რუბრიკის სტუმარია როლანდ ხოჯანაშვილი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
— გაგვეცანით…
— ვარ მოქალაქე, ბედნიერი დღევანდელობით. ვცხოვრობ იმერეთის პატარა, ლამაზ, მწვანე სოფელში, უკვე 28 წელია ვასწავლი მშობლიურ სკოლაში, ასევე ვმუშაობ ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში ბლოგერად და ჟურნალისტად და კიდევ, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტად ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. მიყვარს სოფლის მეურნეობა და მოგზაურობა.
— როდის გადაწყვიტეთ პროფესიული ცხოვრების სკოლასთან დაკავშირება და რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია მასწავლებელი?
— ჩემი პროფესიული არჩევანი ემოციური ფონით გადაწყდა. ადრე, როცა გამოცდებს სკოლაშივე ვაბარებდით, წერილობით და ზეპირად, ორი ელემენტარული შეცდომის გამო ქართულ ენასა და ლიტერატურაში „4“ დამიწერეს, რამაც გამაბრაზა (მაშინ ძალიან მიჭირდა ემოციის მართვა) და გულში ვთქვი გაცეცხლებით: „დავამტკიცებ, როგორი სპეციალისტიც გამოვალ ქართულის!“. მართალი გითხრათ, ბევრად უკეთ ვსწავლობდი გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ქიმიას, ისტორიას, მათემატიკას, მაგრამ ეს არჩევანი გავაკეთე მაშინ და არც წამიგია. არავის იმხელა ასპარეზი არ აქვს სკოლაში, რამდენიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს. შესაძლოა, ტენდენციურადაც მოგეჩვენოთ ჩემი მოსაზრება, მაგრამ… თვითშეფასების პირველი მკაცრი კონტროლი უნივერსიტეტის დასრულებიდან ერთ წელში გავიარე. 1993 წელს გავედი ტესტირებაზე და მაქსიმალური ქულაც ავიღე. თუ არ ვცდები, ერთადერთი ვიყავი საქართველოში, ვინც ასე „პატარა“ ასაკში შეძლო პირველი კატეგორიის დაუფლება… ამან თვითრწმენა შემძინა და ვთქვი, რომ ცხოვრების გეოგრაფია არაფერს ნიშნავდა! მასწავლებელი ყველგან უნდა იყოს პროფესიონალი. ჩემთვის ეს პროფესია ნიშნავს შრომისმოყვარეობისა და პროგრესირების უწყვეტ დეკლარაციას…
— რა კეთდება დღეს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის?
— იყო დრო, როცა სამი ლარი მქონდა ხელფასი, მანამდე — არაფრის მაქნისი კუპონებიც (მილიონერი ვიყავი, სამი მილიონი კუპონი იყო ხელფასი!). ხელფასი არასდროს ყოფილა ჩემი მოტივატორი, მაგრამ ყველას არ შეუძლია ასე. სახელფასო უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მამაკაცების ნაკლებობის განმაპირობებელი ამ სფეროში, დაბალი ხელფასის გარდა, კიდევ იყო ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი — სტერეოტიპულად, მასწავლებლობა ქალის საქმეა თითქოს. გადავხედოთ პედაგოგიკის ისტორიას, რამდენი დიდი პედაგოგი იყო მამაკაცი, თუნდაც გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილი… რაც შეეხება პროფესიის პოპულარიზაციას, ამას თავად ჩვენ, პედაგოგები უნდა ვემსახუროთ. კარგი მასწავლებლობა ზუსტადაც აღნიშნავს სამყაროს უკეთესი ცვლილებების მსახურებას. როგორ სახელმწიფოშიც გვიწევს ცხოვრება, მოდით და ავიღოთ პასუხისმგებლობა მასწავლებლებმა, ჩვენი მოსწავლეები აშენებენ ან ანგრევენ… კარგი კადრი ადრეც ბევრი გვყავდა და ახლაც ბევრი მოდის ამ სისტემაში! მაგალითს უამრავს დაგისახელებთ…
— რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო პროფესიონალი?
— პროფესიონალიზმისთვის ყოველთვის საჭიროა მოტივაცია და სიყვარული. თუ ადამიანს აქვს ის ბუნებრივი ინტელექტი, რომელზეც ამერიკელი ფსიქოლოგი ჰოვარდ გარდნერი გვესაუბრება, დავამატოთ მოტივაცია და საქმის სიყვარული. შეუძლებელი არაა კარგი მასწავლებლობა. მარტივი ფორმულა არსებობს კარგი მასწავლებლობისთვის: მოექეცი მოსწავლეებს ისე, როგორც თავად გსურს, მოგექცნენ, როცა გასწავლიან. ეს სიტყვები სახარებისეული მოსაზრების ალუზიაა და სახარების „ოქროს წესით“ არის ცნობილი…
— თანამედროვეობა და მასწავლებელი — რას ითხოვენ თანამედროვე მოსწავლეები მასწავლებლისგან
— თანამედროვე მოსწავლეს ესაჭიროება დინამიკური, პროცესზე ორიენტირებული სკოლა, რომელიც კარგად აჩვენებს ბავშვს, რომ სწავლისთვის დახარჯული დრო არაა დაკარგული. საინტერესო პროცესი, საინტერესო შინაარსი და მიზნობრიობის ჩვენება კმარა იმისთვის, რომ მოსწავლე „გაგითანამშრომლდეს“. არაფრით შეიძლება, ვცადოთ მოსწავლეთა წარსულში დაბრუნება, სანაცვლოდ, შევთავაზოთ მომავალში, წარმატებისკენ მეგზურობა და ეს შექმნის პროფესიულ ბედნიერებას… არასდროს მქონია კონფლიქტი ბავშვებთან. ბევრ სკოლაში მიწევს მისვლა, როგორც მხარდამჭერს. საგაკვეთილო პროცესში თანამასწავლებლის პოზიციით ჩავრთულვარ და იქაც სრული ჰარმონია მქონია. როცა სკოლას ვტოვებ, მეხმიანებიან იმ სკოლის პედაგოგები და მეუბნებიან, რომ ბავშვები კვლავ ითხოვენ ჩემს მისვლას. მივდივარ კიდეც მათთან შესახვედრად, არა იმისთვის, რომ კიდევ შემაქონ და ტაში დამიკრან, არამედ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძნო მხრებზე საკლასო ოთახიდან ბავშვების გამოყოლილი თბილი მზერა. ისინი მენატრებიან ხოლმე, ისეთი წრფელები და უშუალოები არიან… როცა ურთიერთობაში დაძაბულობაა, მასწავლებლებმა მიზეზები ჩვენსავე თავში უნდა ვეძებოთ! ბავშვი ვერ იქნება დამნაშავე…
— „არასტანდარტული გაკვეთილი“ — რამდენად აქტიურია ქართველი მასწავლებელი სასწავლო პროცესის დახვეწის ან გამრავალფეროვნების თვალსაზრისით?
— არასტანდარტულობა არ გულისხმობს ანარქიას. მიზნის მისაღწევად ბევრნაირ აქტივობას ვგეგმავთ. იყო დრო, როცა გეოგრაფიასაც ვასწავლიდი და არასდროს იჭრებოდნენ ჩემი მოსწავლეები გეოგრაფიის „კატის“ გამოცდაში. მიზეზი ის იყო, რომ არაფორმალურ გარემოშიც სწავლობდნენ გეოგრაფიას. როცა ბავშვებს ნანახი აქვთ საქართველოს ყველა რეგიონი, როგორ შეიძლება, საქართველოს გეოგრაფია ვერ ჩააბარონ? ბავშვებს ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და ვასწავლოთ სწავლა. გავიხსენებ ერთ მაგალითს. ერთხელ, ვუთხარი მოსწავლეებს, დაეგეგმათ მარშრუტი ტრაბზონის მიმართულებით, რადგან მე მათთვის ვაპირებდი თურქული ტურის მოწყობას. გასაოცარი ენთუზიაზმი იყო. დაგეგმეს მთლიანად ტური: რამდენი კილომეტრის გავლა გვიწევდა (ციფრული ტექნოლოგიით დაადგინეს), როგორ უნდა გადაეკვეთათ საზღვარი, რა საბუთები დასჭირდებოდათ, ტრაბზონის ღირსშესანიშნაობათა მოკლე მიმოხილვა, შოპინგი, დრო, კვების რეჟიმი, თურქული სამზარეულო, ჩაის დალევის რიტუალი და კიდევ — მშობლებზე მზრუნველობაც! დიახ, ბავშვებმა თავიანთ მშობლებს გაუწიეს „მეურვეების“ როლი. დამერწმუნეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ექსკურსია საზღვარგარეთ, ეს იყო ცოდნის საჭიროებათა დანახვა, კონსტრუირება და ცოდნათა ურთიერთშეღწევადობის მაქსიმუმი.
— რამდენად აკმაყოფილებს სასკოლო სახელმძღვანელოები თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებს?
— ვერც ერთ დროში ვერ შექმნიან იდეალურ სახელმძღვანელოს. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება — ყველა ბავშვი ინდივიდია, რომელიც ზოგჯერ სწრაფად პროგრესირებს ან შედარებით ნელა. როცა ვაკრიტიკებთ სახელმძღვანელოებს, ხშირად სამართლიანადაც, რას ვაკეთებთ ჩვენ, პრაქტიკაში მყოფი მასწავლებლები? რატომ არ ვზრუნავთ სახელმძღვანელოების გაუმჯობესებაზე? წიგნში თუ არაა ყველაფერი ის, რაც მესაჭიროება, არსებობს ალტერნატიული საშუალებებიც. ვისაც საქმის კეთება უნდა, ეძებს გზებს და არა მიზეზებს.
— პროფესიული განვითარება — რეალურად, რა ტიპის გადამზადება სჭირდებათ მასწავლებლებს და სთავაზობს თუ არა მათ სახელმწიფო სათანადო პირობებსა და პროგრამებს?
— მასწავლებლებსაც უნდა მივცეთ უფლება, თვითსწავლითაც მიაღწიონ პროგრესს. პედაგოგი არ უნდა იყოს ვალდებული, რევერანსებით წარდგეს ზემდგომებთან. ჩვენ „რევერანსები“ გვესაჭიროება მოსწავლეებთან. მასწავლებლების საჭიროება მეტაკოგნიციაა. ვხედავ საჭიროებას და უნდა დამეხმაროს ან სახელმწიფო, ან თავად უნდა შევძლო განვითარება… კარიერა არ უნდა იყოს მასწავლებლის მოტივატორი. ასევე, მასწავლებელს არ უნდა უწევდეს ფიქრი იმაზე, როგორ ირჩინოს თავი. პედაგოგი უნდა იყოს მატერიალურად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სქემას, გეტყვით, რომ მას აქვს ერთი დადებითი მხარე — მასწავლებლებს მეტი ფინანსური კეთილდღეობა შესძინა. სამწუხაროდ, სხვა დადებით მხარეს ვერ ვხედავ. თუ უკეთესი სტატუსი/ხელფასი გვინდა, მაშინ საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩავაბაროთ და „საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს“ — გვქონდეს კარგი შედეგები სწავლებაში! შესაძლოა, ბევრი კოლეგა გავაღიზიანო, მაგრამ ერთს ვიტყვი: თუ საგნობრივ და მეთოდოლოგიურ ცოდნას ვფლობ, რატომ არ უნდა დავადასტურო ის გამოცდით, თუ მინდა, რომ უკეთესი სტატუსი შევიძინო? ორი წლის წინ ნაჩვენები შედეგი, მიახლოებით მაინც, ვეღარ უნდა გავიმეორო?! და ძალიან მერიდება იმის თქმა, რომ ათკრედიტიანები უფრო მეტნი ვართ დაბალ კრედიტიანებზე, ამის გამო გამოცდები აღარ უნდა ჩავაბარო!? თუ „ათოსანი“ ვარ წელს, რა ღვთის წყრომა მექნება მომდევნო წლებში?
— რამდენად განსაზღვრავს მასწავლებლის სტატუსი გაკვეთილის ხარისხს?
— მოკლედ გიპასუხებთ. სტატუსის მიღებამდე როგორი მასწავლებელიც ვიყავი, ისეთი ვარ ახლაც. დეცენტრალიზაცია არაა იოლი სკოლებისთვის, ამისთვის ჯერ ნაკლებად ვართ მზად და, სავარაუდოდ, ბევრი ხარვეზიც მოჰყვება ასეთ ხელაღებით „თავისუფლებას“. ჩემი აზრით, დეცენტრალიზების დეტალები ეტაპობრივად უნდა შევიტანოთ სკოლაში. სასწავლი გვაქვს თანამშრომლობაც, შეფასებაც, თვითშეფასებაც, ძლიერი და სუსტი მხარეების აღიარებაც… კარგი სტატუსის მქონე მასწავლებლების რაოდენობა არ არის პრობლემა. პრობლემას ქმნის ის, თუ ჩვენ ფურცელზე ვიქნებით ძლიერი და პრაქტიკაში მას არ გადავიტანთ… ესაა ამჟამად სკოლის თვალსაჩინო ტკივილი!
— განათლების სისტემა რომ გამართული არ არის, ეს უდავოა, მიზეზი ბევრია, თქვენ რას მიიჩნევთ უმთავრეს პრობლემად და ასევე, რა შეიძლება ჩაითვალოს უკანასკნელ წლებში სკოლაში გატარებული რეფორმების მთავარ მიღწევად?
— ნუ გვავიწყდება, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ამიტომ, რეფორმა და ექსპერიმენტიც ბევრი იქნება სკოლაში. დღეს, სკოლაში, მთავარ პრობლემად ვხედავ ორ ფაქტორს: კონსტრუქტივიზმის ნაკლებობას და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების სუსტად ან აფექტურად გამოყენებას. მიღწევებიც გვაქვს, ბუნებრივია. თუნდაც ის, რომ ტექნოლოგიებს ფლობენ მოსწავლეები, არიან უფრო მიზანდასახულნი, ასერტულნი, ტოლერანტულნი… ეს სისტემის დამსახურებაცაა!
— რა შეცვალა სკოლაში „ახალი სკოლის მოდელმა“?
— „ახალი სკოლის მოდელმა“ სკოლაში შეიტანა ეროვნული სასწავლო გეგმა კლასის დონეზე და ის არ დარჩა დოკუმენტად, რომელიც არ რეალიზდებოდა. სკეპტიკოსი უამრავია „მოდელისადმი“, მაგრამ ვისაც უნდა დარწმუნდეს, რომ „მოდელი“ არაა ახირება და ეფექტიანია, ნებისმიერ სკოლაში მივალ და პირდაპირ საგაკვეთილო პროცესით ვაჩვენებ მის ეფექტიანობას… არაა იოლი, ერთბაშად გადავეწყოთ კონსტრუქტივიზმსა და მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებაზე, მაგრამ ამას ჩვენ მაინც შევძლებთ! სკოლა გახდება სრულად ბავშვებისთვის საყვარელი დაწესებულება და მას შეეცვლება რუტინული შინაარსი. „ახალი სკოლის მოდელმა“ გვაჩვენა, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია მარტივად, თურმე გვაქვს საუცხოო პრაქტიკა, რომელიც ეპიზოდური იყო და არა სისტემატური, უნდა შევქმნათ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი (კურიკულუმი, ანუ სასკოლო სასწავლო გეგმა) სკოლაში, უნდა ვიზრუნოთ მის მოდერნიზებასა და დანერგვაზე. შემიძლია, ათეულობით სკოლა დაგისახელოთ, სადაც უკვე ბავშვები იცავენ „ახალი სკოლის მოდელს“ იმით, რომ ითხოვენ შემოქმედებითი დავალებების შექმნას, განმავითარებელ კომენტარს, ციფრული ტექნოლოგიის ორგანულად გამოყენებას… ერთი ჩემი მსმენელი მეუბნებოდა, მინდოდა, ერთი ტექსტი „ძველებურად“ მესწავლებინა და კინაღამ ამიჯანყდნენ მოსწავლეები, მასწავლებელო, ჩვენ ისეთი დავალებები გვინდა, ადრე რომ გავაკეთეთ და აუცილებლად უნდა გვითხრათ ხოლმე, რა იყო კარგი ჩვენს ნაშრომში და რის გამოსწორებას გვირჩევთო… და კიდევ მეტიც — სხვა საგნის მასწავლებლებსაც ანალოგიურ მოთხოვნებს უყენებენ თურმე ეს ბავშვები…
— როგორია თქვენი თვალით დანახული თანამედროვე ქართველი მასწავლებელი
— ქართველი მასწავლებელი არაფრით ნაკლები არ იქნება ესტონელ ან იაპონელ კოლეგაზე, თუ იმავე პირობებს შევუქმნით, როგორიც ამ სახელმწიფოებში აქვთ. იაპონელს როცა ჰკითხეს, რა იყო მათი ქვეყნის წარმატების საფუძველი, მან უპასუხა, რომ მასწავლებელს ისეთივე დაფასება მივანიჭეთ, როგორც იმპერატორსო… დააფასებენ მასწავლებელს, მივიღებთ საუცხოო შედეგებს, არ დაგვაფასებენ და მაინც ისეთი თაობები უნდა აღვზარდოთ, ვინც ბოლოს დაგვიფასებს ამაგს, მოგვცემს სიბერის კეთილ გარანტიას და რაც მთავარია, მოქალაქეობრივ თამასას ასწევს უფრო მაღლა, ვიდრე ახლა გვაქვს…
ესაუბრა მაკა ყიფიანი