9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

„მკითხველთა თეატრი“ – კითხვის უნარების განვითარების საშუალება

spot_img

მარიამ დადუნაშვილი
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მაღლაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

„კვლევებმა დაადასტურა, რომ კითხვა ინტერაქტიული და სოციალური პროცესია. კითხვისას პარტნიორის არსებობა სასარგებლოა მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებისათვის“.

 

კითხვის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ვიცით, მოსწავლეთა უმეტესობა ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდება კითხვის პროცესს. რაც უფრო დიდი ზომისაა ნაწარმოები, მოსწავლეების მოტივაცია უფრო და უფრო დაბლდება. თუმცა, კითხვის სწავლა და გაწაფული კითხვის დაუფლება ფუნდამენტური საკითხია სწავლა-სწავლების პროცესში. კითხვა არის უმნიშვნელოვანესი საყრდენი, რაც კარს უღებს მოსწავლეებს ცოდნის სამყაროში, ამიტომაც მასწავლებლები მიმართავენ ხოლმე ათასგვარ ხერხს, რათა მოსწავლეებმა შეისწავლონ გამართული კითხვა.

კვლევებით დადგინდა, რომ ტექსტის კითხვა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესოა, როდესაც ჰყავთ პარტნიორი. აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ჩართულობით წარიმართება, კითხვის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შეიცვალა მოსწავლეთა „შიში“, დიდი ტექსტების მიმართ, ინტერესით.

კითხვის უნარის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა „მკითხველთა თეატრი“. ამ მეთოდით მოსწავლეს რამდენჯერმე უწევს ერთსა და იმავე ტექსტთან მიბრუნება როლის კარგად დამახსოვრებისა და გათავისებისათვის, რის გამოც ტექსტს რამდენჯერმე კითხულობს. ეს პროცესი ეხმარება მას გაწაფული კითხვის დაუფლებაში. რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს ტექსტი, როდესაც მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ჩვენ ამ ტექსტს როლებში გავითამაშებთ, მათი დამოკიდებულება იცვლება და ტექსტის სიდიდე ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არის.

„მკითხველთა თეატრის“ უპირატესობები ორ ჯგუფად ჩამოვაყალიბეთ:

  1. პოზიტიური მხარე და თანამშრომლობა
  • მოსწავლეთა ჩართულობა;
  • მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია;
  • პოზიტიური სასწავლო გარემო;
  • თანამშრომლობა;
  • ემპათიის უნარის განვითარება.
  1. კითხვის უნარების განვითარება
  • გაწაფული კითხვა;
  • სასვენი ნიშნების, ინტონაციისა და მიმიკის გათვალისწინება;
  • მხატვრული კითხვის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ცოდნის ტრანსფერი.

გაგაცნობთ ჩვენ მიერ განხორციელებული „მკითხველთა თეატრის“ პრაქტიკას თანმიმდევრულად. პირველ რიგში, დავამუშავეთ ტექსტი შინაარსობრივი (გაგება-გააზრება) თვალსაზრისით, ყურადღება გავამახვილეთ ლექსიკურ ერთეულებზე და მხატვრულ სახეებზეც. როლებში განაწილების შემდეგ, დავიწყეთ ინტონაციისა და მიმიკა-ჟესტებზე მუშაობა. როლის გათავისებაში ძალიან დაგვეხმარა აქტივობა „ცხელი სკამი“. ამის შემდეგ, შევეჭიდეთ ტექსტის დასწავლას. ბოლოს კი – კლასში ჩვენი ცოდნის ინპერპრეტაცია მოვაწყვეთ.

„მკითხველთა თეატრი“ საუკეთესო ეფექტს იძლევა ხშირი განმეორების შემთხევავში. ამიტომ, წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გავმართეთ სხვადასხვა ფორმით. ზოგ შემთხვევაში, მოსწავლეებმა, ტექსტის დამუშავებასთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნეს აფიშა, ხან დაამზადეს მოსაწვევი ბარათები. ბოლოს არ დავკმაყოფილდით მხოლოდ საკლასო აქტივობით და ღონისძიებებშიც შევიტანეთ ჩვენ მიერ დამუშავებული ტექსტები და მოსწავლეები პატარა მსახიობებად ჩამოყალიბდნენ. ამგვარმა აქტივობებმა მოსწავლეების დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია.

ამრიგად, კითხვის უნარების განვითარებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია „მკითხველთა თეატრი“, რომელიც სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია მოსწავლეებისათვის.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები