გამოქვეყნდა პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ახალი გამოწვევაა სისტემისთვის და ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი ეტაპიცაა. დეტალურად დოკუმენტის შინაარსსა და სისტემის მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მის როლზე გვესაუბრება საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი, განათლების ექსპერტი კახაბერ ერაძე.
➡️ 15 ოქტომბერს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო დამტკიცდა. რას ნიშნავს ეს პროფესიული განათლების სისტემისთვის?
➡️ სისტემისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა. ზოგადი განათლების მასწავლებლის საქმიანობა კარგა ხანია დარეგულირებულია, პროფესიულ განათლებაში კი მსგავსი რეგულირება პირველად შემოდის. ამ რეგულირებისთვის საკანონმდებლო საფუძველი, 2018 წელს, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმა შექმნა, რომელმაც 2020 წლამდე განსაზღვრა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ვალდებულება. მართალია, ოთხი წლის დაგვიანებით, თუმცა რეგულაციებმა უკვე დღის შუქი იხილეს. როდესაც ვსაუბრობთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და ხარისხიან განათლებაზე, აქ, პროგრამების შინაარსობრივ შესაბამისობასთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად, პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო უკვე სტატუსურს ხდის პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობას, ხოლო სტატუსი უკავშირდება, ერთი მხრივ, პრესტიჟს, მეორეს მხრივ, იმედი გვაქვს, ამ სტატუსის მქონე პირებისთვის, მალე, სოციალურ და ფინანსურ სიკეთეებსაც გაითვალისწინებს. საბოლოოდ, გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელთა მოზიდვას და შენარჩუნებას.
➡️ როგორც აღნიშნეთ, ამ საკითხზე საკმაო ხანი მიმდინარეობდა მუშაობა. როგორი იყო გზა ინიცირებიდან დამტკიცებამდე?
➡️ ამ საკითხებზე მუშაობა კანონის მიღებისთანავე დაიწყო და მასზე სფეროს პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობდა. მანამდე პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობას ძველი კანონის ერთი მუხლი არეგულირებდა, რომელიც სრულიად არაადეკვატური იყო სარეფორმო ხედვების კონტექსტში. ამიტომაც გადაწყდა, რომ მასწავლებლის საქმიანობას ცალკე სამართლებრივი ჩარჩო დაარეგულირებდა. სამუშაო ჯგუფის წინაშე რამდენიმე გამოწვევა იდგა – ერთი მხრივ, ახალ მარეგულირებელ ჩარჩოს მაქსიმალურად უნდა შეექმნა ისეთი სასურველი პირობები რეფორმის სხვა მიმართულებების განსახორციელებლად, როგორიც იყო: კომპეტენციებს დაფუძნებული სწავლება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, დუალური სწავლება, ინტეგრირებული პროგრამები, კერძო სექტორის შემოყვანა პროგრამების განხორციელების პროცესში და სხვა.; მეორე მხრივ, უნდა გაგვეთვალისწინებინა ზოგადი განათლების მასწავლებელთა რეგულირების პროცესში მიღებული გამოცდილება და მაქსიმალურად აგვერიდებინა თავი შესაძლო გართულებებისათვის, ასევე დავყრდნობოდით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, გერმანულ პრაქტიკას, სადაც ეს საკითხი კარგადაა დარეგულირებული. ამ მიზნით, უზრუნველყოფილი იყო საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტიზა, განვახორციელეთ ვიზიტები გერმანიაში, იქაური პრაქტიკის შესწავლის მიზნით, სამუშაო პროცესში ჩაერთნენ განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციები, ძალიან გამოგვადგა მასწავლებლის სახლის გამოცდილება პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების ტრენინგების განხორციელების ნაწილში, რასაც ქალბატონი ნინო ელბაქიძე ხელმძღვანელობდა. პროექტები რამდენჯერმე იქნა განხილული დაინტერესებულ მხარეებთან, კერძო და საჯარო კოლეჯებთან, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა დოკუმენტების ბოლო ვერსია საყოველთაო კონსენსუსით იქნა მოწონებული. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ამ რეგულაციების შექმნის პროცესი იყო ჩართულობითი და საყოველთაო თანხმობით იქნა მიღებული. ეს გვაძლევს იმედს, რომ სისტემის ყველა მონაწილე სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდება მის განხორციელებას.
➡️ რა დოკუმენტებისგან შედგება მასწავლებლის საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო და რა როლი აკისრია თითოეულ მათგანს?
➡️ საუბარია სამ დოკუმენტზე – „პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“, „პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი“ და „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები“. მასწავლებლის სტანდარტი ადგენს მასწავლებლის კომპეტენციებს, აღწერს სამივე სახის მასწავლებლის პროფილს და გამოიყენება მასწავლებლის შეფასების, მისი პროფესიული განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისათვის. სულ ექვსი სტანდარტია განსაზღვრული, რომელიც სრულად ფარავს მასწავლებლის კომპეტენციებს. ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის ეთიკურ ნორმებს. ხოლო წესი, როგორც მისი სათაურიდან ჩანს, არეგულირებს თუ როგორ უნდა შევიდეს პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიაში, როგორ უნდა მოხდეს მისი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. სამივე დოკუმენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია.
➡️ სამი სახის მასწავლებელი ახსენეთ. რა სახის მასწავლებლები გვეყოლება ამ რეგულაციის შესაბამისად?
➡️ როდესაც ვსაუბრობთ პროფესიული განათლების მასწავლებელზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ვგულისხმობთ ნებისმიერ პირს, რომელიც წარმართავს სასწავლო პროცესს პროფესიული განათლების ფარგლებში, იქნება ეს დიდი საკვალიფიკაციო პროგრამები, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადება, პროგრამის თეორიული თუ პრაქტიკული კომპონენტი, სწავლება კოლეჯში თუ საწარმოში, ინტეგრირებული მოდულების მასწავლებლები და სხვა. ამ ადამიანებს სისტემაში ტრადიციულად სხვადასხვა სახელით მოვიხსენიებდით, როგორც თეორიის ან პრაქტიკის მასწავლებელს, პრაქტიკის ინსტრუქტორს, პრაქტიკის ხელმძღვანელს, მენტორს თუ სხვა. ახალმა რეგულაციამ განსაზღვრა პროფესიული განათლების მასწავლებლის სამი სახე: ძირითადი მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებელი და ინსტრუქტორი; მოიაზრება, რომ ძირითადი მასწავლებელი, სავარაუდოდ, უფრო კოლეჯის პერსონალია, რომლის ძირითადი სამუშაო ადგილი კოლეჯია. ის პროფესიითაა მასწავლებელი და როგორც სტანდარტიდან დავინახავთ, მას განსაკუთრებული, მთავარი მაკოორდინირებელი და ხელშემწყობი როლი აკისრია სისტემაში, რადგანაც სხვა მასწავლებლები, როგორც წესი, პროფესიონალი მასწავლებლები არ არიან. მათ უფრო დარგობრივ კონტექსტში აკისრიათ მნიშვნელოვანი ფუნქცია. მოწვეული მასწავლებელი სწორედაც ასეთია. ის დარგის მოქმედი პროფესიონალია და პროფესიულ განათლებაში მოწვეულის სტატუსი აქვს. ეს არაა მისი ძირითადი სამუშაო ადგილი, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, პროფესიული განათლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ ადამიანებზე დგას ძირითადად შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების გამომუშავების პროცესი. მგონია, რომ ყველაზე დიდ წილს მასწავლებელთა კორპუსში სწორედ ეს ადამიანები დაიკავებენ. მარეგულირებელი წესიც გარდამავალ პერიოდში ყველაზე ლოიალურია ამ მასწავლებლების მიმართ, რათა ისინი მაქსიმალურად მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ სისტემაში. დაბოლოს, ინსტრუქტორი – ეს ის პროფესიონალია, რომელიც რეალურ სამუშაო ადგილზე, კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებში მასპინძლობს სტუდენტებს და უწევს მენტორობას. კოლეჯებს აქვთ ვალდებულება, 2026 წლის 1 ივლისამდე, დაასრულონ პროფესიული განათლების მასწავლებლების ძირითად და მოწვეულ მასწავლებლებად განსაზღვრა.
➡️ რა სტანდარტებია დადგენილი მასწავლებლებისთვის და როგორ ფიქრობთ, არსებული მასწავლებელთა კორპუსი აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს?
➡️ რადგანაც მასწავლებლის სამი სახე გვაქვს, განსხვავებული როლით, ლოგიკურია, რომ მათი სტანდარტები ვერ იქნებოდა უნიფიცირებული. სტანდარტი ყველასთვის ექვსია, თუმცა შინაარსი და მოთხოვნებია განსხვავებული. სტანდარტებია: 1. ანალიზი და დაგეგმვა; 2. სასწავლო გარემოს მოწყობა; 3. სასწავლო პროცესის წარმართვა; 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება; 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება; 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პროფესიული განათლების მასწავლებელთა არსებულ კორპუსს, მათ თავიანთ მხრებზე მოიტანეს დღემდე ეს სისტემა და სწორედ მათმა თავდადებამ და პროფესიონალიზმმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის დადებითი შედეგები, რითაც პროფესიული განათლება დღეს ამაყობს. მე ვერ ვიტყვი თუ რამდენად აკმაყოფილებს მასწავლებელთა არსებული კორპუსი ახალ სტანდარტებს, რადგანაც მათი შეფასება ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი უმეტესობა, მნიშვნელოვანწილად, სრულ შესაბამისობაში იქნება სტანდარტებთან. მით უმეტეს, რომ სისტემის სხვადასხვა რგოლები და თვითონ კოლეჯებიც დიდ ძალისხმევას და მნიშვნელოვან ინვესტიციას სწევდნენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, იარსებებს მასწავლებლის სტანდარტთან შესაბამისობის სხვადასხვა დონე, სწორედ ამიტომაც, რეგულაციის მიხედვით, 2028 წლის 1 იანვრამდე, ყველა არსებული მასწავლებელი ინარჩუნებს სტატუსს და უპირობოდ ჩაითვლება სტანდარტთან შესაბამისად. ამასობაში კი მოხდება მათი შეფასება და იმედი მაქვს შეთავაზებული იქნება მხარდაჭერის ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული მოქნილი პაკეტი, რათა ისინი სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ სტანდარტის მოთხოვნებთან.
➡️ თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე აყენებს ახალი რეგულაციები სისტემას?
➡️ ნებისმიერი სიახლე, განსაკუთრებით კი აქამდე დაურეგულირებელი სფეროს რეგულირება, გამოწვევებს უკავშირდება. მსგავსი ცვლილებები ვერ იქნება სასიამოვნო, თუმცა ეს არის სასარგებლო და სისტემის განვითარებას სჭირდება. ვეცადეთ, ეს გამოწვევები და რისკები მაქსიმალურად დაგვეზღვია, გარდამავალი პერიოდის ვადებიც შესაბამისად დაიგეგმა. სამი თვის ვადაში, შესაბამისმა სააგენტოებმა უნდა მოამზადონ საფუძვლები მასწავლებლის მომზადების პროგრამების განსახორციელებლად, შემდეგ დაინტერესებული დაწესებულებები დაიწყებენ უფლების მოპოვების პროცესს, რითაც შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადების სერვისების შეთავაზება დივერსიფიცირებული წყაროებიდან. ის, რაც ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციების ფარგლებში შესაძლებელია, საქართველოს ბიზნესის აკადემია ინტენსიურად განაგრძობს ამ მხრივ მუშაობას, რადგანაც მიგვაჩნია, რომ სისტემის განვითარებაში დიდია ცალკეული ინსტიტუციის როლი. გამოვდივართ ახალი კვალიფიკაციების ინიციატივით, მზად ვართ უსასყიდლოდ ჩავერთოთ არსებული კვალიფიკაციების რევიზიის პროცესში, ვქმნით სასწავლო და მეთოდურ რესურსებს, „ღია-SBA“-ს ფარგლებში უშურველად ვაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სხვადასხვა ფორმატში; ახლახან დავაინიცირეთ პროექტი „გააზიარე ცოდნა-გააზიარე გამოცდილება“, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის პოპულარიზაციას, სტუდენტებსა და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებს შორის. როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდება, აუცილებლად ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც განაცხადს შევიტანთ პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამების განხორციელებაზე, რადგანაც გვაქვს ამის რესურსი და ამბიცია.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი