10 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

მომავალ პედაგოგებში ჩადებული ინვესტიცია – პროგრამა „მომავალი მასწავლებელი“

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე ხუთი წელია წარმატებით ახორციელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას „მომავალი მასწავლებელი“. პროექტი შვიდ რეგიონალურ, სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება და 170-ზე მეტი წარმატებული სტიპენდიანტი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით.

წლების განმავლობაში ფონდი არა მხოლოდ საუკეთესო და წარმატებულ სტუდენტებს აძლევს საშუალებას გახდნენ ამ ჯილდოს – სტიპენდიის მფლობელები, არამედ სტიპენდიანტებს და პედაგოგიური ფაკულტეტის სხვა სტუდენტებს სისტემატიურად სთავაზობს გპფ-ს მიერ დაფინანსებულ არაერთ სხვა პროექტში ჩაერთვას; მონაწილეობის მიღებას ისეთ პროგრამებსა და პროექტებში, რომლის მიზანიც მასწავლებლის როლის გაძლიერება, მომავალი პედაგოგებისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. ფონდის მხარდაჭერით დღეს მომავალი პედაგოგები სწავლობენ სოციალური და ემოციური უნნარების მართვას, ასევე გპფ-ს მხარდაჭერით საჯარო დებატები არჩვით საგნად შევიდა პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც კიდევ ერთხელ ეხმარება მომავალ პედაგოგებს საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილებმა დაიწყონ პედაგოგიური საქმიანობა

მნიშვნელოვანია, რომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – გპფ აქტიურად ადევნებს თვალს სტუდენტების აკადემიურ და კარიერულ განვითარებას, მათ ჩართულობას სასწავლო აქტივობებში, პრაქტიკაში და საბოლოოდ, მათ დასაქმებასა და პედაგოგიურ საქმიანობასაც გულშემატკივრობს.

სასტიპენდიო პროგრამის ფარ­გლებ­ში, ხუთი წლის მანძილზე ფონდმა არაერთ ახალგაზრდას გადაუხადა ყოველთვიური სტიპენდია. წლევანდელი მონაცემებით მათი რაოდენობა 170-ს აღემატება. მიმდინარე სემესტრში ფონდს 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში. უმეტესობა კი უკვე წარმატებული პედაგოგია.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდის პარტნიორები არიან: გორის სახ. უნი­ვერსიტეტი, სოხუმის სახ. უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახ უნივერ­სიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვი­ლის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახ. უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.

ფონდის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პედა­გოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს, განსაკუთ­რებით რეგიონში მცხოვრებ, ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექ­მნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებ­ლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ლარს. მაღალი აკადემიური მოს­წრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.

გუდავაძე-პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი 2017 წელს ქალბატონ ინნა გუდავაძის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რათა სკოლაში განათლებული, წარმატებული, თავისუფალი და პატრიოტი მოქალაქე აღიზარდოს.

ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მდგრადობაა – ყველა პროექტი ისე იგეგმება, რომ მისგან მიღებული სარგებელი საშუალო და გრძელვადიანად აისახოს განათლების სისტემაზე და არ იყოს მხოლოდ მყისიერ ეფექტზე გათვლილი. საქმინაობის დაწყებიდან დღემდე ფონდის მიერ 50-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. ფონდის ინვესტიციამ 6.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფონდის თანადაფინანსებულ პროექტებს შორისაა: მეცხოველეობის პროფესიული სასწავლო პროგრამების დანერგვა რაჭაში, ქართული ენის სწავლების გაძლიერება ეთნიკურ უმცირესობებსა და ლტოლვილებში, პროფესიული გაერთიანებების მხარდაჭერა, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა და სხვა პროექტები.

 

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება