27 ივლისი, შაბათი, 2024

მინისტრობის კანდიდატის მიერ შეფასებული პროფესიული და უმაღლესი განათლება

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

უმაღლესი განათლება

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა, ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით.

მიხეილ ჩხენკელი: „უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საფუძველზე, სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 150000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსების მიზნით. სოციალური დახმარებით ისარგებლა 14799-მა სტუდენტმა. აღნიშნულ სტუდენტებს, ასევე, უფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანება.

შემუშავდა ტრენინგ-კურსი „Covid-19“, რომლითაც გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები. გადამზადებული სტუდენტები მოხალისეობრივად უკვე ჩაერთვნენ კოვიდის მართვის პროცესში“.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. მათ შორის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებულ სტუდენტებზე გაცემულ სახელმწიფო სტიპენდიებს 16 უმაღლესი სასწავლებლის 3243 სტუდენტი მიიღებს. გაიცემა ასევე დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები – 2020-21 სასწავლო  წელს ამ სტიპენდიით 6 სტუდენტი ისარგებლებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსდნენ 13 მოწყვლადი კატეგორიის სტუდენტები, მათ შორის: შშმ პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, მრავალშვილიანები და ა.შ. 2020-2021 სასწავლო წელს გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა და ა.შ.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, 2020 წლის გამოცდების მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სრულყოფილად ჩატარებისთვის,  პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო საგანგებო მზადება. შედეგად, დადგენილ ვედებში, გამოცდები მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების  სრული დაცვით ჩატარდა.

პროფესიული განათლება

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული განათლება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან, სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

„პროფესიული განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებულია დასაქმებასთან. პროფესიული განათლების შესახებ კანონი, რომელიც მივიღეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი და კონცეპტუალური ნაბიჯი იყო სისტემისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიული განათლების სისტემაში, იგეგმება მეტი აქცენტის გაკეთება  მეწარმეობის კუთხით, კიდევ უფრო დაახლოება პროფესიული და უმაღლესი განათლებისა.

ერთერთი მთავარი გამოწვევაა ფსიქოლოგიური ფაქტორი. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ პროფესიული განათლება მეორეხარისხოვნად იყო აღქმული. რა თქმა უნდა, ეს მცდარი დამოკიდებულებაა, სტუდენტები რომლებიც ამთავრებენ სასწავლებლებს, ღირსეულად საქმდებიან შესაბამისი ღირსეული ხელფასებით და მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე ძალიან მაღალია.

მომავალ წელს განხორციელდება ახალი, თვისობრივად განსხვავებული იდეა – ჩამოყალიბდება ახალი ორგანო, რომელიც შეძლებს პროფესიული განათლების სფეროს და კერძო ბიზნესის დაახლოებას. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, დასაქმების პროცესს, მეორე მხრივ, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების ხარისხის ამაღლებას, რადგან ყველაზე კარგად დამსაქმებელმა იცის, რა უნარები უნდა ისწავლებოდეს კოლეჯებში. ეს კავშირი საჭიროებს განვითარებას და სწორედ ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, საგრძნობლად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება. გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, გაიზარდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. დამტკიცდა და წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან სრულად შესაბამისი ეროვნული ჩარჩო.

თითქმის 15-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2020 წელს, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და, სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ. შესაბამისად, გაღრმავდება კავშირები განათლების სისტემის საფეხურებს შორის. პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის დაინერგება ასოცირებული ხარისხის პროგრამები და შეიქმნება კრედიტების აღიარების მექანიზმი.

სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით, მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის სრულყოფა და, 2021 წლის იანვრიდან, სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა  საერთაშორისო დონის პროფესიული სკოლების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან, მაგალითად, კახეთში – ღვინისა და კულინარიის სკოლები, დუშეთში – ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში – საინჟინრო მიმართულების ცენტრი. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში.

პროფესიულ განათლებაზე საუბრის დასასრულს, მიხეილ ჩხენკელმა მნიშვნელოვან სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რაც 2021 წლიდან პროფესიული განათლების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგია და, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს უპასუხებს. გარდა ამისა, საჯარო-კერძო პარტნიორობით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და ამით პროფესიული განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები