25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მაია გაბუნიასგან – რომელია რეგისტრაციისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას

spot_img

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მეთორმეტეკლასელთა მეტი ინფორმირების მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთი ღია კარის დღე გამართა.

აბიტურიენტების კითხვებს ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ უპასუხა.  გამოსაცდელებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რა უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს და სხვ.

✅ შესაძლებელია თუ არა 4 აპრილის შემდეგ არა მარტო შეცვლა და წაშლა, არამედ სრულიად ახალი ფაკულტეტის დამატება?

პროგრამების წაშლის, არჩევისა და ცვლის  საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აგვისტოს თვეში, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება.

როგორ გავიგო, ნამდვილად დავრეგისტრირდი თუ არა?

რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი, რეგისტრაცია წარმატებით გაქვთ გავლილი. არ გაანდოთ სხვას კოდი, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე.

✅ საგამოცდო ბარათი რა არის და საიდან ვიღებთ?

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.  საგამოცდო ბარათზე მითითებულია:  ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ბარათის ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან შესაძლებელი იქნება ივნისის მეორე ნახევრიდან.

✅ მხედველობის პრობლემასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გავაგზავნე. მაინტერესებს, რამდენ ხანში მომივა პასუხი, დაკმაყოფილდა თუ არა ჩემი მოთხოვნა?

სპეციალური პირობების შექმნასთან დაკავშირებით პასუხები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

✅ აბიტურიეტი თვითონ ირჩევს, რომელ საგამოცდო ცენტრში აბარებს გამოცდას თუ გამოცდების კომისია თვითონ ამისამართებს აბიტურიენტებს?

აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში ნაწილდებიან შემთხვევითობის პრინციპით, ელექტრონული სისტემა ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე ანაწილებს მათ იმ ქალაქის საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც გამოსაცდელმა რეგისტრაციის დროს აირჩია.

✅ რომელი საგნებია სავალდებულო და რომელი არჩევითი?

ყველა აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე უცხოური ენა. მესამე და მომდევნო საგნად შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ამ ჩამონათვალიდან: მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თუ პროგრამა არ გთხოვთ (არ ბარდება) საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ.

სად და როგორ უნდა წარვადგინო განაცხადი მხედველობის პრობლემაზე?

გამოცდებში მონაწილემ, რომელსაც ესაჭიროება სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 14 აპრილის 18:00 საათამდე, წარმოადგინოს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100). რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

✅ სოციალურად დაუცველი პირებისათვის თუ არის რაიმე სახის შეღავათი?

სოციალურად დაუცველმა პირებმა, ჩარიცხვის შემდეგ, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სწავლის საფასურის დაფარვის თაობაზე. სოციალური პროგრამების ფარგლებში, თქვენს განაცხადს, სწავლის დაფინანსების თაობაზე, სპეციალური კომისია განიხილავს. 

✅ შემიძლია თუ არა მობილობის განხორციელება უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე სხვა ფაკულტეტზე?

მობილობას არ ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ კითხვით თქვენ უნდა მიმართოთ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

✅ როდის ჩატარდება გამოცდები?

ერთიანი ეროვნული გამოცდები, ყოველ წელს, ივლისის პირველ ნახევარში იწყება და, დაახლოებით, ერთი თვე გრძელდება. დეტალური განრიგი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დგინდება და  მაისის ბოლოს ქვეყნდება.

✅ შემოქმედებითი ტური ყველა უმაღლესში ცალ-ცალკე უნდა გავიარო?

დიახ, რადგან ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას განსხვავებული შიდა ტური აქვს. 

✅ თუ რეგისტრაციის დროს არ მოვნიშნე ველი – შემოქმედებითი ტური, აკადემიაში ფერწერაზე ვერ ჩავირიცხები?

თუ ეს ველი 14 აპრილის 18:00 საათამდე არ მონიშნეთ, თქვენი შიდა ტურის შედეგი არ განიხილება და შესაბამისად, ვერ ჩაირიცხებით.

✅ თუ საგანი ჩემ მიერ არჩეულ პროგრამაზე არ ბარდება, ამ საგნის შედეგით გრანტის მოპოვებას შევძლებ?

იმ საგნის შედეგს, რომელიც პროგრამაზე არ ბარდება, საერთოდ ვერ გამოიყენებთ.

✅ ფსიქოლოგიის პროგრამაზე ზოგადი უნარების გამოცდა ბარდება?

ზოგადი უნარების გამოცდა წელს არც ერთ საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე არ ბარდება (გარდა ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა).

✅ როდის გვეცოდინება შედეგები?

გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება, ყოველ წელს, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე იწყება და აგვისტოს ბოლოს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებით სრულდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები