16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

მიმდინარე განმავითარებელი შეფასება

spot_img

შეფასება სასწავლო პროცესისგან მოწყვეტილად არ განიხილება და მას ყველა პროგრესული პედაგოგიკური მიმართულება სწავლა-სწავლების ორგანულ ნაწილად განიხილავს.

ამჯერად ვისაუბრებთ განმავითარებელ შეფასებაზე, რომელიც, დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით, ორგვარია: მიმდინარე და შემაჯამებელი. სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მიმდინარე განმავითარებელ შეფასებაზე. ზოგადად, განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით, არსებობს სტერეოტიპული შეხედულება, რომ ის აუცილებლად უნდა დაიწეროს. ამგვარი შეხედულების გამო ძალიან ბევრი მასწავლებელი პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს კომენტარის დაწერაზე.

ბუნებრივია, მიმდინარე განმავითარებელი შეფასება მაშინაა ეფექტიანი, როცა მას ზუსტად მაშინ მივაწვდით მოსწავლეს, როცა შეცდომის სტატუსის შეცვლაა საჭირო. თუ შეცდომათა რაოდენობა მოკლე დროში ძალიან ბევრია, მაშინ რამდენიმე განმავითარებელი ინსტრუმენტის გამოყენება დაგვჭირდება (სხვადასხვა აქტივობის სახით) და ზეპირი/წერილობითი უკუკავშირი პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს.

სწავლა-სწავლების პროცესის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებასთან უშუალოდაა დაკავშირებული მოსწავლის შეფასება – ეს უკვე ვთქვით. ვინ ახორციელებს მიმდინარე განმავითარებელ შეფასებას? ამ კითხვაზე პასუხი ასეთია:

  • მასწავლებელი;
  • თავად მოსწავლე – თვითშეფასების ასპექტებით;
  • მოსწავლეები – ურთიერთშეფასების ჭრილში.

სწავლისა და სწავლების პროცესში მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, გასცენ და მიიღონ უკუკავშირი თავიანთი თანაკლესელებისგან და ასევე აქტიურად გამოიყენონ მეტაკოგნიტური და კოგნიტური სტრატეგიები თვითშეფასების მიზნით. რასაკვირველია, ურთიერთშეფასება საფრთხილო პროცესია, რადგან მის დროს მოსალოდნელია ასერტულობის დაუცველობა და კონფლიქტების წარმოშობა. ყველაზე მარტივ და შედარებით უსაფრთხო ურთიერთშეფასების ვერსიად განვიხილავ ასეთ კითხვაზე პასუხს – „რა მოგეწონა და რას გამოიყენებდი კლასელის ნაშრომიდან?“

სწავლის პროცესის შეფასებაში ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს გამოუმუშავებს სტრატეგიებს, რომელიც უკეთესი შედეგის მიღწევას მოემსახურება. შეფასების რთულ პროცესში ჩართვის ძირითადი მიზანია მოსწავლის გათვითცნობიერება სწავლის პროცესებში, რაც მას ამ პროცესების გააზრებულად და დამოუკიდებლად მართვას შეასწავლის. ბლუმის მიხედვით, შეფასება უმაღლესი სააზროვნო უნარია და ამ უნარის განვითარება მართლაც მისასალმებელია.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:

განმავითარებელი შეფასების მიზანი: სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.

განმავითარებელი შეფასების ამოცანა: ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება; წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა; მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება; მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება; ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება; ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

განმავითარებელი შეფასების „ავტორები“: 1-ელი – მასწავლებელი ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირით, წამახალისებელი მითითებებით, ცოდნის/გაგების შემამოწმებელი კითხვებით, რუბრიკებით, ქვიზებით და ა.შ.; მე-2 – მოსწავლეები თვითშეფასებით, თვითრეგულირებული სწავლით (მეტაკოგნიცია და თვითრეგულაცია), ურთიერთშეფასებით.

განმავითარებელი შეფასებისას პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს 5 სტრატეგია/ფაქტორი:

  1. განმავითარებელი შეფასება რომელი ტიპის მიზანზეა ორიენტირებული (მოკლევადიანი მიზანი – თემა, საკითხი; საშუალოვადიანი – კომპლექსური დავალება; გრძელვადიანი – ცნება, სტანდარტის შედეგი);
  2. რამდენად უწყობს ხელს დავალებათა და აქტივობათა შესრულება მოსწავლის ფუნქციური უნარების განვითარებას;
  3. განმავითარებელმა უკუკავშირმა ეფექტიანად შეუწყო თუ არა ხელი მოსწავლის წინსვლას/პროგრესირებას;
  4. რამდენად იყენებენ მოსწავლეები ურთიერთშეფასებას და ხომ არ ჩნდება პრობლემა ასეთ დროს;
  5. რამდენად აქცევს ყურადღებას მოსწავლე სწავლის სწავლას, ანუ მეტაკოგნიციას.

განმავითარებელი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიმდევრობის დაცვა: მოსწავლის მიღწევის აღწერა-რეკომენდაცია-მასწავლებლის თვითრეფლექსია.

პედაგოგიკის სპეციალისტების აზრით, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირების შესაძლებლობას აძლევს. ასეთი ტიპის შეფასება მოსწავლეში ააქტიურებს შინაგან ძალებს, ცვლის შეცდომის სტატუსს და სკოლისადმი დამოკიდებულებასაც კი.

ხათუნა გურული

თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები