27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მომავალი თაობა ჩვენი შეცდომების გამო არ უნდა დაიჩაგროს

spot_img

2023 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მოგვიანებით ცენტრის დირექტორის ვინაობაც შევიტყვეთ – მაია მიმინოშვილი. დაიწყო ცენტრის ფორმირების პროცესი და აი, დეკემბრის დასაწყისში, კონფერენციაზე „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას, ზოგადი განათლების მიმართულებით, ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა.

კვლევა სამი მიმართულებით განხორციელდა – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შეფასება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება და სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება. თუ პირველი ორი მიმართულებით – ესგ და სქემა – კვლევა დასრულებულია, მესამე შემთხვევაში, სახელმძღვანელოების მიმართულება, პირველი ფაზის შედეგების გათვალისწინებით, შემდგომ, მეორე ფაზაზეა გადასული.

სამივე შემთხვევაში, კვლევის საგნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დავინტერესდით იმ ძირითადი მიგნებებით, პრობლემებითა და ზოგადი სურათით, რაც კვლევის პროცესმა აჩვენა. გვესაუბრება საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, ასეთი მასშტაბური კვლევა, სასკოლო განათლებისთვის ამ სამი  საკვანძო მიმართულებით, საქართველოში, პირველად ჩატარდა. სამივე კვლევაში ერთად მონაწილეობდა 40 000-მდე მასწავლებელი, 1000-ზე მეტი სკოლა და სკოლის დირექტორი, ექსპერტები, განათლების სფეროთი დაინტერესებული თითქმის ყველა მხარე, განათლების სამინისტრო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

♦ ქალბატონო მაია, ვიდრე კვლევის დასრულებულ მიმართულებებზე დავიწყებდეთ საუბარს, რა აჩვენა სახელმძღვანელოების კვლევის პირველმა ფაზამ?

◊ პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ  სამივე კვლევის ცენტრალური ასპექტი იყო სასკოლო საზოგადოების  მოსაზრებების, განწყობების შესწავლა მიმდინარე რეფორმებთან თუ  ზოგადი განათლების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. სამივე კვლევაში როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები იყო გამოყენებული. რაც შეეხება სახელმძღვანელოების შეფასებას, ეს უაღრესად რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ, პირველ ეტაპზე, მასწავლებლის პერსპექტივიდან, სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით, შევაფასეთ სახელმძღვანელოები. ასეთი შეფასება სახელმძღვანელოს კლასში, სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენების გამოცდილებას ემყარება. სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით, სახელმძღვანელოს ეფექტიანობის შეფასება, ერთგვარი ტესტია სახელმძღვანელოსთვის. ცხადია, ძალიან ღირებულია მასწავლებლის ხედვა, რამდენად მოსწონს მას სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლის, რამდენად კმაყოფილია მისი ხარისხით, რამდენად ეხმარება სახელმძღვანელო დასახული მიზნების მიღწევაში და ა.შ. ამ ეტაპზე გრიფირებული სახელმძღვანელოების მასწავლებლის პერსპექტივიდან შეფასების ფაზა დასრულებულია. გადავდივართ შეფასების მეორე ფაზაზე. ახლა სახელმძღვანელოების შექმნისა და ხარისხის რეგულაციის მექანიზმებს უნდა შევხედოთ უფრო სიღრმისეულად, რომ დავადგინოთ კვლევით იდენტიფიცირებული ხარვეზების წინაპირობები. ეს იყო მინისტრის სურვილიც – სრულად შეგვეფასებინა სახელმძღვანელოების შექმნის, გრიფირების, სკოლების მიერ სახელმძღვანელოების არჩევის არსებული პრაქტიკა. ასევე დაგეგმილი გვაქვს გრიფირების კრიტერიუმების ანალიზი და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა.

200-მდე გრიფირებული სახელმძღვანელოს შეფასება მოგვიწია. მასშტაბური სამუშაო ჩატარდა – 1000-ზე მეტი სკოლა იყო ჩართული კვლევაში,  სახელმძღვანელოების შეფასებაში 24000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ახლა ვემზადებით გრიფირების პროცესის კომპლექსური შეფასებისთვის, ასე რომ, საინტერესო იქნება მეორე ფაზის დასასრულს რა შედეგს მივიღებთ. ვფიქრობ, ის, რაც კვლევის პირველ ფაზაში მივიღეთ, ღირებული ინფორმაციაა სახელმძღვანელოების შექმნისა და გრიფირების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. კვლევამ გამოკვეთა სახელმძღვანელოს ეფექტიანობის (პედაგოგიური ღირებულების) განმაპირობებელი ფაქტორები. ეს ინფორმაცია უკვე შემდგომში, არსებული სახელმძღვანელოების დახვეწის, გაუმჯობესების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს სათანადო ყურადღება მიექცევა.

