3 ნოემბერი, კვირა, 2024

მოგვეცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შევიცნოთ საკუთარი თავი

spot_img

დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ მასწავლებლებს ონლაინ სწავლების გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ. დღეს თბილისის 175-ე საჯარო სკოლის პედაგოგები გვესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ გაართვეს თავი ახალ გამოწვევებს და ექსტრემალურ ვითარებაში მიღებულ გამოცდილებასაც გაგვიზიარებენ.

ირმა ცირეკიძე

ბიოლოგიის მასწავლებელი

შექმნილმა მდგომარეობამ ყველაზე კარგად დაგვანახა სწავლა-განათლების საჭიროება. სწორედ კრიტიკულ სიტუაციაში ვლინდება ადამიანების პროფესიონალიზმი, განათლების სფერო იქნება ეს,  მედიცინის თუ სხვა. შეზღუდულმა გარემო პირობებმა დააბნია არა მარტო ბავშვები, არამედ ჩვენც – მასწავლებელები. გაჩნდა კითხვა: „რა შემიძლია?“. თითქოს მოგვეცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შევიცნოთ საკუთარი თავი და ჩვენს წიაღში არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ. პირადად მე და ჩემს კოლეგებს საქმე გაგვიმარტივა სკოლაში არსებულმა სქულბუქის პროგრამამ. მისი მეშვეობით, ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა ბავშვებთან და ასე ვაგრძელებთ დღემდე. ვაგზავნი დავალებებს და ინდივიდუალურად გავცემ უკუკავშირს. დღეს ყველაზე მეტად მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია თბილი, დადებითი კომენტარი. სწორედ დღეს უფრო ღირებული გახდა სიტყვები: „საყვარელო“, „ძვირფასო“. არც ისინი აყოვნებენ: „მადლობა მასწ, რომ წაიკითხეთ ჩემი დავალება, ცოტა ბევრი იყო“ და, აუცილებლად, ბოლოს მიხატული გული. თითქოს ჩვენ შორის ურთიერთობის ახალი ხანა დაიწყო, ის ნიუანსები გამოიკვეთა, რისთვისაც სკოლის კედლებში დრო „არ გვყოფნიდა“.

დისტანციურ სწავლებას ონლაინ ჩართვებიც დაემატა, ვიყენებ თიმსის პლატფორმას. სკოლაში ძალიან ოპერატიულად შედგა ონლაინ გაკვეთილების ცხრილი, ყველა რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. ვცდილობ, დავალებები არ იყოს მოსაწყენი და ვრცელი, რადგან ბავშვები სახლში არიან, აუცილებელი არ არის, ბევრი დავალება მივცეთ. მე, პირადად, ხშირად ვაძლევ ვიდეომასალას, წასაკითხ დავალებას. ვთხოვ, ყურადღებით მოისმინონ, წაიკითხონ და დაასკვნან. მირჩევნია დავალებამ ბევრი ფიქრისა და ანალიზის საშუალება მისცეს ბავშვს, ვიდრე კონკრეტული ცნება და განმარტება მხოლოდ ზეპირად იცოდეს.

ყველა ონლაინ გაკვეთილის წინ ვამზადებ პრეზენტაციას. თემა, შედარებით, მოცულობითია და ხშირად 1-2 პარაგრაფსაც მოიცავს. თუმცა, ეს ბავშვებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ამას წინ უძღვის გაგზავნილი დავალებები. დაგროვილი შეკითხვების და თემის ვრცელი განხილვაც სწორედ ასეთი ჩართვის დროს ხდება. დისტანციური სწავლების დროს, კარგი შედეგის მიღებისთვის, გამოიკვეთა საჭირო ჯაჭვის – მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ფუნქცია და პასუხისმგებლობა. ასეთ სტრესულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა, მათი თანადგომა. ბევრი მოსწავლის მშობელი თვითონ მიგზავნის შვილის დავალებას. ეს ის ბავშვები არიან, ვისაც ყოველდღიურად არ აქვთ წვდომა სქულბუქთან, ვერ იყენებენ  თიმსის პლატფორმას, ინტერნეტის არქონის გამო – ესეც დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, „ტელესკოლის“ გაკვეთილები ასეთი ბავშვებისთვის კარგი საშუალებაა. ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ დისტანციური სწავლება სრულყოფილად ჩაანაცვლებს სკოლის გაკვეთილებს (შეიძლება ითქვას, 100%-იანი შედეგი, ხშირად, არც სკოლის კედლებში მიიღწევა). ეს ყველაფერი უფრო ძალების მოსინჯვაა, რამდენად ადეკვატურად, მოწესრიგებულად და პასუხისმგებლობით გავაკეთებთ ყველა ჩვენს საქმეს. არ დავშორდებით ბავშვებს, ყველა საშუალებით დავძლევთ პროგრამას, გავზრდით მოსწავლეთა პასუხისმგებლობას სწორედ მაშინ, როცა არც „არა“ იწერება და არც განმსაზღვრელი შეფასება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კოლეგებთან თანამშრომლობა. ხშირად ვუზიარებთ გამოცდილებას კომპიუტერულ უნარებთან დაკავშირებით. დღეს ბევრი რამ ჩვენთვისაც ახალია, თუმცა რესურსიც საკმარისია, რომ უკეთ ავითვისოთ დისტანციური სწავლების ყველა პლატფორმა.

მინდა, ვუსურვო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს ჯანმრთელობა და ემოციური მდგრადობა. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, როცა ყველაფერი გაივლის, არ შეგვრცხვეს, რომ საკმარისად არ დავიხარჯეთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდით. პირადად მე, ნამდვილად ვიცი, როცა გაკვეთილზე სიტყვა „პანდემიის“ განმარტებას დავიწყებ, ემოციებს ვერ შევიკავებ…

თეონა მოდებაძე

ინგლისური ენის მასწავლებელი

მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ ყველა ჩვენგანი სხვადასხვა ტიპის გამოწვევის წინაშე დააყენა. ადამიანებს მოგვიწია ყოველდღიურობის მოდელირება, რაც მთელ რიგ პროფესიულ საქმიანობასაც შეეხო, მათ შორის, საკმაოდ მძაფრად, განათლების სფეროს. მე, როგორც პედაგოგი, იძულებული გავხდი, ფორსმაჟორში, სრულიად შემეცვლა ჩემი პროფესიული საქმიანობის რუტინა და საკლასო ოთახიდან გადავინაცვლე სახლში, გაჯეტებთან ერთად, რათა ჩემი საქმიანობა კვლავ გამეგრძელებინა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად, იოლი არ ყოფილა დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლა, მით უფრო, რომ ამის გამოცდილება წინათ არ მქონია. თუმცა, ახლა,როდესაც გადავლილია ადაპტაციის პერიოდი და გავეცანი რამდენიმე ონლაინ პლატფორმას, რომლებსაც დისტანციური სწავლებისთვის წარმატებით ვიყენებ,  ვფიქრობ, პრობლემები უკან მოვიტოვე.

ჩემი პროფესიული ყოველდღიურობა მოიცავს გაკვეთილების თავიდან გადაგეგმვას, რადგან ონლაინ გაკვეთილის დრო განახევრებულია, ეს კი გულისხმობს, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად, მოკლე დროში (25 წუთში), მოვასწრო მოსწავლეებისთვის მასალის ადეკვატურად მიწოდება,  გაცნობა, გააზრება და უკუკავშირი განმავითარებელი შეფასების ფორმით, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლემ პასუხისმგებლობა იგრძნოს და მოტივაციაც აუმაღლდეს, მიეჩვიოს ავტონომიურობასა და სწავლის უნარის გამომუშავებას.

გარდა ამისა, საკლასო ოთახისგან განსხვავებით, რადგან ცოცხალი თვალით კონტაქტი ვერ მყარდება  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, აუცილებელია, თითოეული გაკვეთილი იყოს თვალსაჩინოებით დატვირთული, რის გამოც ხშირად ვიყენებ PPP პრეზენტაციას ან სხვა ვიზულაურ მასალას, რის შედეგადაც გაკვეთილი გაცილებით ინტერაქტიულია და ეფექტური. ვფქირობ, ინტერაქცია არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და უინტერესო, რომ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდეს, იყოს ონლაინ.

ჩემი საგანი, ინგლისური ენა, საქმეს ოდნავ მიმარტივებს იმ კუთხით, რომ მოსწავლეებს შემიძლია, დამატებით, გავუზიარო ონლაინ რესურსები, რომლებიც სახალისოდ შესასრულებელია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციური სწავლება მოსწავლეებისთვის ახალი გამოწვევაა და ასევე, განსაკუთრებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მშობლებისთვისაც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში.

დასასრულ, მიმაჩნია, რომ დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვისთვის საფუძველი დადებულია და სამომავლოდ მეტი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის მზაობა არსებობს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები