გასულ კვირას განათლების სამინისტრომ გაახმოვანა ინიციატივა, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, პენსიაში გასვლის სანაცვლოდ, ჯილდოს სახით, ორი წლის ოდენობის ხელფასის შეთავაზებას გულისხმობს. სამსახურიდან წასვლის მექანიზმი, რომელიც 11 ათასამდე მასწავლებელს შეეხება, ნებაყოფლობითია, თუმცა, თუკი ამ რაოდენობის მასწავლებელი, სკოლაში დარჩენისა და პროფესიულ განვითარებაში ჩართვის ნაცვლად, ერთჯერადი თანხის მიღებას ამჯობინებს, ბუნებრივია, ეს სისტემაში მასწავლებლთა დეფიციტს შექმნის. არის თუ არა სამინისტრო მზად 11 ათასი მასწავლებელი ახალი კადრებით ჩაანაცვლოს?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, რომ: „თამამი ნაბიჯის მიუხედავად, რომელმაც შესაძლოა, დეფიციტი შექმნას რომელიმე სკოლაში, მზად ვართ, ამ გამოწვევას ვუპასუხოთ. საქართველოში მიჩვეულები ვართ, სტატისტიკისა და ციფრების გარეშე, არგუმენტებით მსჯელობას, რაც ვფიქრობ, არასწორია. ჩვენ მომზადებული გვაქვს საკმაოდ კარგი მოდელირება იმისა, რომ საათების შეთავსებით შევამციროთ მასწავლებელთა დეფიციტი. ჯერ ერთი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ იქნება 11 ათასი პედაგოგის საჭიროება, მეორეც – გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ვერ საქმდებიან პროფესიაში მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წლების განმავლობაში სკოლებში ვაკანსიები არ იქმნებოდა. თამამ გადაწყვეტილებას წინ საკმაოდ კარგი სიტუაციური ანალიზი უძღოდა, არა მარტო რეგიონის მიხედვით, არამედ ქვეყნის მასშტაბით * 2083 საჯარო სკოლის მიხედვით, ჩვენ გვაქვს მონაცემები არა მხოლოდ რეგიონის ან რაიონის, არამედ კონკრეტული სკოლის, საგნისა და საკლასო ოთახის მიხედვით.
ბუნებრივია, პრობლემა შეიძლება შეგვექმნას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ ამ დეფიციტის აღმოფხვრას სპეციალური პროგრამით შევძლებთ, რომელსაც ეროვნული ცენტრი სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.“
ინიციატივაში გარკვეულ რისკებს ხედავენ სპეციალისტები, რადგან ფიქრობენ, რომ რეალურად, ქვეყანაში ათასობით ჩასანაცვლებელი კადრის პოვნა სისტემას გაუჭირდება და ამ პრობლემის გადასაჭრელად, შესაძლოა, ისევ პენსიაზე გაშვებული მასწავლებლების დაბრუნება დასჭირდეთ ან ეს საათობრივი გადანაწილების ხარჯზე შეძლონ. ახალი კადრების შეყვანა კი ისევ პრობლემად დარჩება, მით უფრო, როცა პროფესიაში შესვლის გზები ისევ არსებული რეგულაცებით და ისევ გართულებულად მოხდება.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლების პენსიაში გასვლის რისკებსა და ინიციატივის პოზიტიურ მხარეებს განიხილავს ჩვენს ინტერვიუში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, რომელიც სამინისტროს ინიციატივას ძალიან სარისკო, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვან წამოწყებად აფასებს, რომელსაც გარკვეული რისკ-ფაქტორებიც ახლავს.
– როგორ აფასებთ საპენსიო შეთავაზების ინიციატივას და რა რისკებს ან პოზიტიურ შედეგებს განიხილავთ?
– ინიციატივას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ იმიტომ, რომ პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით გადადგმული. ამ კონკრეტული ნაბიჯებით, სამინისტრომ დაიწყო ფიქრი და მოძრაობა, შეიძლება ძალიან სარისკო, მაგრამ მათი მხრიდან მასწავლებელთა კორპუსში ცვლილებების სურვილი გაჩნდა. ამიტომაც არის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი.
შესაძლო რისკები, უფრო იმ ბიუროკრატიულ მექანიზმებს უკავშირდება, რომელიც წარსულშივე არსებობდა სისტემაში და დღემდე შენარჩუნებულია. რეალურად, მიუხედავად სურვილისა და სწორი პოლიტიკური ხედვისა, შეიძლება მივიღოთ პრობლემები – სახელმწიფომ მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოს გაცემაში დახარჯოს თანხა, მაგრამ ვერ მიიღოს შედეგი, ანუ ვერ გავიდეს დასახულ მიზანზე. ამ შემთხვევაში, მიზანი ხომ ის არ არის, რომ მასწავლებლები პენსიაზე „გავყაროთ“, ჩვენი მიზანია კადრების ჩანაცვლება მოვახდინოთ სისტემაში – შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს, შევიდნენ პროფესიაში, ხოლო დამსახურებული მასწავლებლები გავიდნენ სისტემიდან.
სწორედ ეს მიზანი შეიძლება ვერ შესრულდეს ან ნაწილობრივ – რაღაც კომპონენტში. შეიძლება მასწავლებლებმა აირჩიონ ჯილდო და გავიდნენ სისტემიდან, მაგრამ როტაცია რთული მისაღწევი იქნება. ბევრ რისკ-ფაქტორს ვხედავ.
პირველი – ჩემი აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი თუ სკოლიდან წავა, მის საათებს, ახალი კადრის შემოსვლის ნაცვლად, იმავე სკოლის მასწავლებელი დაიკავებს/შეითავსებს, რადგან საათების გადანაწილების პროპორცია და, ზოგადად, სრული განაკვეთის მქონე მასწავლებლების რაოდენობა სკოლებში ცოტაა – დაახლოებით, 50 პროცენტი. ამიტომ, სკოლიდან წასული საპენსიო ასაკის მასწავლებლების დეფიციტის შევსება, შეიძლება საათების გადანაწილებით მოხდეს. ამ შემთხვევაში, მიზანი მიღწეული არ იქნება, რადგან ახალი მასწავლებელი სისტემაში ვერ შევა.
მეორე – შესაძლოა, ფიზიკურად არ არსებობდეს სკოლაში ჩამნაცვლებელი მასწავლებელი. აქედან გამომდინარე, სკოლას ისევ იმ საპენსიო ასაკის მასწავლებელთან მოუწიოს კონტრაქტის გაგრძელება. ეს საფრთხეები ცალსახად არსებობს არაქართულენოვან, მაღალმთიან და მცირეკონტინგენტიან სკოლებში. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ არაქართულენოვან სკოლებში, სადაც, დღეის მონაცემებით, 2500 საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელია, თუ ყველამ ისურვა პენსიაზე გასვლა და მოითხოვა საპენსიო ჯილდო, მათ სამინისტრო ახალი კადრებით ვერ ჩაანაცვლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სკოლები მასწავლებლების გარეშე დარჩებიან ან არსებულ მასწავლებლებს მისცემენ დამატებით საათებს (ამის პრაქტიკა არსებობს). თუ ავიღებთ რეალობას, სკოლებში გვყავს ისეთი მასწავლებლები, რომლებიც 6-7 საგანს ასწავლიან, თან აბსოლუტურად რადიკალურად განსხავავებულ საგნებს. მათ კიდევ დაუმატებენ ერთ ან ორ საგანს, ან ისევ პენსიონერ მასწავლებელს გაუგრძელებენ კონტრაქტს, ვიდრე ახალი კადრი არ გამოჩნდება, ამით პრობლემა არ მოაგვარდება და ეს თავის მოტყუება იქნება.
ახალი კადრებით არაქართულენოვან მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებენ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებლები არ მომზადებულან. არის გარკვეული რაოდენობა მასწავლებლებისა, რომლებიც 1+4 პროგრამაზე სწავლობდნენ, თუმცა, მათგან, მასწავლებელთა განათლების პროგრამაზე – ძალიან მცირე რაოდენობა. მართალია, პირველკურსდამთავრებულები წელს ეყოლება, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ისინიც ვერ შევლენ სკოლებში, რადგან უფროსი მასწავლებლის სტატუსისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა გამოცდის ჩაბარებაა, გამოცდა კი ჯერ ჩაბარებული არ აქვთ. ფიზიკურად არ არსებობს კადრი, რომელიც არაქართულენოვან სკოლებში პენსიაზე გასულ მასწავლებლებს ჩაანაცვლებს. ამიტომ, თავისთავად, ეს ამ შეთავაზების სერიოზული რისკ-ფაქტორია.
რაც შეხება ქალაქის სკოლებს, აქ, რა თქმა უნდა, სისტემამ შეიძლება იმუშაოს და ძალიან კარგი იქნება, თუ ჩანაცვლება რეალურად მოხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად არის ალბათობა, რომ ქალაქის სკოლებში პენსიონერ მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა უარი თქვას საპენსიო შეთავაზებაზე, რადგან ქალაქის სკოლებში მასწავლებლად მუშაობას სხვა ბენეფიტებიც აქვს. ვგულისხმობ საკმაოდ გავრცელებულ რეპეტიტორობის ინსტიტუტს. სკოლაში ყოფნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ჰყავდეს კერძო მოსწავლეები. სამწუხაროდ, მასწავლებელთა ქარტიის მოთხოვნის მიუხედავად, რომელიც მასწავლებლებს საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადებას უკრძალავს, უმეტესობა ამას მაინც აკეთებს. მათ შორის, ნიშნის დაწერის მიზნით, ამზადებს საკუთარ მოსწავლეს. ამიტომ, შესაძლებელია, მათთვის პენსიის სანაცვლოდ შეთავაზებული ორწლიანი ხელფასი, არ აღმოჩნდეს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სკოლა დატოვონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, კარგია ის მექანიზმი, რომელიც მასწავლებლებს პროფესიული განვითარების პროგრამებში ჩართვისკენ უბიძგებს. იმისთვის, რომ დარჩნენ სისტემაში გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ექნებათ, ანუ ამით მეტ-ნაკლებად იზრუნებენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
რისკ-ფაქტორების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ინიციატივა დადებითია. თუმცა, მე ყურადღებას ვამახვილებ იმ პრობლემებზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას.
კიდევ ერთი მინუსი, რომელიც შეიძლება ინიციატივას მოჰყვეს, ეს პირდაპირ დისკრიმინაციულია იმ თვალსზრისით (მესმის კეთილი განზრახვა, რომ სერტიფიცირებული პენსიონერი მასწავლებლის – უფროსი, წამყვანი თუ მენტორი – სკოლიდან გაშვება არ უნდა სამინისტროს), რომ შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებზე. რაც ნიშნავს – თუ კარგი მასწავლებელი ვარ, მაღალი სტატუსი მაქვს, შესაბამისი კვალიფიკაცია და მინდა პენსიაზე გასვლა – ჯილდოს აღება, სახელმწიფო ამის შესაძლებლობას არ მაძლევს და აძლევს მხოლოდ მათ, ვინც ან არ გადის გამოცდაზე, ან ვერ აბარებს. მიზანი მესმის, თუმცა, ხასიათი წმინდა დისკრიმინაციულია. მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს თეორიულად მაინც უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიდგომა მასწავლებლებისადმი (მათ შორის, წამყვანის, მენტორისა თუ უფროსის) დისკრიმინაციულია. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, განზრახვა კეთილია – სისტემას სურს მათი შენარჩუნება.
– არაქართულენოვან სკოლებში, სადაც 7500-მდე მასწავლებელი ასწავლის, ზოგადად, კვალიფიციური კადრების პრობლემაა, რადგან ამ ხნის განმავლობაში, რაც პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მათ პროფესიული განვითარება ნაკლებად შეეხოთ.
– არაქართულენოვან მასწავლებლებს შორის ყველა პრაქტიკოსია, „ქართული როგორც მეორე ენის“ პროგრამისა და უცხო ენის რამდენიმე მასწავლებლის გარდა. მათ თეორიულადაც კი არა აქვთ საშუალება, რომ სისტემაში დარჩნენ და გამოცდა ჩააბარონ (მაგალითად, მშობლიური ენის მასწავლებლებს და ა.შ.), რადგან განათლების და მეცნიერების სამინისტრო მათთვის ამ გამოცდებს არ ატარებს.
ისინი, ფაქტობრივად, სისტემის ნაწილი არ არიან, არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. სხვა საკითხია, რამდენად კარგი და სწორი იყო ეს პროცესი, მაგრამ, ფაქტია, რომ არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლები მათ მიღმა აღმოჩნდნენ.
მაგალითად, სომხურის როგორც მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს და არ უნდოდეს პენსიაზე გასვლა, ამას ვერ შეძლებს იმ მიზეზის გამო, რომ მისთვის, პრაქტიკულად, საგნობრივი გამოცდა არ არსებობს.
– რეალურად არაქართულენოვანი მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ქართველი კოლეგის მსგავსად ვერ ახორციელებს
– მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა სახლს აქვს პროგრამები, მათ შორის, 2016 წლიდან მშობლიურ ენაზე პროფესიული განვითარების პროგრამები ხელმისაწვდომია, არაქართულენოვან მასწავლებელს, ქართველი კოლეგის მსგავსად, პროფესიული ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. ენის სწავლების მიმართულებითაც მუშაობს მასწავლებელთა სახლისა და ჟვანიას სახელობის ენის სკოლის პროგრამები და მათი ანგარიშები რომ ნახოთ, იფიქრებთ, აყვავებულია არაქართულენოვან სკლებში ქართული ენის სწავლება. რაოდენობრივი თვალსაზრისით, ამ ანგარიშებში ისეთი მონაცემები აქვთ წარმოდგენილი, იფიქრებთ, რომ ყველა მასწავლებელმა იცის სახელმწიფო ენა, თუმცა, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული და მძიმეა. შესაბამისად, მასწავლებლებს არანაირი შესაძლებლობა არა აქვთ პროფესიული ზრდისთვის.
სერიოზული პრობლემა ის არის, რომ აქცენტი მაქსიმალურად უნდა განმტკიცებულიყო უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი თაობის აღზრდაზე და ხელშეწყობაზე, რომ მერე ისინი შესულიყვნენ პროფესიაში. თუმცა, ამ კუთხითაც არ გადაიდგა ნაბიჯები, 1+4 პროგრამის სტუდენტთა ნაწილი ასისტენტ მასწავლებლებად გაუშვეს არაქართულენოვან სკოლებში, ოღონდ ისე, რომ მათგან უმეტესობას გავლილი არ ჰქონდა მასწავლებელთა განათლების პროგრამები.
2013 წლიდან დღემდე, განათლებისა და მეცნიერების ყველა მინისტრს ვთხოვთ კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც, ასევე, დისკრიმინაციულია. არსებობს ე.წ. უფასო უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები, მათ შორის, მასწავლებელთა განათლების პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ყველასთვის უფასოა, კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტების გარდა, ანუ ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტებისთვის ფასიანია, არ არის გრანტირებული მისაღები გამოცდების დროს. ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ წახალისდეს, თუნდაც, მასწავლებელთა განათლების პროგრამა და გახდეს უფასო, რათა მეტი სტუდენტი მოიზიდოს უმაღლესმა განათლების პროგრამაზე და, რეფორმის პირობებში, აღარ გვქონდეს საკადრო პრობლემები. 2013 წლიდან დღემდე, ეს მარტივი ცვლილება – დაფინანსდეს მასწავლებელთა განათლების პროგრამა კვოტირებული სტუდენტებისთვის – მიუღწეველია.
– რას ფიქრობთ არსებულ რეგულაციებზე, რომელიც მასწავლებელთა პროფესიაში შესვლას აწესრიგებს. ერთი დეტალი, სტუდენტს, რომელიც მაინორ პროგრამად ირჩევს პედაგოგიკას და აგროვებს 60 კრედიტს, პროფესიაში შესვლისას არანაირი პრივილეგია არ აქვს. მაშინ რისთვის სჭირდება სახელმწიფოს მაინორ პროგრამად პედაგოგიკა, თუკი დასაქმებისთვის კადრს ისევ თავიდან მოთხოვება ანალოგიური, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა? მაინორ პროგრამა რამეში ხომ უნად გამოიყენოს სტუდენტმა?
– მოთხოვნაა, რომ კადრი სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევიდეს, და ასეთმა კურსდამთავრებულმაც კი უნდა ჩააბაროს გამოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მასწავლებლის სტატუსს ვერ მიიღებს. რასაკვირველია, ესეც დამატებითი დაბრკოლებაა.
რაც შეეხება მაინორ პროგრამას, რა თქმა უნდა, რეალურად იმისთვის არის დაგეგმილი, რომ რამეში გამოიყენოს სტუდენტმა. უბრალოდ, გაურკვეველი ურთიერთსაწინააღმდეგო რეგულაციები, რომლებიც ხარისხის გაუმჯობესებისთვის უნდა იყოს მოწოდებული, პრობლემების შესაქმნელად უფროა, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეფორმებიც. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები იქნება ვითომ ხარისხზე ორიენტირების გამო შემოღებული რეგულაციები, მით უკეთესია სისტემისთვის და თავად სამინისტროსთვისაც.
ცოტა ქაოსური და გაურკვეველი სიტუაციაა. მაგალითისთვის იმასაც გეტყვით, ახლაც კი გაუგებრობაა, დამამთავრებელი კურსის სტუდენტს შეუძლია თუ არა გამოცდის ჩაბარება – მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, მაშინ, როცა მასწავლებელთა სახლი მოუწოდებს, სწრაფად დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, რომ სექტემბრიდან შეძლონ სკოლაში მუშაობის დაწყება. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, სჯობს, უფრო მოქნილმა სისტემამ იმოქმედოს, რათა ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც მასწავლებლობის სურვილი აქვთ, პროფესიაში შესვლა გაუადვილდეთ. პირდაპირ გეტყვით, მაინცდამაინც განათლების პროგრამადამთავრებული თუ არ შევა სკოლაში, ეს კატასტროფა არ არის. შეიძლება, პირიქითაც კი ვიფიქროთ – ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ დაბალი კვალიფიკაციის და უნარების მქონე ადამიანები მიდიან განათლების პროგრამებზე უმაღლეს სასწავლებლებში. თუკი სხვა, უფრო პრესტიჟული პროგრამებიდან (მაგალითად, იურიდიული, ჟურნალისტიკის, ფიზიკა-მათემატიკის და ა.შ.) მოვიზიდავთ კადრებს და გავუმარტივებთ პროფესიაში შესვლის გზებს, გაცილებით უკეთეს კადრებს შევიყვანთ სკოლებში და არა ის, რომ აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანაზე ვაკეთოთ, რომლებიც მაინცდამაინც განათლების პროგრამებზე სწავლობენ და რომელთა კვალიფიკაცია აპრიორი უფრო დაბალია.
– საპენსიო შეთავაზება ერთწლიანი იქნება. რას ფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ისარგებლონ თუ არა მსგავსი შეთავაზებით მასწავლებლებმა მომავალ წლებშიც?
– არაინსტიტუციონალიზებული ერთჯერადი შეთავაზებაა, რაც, თავისთავად კარგი არ არის. მით უფრო, მასწავლებელმა პენსიაში გასვლის შესახებ ძალიან სწრაფად, უკვე მაისის ბოლომდე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, ხარვეზია. ხარვეზია ისიც, რომ მხოლოდ ერთჯერადი შეთავაზება ვერ გადალახავს პრობლემას. პოზიტიურია იმ კუთხით, რომ ამ მიმართულებით პირველად დაიწყო აქტივობა. ახლა მთავარია, რა შედეგებს მივიღებთ შეთავაზებიდან. შესაძლებელია, აბსოლუტურად უშედეგო ან უკუშედეგის მომტანიც კი აღმოჩნდეს – თანხა დაიხარჯოს და რეალურ მიზანს ვერ მივაღწიოთ. ვფიქრობ, სამინისტრო შემდგომ ნაბიჯებს სწორედ აქედან გამომდინარე გადადგამს (ამის იმედი მაქვს!). იმის თქმა, რას გააკეთებს მომავალ წელს, შედეგებზე დაკვირვების გარეშე, არასწორია. აუცილებელია, ჯერ ნახოს ეფექტი და მერე მიიღოს სამომავლო გადაწყვეტილება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე