბუნებრივია, ახალშემომატებულ სკოლებთან სხვა გრაფიკით, სხვა პროგრამით მიდის მუშაობა, რადგან ადრიდანვე ჩართულებს ეს პირველი ნაბიჯები უკვე გავლილი აქვთ.
ამ სკოლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არჩევს თავისი კრიტერიუმებით, მერე მათთან მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც მევლუდ მაისურაძემ გვითხრა, მან უკვე შემოიარა 16 სკოლა, დანარჩენ 10-ს, გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ივნისამდე შემოივლის. ისე კი დაგვეთანხმებით, ერთი კაცისთვის ძნელია ამხელა მასშტაბის სრულყოფილად მოცვა – 4 მუნიციპალიტეტი პატარა არეალი ნამდვილად არაა. თან, ისიც ხომ მუშაობს სკოლაში და თავისი გაკვეთილებიც აქვს… დარწმუნებული ვართ, სხვა რეგიონებში, სხვა ექსპერტებთან მიმართებაშიც მსგავსი მდგომარეობა იქნება.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მევლუდ მაისურაძე, პერიოდულად, აწყობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ოთხივე რეგიონის სხვადასხვა სკოლაში. მით უფრო – სამუშაოც ბევრია და ამგვარი ხასიათის შეხვედრების საჭიროებაც: უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის გარდა, საკმაოდ დიდი პრობლემაა საჭირო დოკუმენტაციის შევსება, ყველაფრის აღრიცხვა, რასაც სასწავლო პროცესი ითვალისწინებს. დასამალი არც ისაა, რომ რეგიონებში, სადაც ხშირად შედარებით უფროსი თაობის პედაგოგები არიან, უჭირთ კომპიუტერთან მუშაობა, არა აქვთ საჭირო უნარ-ჩვევები. ეს პრობლემა ნამდვილად დგას, თუმცა, ვფიქრობთ, აქ თავად სკოლის დირექციასაც მეტი მუშაობა მართებს და უფრო მეტად უნდა იაქტიუროს – ყოველ მხრივ მომზადებული კადრი ხომ მის პირდაპირ ინტერესშიც შედის. რაც უფრო სრულყოფილად, მაქსიმალურად მაღალ დონეზე წარიმართება გაკვეთილი, ნებისმიერ საგანში, ეს ხომ სკოლისთვისაც უკეთესია. არადა, ამ რეალობაში, როცა სასწავლო პროცესი დიდწილად ონლაინ ფორმატში გადავიდა, კომპიუტერთან მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება…
აქ სხვა მომენტიცაა გასათვალისწინებელი: სპორტის გაკვეთილი პრაქტიკულ ნაწილთან, ანუ უშუალოდ დარბაზში ჩასატარებელ აქტივობებთან ერთად თეორიულ მეცადინეობებსაც ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროექტების დონეზე, რაც, ძირითადად, სასკოლო კონკურსებისთვის მზადებაში გამოიხატება: მასწავლებელთა ჩართულობა-მეთვალყურეობით ბავშვებმა უნდა მოამზადონ თემები ოლიმპიაზმზე, სპორტის ისტორიაზე და სხვა, ეს ყველაფერი კი კომპიუტერის მეშვეობით კეთდება.
ზემოთ ექსპერტთა მიერ სკოლების კონტროლის ფუნქციაც ვახსენეთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ სკოლებს დამოუკიდებლად მუშაობის უფლებას ართმევენ, პირიქით, სამინისტრო მიესალმება მათ ინიციატივებს, რაც განსაკუთრებით საშური გახდა ონლაინ ფორმატში მუშაობისას. სპორტული აქტივობა ონლაინ ცოტა წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა გამოჩნდნენ ნოვატორი, ინოვაციური მიდგომების მქონე ადამიანები, რომლებმაც ახალ-ახალი სპორტული აქტივობები დანერგეს და გაავრცელეს კიდეც (ამგვარ სკოლებზე ჩვენც ვწერდით). სამინისტრო ამგვარ ინიციატივებს მიესალმება, თუმცა გარკვეული ჩარჩოები ყველაფერს აქვს და სწორედ აქ არის საჭირო კონტროლი. მაგალითად, ბატონმა მევლუდმა გაიხსენა შემთხვევა, როცა სამინისტროს მიერ მომზადებულ-დარიგებული ფიტნეს-ვარჯიშების სარეკომენდაციო რგოლებს ზოგან, საკუთარი ინიციატივით, რაღაც დაამატეს, სადაც არ იყო დაცული სავარჯიშო სპეციფიკა, რამაც, შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს – ამასაც მეთვალყურეობა სჭირდება.
ცალკეულ სკოლებთან ზემოაღნიშნული საინფორმაციო შეხვედრების გარდა, ექსპერტმა, 16 თებერვალს, ანალოგიური სემინარი, ოღონდ უკვე გაერთიანებულ ფორმატში, თავისი საკურატორო ზონის ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვისაც ჩაატარა, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია – თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 100-ზე მეტი მასწავლებელი დაესწრო. მათ შორის, იმ სკოლებიდანაც, რომლებიც ჩართული არ არიან ამ პროექტში. ცხადია, ესეც დიდ ინტერესზე მიუთითებს. მსგავს შეხვედრებზე ყოველთვის დიდია და განსხვავებული შეკითხვების სპექტრი, მით უფრო, რომ ყველა სკოლას სპორტის განსხვავებული სახეობა აქვს არჩეული, რაც მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან მომდინარეობს, მაგრამ თემატიკა მრავალფეროვანია. თუმცა, მევლუდმა ისიც გვითხრა, რომ როგორც ყველა სხვა სიახლეს, დაგეგმილ რეფორმებსაც თავიდან ყველა ეჭვის თვალით უყურებს.
ასეთი დიდი ინტერესის მიუხედავად, რეგიონში მაინც დგას კადრების პრობლემა. მაგალითად, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში საერთოდ არ ჰყავთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი და მისი საათები სხვა საგნების მასწავლებლებზეა გადანაწილებული. მრავალი მცდელობის მიუხედავად, იქ სათანადო კადრი მაინც ვერ მოიძებნა. სხვაგან მთლად ასეთი სავალალო მდგომარეობა არაა, თუმცა, კადრების დეფიციტი მაინც იგრძნობა, პლუს – კვალიფიკაციისაც: ბევრი დამწყები პედაგოგია, მათგან უმეტესობა სხვა სფეროდან მოვიდა, გამოცდები ჩააბარა და ახლა იწყებს ყველა საფეხურის გავლას.
ერთი შეხედვით, თითქოს გამოსწორდა მასწავლებელთა სოციალური დაცვა, გაეზარდათ ხელფასი და თითქოს რა უნდა იყოს კადრების დეფიციტის მიზეზი, რატომ უნდა ჭირდეს მათი მოძიება? საქმეს ვერც ვაკანსიების გამოცხადება შველის იმის მიუხედავად, რომ გამოხმაურებები არის. სავარაუდოდ, მიზეზი მაინც დაბალი ანაზღაურებაა – ვიდრე დამწყები გამოცდებს არ ჩააბარებს და კვალიფიკაციას არ აიმაღლებს, სახელფასო დანამატი არ ეძლევა, ხელფასი კი დაბალია. ბევრი ამიტომ ამბობს უარს, თუმცა, ფიზიკურადაც არაა საკმარისი კადრები, რასაც ვერ ვიტყვით ჰუმანიტარული განხრის საგნებზე.