საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2მარტს და გაგრძელდება 16 მარტამდე. შესაბამისად, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გაგრძლდება ორი კვირის განმავლობაში. ეს მოგვცემს საკმარის დროს იმისთის, რომ სკოლებში ჩატარდეს სრული დეზინფექცია პროფილაქტიკის მიზნით.
რაც შეეხება კერძო სკოლებს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მათაც ეძლევათ არდადეგების 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადების რეკომენდაცია.
სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.
პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.”– აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.
♦ ♦ ♦