22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

მიწიდან ღრუბლებში და მიწამდე

spot_img

(ნამდვილი ამბის მიხედვით)

ვუძღვნი ჩემთვის ძვირფასი ადამიანის დაუვიწყარ სიყვარულს…

დედა გარდაიცვალა, სახლი დაცარიელდა, სამზარეულო  არყის ცარიელი ბოთლებით აივსო, მამა მოსიარულე მოჩვენება გახდა, ელენე ოთახში ჩაიკეტა…

ყოველდღე ვიღვიძებ, სამსახურში მივდივარ, უკან ვბრუნდები, საჭმელს ვიმზადებ, ხანდახან მეგობრებთან ერთადაც გავდივარ, მაგრამ აღარაფერი აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო, ჩემში სიცარიელეა, აღარაფერი მახარებს, აღარაფერი მასევდიანებს, აღარ ვცხოვრობ, უბრალოდ ვარსებობ…

ოცი დეკემბერი, სუსხიანი დილაა, მანტო ჩავიცვი, მანქანაში ჩავჯექი და სასაფლაოზე წავედი. ახალი ყვავილებია – ყაყაჩოები… მამა იყო მოსული. მე მის გაკიცხვას არ დავიწყებ, ან როგორ უნდა ვთქვა რამე, მან ის ადამიანი დაკარგა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა, რომლისთვისაც მზად იყო, თავი გაეწირა…

ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს დარდს. ზოგი ლოთდება, ზოგი ოთახში იკეტება, ზოგი კი ცდილობს, ცხოვრება გააგრძელოს, შეიძლება კი, ამას ცხოვრების გაგრძელება ვუწოდოთ?!

და მალე ამ კითხვაზე თავად ცხოვრებამ გამცა პასუხი. გამოჩნდა ის, რაღაცნაირი, ჩვეულებრივი და თან უჩვეულოდ უცნაური. მოზომილიც და თან უშრეტი ენერგიით.

ჩვენ ერთმანეთი სასაფლაოზე გავიცანით. ალექსი – მაღალი, გამხდარი, ჩალისფერთმიანი, ჭრელთვალება ბიჭი. გრძელი, თხელი თითებით და ულამაზესი ღიმილით.

მისი დის და დედაჩემის საფლავები გვერდი-გვერდაა. ალექსის დაც სიმსივნით გარდაცვლილა 1991 წლის პირველ მარტს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც დედასაც საბედისწერო  დიაგნოზი დაუდასტურდა – საშვილოსნოს ყელის კიბო. უცბად თავიდან დამიტრიალდა ყველაფერი: ამ ცნობით განცდილი შოკი, უმწეობის შეგრძნება, შემდეგ სრული მობილიზაცია დედის გადასარჩენად და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რვა თვის თავზე, საბოლოო კრახი, ექვსი დეკემბრის ადრიან დილას დედამ ბოლოჯერ ამოისუნთქა.

არ ვიცი და არ მახსოვს, რატომ მომინდა, მაგრამ უცბად, ყველაფერი მოვუყევი ჯერ კიდევ უცნობ ადამიანს.

მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, ალექსი გვერდით მომჯდომოდა, ჩვენ ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ორივე მივხვდით, რომ არა მარტო წარსულის დანაკარგი გვაერთიანებდა, არამედ მომავალიც ერთი გველოდა.

სასაფლაოდან ერთად წამოვედით ალექსის მანქანით. სახლამდე ისე მიმიყვანა, ენა არ გაგვიჩერებია, თურმე რამდენი საერთო გვქონია, თურმე რამდენი საერთო ნაცნობიც გვყოლია და ამდენი ხანი ისე ვიცხოვრეთ ერთ ქალაქში, ერთმანეთის არსებობაც არ ვიცოდით, სანამ სიკვდილმა არ შეგვახვედრა.

ისე დავშორდით ერთმანეთს, არაფერს დავპირებივართ, ჩემი მანქანის გასაღები გამომართვა და უხმოდ წავიდა. მთელი ღამე არ მძინებია. დილით საფოსტო ყუთში ჩაგდებულ კონვერტში მანქანის გასაღები ვიპოვე, მანქანაში კი ულამაზესი ყვავილების   თაიგული დამხვდა.

ამ პაწაწინა თაიგულმა ცხოვრებას დიდი სინათლე და ფერი დაუბრუნა და მე მას ჩემს სახლში მივუჩინე ბინა.

ჩემი და ალექსის ურთიერთობა დღითი დღე უფრო საინტერესო ხდებოდა, კავშირი უფრო ღრმავდებოდა, ეს უკვე სიყვარული იყო. ჩვენი ბედნიერება ყველასთვის დასანახი და გადამდები გახდა. მოვლენები თავისით ლაგდებოდა. ლაგდებოდა ჩემი ოჯახიც. მამამ ბოთლი გვერდზე გადადო და ისევ ფუნჯი აიღო ხელში, ელენე ოთახიდან გამოვიდა…

შეყვარებულებისთვის უერთმანეთოდ გატარებული ყოველი წუთი უკვე წარმოუდგენელი და გაუსაძლისი გახდა. და გაზაფხულის ერთ საღამოს, ჩაის სმისას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან სულ ერთად ვყოფილიყავით, ჩვენი ქორწილი იქნებოდა პატარა და დაუვიწყარი, მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. დავნიშნეთ დღეც, რომელიც ძალიან მალე ახლოვდებოდა, მე მხოლოდ საქორწილო  კაბა  უნდა შემერჩია,  ყველაფერ დანარჩენს ალექსი მოაგვარებდა. ასეთი იყო მისი სურვილი და გადაწყვეტილება და მე მას სრულიად ვენდობოდი.

იმ დილით ალექსი ქალაქგარეთ მონასტერში გაემგზავრა, მღვდელთან ჯვრისწერის შესათანხმებლად. შემთხვევით ვისარგებლე და მკერავს დავურეკე, მინდოდა კაბა მაშინ მოეტანა, როცა ჩემი საქმრო  სახლში არ იქნებოდა.

წვიმიანი დღე იყო, ცრიდა, ფანჯარასთან ვიდექი და ნაცრისფერ ღრუბლებში ჩემს ფერად მომავალს ვხედავდი. მალე ულამაზესი კაბა მომიტანეს და სარკის წინ, ბედნიერებით გაბრწყინებული, თავმომწონედ ვტრიალებდი. ცეკვა-ცეკვით გავემართე ტელეფონისკენ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუჩერებლად რეკავდა.

გონს რომ მოვედი, ისევ მარტო ვიყავი და ყურში გაბმულად ჩამესმოდა ვიღაცის ნაცნობი ხმა: „წვიმისგან ჩამოშლილ გზაზე მანქანა მოსრიალდა და გზიდან გადავარდა, ალექსი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“.

მე მანამდე დავქვრივდი, სანამ გავთხოვდებოდი. ქვრივს თეთრი არ შეშვენის. კაბა წყნარად გავიხადე და სათუთად დავკეცე. არც ის პაწაწინა თაიგული დამვიწყებია. ორივეს ალექსის საფლავზე მივიტან. არაფერს დავიტოვებ, მხოლოდ მოგონებებს. ჩვენ სიკვდილმა შეგვახვედრა და მანვე დაგვაშორა.

კესარია ნამიჭეიშვილი

სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისი №54 საჯარო სკოლა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები