საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს დაევალა. მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში დეტალურად გაიწერა სამმართველოს კომპეტენციები.
რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
„ ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან პერიოდული და გადაუდებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაცემა;
გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება;
დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
ე) სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინაცია;
ვ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გარემოს მონიტორინგის განხორციელება, მონიტორინგის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
- რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
- რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს და პასუხისმგებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს უფლებამოსილებათა შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს და ითანხმებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ე) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ასევე დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
ვ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ზ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოსათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც აუცილებელია სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა შესრულებისათვის;
თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ი) სამინისტროს სახელით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის ან უარის გაცემის თაობაზე და ხელს აწერს შესაბამის კორესპონდენციას.
- სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“