♦ რაც შეეხება დანარჩენ ორ კვლევას, ჯერ მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე ვისაუბროთ. რა ტენდენციები გამოიკვეთა და როგორია სქემის განვითარების ხედვა?

◊ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თაობაზე არსებობდა გარკვეული წუხილი სასკოლო საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. არსებობდა ჯგუფი ადამიანებისა, რომელსაც მოსწონდა სქემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართლაც სერიოზული ადამიანური რესურსი დაიხარჯა მის შექმნაზე და, ბუნებრივია, შემქმნელებს, და არა მარტო მათ, ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, რის გამოც „კარგი თვალით“ უყურებდნენ სქემას, ამავე დროს, ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდი იყო უკმაყოფილებაც, უმეტეს შემთხვევაში, მასწავლებლების მხრიდან. გვესმოდა, რომ, საბოლოო ჯამში, სქემა ართმევს უამრავ დროს მასწავლებელს და აშორებს მას  მოსწავლეს; ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო სქემის კომპლექსური და  მიუკერძოებელი შეფასება.

ამ კვლევის ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი, მე რაც მომწონს, სუბიექტურად, არის ის, რომ სქემა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის არსებული პრაქტიკა საერთაშორისო კონტექსტშია გაანალიზებული. ცხადია, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის მნიშვნელოვანი; საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს განსხვავებული მოდელები, კვლევები, რომლებიც ამ მოდელების  ეფექტიანობას აფასებს და ამ კონტექსტში ჩვენი გამოცდილების გააზრება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ანგარიშში კარგად არის აღწერილი.

კვლევა აჩვენებს, რომ სქემაში ჩართვის ძირითადი მოტივატორი  ხელფასი იყო. ბევრი ფორმალური თუ ბიუროკრატიული ბარიერი უნდა გადაელახათ პედაგოგებს სტატუსის მოსაპოვებლად. კვლევა აჩვენებს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული მექანიზმები წინააღმდეგობაში მოდის ეფექტიანი პროფესიული განვითარების პრინციპებთან. ხანმოკლე და ცენტრალიზებული ტრენინგებით, რომლებიც ნაკლებად ითვალისწინებს პედაგოგთა რეალურ საჭიროებებს, შეუძლებელია მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა. მოკლევადიანი ტრენინგები, მასწავლებელს ბევრს არაფერს აძლევს, საბოლოო ჯამში, ასეთი სავალდებულო ტრენინგები, უკმაყოფილებასაც იწვევს მასწავლებლებში. ჩვენთან შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, სწორედ ამ თემებზე საუბრისას, აღნიშნა – აი, ახლა ჩართული მაქვს ტელეფონი და ტრენინგზე ვზივარ. ხშირად ასეთ ფორმალურ სახეს იღებდა ეს პროცესი. საბოლოო ჯამში, სქემამ  მართლა დააშორა მასწავლებელი  მის მოსწავლეს. ეს კურსიც რადიკალურად შესაცვლელია. ეს, პრინციპში, კვლევამდეც თვალსაჩინო იყო, ამიტომაც მიიღო  მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის, პირველ რიგში, სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით; ასევე, არსებითად იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის კონცეფცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აქტივობები მაქსიმალურად მოერგება მასწავლებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს, რაც ასევე ძალიან კარგია.

განათლების სისტემის მთავარი მიზანი ხომ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაშიც იმიტომ კეთდება ინვესტირება, რომ მან უკეთესად გადასცეს ცოდნა მოსწავლეს. არის თუ არა სხვაობა წამყვანი და უფროსი მასწავლებლების სწავლების პრაქტიკასა და მათი მოსწავლეების მიღწევებს შორის? უფრო კარგად  ასწავლის დაწინაურებული მასწავლებელი? თავად პედაგოგების სუბიექტური აღქმით, დაკვირვებითა და შეფასებით, სხვაობა არ არის.

