ლევან ყაულაშვილი – გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი
– რამდენად პასუხობს დღევანდელი საჯარო სკოლები თანამედროვე მოთხოვნებს
– ალბათ, არასწორი იქნება იმ გარემოს კრიტიკა, სადაც ვსწავლობდი და ცოდნას პირველად ვეზიარე, მაგრამ არ თქმაც არ ეგების, ამიტომ, შევეცდები დღევანდელი სკოლის ზოგად ფონზე ვისაუბრო, რაც, თავის მხრივ, სრულიადაც არ იქნება ერთი კონკრეტულის შესახებ და არც საყოველთაო ჭეშმარიტება. ვეცდები, სტუდენტის თვალით შეგახედოთ იმ გარემოს, რომელმაც ჩემში აზროვნების პირველი სიმები შეარხია… გამიმართლა, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ, რომელთაც არა მარტო საგანი, არამედ ცხოვრება მასწავლეს… არასოდეს მთხოვდნენ დაზეპირებას, მით უმეტეს — მოყოლას, ჩვენთან სწავლება მსჯელობა-ანალიზის მეთოდზე იყო დაფუძნებული და ალბათ ამიტომაც იყო, რომ უნივერსიტეტში ყოველთვის გამოვირჩეოდი, როგორც ფართო ტექსტების წერით (იქაც გამიმართლა და მაღალზნეობრივ, სულიერ მიდგომებს ვეზიარე ფილოსოფიის ლექციებით), ისე დასაბუთებული მსჯელობითა და ლოგიკური აზროვნებით.
დღევანდელი სკოლა, სამწუხაროდ, ნაწილ შემთხვევებში, ის გარემოა, სადაც მოსწავლეს წასვლა ეზარება, სიამოვნებას ვერ იღებს და ცოდნასაც — მეტ-ნაკლებად. პრობლემურია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება კერძო რეპეტიტორის გარეშე, თითქმის, წარმოუდგენელია. პედაგოგების უმრავლესობა დაზეპირება-მოყოლის მეთოდს იყენებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულია, უმრავლესად კი — მიუღებელია. კაცობრიობამ დიდი გამოცდილება დააგროვა, რაც, თავის მხრივ, ფართო არჩევანის შესაძლებლობას გვაძლევს… საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა — „ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე“ — არ გვერგება… ჩვენ ვერ შევძელით, აგერ უკვე 30 წელია, ვერც სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ვერც ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა და ვერც განვითარება… წინ აუარებელი მაგალითი გვაქვს, მოდელები იაპონური, ფინური განათლების სისტემებისა, რომელთაც დადებითი ცვლილებები მოიტანეს საკუთარი ქვეყნისთვის… ჩვენი განათლების სისტემა არც ერთს არ ჰგავს — ქართულია, რომელიც ჯერჯერობით არ მუშაობს.
– რამდენად გააზრებულად ირჩევენ აბიტურიენტები პროფესიებს?
– თანამედროვე ახალგაზრდობა, მეც მათ შორის, მოდას აყოლილი თაობაა, რომელთათვისაც პროფესიის არჩევა მოდაზეა დამოკიდებული. ნაწილობრივ მაინც დავძლიეთ დოგმა, როდესაც მშობლები არჩევდნენ შვილისთვის სად, როდის და რატომ უნდა ჩაებარებინა, მივიღეთ მოდელი, როდესაც ახალგაზრდები პროფესიას გაუაზრებლად ირჩევენ, რაც შემდგომში დასაქმების დაბალი დონით დასტურდება. ჟურნალისტიკა, იურიდიული, ბიზნესი, ტურიზმი, ფსიქოლოგია — იმ ფაკულტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრობლემა ისევ განათლების სისტემაშია, ვფიქრობ, სკოლამ, ბოლო წელს, მოსწავლეს უნდა შესთავაზოს საგანი, სადაც დაწვრილებით იქნება განხილული სხვა უამრავი პროფესია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, პერსპექტივებითა და შესაძლებლობებით… მაშინ აბიტურიენტი თავისუფალი და შედარებით ჩამოყალიბებული იქნება საკუთარ არჩევანში.
– როგორია შენი საუნივერსიტეტო წელი პანდემიის ფონზე და შენი აზრით, რა არის დისტანციური ან პირისპირ სწავლების უპირატესობა?
– უკვე ორი წელია, სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი სემესტრი ვიარე, რაც, რა თქმა უნდა, განვლილი პერიოდის განმავლობაში, საუკეთესო იყო. სტუდენტების უმეტესობა უკმაყოფილოა, მე კი, რა დაგიმალოთ და, განვლილ პერიოდს არ ვემდური — ათობით ტრენინგი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაზოგილი დრო, ზედმეტი ხარჯი და შეძენილი ცოდნა, თითქმის თანაბარი განათლება — ეს იმ დიდი სიის მცირე ჩამონათვალია, რაც ონლაინ სწავლის დროს მივიღე. დასაწყისში რთული იყო, არა სტაბილური ინტერნეტი და არა საკმარისი ცოდნა ZOOM-სა და სხვა პროგრამებთან დიდ პრობლემებს ქმნიდა, მერე განვვითარდით, შევეგუეთ, ვისწავლეთ, ახლა უკვე დისტანციური სწავლების შენარჩუნების მომხრე ვარ, ჰიბრიდული მეთოდით. რთულია დისტანციურად ისწავლო მეტყველება, ფოტოხელოვნება და სხვა პრაქტიკული საგნები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია იმ თეორიული ცოდნის მიღება, რომელსაც ონლაინ ურთიერთობა არ სჭირდება.
– როგორია შენთვის სასურველი უნივერსიტეტი? უნდა იყოს თუ არა სტუდენტი ჩართული დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების საქმიანობაში და რამდენად უწყობს ხელს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა სტუდენტს, აკადემიურ სოციუმთან ერთად, განავითაროს სასწავლო კულტურა და ზოგადად, სწავლება.
– იდეალური არაფერია, მაგრამ იდეალურთან მიახლოებულ უნივერსიტეტში ვსწავლობ. გვაქვს შესაძლებლობა, პირადად ჩავერთოთ დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების საქმიანობაში, მივიღოთ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან სწრაფად გავიგოთ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, გვქონდეს ურთიერთობა ხელმძღვანელობასა და ფაკულტეტთან. თითქოს გასაკვირია, მაგრამ რექტორი, კანცლერი, დეკანი მუდმივ კონტაქტზე არიან ნებისმიერ სტუდენტთან და თვეში ერთხელ, ახლა უკვე დისტანციურად, ატარებენ შეხვედრებს სტუდენტებთან. დადებითად მახსენდება ჩემი და ქალბატონი სოფო თევდორაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ გიორგი მათიაშვილთან იმ სტუდენტებისთვის, ვისაც არ ასწავლიდა. დიახ, ჩვენ ვართ ის უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები სტუმრობენ რექტორს ჩაიზე; ჩვენ ვართ ის უნივერსიტეტი, სადაც ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია, სადაც სტუდენტის მხარდაჭერა უპირველესია… ტყუილი საუბარი რომ არ გამომივიდეს, რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ. პირველ სემესტრში, როდესაც ჯერ კიდევ პირისპირ, აუდიტორიებში ვსწავლობდით, გვკითხეს, ვის ვისურვებდით უნივერსიტეტში მოწვეულ სტუმრად, დათო ტურაშვილი გამოიკვეთა და მოვიწვიეთ; თვეში ერთხელ, გარედან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ საჯარო ლექციებს ჩვენ მიერ შერჩეულ თემებზე; იდეა, რომელიც გაჟღერდება ჩვენ მიერვე მუშავდება და ხორციელდება… ვისურვებდი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სამწუხაროდ, ყველგან ასე არ ხდება.
– შენი აზრით, დღევანდელი საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამა რამდენად პასუხობს ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნებს, უწყობს თუ არა ხელს კონკრეტული უნარების განვითარებას თუ მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლება?
– განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩემი უნივერსიტეტის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის თანაბარი მნიშვნელოვნება. გვაქვს თანამედროვე ტელე და რადიო ლაბორატორიები, კრედიტით შეფასებული პრაქტიკის ნაწილი, რომლის გავლის გარეშეც უნივერსიტეტს ვერ დავამთავრებთ. დიახ, უნივერსიტეტი პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, გვაწვდის უახლეს ლიტერატურას, პრაქტიკულ განათლებასა და არჩევანის შესაძლებლობას. აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა, რითაც ჩემი უნივერსიტეტი ნამდვილად გამოირჩევა — სტუდენტებს შეგვიძლია, ინგლისურთან ერთად, ვისწავლოთ სხვა ევროპული ან აზიური ენები. პირადად მე, დიდი მონდომებით ვსწავლობ ჩინურს.
– როგორია შენთვის იდეალური ლექტორი, რა მახასიათებლებს გამოყოფდი?
– რამდენიმე ლექტორი შემიძლია გამოვყო, მაგრამ გამიზნულად არც ერთს არ დავასახელებ. იდეალური ლექტორები მყავს, რომლებიც უსწრებენ დროს და გამოირჩევიან მაღალი პედაგოგიური და საგნობრივი კომპეტენციით, სამართლიანობითა და ობიექტურობით. ვისურვებდი ბევრ მარინა ვეკუას, ლაურა კუტუბიძეს, თათია მჟავანაძეს, ედნარ გიორგობიანსა და კიდევ მრავალთ ქართული ჟურნალისტიკის სათავეებთან.
– როგორია საუნივერსიტეტო სასწავლო გარემო, ადმინისტრაციის მომსახურება და ინფრასტრუქტურა?
– უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა თანამედროვეა, გამორჩეული ბიბლიოთეკით და მოწესრიგებული გარემოთი. ადმინისტრაცია, როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნე, გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით. დღემდე, არ მქონია არც ერთი შემთხვევა სახელმძღვანელოს ნაკლებობის, ბიბლიოთეკა მუშაობს იდეალურად, როგორც სხვა დანარჩენი… უნივერსიტეტში არის ექიმი, რომელიც თითოეული სტუდენტის პრობლემით მყისიერად ინტერესდება.
– საზღვარგარეთ, უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, სტუდენტები მუშაობასაც ახერხებენ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? არსებობს თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში კარიერის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას და ზოგადად, რამდენად არის ქართული საუნივერსიტეტო განათლება დასაქმების გარანტი?
– დღემდე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, უნივერსიტეტს ხელი არ შეეწყოს დასაქმებული სტუდენტებისთვის. ჩვენთან გადახდის გრაფიკი და ლექციების ცხრილი სტუდენტზეა ორიენტირებული. რაც შეეხება დასაქმებას, ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 90% საკუთარი პროფესიითაა დასაქმებული. ხელშეწყობის მცირე მაგალითს მოვიყვან, მიმდინარე წლის სექტემბერში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, უნივერსიტეტმა გამიწია რეკომენდაცია საბჭოს წევრობაზე და დღეს იმ ოცდაორ ახალგაზრდას შორის ვარ, ვინც ამ საბჭოს წევრობა, საქართველოს მასშტაბით, კონკურსის წესით მოიპოვა.
– ხომ არ აპირებ გაცვლითი პროგრამით უცხოეთში სწავლის გაგრძელებას და ზოგადად, რატომ ანიჭებენ ახალგაზრდები უპირატესობას გაცვლით პროგრამებს?
– ვაპირებ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამაში და საზღვარგარეთ ვისწავლო არა იმიტომ, რომ ქართული საუნივერსიტეტო სწავლით უკმაყოფილო ვარ, არამედ იმიტომ, რომ დავინახო უცხოური განათლების სისტემის თავისებურებები, ჩამოსვლის შემდეგ კი, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემივე უნივერსიტეტს მოვახმარო. ვისურვებდი ჩინეთში სწავლას, ჩინეთი და ჩინური კულტურა ჩემი აუხდენელი ოცნებაა…
– სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს, როგორია ქართული სტუდენტური ცხოვრება?
– თავისუფალი დრო არ მაქვს, ვარ უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ორგანიზაციის, რომელიც დღევანდელ საქართველოში არაფორმალურ განათლებას ქმნის. მიწვევით ვმუშაობ სკოლებთან, როგორც უკვე ვთქვი, ვსწავლობ უნივერსიტეტში, ვამზადებ ქართულ ენაში, ვარ ახალგაზრდობის სააგენტოში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი და თუკი დრო მრჩება, ვისვენებ ბუნებაში — სეირნობით, წიგნებითა და ახალი ინფორმაციების მოძიებით.
– მომავლის გეგმები
– უცხოეთში მინდა ვისწავლო, როგორც ბავშვობაში იციან თქმა, დოქტორი მინდა გამოვიდე… დიდი სურვილი მაქვს, სწავლის სამივე საფეხური გავიარო და ქართული განათლების სისტემის პრობლემებზე ვიმუშაო. მინდა მეც მათ რიგებში ვიყო, ვინც ხვალინდელ უკეთეს დღეს ქმნის… და მაინც, დიდი გეგმებითა და იმედებით: „ხვალემ იზრუნოს ხვალისა“.
ესაუბრა მაკა ყიფიანი