ნინო დოლენჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახ. თბილისის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
სწავლა-სწავლების პროცესი, თავისთავად ცხადია, რამდენად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით დამაფიქრებელია სწავლების მეთოდების სწორად გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სიღრმისეული ათვისების, ამა თუ იმ ტექსტის ინტერპრეტირების საკითხში. სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება, კონკრეტულად კი იგავები, რომლებიც სკოლებში ისწავლება, ნამდვილად იძლევა ტექსტების ინტერპრეტირების საშუალებას.
აღორძინების ხანის დიდაქტიკოსი ქართველი მწერალი, რომელიც იგავ-არაკულ ჟანრს ამკვიდრებს, განსაკუთრებით გვაფიქრებს იმ მიდგომაზე, თუ რა სახელდება, გურამიშვილისგან განსხვავებით, ქვეყნის უბედურების მთავარ მიზეზად. თავტაფიანობის შედეგმა გურამიშვილს „ქართლის ჭირი“ დააწერინა, ორბელიანი კი, ქვეყნის სულიერი და ზნეობრივი დაცემის მიზეზად, უფლისწულის არასწორად აღზრდას ასახელებს, რასაც უნდა დავეთანხმოთ, რადგან „ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია“. სამეფო კარზე, რომელსაც მწერალი აღწერს, თითოეული პერსონაჟი კონკრეტულ სახე-სიმბოლოს წარმოადგენს. მათი მსჯელობა ერთგვარი გზამკვლევია მკითხველისთვის, რას ემყარება სახელმწიფო. მეფე ფინეზი, რომელიც „კეთილი მეფის“ სახეა, აღზრდის სისტემის ცვლილებას ითხოვს. ალბათ, ამიტომაც წყდება საკრალურ დონეზე ჯუმბერის აღზრდის საკითხი. დემოკრატიულობის პრინციპი თავისთავად გულისხმობს მიუკერძოებლობას. ეს შიში გადააწყვეტინებს მეფე ფინეზს, ფარსადანისგან განსხვავებით, ვიწრო წრეში კი არ აღზარდოს უფლისწული, არამედ ღვთის კარნახს მიჰყვეს. მონარქს, სამეფო კარზე, ჰყავს კონიუნქტივისტი ვეზირი სედრაქი, რომელიც თავისი სიბრძნით ამართლებს დაკავებულ პოზიციას, ის მეფის ერთგული მრჩეველია, თუმცა მისი კანონმორჩილება ერთგვარად დამაფიქრებელია. იარსებებდა კი მისი ჭეშმარიტება, სამეფო კარზე რუქა, გულჩქარი და საჭურისი კაცი, რომ არ ყოფილიყო? სეფეთუხუცესი რუქა, რომელიც სამეფო კარზე კრიტიკულ აზრს ამკვიდრებს, თავისთავად, მწერლის მოსაზრებას გამოხატავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კეთლდღეობისთვის ისეთი პიროვნებების არსებობა, რომლებიც მაფხიზლებელნი არიან ხელისუფალთათვის. იყო კი სათანადო გარემოება იმისათვის, რომ რუქას განსხვავებული აზრისთვის ანგარიში გაეწიათ. ფაქტია, რომ არა, ამიტომაც უწოდა მწერალმა გულჩქარ კაცს საჭურისი. ფაქტია, რომ მისი სიტყვა ვერ ჰპოვებს „თბილ ხნულს“. საკითხავია, რამდენად ჭეშმარიტია მისი მოსაზრება „კარგისთვის კარგი არავის უქმნია“. მის მიერ მოხმობილი იგავი „სამნი ბრმანი“ სედრაქისგან აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რადგან ბრმების სიმართლე მიწიერია, რომელსაც ღვთაებრივი ამარცხებს. სწორედ ღვთაებრივი სამართლის შედეგია კარგისთვის კარგად და ავისთვის ავად აღვიქვათ მეფის განაჩენი, რომელიც ღვთაებრივი სამართლის გაცხადებაა მიწიერ სამყაროში.
შეუძლებელია უსამართლობა არ ამოვიკითხოთ იგავში „მეფე ხორასნისა“. მკითხველი მიხვდება, რა არის დიდი მწერლის ჩანაფიქრი – სამართლიანობა ფუნდამენტურ პრინციპად დაასახელოს სახელმწიფოს მართვის საკითხში. იგავი „მეფე ხორასნისა“ სიკეთის იდეას ამკვიდრებს, იმავდროულად, მმართველი ამპარტავანია, გაზვიადებული ეგოცენტრიზმით, რაც ისე აბრმავებს, რომ სახელმწიფოში სიმართლეს ასპარეზს აცლის. უსამართლობის თავიდათავი კი, ორივე მეფის მაგალითზე – მეფე ხორასნისა თუ ურია მალქაოზის, ძალაუფლებით მინიჭებული ეგოს დაკმაყოფილებაა. ისინი მიწიერი სამართლის მიმდევარნი არიან, ასეთ მმართველთა გარემოცვაში კი ღირებულებები აღრეულია. დარღვეულია მორალურ-ეთიკური ბალანსი, რაც ასევე უარყოფითად აისახება როგორც სახელმწიფოზე, ასევე ერზე.
საინტერესო პერსონაჟია ურია მალქაოზის მოყმე, რომელიც მიწიერი სამართლის წინააღმდე მებრძოლ მოქალაქეს განასახიერებს. უსამართლობასთან ბრძოლა მოყმემ პრაგმატული ნაბიჯებით მოახერხა. იგი, ფულისა და ქონების გონივრული გამოყენებით, ადასტურებს რუსთაველის სიტყვების ჭეშმარიტებას: „უხვი ახსნილსა დააბამს“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღვთის შვილისთვის „ოქრო აროდეს მისცემს ლხენას“, მაგრამ მიწიერ სამყაროში ის ლხენად მაშინ იქცევა, როცა გარემოებას უპირისპირდები. სამხრეში დამალული ძვირფასი თვლით მპარავთა მოსყიდვა ამქვეყნიური არსებობის წესს ამკვიდრებს, სამაგიეროდ, ეს ნაბიჯი ღირს პერსონაჟთა ტრანსფორმაციისთვის, რადგან „ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს“. რუსთაველის შემდეგ, როდესაც „ბინდისგვარი სამყაროს“ მკვიდრობა ვაჭართა ხვედრია, უცნაურად ჩანს მათი სულიერი ფერიცვალება. გასაგებია მწერლის გადაწყვეტილება, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ამ ფენის არსებობა არა მხოლოდ მატერიალისტური, არამედ სულიერი ღირებულებების ზღვარზე. ძუნწი ვაჭრისა თუ დიდვაჭრის სახეები ახალი სიმართლის დადგენაა ამ სამყაროში, რომ ღმერთია „ყოველთათვის ტკბილი მხედი“, რომ წყალობაც და განსაცდელიც, მისგან მოვლენილი, ღვთაებრივი სიმართლის დამკვიდრებას ემსახურება. ილიას მოსაზრება, „მადლი ორ კაცს შუა საქმობს“, ცხადია, გამორიცხავს მიკერძოებას, შერჩევითობას, სტუმარმასპინძლობაც ხომ საუფლო წესია. ერთი შეხედვით, დაუჯერებელია მეფუნდუკის ქცევის მოტივაცია, უანგაროდ ემსახუროს ფუნდუკის მომხმარებლებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პიროვნული ტრაგედია აქვს – კეთრით დაავადებული შვილის პატრონს ჰყოფნის შინაგანი ძალა სხვათა სამსახურის, მაგრამ აქაც ცხადია მწერლის ჩანაფიქრი – იქ, სადაც ღვთისთვის სათნო მოქმედებაა, გადარჩენა გარდაუვალია. „კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა“ – ეს შედეგი კი ღვთაებრივ სამართალს უკავშირდება. სულხან-საბა ორბელიანი, ფაქტების ჰიპერბოლიზებით, გვიმტკიცებს შეუძლებლის შესაძლებლობას, როცა ღვთის ნება არსებობს.
ყველგან ღმერთია ამ დიდებულ კრებულში. ღვთის ნებით მოვლენილი ბრძენი ლეონიც ხომ ჯუმბერის სულს ისე აწრთობს, რომ, სახელმწიფოს მართვისას, ხელისუფალმა სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპები დაამკვიდროს, ყველა მიწიერი ტკივილი დათრგუნოს და ღვთის შვილმა ამ სამყაროშო სულიერი შვება იგრძნოს. „სიტყვა საქმიანისა და საქმე სიტყვიანის“ პრინციპია ის სამყარო, რომელიც იდეალიზებულია დიდაქტიკოსი მწერლისგან, რასაც უნდა დაემყაროს მომავალში მმართველობის ფორმა.