თუ გადავხედავთ ისტორიას, ეს დოკუმენტი არაერთხელ შეიცვალა, გაუთავებლად შედიოდა შესწორებები; ხშირი და დაუსაბუთებელი ცვლილებების მიმართ მასწავლებლების დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, როგორც მასწავლებლების, ასევე, დირექტორების უმრავლესობა თვლის, რომ სქემა საჭიროებს ცვლილებას. აქედან გამომდინარე, კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, მოხდება ამ დოკუმენტის რევიზია იმგვარად, რომ უფრო ეფექტურად დაეხმაროს პედაგოგს  პროფესიულ განვითარებაში, სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში და არა პირიქით.

♦ რა სურათია საერთაშორისო გამოცდილებასთან მიმართებით?

◊ ეს მართლაც ძალიან საინტერესოა. მინისტრმა რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ აქვს სურვილი ხელი შეუწყოს სკოლების ავტონომიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად სკოლებში მოხდეს რაღაც გადაწყვეტილებების დელეგირება. შეიძლება, დღეს, სკოლების გარკვეული ნაწილი არ არის ამისთვის მზად, ავტონომიას და დამოუკიდებლობასაც სწავლა სჭირდება, მომზადება, მაგრამ გეზს თუ აქეთ ავიღებთ და სკოლებს სათანდო რესურსებით უზრუნველვყოფთ, შედეგს ნამდვილად მივაღწევთ.

საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მასწავლებელზე ზრუნვის, მისი პროფესიული განვითარების რამდენიმე ტიპის მოდელი არსებობს. ერთ-ერთია ანგარიშვალდებულების მოდელი, რომლის ძირითადი ბერკეტი მასწავლებელთა შეფასება და შეფასების შედეგებზე რეაგირებაა. ეს მოდელი წარმოადგენს მასწავლებლის საქმიანობის მართვის ცენტრალიზების მცდელობას,  ჩვენი სქემა, თავისი არსით, სწორედ ამ მოდელს შეესაბამება, თუმცა ეს მოდელი ასეთი ცენტრალიზებული ფორმით, როგორც ჩვენთან, არც ერთ ქვეყანაში არ არის.

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, რას აკეთებს მასწავლებელი სკოლისთვის, როგორ უწყობს იგი ხელს თავისი საქმიანობით სკოლის ეფექტიანობას, მის განვითარებას და ა.შ., ამ მახასიათებლებით უნდა ფასდებოდეს პედაგოგი,  ცენტრალიზებულად კი ამის შეფასება შეუძლებელია. არსებული სისტემა მასწავლებელთა თანამშრომლობის მხარდაჭერის ნაცვლად, მათ  შორის კონკურენციასაც აღვივებს,  ისინი მონაწილეობენ კონკურსებში, აბარებენ გამოცდებს, ქმნიან პორტფოლიოებს, ამასთან, ხშირად რამდენიმე სკოლაში ასწავლიან ხელფასის შესავსებად… მასწავლებელი კარგავს ბმას სკოლასთან, სკოლის მიმართ მისი ანგარიშვალდებულება სუსტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გეზი ავიღეთ სკოლების ავტონომიის,  უფლებამოსილების გაფართოებისკენ, ვფიქრობ, ნელ-ნელა, სკოლამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მასწავლებლის შეფასებაშიც. ამისთვის, სკოლები უნდა მოემზადონ, მათ სერიოზული მეთოდოლოგიური მხარდაჭერაც დასჭირდებათ. მასწავლებლებსაც, ამ კვლევის ფარგლებში, ყველაზე მეტად მოსწონდათ მოდელი, სადაც, მაგალითად, შეფასების კრიტერიუმებს, გზამკვლევებსა და სხვა დოკუმენტაციას  სამინისტრო შეიმუშავებს, მაგრამ მასწავლებელს  სკოლა აფასებს. ეს ის მოდელია, რომელიც, მგონია, გაცილებით ეფექტიანი იქნება, ოღონდ იმ დათქმით, ბუნებრივია, რომ სკოლა უნდა იყოს მზად ამისთვის. ვეჭვობ, დღეს, ყველა სკოლა ამისთვის მზად იყოს, თუმცა დარწმუნებული ვარ შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში, ეს მოდელი გაამართლებს. ამას ერთიანი ძალისხმევა სჭირდება, ნაბიჯ-ნაბიჯ და მიზანმიმართულად აქეთკენ სვლა.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ისეთი სკოლა გვინდა, რომელიც ზრუნავს სწავლა-სწავლების ხარისხზე და ამ მიზნის შესაბამისად, მასწავლებლებსაც თავად ირჩევს, თვითონვე აფასებს და წაახალისებს, მასწავლებლებთან ერთად განსაზღვრავს ტრენინგის საჭიროებებს (რომელ მასწავლებელს რა ტრენინგი სჭირდება), ამასთან,  აქვს რესურსი მათი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად და ა.შ. სკოლა ერთი ორგანიზმი უნდა იყოს, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულ პროფესიონალთა ერთობა, ეს მნიშვნელოვანია სკოლის წარმატებისთვის. ეს არის მოდელი, რომელიც ქვეყნების უმრავლესობაში მუშაობს და ეფექტურია. სკოლის ავტონომიისკენ გეზის აღება და ნელ-ნელა იმაზე მუშაობა, რომ სკოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი იყოს მასწავლებლის შეფასების და პროფესიული განვითარების მხარდაჭერის პროცესში – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო პრაქტიკაში არის კიდევ ერთი მოდელი, რომელიც აქცენტს აკეთებს მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამების მაღალ ხარისხსა და პროფესიაში შესვლის მაღალ ბარიერებზე. ამ ქვეყნებში ძალისხმევა, ძირითადად, მაღალკვალიფიციური მასწავლებლის მომზადებასა და შერჩევაზეა მიმართული. ამ მიდგომას ეფუძნება მასწავლებლის პოლიტიკა ფინეთსა და სინგაპურში. ამასთან, ამ ქვეყნებში სხვა პროფესიებთან შედარებით, მასწავლებლის ანაზღაურება მაღალია. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ქვეყნებში, მასწავლებლობა ძნელად მისაღწევია, მაგრამ  ძალიან დაფასებული და პრესტიჟული პროფესიაა.

♦ ვიდრე სკოლები მზად იქნებიან, სქემის მიმდინარეობა უნდა შეჩერდეს თუ რაღაც სახით მოერგოს არსებულ რეალობას?

◊ ბუნებრივია, ამაზე თვითონ სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, კვლევის შედეგები მათ ფართო სურათის დანახვაში დაეხმარება. კვლევით იდენტიფიცირებული პრობლემები და ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს სქემის შეჩერებას. მთავარია, რომ არსებობს მაღალი მზაობა, ვითარების გასაუმჯობესებლად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

♦ რა პრობლემები გამოიკვეთა ესგ-ს დანერგვის პროცესში?

◊ ახალი, ე.წ. მესამე თაობის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართ სკოლის საზოგადოების, ისევე, როგორც განათლების ექსპერტთა დამოკიდებულებები არაერთგვაროვანია. ეს დაადასტურა   კვლევამ, რომლის მიზანიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის კომპლექსური შეფასება იყო. კვლევა ძალიან მასშტაბური იყო. მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილების მიმღები უწყებების, რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა. რაოდენობრივ კვლევაში კი – 10000-ზე მეტმა მასწავლებელმა და 640-მა დირექტორმა.

ახალი სასწავლო გეგმის კონცეპტუალური ჩარჩო, ცნებებზე დაფუძნებული პედაგოგიკა, თავისი არსით კონსტრუქტივისტულია და როგორც კურიკულუმის  ექსპერტები აღნიშნავენ, ეხმიანება მსოფლიოში კურიკულუმის განვითარების უახლეს ტენდენციებს. მისი დანერგვა ბევრ ქვეყანაში საცდელ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად, რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, ნაკლებადაა ხელმისაწვდომი შეფასებისთვის საჭირო მყარი ემპირიული მტკიცებულებები.

კვლევა აჩვენებს, რომ რეფორმის მიმართ კრიტიკული განწყობები რეფორმის დანერგვის პროცესში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებითაა გამოწვეული. ასეთი მართლაც ძალიან სერიოზული, ტრანსფორმაციული რეფორმის დაგეგმვა და შემდეგ მისი დანერგვის პროცესი, ყოველთვის სასკოლო განათლების სისტემაში არსებული კონტექსტისა და გამოწვევების კომპლექსურ ანალიზს მოითხოვს. სხვაგვარად მისი  იმპლემენტაცია ძალიან ბევრ რისკს შეიცავს. საზოგადოდ, ყველა ფართომასშტაბიანი რეფორმის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებთან გვაქვს საქმე, მოსწავლეებთან, თაობებთან და, შესაბამისად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მომავალი თაობა  ჩვენი შეცდომების გამო, არ უნდა დაიჩაგროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიახ, კვლევა აჩვენებს, რომ  ხარვეზები იყო დანერგვის პროცესში.

♦ კონკრეტულად რომელს დაასახელებთ?

◊ პილოტირების პროცესში სკოლების ტენდენციურად შერჩევამ, დანერგვის პროცესში ბევრი სირთულე წარმოქმნა; აი ნახეთ,  პილოტირებისთვის შეირჩა ისეთი სკოლები, სადაც, მეტად თუ ნაკლებად, წარმატების უფრო დიდი შანსი იყო – ქალაქის, რესურსებითაც გამორჩეული, მეტად თუ ნაკლებად, წარმატებულები სკოლები;  რეფორმა სხვა სკოლებზეც რომ განავრცო, პილოტირებისთვის ყველა ტიპის სკოლა უნდა შეარჩიო (მაღალმთიანი, მცირეკონტინგენტიანი, სოფლის, ქალაქის…), ეს საშუალებას მოგცემს თითოეულისთვის სპეციფიკური პრობლემები დაინახო და მისი მოგვარების გზებზე იფიქრო… სკოლები, რომლებიც პილოტირების პირველ ტალღაში მოხვდნენ, უამრავი რესურსით მოამარაგეს, მოამზადეს ე.წ. ქოუჩები და თავად რეფორმის ავტორებიც ინტენსიურად მუშაობდნენ შერჩეულ სკოლებთან. აღმოჩნდა, რომ სკოლებს, რომლებსაც ისედაც არ ჰქონდათ პრობლემა რესურსების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტად დავეხმარეთ, ამ დროს, დანარჩენი სკოლები   გვერდზე დარჩნენ. ამით კი უთანასწორობაც გავაღრმავეთ. პილოტირების მეორე ტალღაში, სკოლების რესურსებით მხარდაჭერა ბევრად ნაკლები იყო, ეს მხარდაჭერა, როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ნელ-ნელა არსებითად შესუსტდა.

გაწეული დიდი სამუშაოს მიუხედავად, კვლევა აჩვენებს, რომ მასწავლებლების ნახევარი არ არის დარწმუნებული რეფორმის განხორციელებისათვის საკუთარ მზაობაში (კომპეტენციების თვალსაზრისით) და კრიტიკულად აფასებს სიახლეების პრაქტიკაში გამოყენების წარმატებულობას (განსაკუთრებით, ეს ეხება კომპლექსური დავალებების გამოყენებას).

ნებისმიერი სიახლის დანერგვა, ახალი მოთხოვნებისა და არსებული რესურსების (ადამიანური, მატერიალური და სხვა) ანალიზით იწყება. დისბალანსი, შეუსაბამობა მოთხოვნებსა და რესურსებს შორის წარმოშობს კრიტიკულ განწყობებს და ზოგჯერ კარგ იდეასაც აზრალებს. მე კურიკულუმის ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ცნებების პედაგოგიკის იდეა თავისთავად მომწონს. ასეთი მნიშვნელობის სიახლეების ფორსირებულად, და, ამავდროულად, ეფექტიანი დაგეგმვა ფაქტობრივად შეუძლებელი მგონია; კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ცნებებზე დაფუძნებული პედაგოგიკის როლი უნდა დაბალანსდეს. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მისი, სხვადასხვა პედგოგიურ მიდგომებთან ერთად, გამოყენების შესაძლებლობა. ესგ-ს მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ამ ძალიან კომპლექსური და საინტერესო კვლევის მიგნებებიც იქნება გაზიარებული.

♦ ქალბატონო მაია, ჩვენი საუბრის თემას არ ეხება, მაგრამ ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ – ხომ არ იგეგმება ერთიანი ეროვნული გამოცდების კვლევა?

◊ სამივე კვლევა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, მინისტრის ინიცირებული იყო. ასეთი დაკვეთა არ მიგვიღია.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები